სასტუმრო "ერსტელში" გამართულ გრანდიოზულ წვეულებას 500 სტუმარი ჰყავდა - მათ შორის იყვნენ არა მარტო ფეხბურთისა და ზოგადად სპორტის, არამედ პოლიტიკისა და, რა თქმა უნდა, მედიის წარმომადგენლებიც. საღამოს კულმინაცია ლეგენდარული ბუნდესლიგელებისთვის, იუპ ჰაინკესისთვის, უდო ლატეკისთვისა და კარლ-ჰაინც კიორბელისთვის საპატიო ჯილდოების გადაცემა გახლდათ. ეს დაჯილდოვება ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმართება, ახლა კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ბუნდესლიგის 50 წლის იუბილეს დაემთხვა.
იუპ ჰაინკესს და კარლ-ჰაინც კიორბელს ჯილდოები პირადად
"ეს ჩემთვის უდიდესი პატივია. ღირსეული ბუნდესლიგელის წოდება ყველაზე დიდი ჯილდოა, რაც კი ოდესმე მიმიღია," - განაცხადა 68 წლის ჰაინკესმა, რომელმაც წინა სეზონში მიუნხენის "ბაიერნს" ჰეთთრიკი შეასრულებინა და პენსიაზე ტრიუმფატორის რანგში გავიდა.
"1963 წელს, ბუნდესლიგის დაარსებით გერმანულ ფეხბურთში უდიდესი რევოლუცია მოხდა. ამ 50 წლის განმავლობაში ჩვენი ლიგა მხოლოდ პროგრესირებდა და ვითარდებოდა, დღეს კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ლიგაა. პირველი წლები მეც კარგად მახსოვს, აქ დამსწრე სტუმართაგან კი ბევრი სწორედ მაშინ იყო კარიერის პიკში და მათ უფრო კარგად ეხსომებათ, რომ მაშინდელ წვეულებებზე მხოლოდ თითო ნაჭერი მშრალი ნამცხვარი და თითო ჭიქა ყავა რიგდებოდა, დღეს კი აი, ასეთ გრანდიოზულ წვეულებას ვატარებთ," - ეს გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტის, 63 წლის ვოლფგანგ ნირსბახის სიტყვებია.
წვეულებას, რა თქმა უნდა, გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვიც დაესწრო, რომელმაც განაცხადა: "ბუნდესლიგაზე სულ რაღაც 3 წლით უფროსი ვარ... დაარსებიდან 50 წლის შემდეგ, ეს ლიგა თავისი ისტორიის პიკშია. ბუნდესლიგას ყველგან აქებენ და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგად - თუ საუკეთესოდ არა - რაცხავენ. ჩვენ ისეთი ინფრასტრუქტურა გვაქვს, რომელზეც ნებისმიერი საფეხბურთო ქვეყანა ოცნებობს. სტადიონები არა მარტო პირველ, არამედ მეორე ბუნდესლიგაშიც კი თითქმის ყოველთვის სავსეა. ერთი სიტყვით, გერმანელებმა ბუნდესლიგით უნდა ვიამაყოთ!"
თეოლოგმა ვოლფგანგ ჰუბერმა მოითხოვა, რომ ბუნდესლიგას ზოგადად გერმანიის საზოგადოებამ მიჰბაძოს, ლეგენდარულმა გერმანელმა გოლეადორმა უვე ზეელერმა კი, რომელიც ახლა საფეხბურთო კავშირის საპატიო პრეზიდენტია, აღნიშნა, ბუნდესლიგის წარმატება შემთხვევითობას არ მოუტანია და მის შენარჩუნება კიდევ უფრო რთული იქნებაო. "თუ გვინდა, რომ პროგრესი გავაგრძელოთ ან მინიმუმ პოზიციები შევინარჩუნოთ, ფეხბურთი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს," - აღნიშნა ზეელერმა.
ბერლინში ბუნდესლიგის პრეზიდენტის არჩევნებიც შედგა, რომელიც ისევ რაინჰარდ რაუბალმა (ეს უკანასკნელი დორტმუნდის "ბორუსიას" პრეზიდენტიცაა) მოიგო. მას კონკურენტი არ ჰყოლია...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ანალიზი: დიადი ტაქტიკები ზეპ ჰერბერგერიდან ხოსეპ გვარდიოლამდე