"ამიერიდან უსაფრთხოების მთელი პასუხისმგებლობა თვითონ კლუბს ეკისრება!" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ნორდ რაინ ვესტფალენის მხარის შინაგან საქმეთა მინისტრი რალფ იეგერი აწერს ხელს.
ცხადია, პოლიციის გარეშე "შალკე" უსაფრთხოებაზე ზრუნვას ვერ შეძლებს და თუ გელზენკირხენის პოლიციამ მართლაც უარი თქვა "ფელტინს არენა აუფ შალკეს" დაცვაზე, კლუბს სრული ქაოსის საფრთხე ემუქრება.
იეგერის გაბრაზება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის (პაოკ-თან 1:1)
იმ მატჩის დროს რამდენიმე გულშემატკივარი დაშავდა, რის შემდეგაც "შალკეს" ხელმძღვანელებმა გელზენკირხენის პოლიცია არაერთხელ გააკრიტიკეს - "შალკემ" პოლიციას ცრემლსადენი გაზის გამოყენება გადამეტებულ საქციელად ჩაუთვალა. ნორდ რაინ ვესტფალენის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი ცრემლსადენი გაზის გამოყენება აუცილებლად მიიჩნია.
"საბედნიეროდ, კანონებს საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელები არ ადგენენ," - ამბობდა გერმანიის პოლიციის კავშირის დირექტორი რაინერ ვენდტი.
ახლა კი გელზენკირხენის პოლიცია "შალკეს" არენაზე უსაფრთხოების დაცვაზე უარს აცხადებს. გელზენკირხენული კლუბის მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი გაოცებულია: "ასეთი რამ წარმოუდგენელია! პოლიცია, რა თქმა უნდა, გვჭირდება!" - ამბობს ჰელდტი.
უკანასკნელი ინფორმაციით, "შალკეს" ფინანსური დირექტორი პეტერ პეტერსი გელზენკირხენის პოლიციასთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. კიდევ კარგი, რომ ამ უქმეებზე "შალკე" სტუმრად (მაინცში) თამაშობს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"