სატრანსფერო სეზონი: ბუნდესლიგის უგუნდო ფეხბურთელები

AutoSharing Option
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კვირაზე ნაკლები დარჩა. ბუნდესლიგის კლუბებს გაძლიერების და შემადგენლობის საბოლოოდ დასაკომპლექტებლად სულ რამდენიმე დღე რჩებათ.

გარდა დასაქმებული და სხვადასხვა კლუბთან კონტრაქტით დაკავშირებული ფეხბურთელებისა, ასევე, არიან ის მოთამაშეები, რომლებიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობენ და დროებით უმუშევრები არიან. ზოგ ასეთ ფეხბურთელს ზურგს საკმაო გამოცდილება და წარმატება უმაგრებს.

ჩვენც გადავწყვიტეთ, წარმოგიდგინოთ ის მოთამაშეები, ვისაც ბუნდესლიგაში აქვს ნათამაშები, ამჟამად კი უკლობოდაა.

აქვე გეტყვით, რომ თავისუფალ აგენტებს სასურველ კლუბში გადასვლა სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგაც შეეძლებათ.

პატრიკ ოვომოიელა (ბოლო კლუბი: დორტმუნდის "ბორუსია")
ბოლო წლებში
გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ტრავმებმა გააწამეს. დორტმუნდის "ბორუსიაში" ოვომოიელა 2008-13 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდში მარჯვენა მცველმა ბუნდესლიგაში 74 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და აქტივში 12 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. 2011 და 2012 წლებში ოვომოიელა გერმანიის ჩემპიონი გახდა.

მანუელ ფრიდრიხი (ლევერკუზენის "ბაიერი")
33 წლის ცენტრალურმა მცველმა ლევერკუზენის "ბაიერთან" კონტრაქტი არ გაახანგრძლივა. გერმანიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს (9 მატჩი, 1 გოლი) რამდენიმე საინტერესო შემოთავაზება აქვს, მათ შორის აზიიდან. "მინდა ისეთ ქვეყანაში წავიდე, სადაც შეიძლება კულტურული შოკი მივიღო," - განაცხადა ფრიდრიხმა, ვინც "ლევერკუზენში" 6 სეზონი (2007-13) გაატარა და "ბაიერის" ღირსება 143 შეხვედრაში (11 გოლი, 6 პასი) დაიცვა.

ჩიპრიან მარიკა ("შალკე")
წინა სეზონის დასრულების შემდეგ გელზენკირხენელებმა მარიკასთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივეს. რუმინელმა თავის გამოჩენა ეროვნულ ნაკრებში შეძლო - ივნისში, ტრინიდადის და ტობაგოს ნაკრებთან მატჩში (4:0) მარიკამ ჰეთ თრიქი შეასრულა. 27 წლის ფორვარდი "შალკეში" 2011 წლიდან თამაშობდა (34 თამაში, 5 გოლი, 1 საგოლე გადაცემა).

ვადიმ დემიდოვი (ფრანკფურტის "აინტრახტი")
ნორვეგიის ნაკრების ფეხბურთელმა 2012/13 წლების სეზონი ფრანკფურტის "აინტრახტში" დაიწყო, სადაც პირველ წრეში მოედანზე სულ 5-ჯერ გავიდა, ზამთარში კი ფრანკფურტელებმა დემიდოვი ვიგოს "სელტაში" გაანათხოვრეს. ზაფხულის მოსვლისთანავე 26 წლის მცველი თავისუფალი აგენტი გახდა.

სოტირიოს კირიაკოსი ("ვოლფსბურგი")
2011/12 წლების სეზონის წინ "ვოლფსბურგმა" გამოცდილი ბერძენი, რომელიც მანამდე "ლივერპულში" ირიცხებოდა, უფასოდ აიყვანა. კირიაკოსი ბუნდესლიგაში ადრეც თამაშობდა, როდესაც 2006-08 წლებში ფრანკფურტის "აინტრახტის" ღირსებას იცავდა. დაბრუნება 34 წლის მცველისთვის წარუმატებელი გამოდგა - კირიაკოსმა "მგლებში" სულ 9 თამაში ჩაატარა, შარშანდელი სეზონი კი იჯარით ინგლისურ "სანდერლენდში" გაატარა, სადაც მინდორზე სულ სამჯერ გავიდა.

ივან კლასნიჩი ("მაინცი")
კარიერის საუკეთესო პერიოდი ხორვარტმა ბრემენის "ვერდერში" (2001-08) გაატარა, სადაც ბუნდესლიგის 151 შეხვედრაში 49 გოლი გაიტანა და 33 საგოლე პასი გააკეთა. შარშან 33 წლის ფორვარდი "მაინცში" ჩაირიცხა, მაგრამ ბუნდესლიგაში სულ 3-ჯერ ითამაშა. მიუხედავად ამისა, კლასნიჩმა ერთი გოლის გატანა მაინც მოასწრო.

სომენ ტჩოი ("აუგსბურგი")
კამერუნის ნაკრების ფეხბურთელი, ვინც "ზალცბურგთან" ერთად ორჯერ ავსტრიის ჩემპიონი გახდა, "აუგსბურგში" 2013 წელს, "ვესტ ბრომვიჩიდან" გადავიდა, სადაც ნორმალურად გამოიყურებოდა, თუმცა ბუნდესლიგაში 30 წლის ტანმაღალმა ნახევარმცველმა მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა და კლუბი დატოვა.

ლეგიონერები
დავიდ ოდონკორი ("ჰოვერლა", უკრაინა)
სწრაფი გარემარბი 1998 წლიდან დორტმუნდის "ბორუსიაში" ირიცხებოდა, პროფესიონალთა გუნდში კი 2001 წელს გამოჩნდა. ოდონკორი პირველივე სეზონში გერმანიის ჩემპიონი გახდა, 2006 წლის მუნდიალის შემდეგ კი მისი საქმეები უკან წავიდა. სევილიის "ბეტისის" და აახენის "ალემანიას" შემდეგ ტანდაბალი ფეხბურთელი უჟგოროდის "ჰოვერლაში" აღმოჩნდა, სადაც 14 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. "აქედან, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა წავიდე. ისევ გერმანიაში მსურს დაბრუნება," - განაცხადა წინა სეზონის ბოლოს ოდონკორმა.

თომას ჰიტცლშპერგერი ("ევერტონი", ინგლისი)
გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა (52 თამაში, 6 გოლი) ბოლო სეზონი "ევერტონში" გაატარა, სადაც სულ 7 შეხვედრაში ითამაშა. ჰიტცლშპერგერს ბუნდესლიგაში ყველაზე წარმატებული პერიოდი "შტუტგარტში" აქვს გატარებული, სადაც 125 მატჩი ჩაატარა (20 გოლი) და 2007 წელს ქვეყნის ჩემპიონიც გახდა. პროფესიონალურ კარიერას კი "ჰიტცი" "ასტონ ვილაში" (2001-05) იწყებდა. ამ გუნდების გარდა, 31 წლის ნახევარმცველს "ლაციოში", "ვესტ ჰემსა" და "ვოლფსბურგში" აქვს ნათამაშები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული