პლატინი, ჩეხი, რონალდო... ვარსკვლავები, რომლებიც გერმანულმა კლუბებმა თავის დროზე დაიწუნეს

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას ასისტენტმა ჰერმან გერლანდმა თქვა, ფილიპ ლამი ახალგაზრდობაში არცერთ კლუბს არ სურდაო.

"ჩემი აზრით, ლამი 17 წლის ასაკშიც სრულყოფილი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მისი აყვანა არცერთ კლუბს არ სურდა. ფილიპი ბუნდესლიგაში თითქმის ყველა კლუბს შევთავაზე, მაგრამ ყველა უარზე იყო.

მას მერე, რაც ლამი არ მოეწონათ, ერთ-ერთმა კლუბმა ჩემი და ლამის მგზავრობის ფულის უკან დაბრუნებაც კი მომთხოვა,"
- განაცხადა გერლანდმა ტელეკომპანია ZDF-ის სპორტულ თოქ-შოუ "შპორტშაუში".

შეხსენება საჭირო არ არის, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ
ფილიპ ლამი დღეს მსოფლიო დონის ფეხბურთელი და გერმანიის ნაკრების კაპიტანია.

გერლანდის განცხადებამ ჩვენს გერმანელ კოლეგებს საინტერესო იდეა მიაწოდა - "ბილდმა" გაიხსენა ყველა ის ვარსკვლავი, რომლებიც გერმანულმა კლუბებმა თავის დროზე დაიწუნეს და რომლებიც მერე თითით საჩვენებელი ფეხბურთელები გახდნენ.

მაგალითად, ბრემენის "ვერდერმა" თავის დროზე პეტრ ჩეხზე თქვა უარი. იმხანად 18 წლის მეკარე 2001 წლის დასაწყისში სწორედ ბრემენულ კლუბში ვარჯიშობდა, მაგრამ "ვერდერის" მენეჯერ კლაუს ალოფსს ჩეხის სანაცვლოდ გადასახდელი 600 000 გერმანული მარკა ებევრა და პეტრის გადაბირება იუარა.

"კიოლნს" შინჯი კაგავას, მარკო როისისა და სებასტიან ბიონიშის გადაბირება იმ დროს შეეძლო, როცა ამ ფეხბურთელებს არავინ იცნობდა, მაგრამ "თხების" ხელმძღვანელებმა სამივე დაიწუნეს.

"ჰოფენჰაიმს" 2011/12 წლების სეზონის ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გლადბახელი ნოიშტედტერი უფასოდ შესთავაზეს, მაგრამ "ჰოფეს" იმჟამინდელმა მენეჯერმა ერნსტ ტანერმა თქვა, მე უფრო უკეთესო ფეხბურთელი ვიციო და "ბაზელიდან" 1 მილიონ ევროდ ვიზერი შეიძინა. ამ უკანასკნელის გვარი თვალში მხოლოდ ერთი-ორჯერ თუ მოგხვდებოდათ - ვიზერმა იმედები ვერ გაამართლა, ნოიშტედტერი კი დღეს "შალკეს" და გერმანიის ნაკრების წევრია.

სებასტიან დაისლერი ხომ გახსოვთ? მას გერმანიის საუკუნის ტალანტს უწოდებდნენ, მაგრამ სანამ დაისლერის ნიჭს მთელი გერმანია დააფასებდა, სება "ფრაიბურგის" პრეზიდენტ ახიმ შტოკერს მოეწონა და მწვრთნელ ფოლკერ ფინკეს შესთავაზა. ამ უკანასკნელმა კი დაისლერის გადაბირება არ მოისურვა.

2009 წლის ზაფხულში ბერლინის "ჰერტაში" ივან პერიშიჩი და ანდრე აიუ ისინჯებოდნენ და "ლიუბარსთან" ამხანაგურ მატჩში, რომელიც "ჰერტამ" 23:0 მოიგო, ორ-ორი გოლიც გაიტანეს, მაგრამ ბერლინელთა იმჟამინდელმა დამრიგებელმა ლუსიენ ფავრმა არც ერთი არ დაიტოვა. მერე პერიშიჩი "დორტმუნდში" გადავიდა (დღეს "ვოლფსბურგში" თამაშობს), აიუ კი "მარსელის" ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის: ბუნდესლიგაში მოხვედრა თავის დროზე გაცილებით დიდ ვარსკვლავებსაც შეეძლოთ და გერმანული კლუბების ბოსებმა არაერთი ისეთი ფეხბურთელი დაიწუნეს, რომლებიც მერე მეგავარსკვლავები გახდნენ. აი, რამდენიმე მაგალითი:

გერმანული კლუბების მიერ დაწუნებული მეგავარსკვლავები
* "ვერდერს" ბევრი შესანიშნავი ტრანსფერი განუხორციელებია, მაგრამ ბრემენული კლუბის შეფები გამოთვლებსა და გათვლებში ხშირადაც ცდებოდნენ. 90-იანი წლების შუაში "ვერდერს" "ხემნიტცის" ტალანტ მიხაელ ბალაკის გადაბირება უნდოდა.

ბრემენულმა კლუბმა ფეხბურთელს ხელფასის სახით 90 000 ევრო შესთავაზა, ბალაკმა კი 100 000 მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო. შესაბამისად, ბალაკი "კაიზერსლაუტერნში" გადავიდა და ამ ისტორიის გაგრძელება ყველამ იცის.

* 2002 წელს "ვოლფსბურგში" სინჯებზე იყო 19 წლის განელი ნახევარმცველი მიკაელ ესიენი, რომელიც "მგლების" შეფებს არ მოეწონათ. როგორც იცით, ესიენი მერე "ჩელსიში" აღმოჩნდა, "რეალშიც" ითამაშა და ერთი სიტყვით, მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდა. ესიენს ბევრი (მათ შორის, ჟოზე მოურინიო) ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო საყრდენ ნახევარმცველად მიიჩნევს.

* 2009 წელს მარკო როისი ძალიან ახლოს იყო "კიოლნში" გადასვლასთან, მაგრამ "თხების" ექსმენეჯერმა მიხაელ მაიერმა "ალენიდან" მისი ყიდვა არ ისურვა. როისი დღეს "დორტმუნდისა" და გერმანიის ნაკრების ვარსკვლავია.

* 70-იანი წლების დასაწყისში "გლადბახის" მწვრთნელ ჰენეს ვაისვაილერს სინჯებზე ახალგაზრდა თავდამსხმელი მიუყვანეს, რომელიც ლეგენდარულმა მწვრთნელმა მაშინვე უკან გაუშვა და მიმყვანს უთხრა, ამ ტიპს რა უნდა ვუყო, აზრზე არააო. ფეხბურთელის სახელი და გვარი კლაუს ფიშერი გახლდათ...

* სხვადასხვა გერმანულ წყაროზე დაყრდნობით, 1964 წელს "ჰანოვერი" ძალიან ახლოს იყო პელეს გადაბირებასთან. გერმანული კლუბი "სანტოსთან" მოლაპარაკებებს აწარმოებდა და შეთანხმებასაც მიაღწია, მაგრამ ბრაზილიის მთავრობამ პელეს უცხოეთში ტრანსფერს ვეტო დაადო.

* 1997 წელს "ვერდერს" კიევის "დინამოდან" იური მაქსიმოვის გადაბირება სურდა. უკრაინაში სტუმრობისას ბრემენული კლუბის ბოსებს ახალგაზრდა ანდრეი შევჩენკოც შესთავაზეს, მაგრამ "ვერდერი" შევათი არ დაინტერესდა. შევჩენკო მოგვიანებით "მილანში" გადავიდა, "ჩელსიშიც" ითამაშა და 2004 წელს ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მოიპოვა.

* ახალგაზრდა რონალდინიოს გადაბირება თავის დროზე ორ გერმანულ კლუბს შეეძლო. 2001 წელს ის დორტმუნდის "ბორუსიას" სურდა, მაგრამ კლუბის ბოსებმა მიიჩნიეს, რომ ბრაზილიელი "დორტმუნდისთვის" ჯერ მზად არ იყო. იმავე წელს რონალდინიო ბერლინის "ჰერტას" სამიზნეშიც გახლდათ, მაგრამ კლუბის ბოსმა დიტერ ჰიონესმა მას მარსელინიო ამჯობინა...

* 70-იანი წლების შუაში "ზაარბრიუკენში" ყველასათვის უცნობი ფრანგი ფეხბურთელი თამაშობდა - მიშელ პლატინი. ზაარლანდელთა მწვრთნელ სლობოდან ჩენდიჩს ის არ მოსწონდა და გაუშვა...

* ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის წინ "დუისბურგს" ახალგაზრდა ჩეხი ნახევარმცველის, პაველ ნედვედის გადაბირება სურდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა შეუთვალა, პასუხს ევრო 96-ის შემდეგ გეტყვითო. ევროპის ჩემპიონატზე კი ნედვედმა ძალიან კარგად ითამაშა, გაიბრწყინა და გაცილებით უკეთესი მთხოვნელების რიგი დაუდგა - პაველი ჯერ რომის "ლაციოში" გადავიდა, მოგვიანებით კი ტურინის "იუვენტუსში".

* 1994 წელს რონალდო (სწორედ ის რონალდო!) ძალიან ახლოს იყო "შტუტგარტში" გადასვლასთან, მაგრამ შვაბებმა "კიჭას" სანაცვლოდ 4 მილიონი ევროს გადახდა არ ისურვეს, ბრაზილიელმა თავდამსხმელმა კი პსვ-ში ამოყო თავი...

* 2006 წელს "ჰერტას" სკაუტებმა ბერლინურ კლუბს უდიდესი ტალანტი შესთავაზეს: 16 წლის ბრაზილიელი ალეშანდრე პატო, რომელიც მაშინ 3.5 მილიონ ევროდ ფასობდა. "ჰერტას" შეფებს პატო ეძვირათ! ერთი წლის შემდეგ ნიჭიერი ბრაზილიელი "მილანმა" 22 მილიონად შეიძინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული