რას ერჩის მათიას ზამერი ხოსეპ გვარდიოლას?

AutoSharing Option
"ბაიერნის" კაპიტან ფილიპ ლამისთვის გაუგებარია, რატომ აკრიტიკებს მათიას ზამერი გუნდის მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას.

ზამერი "ბაიერნის" სპორტული დირექტორია და ეს ის თანამდებობაა, რომლის უშუალო დაქვემდებარებაშია მწვრთნელი და, ბუნებრივია, პეპის კრიტიკაზე ტაბუ არავის აქვს დადებული. პრინციპში, ლამი არ არის წინააღმდეგი, დირექტორმა ვინმე გააკრიტიკოს (თუნდაც მწვრთნელი), მაგრამ მისთვის მიუღებელია, რომ ზამერმა ეს საჯაროდ გააკეთა:

"ვფიქრობ, ზამერს მწვრთნელის კრიტიკა სახალხო მსჯელობის საგნად არ უნდა გაეხადა. თუ გუნდში რამე პრობლემაა, ჯობია, ეს შიგნითვე გაირკვეს და პრესის ფურცლებზე არ მოხვდეს. ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის, უფრო მნიშვნელოვანია არა ის,
თუ რას ამბობს კლუბის ხელმძღვანელობა, არამედ ის, თუ რას აკეთებს ის გუნდისთვის.

ყველას უნდა შეეძლოს საკუთარი ემოციების მართვა. სხვა შემთხვევაში, ეს პირდაპირ იმოქმედებს მწვრთნელის ავტორიტეტზე"
, - ამბობს ლამი, რომელსაც გვარდიოლამ ამპლუა შეუცვალა და მარჯვენა მცველის პოზიციიდან საყრდენად გადასწია.

თავის მხრივ, ზამერის კრიტიკაზე გვარდიოლა ასეთ კომენტარს აკეთებს: "რა თქმა უნდა, როცა სპორტული დირექტორი შენიშვნებს მაძლევს, ეს მნიშვნელოვანია. ზამერიც, ჰიონესიც და რუმენიგეც "ბაიერნში" გავლენიანი ხალხია და მათი მხრიდან კრიტიკა ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

ესპანეთში ასეთი წესია - მწვრთნელის საქმიანობაში ვერავინ ჩაერევა, გერმანიაში კი სხვაგვარადაა და იძულებული ვარ, ამას შევეგუო. "ბაიერნი" თავიდან შენდება და, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე პრობლემები იქნება. ამიტომ მზად ვარ, ნებისმიერი აზრი მოვისმინო, თუნდაც - კრიტიკული.

მესმის, რომ მატიასი ემოციური კაცია. სხვათა შორის, მეც ასეთი ვარ, თუმცა ვცდილობ, სიტყვები შევარჩიო. გუნდის თამაშში შეცდომებია, ამის უარყოფას არ ვაპირებ და ვცდილობთ, ეს შეცდომები რაც შეიძლება მალე გამოვასწოროთ"
.

ზამერი "ბაიერნის" თამაშით კმაყოფილი არ არის და ეს გასაგებია. არც ის არის გასაკვირი, რომ სპორტულ დირექტორს უამრავი თანამოაზრე ჰყავს - "რეკორდმაისტერს" ქომაგებიც საყვედურობენ. კლუბის პრეზიდენტი ული ჰიონესი კი მოუწოდებს ფანებს, მშვიდად იყვნენ და ყოველ მატჩში ასტრონომიული ანგარიშით გამარჯვებას ნუ დაელოდებიან.

"ყველაფერში დამნაშავეა გასული სეზონი, როცა ქომაგები შთამბეჭდავ გამარჯვებებს შევაჩვიეთ. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის, რომ 1:0 და 2:0 ლამის მოგებად აღარ ჩაგვითვალონ. ეს დაივიწყეთ! ყველა თამაშს დიდი ანგარიშით ვერ მოვიგებთ და ეს არც გვჭირდება. შედეგი მაინც ყველაზე მთავარია. ბოლოს და ბოლოს, ჭკუას უნდა მოვუხმოთ, უფრო პრაგმატულები უნდა ვიყოთ", - ასე ბრძანა ულიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. VII ტურის შეჯამება და სიმბოლური: რა გჭირთ, საქსონიელებო?!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული