გერმანია. ბუნდესლიგა. IV ტურის წინ: ვინ ისარგებლებს "ბაიერნის" წაფორხილებით?

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მეოთხე ტურის ერთი მატჩი ევროპის სუპერთასის გამო სამშაბათს ჩატარდა და როგორც იცით, მიუნხენის "ბაიერნმა" ამ სეზონში პირველი ქულები დაკარგა (1:1 ფრაიბურგში).

ეს იმას ნიშნავს, რომ შაბათ-კვირის შეხვედრებში გალიდერებისთვის ერთბაშად 4 გუნდი იბრძოლებს: პირველ ადგილზე გადასვლის შანსი 31 აგვისტოს სენსაციურ გუნდებს, "მაინცს" (ჰანოვერში ჩადის) და "ჰერტას" (ვოლფსბურგში ითამაშებს) მიეცემათ. საღამოს "ლევერკუზენს" "შალკესთან" ტურის ცენტრალური მატჩი აქვს, დორტმუნდის "ბორუსია" კი ხვალ თამაშობს (ფრანკფურტში).

მიონხენგლადბახში "ვერდერის" კონტრშეტევებს უფრთხიან
შაბათის ნაშუადღევის მატჩებიდან "გლადბახისა" და "ვერდერის" დუელი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა. სეზონის პირველ შეხვედრებში მიონხენგლადბახელებმა
შემტევი ფეხბურთი ითამაშეს და ბურთის ფლობაზე იყვნენ ორიენტირებულები, აი, შეტევიდან დაცვაზე გადაწყობა კი არცთუ კარგად გამოსდით, რის გამოც მეტოქეებმა ლუსიენ ფავრის გუნდი არაერთხელ გამოიჭირეს კონტრშეტევებზე.

ეს თემა იმიტომ წამოვწიეთ, რომ დღეს "გლადბახი" სწორედ ისეთ გუნდს ხვდება, რომლის მთავარი იარაღი ამ სეზონში სწორედ კონტრშეტევაზე თამაში ჩანს - "ვერდერს" ვგულისხმობთ. ბრემენელთა ახალმა დამრიგებელმა რობინ დუტმა დაცვა აშკარად დაალაგა ("ვერდერმა" სამ ტურში მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვა), მეტოქის კართან ხიფათის შექმნა კი უჭირს.

"მაინცი" "ჰანოვერში" გამოიცდება
"ჰანოვერმა" ეს სეზონი კარგად დაიწყო (2 მოგება, 1 წაგება) და თუ დღეს "წითლები" "მაინცთან" მოიგებენ, მათ სტარტს უკვე ძალიან კარგს ვუწოდებთ. მთავარ მწვრთნელ მირკო სლომკას ყველაზე მეტად ის ახარებს, რომ მისი გუნდი საკუთარ მოედანზე თამაშობს - "ჰანოვერი" სახლში ხომ ძალიან ძლიერია. თავად განსაჯეთ: სლომკას გუნდი საკუთარ კედლებში ბოლოს 20 აპრილს დამარცხდა (1:6 ბაიერნთან).

"ჰანოვერის" მეტოქე დღეს სენსაციური "მაინცია", რომელმაც სეზონი 3 მოგებით დაიწყო და პირველ ადგილს ეპიტონება. თომას ტუხელის გუნდის წარმატების საიდუმლოებები მოთმინებით თამაში, ჟინიანობა, ეფექტურობა და შესანიშნავ ფორმაში მყოფი ნიკოლაი მიულერია.

25 წლის წინახაზელმა სამივე ტურში შეძლო გოლების გატანა და 4 გოლით ჯერჯერობით ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირია. აქვე ისიც ვთქვათ, რომ "ჰანოვერს" საკუთარ მოედანზე "მაინცთან" არასდროს წაუგია.

დაკბენენ "მგლები" დედაქალაქელებს?
"ვოლფსბურგი" თითქოს კარგად თამაშობს, ბევრს უტევს, მაგრამ დიტერ ჰეკინგის საკმაოდ კარგად დაკომპლექტებულ გუნდს გოლების გატანა უჭირს. "მგლების" ანგარიშზე სამი ტურის შემდეგ 4 გოლი კია, მაგრამ ოთხივე ერთ შეხვედრაში, აჭრილ "შალკესთან" გაიტანეს. ისე კი, ვოლფსბურგელთა რიგებში თავდამსხმელმა მხოლოდ ერთხელ იხეირა და ისიც ახალგაზრდა კუჩკემ. ოლიჩი უგოლოდაა, დოსტი ტრავმირებულია, ჰელმესი კი მეორე გუნდში გადაისროლეს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ "ვოლფებს" დღეს არც "ბაიერნიდან" ნაყიდი ლუის გუსტავო ეყოლებათ - ბრაზილიელი დისკვალიფიცირებულია. "ჰერტა" კი საკმაოდ თავდაჯერებული გუნდი ჩანს - ბერლინელებმა სეზონი სამ ტურში 7 ქულით დაიწყეს, რაც ამ კლუბის ისტორიაში საუკეთესო სტარტს ნიშნავს. გერმანელი ექსპერტები სულ უფრო და უფრო ხშირად იმეორებენ, რომ "ჰერტას" დამარცხება უკვე საკმაოდ ძნელია.

"ნიურნბერგი" ვალდებულია, მოიგოს
"ნიურნბერგს" სამი ტურის შემდეგ ორი ქულა აქვს, რაც მიუღებელი შედეგი არ არის, მაგრამ ფრანკები დღეს უშუალო კონკურენტ "აუგსბურგს" მასპინძლობენ და ვალდებულები არიან, რომ მხოლოდ მოგებაზე იფიქრონ.

თავის მხრივ, აუგსბურგელები ორი ტურის შემდეგაც უქულოდ იყვნენ, მაგრამ წინა ტურში ჰალილ ალთინთოფისა და კალსენ-ბრაკერის გოლებით "შტუტგარტის" დამარცხება შეძლეს და შვებით ამოისუნთქეს.

ფინკი: უნდა მოვიგოთ!
"ჰამბურგში" (მხოლოდ ერთი ქულა სამი ტურის შემდეგ) ზეწოლა იზრდება და მთავარი მწვრთნელი ტორსტენ ფინკი უფრო და უფრო იწნეხება.

არაერთხელ თქვა, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და შედეგის გაუმჯობესებას მოთმინებით დაველოდოთო, მაგრამ ყველაზე კარგად თავად ტორსტენმა იცის, რომ საკუთარ მოედანზე "ბრაუნშვაიგთან" მხოლოდ გამარჯვება მოეთხოვება, სხვა ნებისმიერი შედეგი კი შეიძლება აღარ ეპატიოს.

ამიტომაც ამბობს, "ბრაუნშვაიგთან" აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთო. თუმცა ქულები უკვე ბუნდესლიგაში ახლახან აღზევებულ "ბრაუნშვაიგსაც" ძალიან სჭირდება, რადგან ოთხი ტურის შემდეგ უქულოდ ყოფნა ნებისმიერი კლუბისთვის მიუღებელი შედეგია.

ყურადღების ცენტრში გელზენკირხენია
შაბათის (და არა მარტო შაბათის) ტოპ-მატჩი "შალკესა" და "ლევერკუზენის" დაპირისპირებაა. "ბაიერი" ჯერჯერობით ძალიან კარგად გამოიყურება: სამი ჰიიპიას შეგირდებს სამივე თამაში მოგებული აქვთ და პირველ შეხვედრებში გვიჩვენეს, რომ თავის დაცვაც ეხერხებათ და შეტევაშიც ეფექტურად თამაში შეუძლიათ.

ჰიიპიას "ლევერკუზენი" მოქნილი და არაპროგნოზირებადი გუნდია. განსაკუთრებით კარგ ფორმაში შტეფან კისლინგი (2 გოლი, 3 პასი, "კიკერის" საშუალო შეფასება: 2,17 ბალი) და სიდნი სემი (3 გოლი, 2 პასი, "იკერის" საშუალო შეფასება 2,00) არიან.

აი, "შალკე" კი შავ დღეშია: გელზენკირხენელებმა სამ თამაშში მხოლოდ ერთი ქულა აიღეს და უკვე 9 გოლის გაშვება მოასწრეს. ისიც ვთქვათ, რომ "შალკემ" ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში პაოკ-ის ბარიერის გადალახვა მოახერხა და ახლა შეუძლია, მთელი კონცენტრაცია ბუნდესლიგისკენ მიმართოს. "შალკეს" დაცვის ხაზის პრობლემებს ბენედიქტ ჰიოვედესისა და კრისტიან ფუხსის დისკვალიფიკაციებიც დაემატა...

შნაიდერი იწყებს, "დორტმუნდი" ფრანკფურტში
როგორც იცით, "შტუტგარტის" ამბიციურმა ხელმძღვანელებმა ბრუნო ლაბადიას ზედიზედ მესამე წაგება არ აპატიეს და გაათავისუფლეს.

შვაბებმა მისი შემცვლელი საკმაოდ მალე იპოვნეს: გერმანიის 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი თომას შნაიდერი, რომლის დებიუტი "შტუტგარტის" დამრიგებლის რანგში "ჰოფენჰაიმთან" შედგება. შნაიდერს პირველივე შეხვედრაში ისეთი მეტოქე ელის, რომელსაც აქამდე ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი.


არც "ბაიერნი", არც "დორტმუნდი" და არც "ლევერკუზენი" - სამი ტურის შემდეგ ყველაზე გოლუხვი გუნდი "ჰოფენჰაიმია"! "სოფლელების" წინახაზელები ფოლანდი, მოდესტე და რობერტო ფირმინო შესანიშნავად გამოიყურებიან: მათ ანგარიშზე ერთად 7 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.

თუ "მაინცმა", "ჰერტამ" და "ლევერკუზენმა" წაიფორხილეს, ერთპიროვნული ლიდერობის მოპოვების შანსი ბოლოს დორტმუნდის "ბორუსიას" მიეცემა, რომელიც ფრანკფურტში "აინტრახტს" სტუმრობს, რომლის მწვრთნელმა არმინ ფეემ "ბრაუნშვაიგთან" გამარჯვების (2:0) შემდეგ შვებით ამოისუნთქა.

გერმანია. ბუნდესლიგა. IV ტური
31 აგვისტო
გლადბახი-ვერდერი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დაჰუდი - შმიტცი, ბარგფრედე, პ. სტევანოვიჩი, თრაიბული
ურთიერთშეხვედრები
სულ 88 თამაში: +30=21-37, (139:142)

ჰანოვერი-მაინცი 17:30
დისკვალიფიკაცია: ჰუსტი (ჰანოვერი)
ტრავმა: ჩერუნდოლო, ფელიპე, პანდერი, ფრანკა - კოხი, ედე, ზალერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +5=6-3, (16:13)

ვოლფსბურგი-ჰერტა 17:30
დისკვალიფიკაცია: ლუის გუსტავო (ვოლფსბურგი)
ტრავმა: დოსტი - მუხტარი, მ. ნდიენგი, ლასოგა
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +8=7-13, (36:44)

ნიურნბერგი-აუგსბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მარკოს ანტონიო, გებჰარტი - მ. დე იონგი, ფრამბერგერი, ოტლი, ბონსე, ბობადილია
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +2=2-0, (3:1)

ჰამბურგი-ბრაუნშვაიგი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: იანსენი - კორეია, გ. კორტე
ურთიერთშეხვედრები
სულ 40 თამაში: +19=8-13, (61:46)

შალკე-ლევერკუზენი 20:30
დისკვალიფიკაცია: ფუხსი, ჰიოვედესი (ორივე შალკე)
ტრავმა: კოლასინაცი, კ. პაპადოპულოსი, ანანი, ჰუნტელაარი, ობასი - ლომბი, კორი
ურთიერთშეხვედრები
სულ 58 თამაში: +14=18-26, (80:100)

1 სექტემბერი
შტუტგარტი-ჰოფენჰაიმი 17:30
დისკვალიფიკაცია: ტრაორე - სალიჰოვიჩი
ტრავმა: ნიდერმაიერი, ტასკი, აუდელი, დიდავი, როხასი - გრალი, ვუკჩევიჩი
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +5=4-1, (15:11)

აინტრახტი-დორტმუნდი 19:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ს. იუნგი, კიტელი, შტენდერა, ლაკიჩი - პიშჩეკი, გიუნდოგანი
ურთიერთშეხვედრები
სულ 80 თამაში: +27=26-37, (109:147)

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ბომბარდირები: 4 - ნ. მიულერი (მაინცი); 3 - ალაგუი (ჰერტა), ობამეიანგი (დორტმუნდი), მოდესტე (ჰოფენჰაიმი), რამოსი (ჰერტა), სემი (ლევერკუზენი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული