თქვენ წინაშეა ბუნდესლიგის მეორე ტურის საინტერესო მოვლენები და ფაქტები.
პოზიტივები
* "ჰოფენჰაიმმა" "ჰამბურგში" დიდი ანგარიშით გამარჯვებით (5:1) მთელი საფეხბურთო გერმანია გააოცა. ბრაზილიელმა რობერტო ფირმინომ ბუნდესლიგის "უკანასკნელი დინო", ფაქტობრივად, მარტომ გაანადგურა - მან ხუთივე გოლში უშუალო მონაწილეობა მიიღო: ფირმინოს ანგარიშზე 2 გოლი და 3 საგოლე პასია.
მასთან ერთად, შესანიშნავად ითამაშეს ანტონი მოდესტემ და კევინ ფოლანდმაც.
* "ბაიერნიდან"
ბრაზილიელმა საყრდენმა ნახევარმცველმა ორთაბრძოლების აბსოლუტური უმრავლესობა მოიგო და შიგადაშიგ ბრწყინვალე პასებიც არიგა. გუსტავო "ვოლფებისთვის" უდავოდ ძალიან კარგი შენაძენია.
* ლუის გუსტავოზე ოდნავ უკეთ მისმა თანამემამულემ, დიეგომ ითამაშა. "ვოლფსბურგის" გამთამაშებელი ყველა შეტევას შესანიშნავად უძღვებოდა და "შალკესთან" შეხვედრაში ბურთს ყველა ფეხბურთელზე გაცილებით მეტჯერ შეეხო. ამასთან, პირველი და მესამე გოლები სწორედ მისი პასებით გავიდა.
* მიონხენგლადბახის "ბორუსიას" მცველმა ფილიპ დემსმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბუნდესლიგაში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პენალტისტია - "ჰანოვერთან" 3:0-ზე მოგებულ მატჩში მან მე-12 თერთმეტმეტრიანიც გაიტანა.
* "გლადბახის" თემა მაქს კრუზეთი განვაგრძოთ: მან "ბორუსია-პარკზე" პირველად ითამაშა და იდეალური დებიუტი გამოუვიდა. მიონხენგლადბახელთა "ათიანმა" "ჰანოვერთან" ერთი გოლი თვითონ გაიტანა, დანარჩენი ორი კი თანაგუნდელებს გაატანინა. "გლადბახის" ფანები მას უკვე ახალ გიუნტერ ნეტცერს უწოდებენ.
* "მაინცში" ნიკოლაი მიულერი ბრწყინავს! თავდამსხმელმა, რომელიც ნელ-ნელა გერმანიის ნაკრებსაც უშინაურდება, ფრაიბურგშიც გაიტანა (2:1 მაინცელთა სასარგებლოდ). "მაინცს" ამ სეზონის ოფიციალურ მატჩებში 7 გოლი აქვს გატანილი და აქედან ხუთში მიულერს უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული.
* "მაინცმა" იანვრის შემდეგ პირველი გასვლითი მატჩი მოიგო, ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის ერთ-ერთი ლიდერია.
* კანონიერი ლიდერი კი დორტმუნდის "ბორუსიაა", რადგან იურგენ კლოპის გუნდს ბურთების ყველაზე უკეთესი შეფარდება აქვს. დორტმუნდელებმა კვირას "ბრაუნშვაიგი" 2:1 დაამარცხეს, მატჩის გმირი კი ახალგაზრდა ფეხბურთელი იონას ჰოფმანი გახდა, რომელიც კლოპმა შეცვლაზე ათამაშა.
მოედანზე გასვლიდან 7 წუთში 21 წლის ჰოფმანმა ჯერ ანგარიში გახსნა, მერე კი პენალტი მოიპოვა, რომელიც მარკო როისმა გაიტანა.
რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, პირველი ორი ტურის შემდეგ 6 ქულა "დორტმუნდისთვის" ბოლო 12 წლის განმავლობაში საუკეთესო სტარტს ნიშნავს.
* "ვერდერის" ფანები "აუგსბურგთან" მატჩის (1:0 ბრემენელთა სასარგებლოდ) დროს ყოფილ მწვრთნელ თომას შააფს შესანიშნავი ქორეოგრაფიული წარმოდგენით დაემშვიდობნენ.
შეგახსენებთ, რომ შააფი "ვერდერს" 14 წელი წვრთნიდა. "მუსიკოსების" დამრიგებელი ახლა რობინ დუტია, რომლის ხელშიც ბრემენელებმა ორივე თამაში 1:0 მოიგეს.
ნეგატივები
* მეორე ტურის ყველაზე ნეგატიური მოვლენა მსაჯ პეტერ გაგელმანის შეცდომები იყო. მან "აინტრახტისა" და "ბაიერნის" მატჩზე (0:1) იმსაჯა: მიუნხენური გრანდის კარში პენალტი არ დანიშნა და ალექს მაიერს გოლი არ ჩაუთვალა.
* ისევ საშინელი იყო "ჰამბურგის" დაცვა - ტორსტენ ფინკის გუნდს ორ ტურში 8 გოლი აქვს გაშვებული. თუმცა "ჰამბურგის" პრობლემა მხოლოდ დაცვის ხაზი არაა...
* დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვს "შალკესაც" - გუნდს, რომელიც წესით, "ბაიერნს" და "დორტმუნდს" კონკურენციას უნდა უწევდეს. გელზენკირხენელებმა პირველ ორ ტურში 7 ბურთი მიიღეს.
"ჰამბურგთან" 3:3-ს ვოლფსბურგში 0:4 მოჰყვა და თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ "შალკე" კრიზისშია და შესაძლოა, კლუბის ხელმძღვანელებმა მალევე ინანონ ის, რომ იენს კელერს ნდობა გამოუცხადეს და მთავარ მწვრთნელად დანიშნეს.
* "ფრაიბურგის" მწვრთნელ კრისტიან შტრაიხის წინასწარმეტყველება მართლდება: გუნდი, რომელმაც წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლა და ევროპალიგაში მოხვდა, ბევრი წამყვანი ფეხბურთელი დაკარგა, ახლები კი იმედებს ვერ ამართლებენ და საქმეს მართლა ისეთი პირი უჩანს, რომ "ფრაი" ამ სეზონში გადარჩენისთვის იბრძოლებს.
ბრაისგაულებმა მეორე მატჩიც წააგეს და გუნდს, რომელიც წინა სეზონში ძლიერი დაცვით გამოირჩეოდა, უკვე 5 გოლი აქვს გაშვებული.
* შტუტგარტელმა დანიელ შვააბმა მაინცდამაინც ყოფილ გუნდთან გაიტანა ავტოგოლი, შვაბებმა კი მეორე თამაშიც წააგეს (0:1 "ლევერკუზენთან"). ამრიგად, "შტუტგარტმა" კიდევ ერთი სეზონი დაიწყო ძალიან ცუდად და ლოგიკურია ის, რომ ფანებმა მწვრთნელ ბრუნო ლაბადიას გათავისუფლება მოითხოვეს.
* "აუგსბურგის" ფორვარდებს, ჰალილ ალთინთოფსა და საშა მიოლდერსს "ვერდერთან" ბევრი საგოლე მომენტი შეექმნათ, მაგრამ ვერც ერთი გამოიყენეს და თუ მიზანს არ გაასწორებენ, "აუგსბურგი" სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.
II ტურის გმირი
რობერტო ფირმინო (ჰოფენჰაიმი)
2 გოლი, 3 პასი - "ჰოფენჰაიმის" 21 წლის ბრაზილიელმა გამთამაშებელმა რობერტო ფირმინომ თავის კარიერაში ასეთი რამ პირველად მოახერხა.
პირველი გოლის დროს დაამტკიცა, რომ თავითაც კარგად თამაშობს, მეორე გოლის დროს კევინ ფოლანდს ჭკვიანური პასი მისცა, მერე ანტონი მოდესტეს დუბლი შეასრულებინა, ბოლოს კი "ჰამბურგის" მთელი დაცვა გააბითურა და თავადაც დუბლი გაიფორმა.
ასეთი შედეგით ის "ჰოფეს" ისტორიაში შევიდა და ვედად იბიშევიჩის მიერ 2011 წელს დამყარებული რეკორდი (3 გოლი, 1 პასი) დაამხო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. II ტური: მსაჯი და იღბალიც "ბაიერნისაა"! [VIDEO]