კრისტიან შტრაიხის რაიხი გადარჩა

AutoSharing Option
"ფრაიბურგი" წინა სეზონში, ყველასათვის მოულოდნელად, ძალიან კარგად თამაშობდა და ბოლო ტურამდე ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი ჰქონდა, რის გამოც კრისტიან შტრაიხის გუნდი იმ სეზონის მთავარ აღმოჩენად შეირაცხა.

რომ არა იუპ ჰაინკესი და მისი ევრო-ტრიუმფი "ბაიერნთან" ერთად, 48 წლის შტრაიხს ალბათ სეზონის საუკეთესო მწვრთნელადაც დაასახელებდნენ. მერე იყო ზაფხული და მოლოდინისამებრ, წარმატებულმა "ფრაიმ" წამყვანი ფეხბურთელები დაკარგა - ბრაისგაუელებს ბევრი ფული არ აქვთ და გუნდის ლიდერებს სხვა კლუბები გაცილებით მაღალ ხელფასებს შეჰპირდნენ.

შესაბამისად, ახალ სეზონში "ფრაის" ძალიან გაუჭირდა და საქმე უკვე იქამდე იყო
მისული, რომ შტრაიხს გათავისუფლებას უწინასწარმეტყველებდნენ. მართალია, კლუბის შეფები ამას უარყოფდნენ, მაგრამ ცხადია, რომ მოუგებელი სერიის დიდხანს გაგრძელების შემთხვევაში მწვრთნელი თანამდებობას ვერ შეინარჩუნებდა.

მაგრამ 25 სექტემბერს "ფრაიბურგმა" ნავსი გატეხა - შტრაიხის გუნდმა გერმანიის თასის მეორე რაუნდში "შტუტგარტი" 2:1 დაამარცხა.

ამ წარმატებამ "ფრაიბურგში" საბრძოლო განწყობა და დადებითი ატმოსფერო დააბრუნა. ამიტომაც იყო, საფინალო სასტვენის შემდეგ შტრაიხმა შეგირდები სათითაოდ რომ ჩაკოცნა. კრისტიანმა ჯერ 22 წლის მეჰმედი გამოიჭირა და ლოყაზე აკოცა, მერე კი 23 წლის მეკარე ბაუმანიც ჩაკოცნა.

ეს არაა პირველი შემთხვევა და სხვათა შორის, შტრაიხი ყველაზე ხშირად სწორედ ბაუმანს კოცნის ხოლმე. ასე იყო 2012 წლის მარტშიც, როცა პერსპექტიულმა გოლკიპერმა "ფრაის" მიონხენგლადბახში სასწაული სეივებით ქულა გადაურჩინა (0:0). ცხადია, რომ მწვრთნელის ასეთი საქციელი მის ყველა შეგირდს არ მოეწონება, მაგრამ შტრაიხს ეს არ ადარდებს:

"ეს ჩვენი, სამხრეთბადენელების კულტურის ნაწილია. ჩვენ საფრანგეთთან ახლოს ვცხოვრობთ, იქ კი მისალმებისას მამაკაცებიც კოცნიან ხოლმე ერთმანეთს," - ამბობს "ფრაიბურგის" თავკაცი.

ბრაისგაუში იმედოვნებენ, რომ ფრაიბურგული "კოცნაობები" ბუნდესლიგაში გაგრძელდება - გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში "ფრაი" ხომ ჯერაც გამარჯვების გარეშეა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"კიკერის" სეზონის ლაურეატები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული