უბერებელი მიროსლავ კლოზე

AutoSharing Option
კითხვაზე, რა არის იმის საიდუმლო, რომ 35 წლის ასაკში შესანიშნავ ფორმაშია და ფიზიკურად ბრწყინვალედაა მომზადებული, მიროსლავ კლოზემ ავსტრიასთან მატჩის შემდეგ (3:0 გერმანელების სასარგებლოდ) გერმანელ ჟურნალისტს თვალი ჩაუკრა და ასე უპასუხა:

"ადრე ალკოჰოლზე საერთოდ უარს ვამბობდი, ახლა კი ცოტ-ცოტას ვსვამ".

მირომ ავსტრიასთან გერმანიის ნაკრების ფორმით თავისი 68-ე გოლი გაიტანა (129 მატჩში) და ამ მიღწევით ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდი გაიმეორა. მიუხედავად მისი ასაკისა, გერმანიის ნაკრების დამრიგებელი იოახიმ ლიოვი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისთვის წინა ხაზზე მთავარ იმედს სწორედ კლოზეზე ამყარებს.

"მიროს წარმატების საიდუმლო
მის თავში - მენტალიტეტსა და საქმისადმი მიდგომაშია. კლოზე ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალია მათ შორის, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია. მას დაუოკებელი სურვილი აქვს იმისა, რომ 35 წლის ასაკშიც კი ფეხბურთი უმაღლეს დონეზე ითამაშოს და ამისათვის ყველაფერს აკეთებს,"
- ეს თავად ლიოვის სიტყვებია.

მირო 1978 წლის 9 ივნისსაა დაბადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრაზილიაში გასამართი მუნდიალის სტარტისთვის კლოზე 36 წლის გახდება. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გერმანიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ ასაკის თავდამსხმელი აქამდე არასდროს ჰყოლია. შესაბამისად, საფეხბურთო გერმანიაში გაჩნდა კითხვა - შეუძლია კი მიროს ის, რომ ბუნდესგუნდს 36 წლის ასაკში თავისი გოლებით მსოფლიოს ჩემპიონობა მოუტანოს?

წარსულში ცნობილ გერმანელ გოლეადორ რუდი ფიოლერს, რომელიც დღეს 53 წლისაა, ამაში ეჭვი ოდნავადაც არ ეპარება:

"დარწმუნებული ვარ, რომ მირო მუნდიალზე 36 წლის ასაკშიც კი შეუდარებელი იქნება. მის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს. მთავარია, ჯანმრთელად იყოს და ყველაფერი შესანიშნავად იქნება. ქედს ვიხრი მის წინაშე იმის გამო, რომ ასეთ ასაკში ახალგაზრდა და ძალიან ძლიერ კონკურენტებს ჯობნის," - ამბობს ფიოლერი "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

გაგახსენებთ, რომ კლოზეს დებიუტი გერმანიის ნაკრებში 2001 წლის 24 მარტს, ალბანეთთან, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში შედგა, რომელიც გერმანელებმა 2:1 მოიგეს და მაშინ ბუნდესმწვრთნელი სწორედ ფიოლერი იყო. რუდი იხსენებს: "როცა მირო გერმანიის ნაკრებში პირველად გამოვიძახე, ძალიან ახალგაზრდა იყო და მის უმთავრეს პლუსად თავით კარგად თამაში მიიჩნეოდა. დღეს კი მისი მთავარი პლუსი ის არის, რომ როგორც ფეხბურთელი, იდეალურად განვითარდა, ბევრს მოძრაობს და კომბინაციებში უაღრესად გამოსადეგ ცენტრფორვარდად ჩამოყალიბდა".

მიროს შესაძლებლობებში ეჭვი არც კიდევ ერთ ლეგენდარულ გერმანელ გოლეადორს, 76 წლის უვე ზეელერს ეპარება, რომელიც 1970 წლის მუნდიალზე გერმანიის ნაკრებისთვის 33 წლის ასაკში უტევდა. ზეელერი: "მირო ძალიან კარგ, თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ თავდამსხმელად მიმაჩნია. კლოზე შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს და რაც ასევე მნიშვნელოვანია, თავმდაბალი ადამიანია. საფეხბურთო გერმანია მუნდიალისთვის მასზე უარს ნამდვილად ვერ იტყვის. მიუხედავად ფეხბურთელისთვის საკმაოდ დიდი ასაკისა, კლოზეს ბუნდესგუნდისთვის უდიდესი სარგებლის მოტანა შეუძლია".

ფორმიდან რომ არ ამოვარდეს, კლოზე დასაძინებლად ძალიან ადრე, მაქსიმუმ საღამოს ათ საათზე წვება. გარდა ამისა, ფორმის შენარჩუნების მიზნით ყოველდღე სპეციალურ ვარჯიშებს აკეთებს: "ცხადია, ძალების აღდგენა დღეს უფრო მიჭირს, ვიდრე შვიდი წლის წინათ, მაგრამ ამას ვახერხებ და სხეულიც მომყვება".

კიდევ ერთი საინტერესო რამ: "სოციალურ ქსელებს არ ვემეგობრები - არც "ფეისბუქზე" ვარ და არც "თვითერზე". ხალხი ამ საიტებზე ისეა გადარეული, რომ სოციალურ ქსელებში ცხოვრობენ, მე კი "ფეისბუქისა" და "თვითერის" გარეშეც კარგად ვცხოვრობ".

მიროს სიბერემ ერთ რამეზე მაინც ათქმევინა უარი: "გოლების შემდეგ სალტოების გაკეთებას აღარ ვაპირებ. ხომ იცით, რამდენი წლის ვარ და უმჯობესია, სალტოებზე უარი ვთქვა".

10 სექტემბერს გერმანიის ნაკრები ფარერებს ხვდება და დიდი შანსია, რომ კლოზემ მიულერის რეკორდი დაამხოს და გერმანიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს.

გერმანიის ნაკრების ყველაზე ასაკოვანი თავდამსხმელები მსოფლიოს ჩემპიონატებზე

თავდამსხმელი ასაკი მუნდიალი
ჰანს შეფერი 34 ჩილე 1962
რუდი ფიოლერი 34 აშშ 1994
ოლივერ ბირჰოფი 34 იაპონია/ს. კორეა 2002
იურგენ კლინსმანი 33 საფრანგეთი 1998
უვე ზეელერი 33 მექსიკა 1970
ოლივერ ნოივილი 33 გერმანია 2006
მიროსლავ კლოზე* 32 სამხრეთი აფრიკა 2010

* 2014 წლის მუნდიალზე მიროსლავ კლოზე 36 წლის იქნება

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იოახიმ ლიოვი 2016 წლამდე!
მკითხველის კომენტარები / 1 /
დიტერ ჰიონესმა ითამაში 86 წელს, 33 წლის ასაკში.
ნიკა
15:35 10-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული