"ბაიერნს" "ბარსელონას" უნიჭიერესი ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას გადაბირება უნდა! მეტიც: თუ ჩვენს ესპანელ კოლეგებს დავუჯერებთ, 22 წლის ალკანტარას რეკორდმაისტერში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი ამბავია.
გვარდიოლამ ტიაგო ალკანტარათი დაინტერესება ტრენტინოში გამართული მოსამზადებელი შეკრების ბოლო, დამაგვირგვინებელ პრესკონფერენციაზე დაადასტურა. 42 წლის სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ალკანტარას საკითხზე უკვე ესაუბრა "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგეს და სპორტულ დირექტორ მათიას ზამერს.
"მე მისი გადმობირება ძალიან მინდა! ჩვენ ის გვჭირდება!" - დასძინა გვარდიოლამ და იქვე დაამატა, ალკანტარა ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის ყიდვაც ხელმძღვანელებს ვთხოვე; სხვა არავინ მჭირდება, ან ტიაგოს დავიმატებთ, ან არავისო.
აღსანიშნავია, რომ ტიაგო ალკანტარას მთხოვნელების რიგი უდგას და თანაც, მხოლოდ საუკეთესო გრანდები, "მანჩესტერ იუნაიტედი" და მადრიდის "რეალი" ეპატიჟებიან. "მე მას ძალიან კარგად ვიცნობ, ტიაგო შესანიშნავი ფეხბურთელია," - ამბობს გვარდიოლა სასურველი შეგირდის შესახებ.
არაერთი ესპანური გამოცემა წერდა, რომ "ბაიერნი" ტიაგოს უკვე ყველაფერზე შეუთანხმდა და ახლა კლუბებმა უნდა გაარკვიონ ურთიერთობა. კატალონიური გაზეთი "სპორტი" წერდა, ტიაგო ცალი ფეხით "ბაიერნშიაო".
ბოლო დროს ესპანურ პრესაში ხშირად იწერებოდა იმის შესახებ, რომ შესაძლოა ალკანტარამ "ბარსელონა" დატოვოს და სხვათა შორის, მასთან მიმართებაში "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "რეალთან" ერთად, "ბაიერნსაც" ხშირად ახსენებდნენ. ახლა კი მიუნხენური კლუბის ინტერესი დადასტურდა. ერთ-ერთი ესპანელი ჟურნალისტის მტკიცებით, ტიაგომ უკვე უარი შეუთვალა როგორც მანჩესტერულ, ისე მადრიდულ გრანდებს და გადაწყვეტილება სწორედ "ბაიერნის" სასარგებლოდ მიიღო.
გერმანული მედიის ინფორმაციით, გვარდიოლას ალკანტარა ნახევარდაცვის ცენტრში სჭირდება - პეპი ხავი მარტინესის დაცვის ცენტრში გადაყვანას გეგმავს. ჩვენი გერმანელი კოლეგებისთვის ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, რომ ალკანტარას ერთ-ერთი მრჩეველი პეპის ძმა, პერე გვარდიოლაა. "ბილდის" ცნობით, ტიაგო ალკანტარა 20 მილიონი ევრო ღირს და მისი წლიური ანაზღაურება 4 მილიონი ევროა.
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე ტიაგო ალკანტარა ესპანეთის ნაკრების ლიდერი გახლდათ. გასულ სეზონში მან "ბარსელონას" ფორმით ლა ლიგაში 27 მატჩი ჩაატარა და აქედან 12-ში შეცვლაზე იასპარეზა. მას "ბარსასთან" კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს გაფორმებული.
რიბერი: ახალი ტაქტიკა სასაცილოა
არაერთხელ დავწერეთ, რომ გვარდიოლა ტესტ-მატჩებში "ბაიერნისთვის" ახალ, 4-1-4-1 ტაქტიკურ სქემას იყენებს. გაზეთ "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში რეკორდმაისტერის ფრანგმა ლიდერმა ფრანკ რიბერიმ აღიარა, რომ ამ სქემასთან შეგუება არც ისე ადვილია და რომ მიუნხენურ კლუბს ხსენებულ ტაქტიკაზე მისაჩვევად დრო დასჭირდება.
"4-1-4-1 ცოტა არ იყოს, კომიკური ტაქტიკაა. ეს სრულიად ახალი და აბსოლუტურად განსხვავებული სქემაა. იმისათვის, რომ სრულყოფილად გავითავისოთ, ბევრი ვარჯიში, ერთმანეთში ლაპარაკი და სწავლა გვჭირდება," - უთხრა 30 წლის რიბერიმ "ბილდს". მისი თქმით, 4-2-3-1 სქემისგან განსხვავებით, 4-1-4-1-ში წინა ხაზის ფეხბურთელები სხვანაირად მოქმედებენ, გარემარბები კი ხშირად ცენტრფორვარდის პოზიციაზე აღმოჩნდებიან ხოლმე, რა დროსაც მათ მოვალეობებს უკვე ფლანგის მცველები ითავსებენ.
როცა გუნდი ასე უტევს, რიბერის თქმით, საყრდენი ნახევარმცველი უკან იხევს და ცენტრალურ მცველებს შორის დგება, რის გამოც 4-1-4-1 ტაქტიკური სქემა შეტევისას 3-4-3-ად გადაიქცევა.
რიბერის ახალი ტაქტიკა და მიდგომა ეუცნაურება, მაგრამ საბოლოო ჯამში, "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში გვარდიოლას მოღვაწეობას უაღრესად პოზიტიურად აფასებს.
"აბსოლუტურად ნორმალურია ის, რომ მწვრთნელს ახალი სტრატეგიების შემუშავება სურს და მოსამზადებელ პერიოდში ექსპერიმენტებს ვატარებთ. უნდა ვაღიარო, რომ საკმაოდ გამიკვირდა, გვარდიოლამ პირველივე ვარჯიშზე რომ მკითხა, თავდამსხმელად თამაში თუ შეგიძლიაო," - ამბობს რიბერი, რომელიც პეპმა პირველ ორ ტესტ-მატჩში მართლაც ცენტრფორვარდის პოზიციაზე ათამაშა, "ბეშასთან" შეხვედრაში კი, რომელიც ბავარიელებმა 3:0 მოიგეს, ისევ მარცხენა გარემარბად გაამწესა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ხოსეპ გვარდიოლა: მიუნხენის "ბაიერნში" ტიაგო ალკანტარას ხილვა მსურს