"კიკერის" სეზონის ლაურეატები

AutoSharing Option
ავტორიტეტულმა გერმანულმა სპორტულმა გამოცემამ, "კიკერმა" ტრადიციული, სეზონის შემდგომი გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა.

ბუნდესლიგის ფეხბურთელებს შორის ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გერმანული სეზონის საუკეთესო მწვრთნელი არა იუპ ჰაინკესი, რომელმაც "ბაიერნს" ამ სეზონში ჰეთ თრიკი შეასრულებინა, არამედ "ფრაიბურგის" თავკაცი კრისტიან შტრაიხი გახდა. 47 წლის შტრაიხმა, რომლის გუნდმა მართლაც სენსაციურად იასპარეზა და ბოლო ტურამდე ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოდა, ხმების 48.7 პროცენტი მიიღო. 68 წლის ჰაინკესი მეორე ადგილზე გავიდა - მას ხმების 23.7 პროცენტი ერგო, მესამე ადგილი კი ფრანკფურტის "აინტრახტის" 52 წლის დამრიგებელმა არმინ ფეემ დაიკავა (16.1%).

მწვრთნელებს შორის სეზონის მთავარ იმედგაცრუებად ბუნდესლიგის ფეხბურთელებმა "ვოლფსბურგიდან" გათავისუფლებული ფელიქს მაგათი დაასახელეს (31.8%), რომელსაც თომას შააფი (23.3%) და მარკუს ბაბელი (14.3%) მოსდევენ.

საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი, როგორც მოსალოდნელი იყო, ფრანკ რიბერიმ დაიმსახურა - "ბაიერნის" 30 წლის ფრანგმა დრიბლიორმა ხმების 29.3 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე დორტმუნდელი რობერტ ლევანდოვსკი გავიდა (17.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე ბასტიან შვაინშტაიგერი (12.4%). აღსანიშნავია, რომ დორტმუნდელი მარკო როისი, რომელიც პირველი წრის შემდეგ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით მეორე ადგილზე იყო, საბოლოოდ მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა.

მეკარეებში პირველობა არავის დაუთმო "ბაიერნის" გოლკიპერმა მანუელ ნოიერმა (23.2%), მეორეზე "დორტმუნდის" მეკარე რომან ვაიდენფელერია (20.6%), მესამეზე კი - "ჰამბურგის" მეკარე რენე ადლერი (19.7%). ბუნდესლიგის ფეხბურთელებმა საუკეთესო მსაჯად კნუტ კირხერი დაასახელეს (მეორე ადგილი - ფლორიან მაიერი, მესამე - ფელიქს ბრიხი). გამოკითხვაში მონაწილეობა სულ ბუნდესლიგის 228 ფეხბურთელმა მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა. XXXIV ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები: იუპის ცრემლები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული