პორტრეტი: ყოვლისშემძლე ტიაგო ალკანტარა

AutoSharing Option
"ბაიერნის" ნახევარდაცვას წინა სეზონშიც არაფერი დაეწუნებოდა - იუპ ჰაინკესის ფორმაციის რეკორდმაისტერი თითქმის იდეალურად გახლდათ დაკომპლექტებული, რაც სამგზის ტრიუმფმა - გერმანიის ჩემპიონატის, ჩემპიონთა ლიგისა და გერმანიის თასის მოგებამ დაადასტურა.

ფაქტია ისიც, რომ კარგ კადრებს კარგი გამოყენებაც უნდა და ალბათ ხვდებით, რომ ამით თავად ჰაინკესის როლის კიდევ ერთხელ ხაზგასმა გვსურს. ახალი სეზონი ბავარიული გრანდისთვის ახალი გამოწვევაა, ახალ გამოწვევებს კი ახალი კადრებით უნდა შეხვდე და მიუნხენელებმაც ჯერ მარიო გიოტცე შეიძინეს, ახლა კი ახალ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას შეფებმა, ფაქტობრივად, ერთადერთი სურვილიც შეუსრულეს და ტიაგო
ალკანტარა მიჰგვარეს.

ეს არის ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც თანამედროვეობის საუკეთესო სპეციალისტად აღიარებული პეპი და თვით საუკეთესო მოთამაშეებიც კი საუკეთესო ეპითეტებს უძღვნიან. შესაბამისად, კითხვას, სჭირდებოდა თუ არა "ბაიერნს" 22 წლის ტიაგო, მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება ჰქონდეს.

ტიაგო ალკანტარა დო ნასიმენტოს ტრანსფერის გამოცხადების შემდეგ თავის პირველ კომენტარებში განსაკუთრებული არაფერი უთქვამს - საერთოდ, ფეხბურთში ახალ გუნდში გადასული ფეხბურთელის პირველი განცხადებების გამოცნობაზე ადვილი არაფერია.

გამონაკლისი არც ტიაგოს შემთხვევა ყოფილა. მანაც თქვა, თუ როგორ ამაყობს იმით, რომ გადავიდა ისეთ სუპერკლუბში, როგორიც "ბაიერნია" - გუნდში, რომელსაც უდიდესი ტრადიციები აქვს და რომელმაც ახლახან ტრიუმფალური სეზონი ჩაატარა. ისიც თქვა, რომ ბედნიერია, კვლავ ხოსეპ გვარდიოლასთან რომ უნდა იმუშაოს.

ეს ყველაფერი გასაგებია და მოსალოდნელიც იყო. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ "ბაიერნის" ნახევარდაცვაში ისედაც უდიდესი კონკურენცია გახლდათ, ტიაგო ალკანტარას ტრანსფერის შემდეგ კი კიდევ უფრო გამძაფრდა.

როცა გვარდიოლამ პირველად დაადასტურა მისი გადაბირების სურვილი, თითქოს თავის გამართლებასავით გამოუვიდა იმის ახსნა, რომ "ბაიერნს" ეს ფეხბურთელი ძალიან სჭირდებოდა და პეპის სიტყვები იმის შესახებ, რომ ალკანტარა ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც მან "ბაიერნის" შეფებს მოსთხოვა, ჩვენს გერმანელ კოლეგებს რაღაცნაირად ეხამუშათ.

ტიაგო თამაშობდა, ჩავი და ინიესტა კი სკამზე ისხდნენ
თავად ტიაგო ალკანტარასაც კარგად ეხსომება 2011 წლის ზაფხული, როცა ესპანელი ჟურნალისტები "ბარსელონას" ხელმძღვანელებსაც დაახლოებით ისეთივე კითხვით მიმართავდნენ, როგორსაც ახლა "ბაიერნის" შეფები პასუხობენ ხოლმე.

მაშინ "ბარსელონას" ნახევარდაცვაც გადატვირთული იყო, გვარდიოლამ კი ბოსებს "არსენალიდან" სესკ ფაბრეგასი აყიდინა. იმ დროს ტიაგო დიდ ფეხბურთში თავის პირველ სეზონს ატარებდა და როცა ათამაშებდნენ, ისე ბრწყინავდა, თითქოს უკვე გამობრძმედილი ვარსკვლავი იყო. სწორედ ალკანტარამ მისცა გვარდიოლას როტაციის საშუალება და პეპიც თამამად ათამაშებდა ხან ანდრეს ინიესტას, ხანაც ჩავი ერნანდესის ნაცვლად. ფაქტია, რომ ალკანტარამ თავიდანვე აუღო ალღო პეპის ტიკი-ტაკას.

"მას მოედანზე დაუჯერებელი რაღაცების გაკეთება შეუძლია," - ამბობდა ჩავი და ჩვენი ესპანელი კოლეგების კითხვაზე, მაინც რა შეეძლო იმ პატარა ბიჭს, აღარ პასუხობდა. არა იმიტომ, რომ ეზარებოდა ან არ იცოდა, უბრალოდ, ტიაგო ალკანტარას ზედმეტად ბევრი რამ შეეძლო.

ალკანტარას საუკეთესო ეპითეტებით ამკობდა ინიესტაც - მასთან ერთად ფეხბურთის თამაში ძალიან მომწონსო. ინიესტა ასეთ რამეს ყოველთვის და ყველაზე ნამდვილად არ ამბობს ხოლმე.

"ბაიერნს" არ ჰყავდა ტიაგო
1,72 მეტრი სიმაღლის მქონე ნახევარმცველი მოედანზე უჩვეულო რაღაცებს, რა თქმა უნდა, ახლაც აკეთებს.

მისი უკანასკნელი და უახლესი მიღწევა ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მოპოვებაა, რაც ალკანტარამ 100 პროცენტით დაიმსახურა. ესპანეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფინალში იტალიას 4:2 მოუგო, ტიაგომ კი ჰეთ  თრიქი შეასრულა და ტურნირი, რომელზეც პირველივე თამაშიდან ბრწყინავდა, სრულყოფილად დააგვირგვინა.

ალკანტარა ყველა შეხვედრაში სოლიდურად გამოიყურებოდა, ბურთს ყველაზე ხშირად ეხებოდა და ზუსტად ისე, როგორც გვარდიოლას მოსწონს, გადამწყვეტ მომენტებში გემრიელ პასებს არიგებდა ან თავად ცდილობდა დასარტყმელ პოზიციაზე გასვლას.

"ბაიერნს" შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ნამდვილად არ ჰყავდა ტიაგო ალკანტარას ტიპის მოთამაშე, - აცხადებს გვარდიოლას მეგობარი მატიას მამა.

- რეკორდმაისტერის შემადგენლობიდან ალკანტარას ყველაზე მეტად ტონი კროოსი ჰგავს, მაგრამ ეს უკანასკნელი მოედანზე გაცილებით პასიური და სტატიკურია. ტიაგო სრულყოფილ ნახევარმცველად მიმაჩნია, რადგან ერთ კონკრეტულ პოზიციას არ ემსახურება, ბევრს დარბის, ინტენსიურად მოძრაობს და ამ მოძრაობით თანაგუნდელებს დერეფნებს უთავისუფლებს".

ტიაგოს თამაში უნდა და ითამაშებს კიდეც
"ბაიერნს" დღეს იმდენი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, რომ მუდმივად ძირითად შემადგენლობაში თამაშის პრეტენზია ვერავის ექნება. თუმცა ცხადია, რომ გვარდიოლას ალკანტარა მიუნხენში სკამის სახეხად არ ჩაუყვანია. ტიაგოს უმთავრესი პლუსი თავის გაცილებით გამოცდილ კონკურენტებთან ისაა, რომ ის ყველაზე კარგად იცნობს გვარდიოლას იდეებს.

ალკანტარა პეპთან მუშაობას და მის სტილს უკვე მიჩვეულია. იმ დროს, როცა ფრანკ რიბერიმ ესპანელი სპეციალისტის მისთვის ახალ იდეებს "ცოტა არ იყოს, კომიკური" უწოდა, ალკანტარას გვარდიოლას ყველა იდეა და ტაქტიკური მონახაზი გათავისებული აქვს.

როცა პეპმა ალკანტარათი დაინტერესება ოფიციალურად დაადასტურა, ისიც თქვა, "ბარსელონადან" წამოსვლა იმის გამო სურს, რომ თამაში უნდაო. ეს კი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ტიაგო "ბაიერნში" ითამაშებს. როგორც ჩანს, პეპი მას ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებს და დიდი შანსია, რომ ალკანტარას გამო წინა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი ხავი მარტინესი დაცვის ცენტრში დახიოს.

ალკანტარა "ბაიერნში" სკამზე დასაჯდომად რომ არ გადასულა, იქიდანაც ჩანს, რომ წინ მსოფლიოს ჩემპიონატია, სადაც ასპარეზობა ტიაგოს ოცნებაა - მუნდიალი ხომ ბრაზილიაში უნდა გაიმართოს, ალკანტარა კი წარმოშობით სწორედ ბრაზილიელი, მაზინიოს შვილი გახლავთ, ოღონდ ესპანეთის ნაკრებში თამაშობს.

"ბარსელონაში" ხშირად თამაშის იმედი აღარ ჰქონდა - განსაკუთრებით მას მერე, რაც გაირკვა, რომ "ბარსა" ნეიმარსაც იმატებდა. წინა სეზონში ალკანტარა კატალონიურ გრანდში 27-ჯერ ათამაშეს, რაც ნამდვილად არაა ცუდი მაჩვენებელი, მაგრამ ამ 27 შეხვედრიდან პირველიდან ბოლო წუთამდე მხოლოდ 8-ჯერ ითამაშა. თუმცა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იმდენად კარგად იასპარეზა, რომ კატალონიელებმა ბოლო მომენტში მის შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთეს.

ჩავიმ ურჩია, უფრო სწორად, სთხოვა, "ბარსაში" დარჩიო. "სხვათა შორის, მის ასაკში ჩავიც ასეთ სიტუაციაში იყო, მაგრამ სიმშვიდე შეინარჩუნა, "ბარსელონაში" დარჩა და დიდი ეპოქაც შექმნა," - ამბობდა პიკე და ალკანტარას ისიც "ბარსაში" დარჩენისკენ მოუწოდებდა.

მაგრამ გვიანი იყო - ტიაგოს "ბაიერნში", პეპ გვარდიოლასთან გადასვლა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მიუნხენის "ბაიერნის" 319-მილიონიანი ნახევარდაცვა
მკითხველის კომენტარები / 2 /
როგორ მინდა გვარდიოლამ და ალკანტარამ ერთობლივად ჩაისვარონ ბაიერნში.
საბა
13:40 17-07-2013
0
"komisch" გერმანულად უცნაურს ნიშნავს (და არა კომიკურს)
germaneli
13:33 17-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული