იოახიმ ლიოვი 2016 წლამდე!

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრებმა საშინაო დავალება კარგად შეასრულა - ავსტრიასთან 3:0 მოგებით ბუნდესმწვრთნელი იოახიმ ლიოვი კმაყოფილია.

მატჩის შემდეგ გაზეთმა "ბილდმა" გაავრცელა სანდო წყაროზე დაყრდნობით მოპოვებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირსა და ლიოვს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმება უკვე გადაწყვეტილი ამბავია და რომ იოგი და მისი გუნდი ბუნდესნაკრებს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ჩათვლით უხელმძღვანელებენ (აქტუალურ ხელშეკრულებას ვადა 2014 წლის ზაფხულამდე, მუნდიალის ჩათვლით აქვს).

ეს ცნობა ოფიციალურად არცერთმა მხარემ არ დაადასტურა, თუმცა "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში ლიოვმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. "ბილდის" ინფორმაციით, გერმანიაში
ლიოვის კიდევ ორი წლით დარჩენის ამბავს ფარერებთან შეხვედრის შემდეგ გაახმაურებენ.

"გერმანიის საფეხბურთო კავშირთან პირადად მე მოლაპარაკებები არ გამიმართავს, მაგრამ ჩემს მრჩეველ ჰარუნ არსლანს საფეხბურთო კავშირის გენერალურ მდივან ჰელმუტ ზანდროკთან რამდენიმე ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა. მოლაპარაკებები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ უნდა დამთავრდეს. ფაქტია, რომ ყველაფერი მუნდიალამდე გადაწყდება," - უთხრა ლიოვმა "კიკერს".

ერთი სიტყვით, შეგვიძლია გადაწყვეტილად მივიჩნიოთ ის, რომ ლიოვი გერმანიის ნაკრებში 2016 წლამდე დარჩება და ბუნდესგუნდს ევრო 2016-ისთვისაც სწორედ იოგი მოამზადებს. მასთან ერთად რჩებიან გერმანიის ნაკრების მენეჯერი ოლივერ ბირჰოფი და მეკარეების მწვრთნელი ანდრეას კიოპკეც.

სიახლე ისაა, რომ ლიოვის ამჟამინდელი ასისტენტი ჰანსი ფლიკი გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტული დირექტორი გახდება და ამ პოსტზე რობინ დუტს შეცვლის, რომელიც ცოტა ხნის წინ ბრემენის "ვერდერის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. შეგახსენებთ, რომ დუტამდე ამ თანამდებობაზე მათიას ზამერი მუშაობდა, რომელიც ახლა მიუნხენის "ბაიერნის" სპორტული დირექტორია.

მუნდიალის შემდეგ ლიოვის გაშვება გამორიცხული მაინც არაა
ჩვენი გერმანელი კოლეგები კიდევ ერთ საინტერესო ცნობას ავრცელებენ: ლიოვის ახალ კონტრაქტში ჩაიდება სპეციალური პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, ხელშეკრულების გაუქმება ორივე მხარეს შეეძლება.

ეს იმას ნიშნავს, რომ გამორიცხული არაა, მუნდიალის შემდეგ იოგიმ პოსტი მაინც დატოვოს ან დაატოვებინონ. ცხადია, რომ ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ იასპარეზებს გერმანია მუნდიალზე.

გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები ლიოვთან ახალი კონტრაქტის გაფორმების ამბავს მშვიდად შეხვდნენ და ეს ლოგიკურ ნაბიჯად მიაჩნიათ.

"ჩვენ შესანიშნავი მწვრთნელი გვყავს, რომელიც ყველას უყვარს. იოგისთან ერთად უდიდესი პროგრესი განვიცადეთ. შესაბამისად, მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელებაა. ახლა ყველანი საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით დამთავრებასა და მომავალ მუნდიალზე ვართ კონცენტრირებულები," - უთხრა "კიკერს" გერმანიის ნაკრების კაპიტანმა ფილიპ ლამმა.

ბუნდესგუნდს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში ოფიციალურად ჯერ არ გაუნაღდებია, მაგრამ ავსტრიასთან გამარჯვების შემდეგ ეს მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობაა. სამშაბათს ბუნდესგუნდი ფარერების ნაკრებს სტუმრობს და ლიოვის შეგირდებს არც ამ მატჩის მოგება გაუჭირდებათ. თანაც, დიდი შანსია, რომ ფარერებთან გამარჯვებამ გერმანიას მუნდიალის საგზური უკვე ოფიციალურად გაუნაღდოს.

სწორედ ამიტომ ელიან ჩვენი გერმანელი კოლეგები იმას, რომ საფეხბურთო კავშირი ლიოვთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ოფიციალურად სწორედ ფარერებთან მატჩის შემდეგ გაამხელს.

"თუ ფარერებთან მატჩს სერიოზულად მივუდგებით და ასეც იქნება, უპრობლემოდ მოვიგებთ," - ამბობს სამი ხედირა, რომელიც ბასტიან შვაინშტაიგერისა და ილქაი გიუნდოგანის არყოფნაში, ავსტრიასთან ძირითად შემადგენლობაში იყო.

დაცვა დადგა, ჰუმელსი თამაშგარეში?
საფეხბურთო გერმანია ავსტრიასთან გამარჯვების შემდეგ ყველაზე მეტად იმის გამოა კმაყოფილი, რომ ბუნდესგუნდმა კარი მშრალად შეინახა. ბოლო დროს ლიოვს ისტერიკულად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ბუნდესგუნდის დაცვის ხაზს სტაბილურობა მოაკლდა. იოგიმ ავსტრიასთან დაცვის ცენტრში ჟერომ ბოატენგისა და პერ მერტეზაკერის ტანდემი ათამაშა, დორტმუნდის "ბორუსიას" დაცვის ბურჯი მატს ჰუმელსი კი სკამზე დატოვა, რის გამოც ექსპერტების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ სასტარტოში მსოფლიოს ჩემპიონატზეც ბოატენგი და მერტეზაკერი ითამაშებენ.

"მინდა ჰუმელსი და მისი გულშემატკივრები დავამშვიდო. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ამ ბიჭს ზურგი ვაქციე. მე ჯერ კიდევ მაქვს მისი იმედი და ძალიან ვგულშემატკივრობ," - უთხრა ლიოვმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს, თუმცა ცხადია, რომ ამ ეტაპზე ბოატენგს ანიჭებს უპირატესობას, რაც იმის დამსახურებაა, რომ ჟერომი "ბაიერნში" სტაბილურად, კარგად თამაშობს.

ლამის მე-100 და კლოზეს 68-ე
ავსტრიასთან მატჩი კაპიტან ლამისთვის და გოლეადორ მიროსლავ კლოზესთვის განსაკუთრებული იყო. ფილიპმა გერმანიის ნაკრების ფორმა მეასედ მოირგო, მირომ კი ბუნდესგუნდის ფორმით ჩატარებულ 129-ე შეხვედრაში 68-ე გოლი გაიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდი გაიმეორა.

"ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. აქამდე საკმაოდ მძიმე წნეხის ქვეშ ვიყავი, რადგან ჩემგან მთელი გერმანია ამ გოლს ელოდებოდა, ახლა კი ტვირთი მომეხსნა," - აღნიშნა 35 წლის კლოზემ, რომელსაც გერდის რეკორდის გაუმჯობესების შანსი ფარერებთან არაერთხელ მიეცემა. შეგახსენებთ, რომ კლოზეს ამ რეკორდამდე ერთი გოლი 2012 წლის ოქტომბრიდან აკლდა.

შმელცერი გადარჩა, ფიზიოთერაპევტი დაშავდა
ავსტრიასთან გერმანელებს "დორტმუნდის" მარცხენა მცველი მარსელ შმელცერი დაუშავდათ, რომელიც ლიოვმა შესვენებაზე ბენედიქტ ჰიოვედესით შეცვალა. 8 სექტემბერს ბუნდესგუნდის სამედიცინო შტაბმა გერმანიის ნაკრებისა და "დორტმუნდის" ქომაგები დაამშვიდა: შმელცერის ტრავმა სერიოზული არაა.

სამაგიეროდ, ფარერებზე ვერ მიემგზავრება გერმანიის ნაკრების ფიზიოთერაპევტი კლაუს ედერი, რომელიც იმ დროს დაშავდა, როცა მოედანზე შმელცერისთვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად შევარდა. ედერს ფეხი დაუცდა და კუნთის საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მუნდიალზე გასვლის შემთხვევაში იოახიმ ლიოვს კონტრაქტს გაუგრძელებენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული