რეკორდმაისტერს თვით დორტმუნდელებიც კი ნომერ პირველ ფავორიტად რაცხავენ, თავად კი უმთავრეს მიზნად ისევ მეორე ადგილს ისახავენ. ერთადერთი კაცი, რომელიც ბაიერნელი არაა და არ მალავს, რომ მისი მიზანი მხოლოდ გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლაა, "შალკეს" 31 წლის საყრდენი ნახევარმცველი ჯერმეინ ჯონსია. გთავაზობთ "ბილდში" გამოქვეყნებულ ინტერვიუს თამამ შალკელთან.
- ჯერმეინ, "შალკეში", ისევე, როგორც მთელ ბუნდესლიგაში, თქვენ გარდა, ყველა მოკრძალებულია. მხოლოდ თქვენ ამბობთ,
- ეს ცარიელი სიტყვები არ არის. "შალკეს" ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, რომელსაც მართლაც შეუძლია პირველობისთვის ბრძოლა. სუსტი გუნდი რომ გვყავდეს, ამას არ ვიტყოდი, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობები მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მაქსიმუმისთვის უნდა ვიბრძოლოთ.
თუ მართლა კარგმა გუნდმა მიზნად ჩემპიონობა არ დაისახა, "ბაიერნი" მართლაც ძალიან მარტივად მოიგებს თამაშებს. მიუნხენური კლუბი ფავორიტია, მაგრამ ჩვენც ჩემპიონობაზე უნდა ვიფიქროთ. "შალკე" ნაღდად არაა ისეთი გუნდი, რომელმაც მიზნად მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზური უნდა დაისახოს. ამბიცია ოდესმე ხომ უნდა გაგვეზარდოს?
- ბუნდესლიგაში "ცუდი ბიჭის" სახელი გაქვთ. მეტოქე გუნდის ფეხბურთელები თქვენთან ორთაბრძოლას ერიდებიან ხოლმე - ტრავმის მიღების ეშინიათ. მოგწონთ "ცუდი ბიჭის" იმიჯი?
- იმიჯზე ადრე უფრო ვზრუნავდი, ახლა კი თავისთავად ვარ ასეთი. ჩემთვის ყველაზე მთავარი ბრძოლის უნარია - თუ ფეხბურთელს ეს უნარი არ აქვს, მე ის ფეხბურთელად არც მიმაჩნია. ბრძოლის უნარი ნიჭიერ და ტექნიკურ მოთამაშესაც სჭირდება. მომწონს, რომ "შალკეში" წონადი ფიგურა ვარ. პასუხისმგებლობას არასდროს გავურბივარ და სხვათა შორის, ლიდერობასაც ნიჭი უნდა.
ლიდერისთვის მნიშვნელოვანია თვითკრიტიკულობაც. როცა რაღაც შემეშლება, ამას ყოველთვის ვაღიარებ ხოლმე და თანაგუნდელები პატივს ამიტომაც მცემენ.
- შტეფან ეფენბერგიც ასეთი იყო... თქვენც ატყობთ, რომ თანამედროვე ფეხბურთში ასეთი ტიპები აღარ არიან?
- ეფენბერგს ნამდვილად ვერ შევედრები - შტეფანი თითით საჩვენებელი ლიდერი იყო. ფაქტია, რომ ასეთი ლიდერები დღეს მხოლოდ რამდენიმეა. ახალი თაობა საქმეს სხვანაირად უდგება, პატარა ბიჭებს სხვა პრიორიტეტები აქვთ როგორც მოედანზე, ისე მოედანს მიღმაც. "შალკეში" ბევრი ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, რომლებიც სულ სხვანაირად იქცევიან.
ჩემს ბავშვობაში ფეხბურთელებს საქმისადმი სხვანაირი მიდგომა გვქონდა. ახლა არ დავიწყებ იმის განსჯას, რომელი სჯობია - ყველაფერს დრო არეგულირებს და ახლა, უბრალოდ, ასეთი ტენდენციაა. დღეს ახალგაზრდა ფეხბურთელები ერთ კათხა ლუდსაც კი აღარ სვამენ. ახლა მათი ძირითადი სასმელი "ფანტა" ან "კოკა კოლაა".
სწორად გამიგეთ: იმას არ ვამბობ, რომ ფეხბურთელი უნდა ლოთობდეს, მაგრამ ჩემ დროს "კოკა კოლას" მსმელებს დავცინოდით ხოლმე და ყველაფერში ისეთ გენიალურ ლიდერებს ვბაძავდით, როგორებიც ეფენბერგი, მათეუსი ან ბასლერი იყვნენ.
- სხეულზე ტატუს ადგილი დაგრჩათ?
- სახეზე ან ყელზე ტატუს არასდროს გავიკეთებ. ძირითადად, ცოლისა და შვილების სახელები მაქვს ამოსვირინგებული.
- რაკი გერმანიის ნაკრებში არ დაგიძახეს, აშშ-ის ეროვნულ გუნდს შეუერთდით. ჯერმეინ ჯონსი უფრო გერმანელია თუ უფრო ამერიკელი?
- უფრო ამერიკელი მეთქმის, მაგრამ გერმანელიც ვარ. გერმანიას ძალიან ვემადლიერები და ყველამ იცის, რომ გერმანიის ეროვნულ ნაკრებში უდიდესი სიამოვნებით ვითამაშებდი. ახლა კი ვამაყობ იმით, რომ აშშ-ის ნაკრების ღირსებას ვიცავ. კარიერის დასრულების შემდეგ ამერიკაში გადასახლებას და ლოს ანჯელესში ცხოვრებას ვაპირებ.
- თუმცა ჯერ მანამდე ადრეა. "შალკესთან" ახალ კონტრაქტს აფორმებთ?
- ჰო, ჯერ 31 წლის ვარ და ფეხბურთს კიდევ რამდენიმე წელი ვითამაშებ. "შალკესთან" ახალ ხელშეკრულებას ალბათ გავაფორმებ, მაგრამ რომც არ გავაფორმო, არც ამაზე ვიდარდებ - ასეთ შემთხვევაში კარიერას რომელიმე სხვა ამბიციურ ევროპულ კლუბში გავაგრძელებ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"