გერმანია. ბუნდესლიგა. VIII ტურის წინ: "ბაიერი" "ბაიერნის" წინააღმდეგ

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მე-8 ტური ორ გამორჩეულად საინტერესო დუელს გვთავაზობს: მიუნხენის "ბაიერნი" შაბათის საღამოს მატჩში ლევერკუზენის "ბაიერს" სტუმრობს, მანამდე კი, მიონხენგლადბახში "ბორუსიების" დაპირისპირებაა.

ერთმანეთს მნიშვნელოვანი ქულებისთვის შეებრძოლებიან "ვოლფსბურგი" და "ბრაუნშვაიგიც". კვირას, "ნიურნბერგი" (ჰამბურგთან) და "ფრაიბურგი" (აინტრახტთან) პირველი გამარჯვებების მოპოვებას შეეცდებიან.

წინა ტურში "შალკე" "ჰოფენჰაიმს" ორჯერ და თანაც, ორივე შემთხვევაში ორი ბურთის სხვაობით უგებდა, მაგრამ ბოლოს ქულაც სანატრელი გაუხდა - ის შეხვედრა 3:3 დასრულდა.

მას მერე გელზენკირხენულ კლუბში არასახარბიელო ვითარებაა. მართალია, "შალკემ" ჩემპიონთა ლიგაში ხასიათი გამოიკეთა (1:0 ბაზელში), მაგრამ გულშემატკივრებისთვის ყველაზე მთავარი მაინც
ბუნდესლიგაა, სადაც იენს კელერის გუნდი მე-8 ტურის წინ მხოლოდ და მხოლოდ მე-14 ადგილზეა.

გუნდში შექმნილი არასახარბიელო ვითარების დასტური ისიცაა, რომ კელერმა საყრდენი ნახევარმცველი ჯერმეინ ჯონსი გუნდიდან მოკვეთა.

ზოგადად, კელერი ამ კვირაში აგრესიული კომენტარებით გამოირჩეოდა - მენტალიტეტის შესახებ არაფერი მითხრათ, "ჰოფენჰაიმთან" უამრავი ინდივიდუალური შეცდომა დავუშვით, მენტალიტეტი კი არაფერ შუაშიაო.

5 ოქტომბერს "შალკე" თავის ამბიციების კვალობაზე საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფ "აუგსბურგს" მასპინძლობს.

"ბორუსიების" დერბი მიონხენგლადბახში
მიონხენგლადბახის "ბორუსია-პარკზე" "ბორუსიების" დუელი გაიმართება: "გლადბახი" "დორტმუნდის" წინააღმდეგ.

ყურადღების ცენტრში გუნდების ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელები, მაქს კრუზე (7 მატჩი, 4 გოლი, "კიკერის" საშუალო შეფასება: 2.29) და რობერტ ლევანდოვსკი (7 მატჩი, 6 გოლი, "კიკერის" საშუალო შეფასება: 2.29) მოექცევიან.

თუკი კრუზე "გლადბახის" გამოკვეთილი ლიდერია, დორტმუნდელები მხოლოდ ლევანდოვსკიზე არ არიან დამოკიდებულები - პიერ-ემერიკ ობამეიანგს 5 გოლი აქვს გატანილი, მარკო როისს - 4, ჰენრიხ მხითარიანს კი - 3. თუმცა საკითხავია, გაამწესებს თუ არა იურგენ კლოპი ოთხივეს ძირითად შემადგენლობაში, რადგან "დორტმუნდის" თავკაცი ჩემპიონთა ლიგის მატჩებით დატვირთულ დღეებში როტაციას მიმართავს ხოლმე.

შეგახსენებთ, რომ "დორტმუნდმა" შუა კვირაში "მარსელი" 3:0 დაამარცხა.

გამოფხიზლებული "შტუტგარტი" პრაგმატული "ვერდერის" წინააღმდეგ
საკმაოდ საინტერესო უნდა გამოვიდეს "შტუტგარტისა" და "ვერდერის" ჯახიც. შვაბებმა ბოლო დროს სერიოზული პროგრესი განიცადეს, თომას შნაიდერის ხელში 12 შესაძლოდან, 10 ქულა აიღეს და გასავარდნი ზონიდან ევროზონამდე აღზევდნენ.

გამოფხიზლდა ბრემენის "ვერდერიც" და "მუსიკოსების" თავკაცი რობინ დუტი ტენდენციით კმაყოფილია. თუმცა "ვერდერის" ფანები ძველებურ სპექტაკლებს ითხოვენ, დუტი კი ამბობს, ოდესმე სპექტაკლებს ისევ დავდგამთ, მანამდე კი პრაგმატული გზით უნდა მივიდეთო.

ახალი დერბი ქვემო საქსონიაში
"ვოლფსბურგი" და "ბრაუნშვაიგი" ბუნდესლიგაში ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან, მაგრამ ეს ახალი ქვემოსაქსონიური დერბი, უფრო სწორად, მისი ისტორიის დასაწყისია. "ვოლფსბურგმა" აქამდე ყველა საშინაო მატჩი მოიგო და ცხადია, რომ მგლები აუტსაიდერთანაც მხოლოდ სამ ქულას გეგმავენ.

"ბრაუნშვაიგი" კი უკვე სამარცხვინო მდგომარეობაშია - ტორსტენ ლიბერკნეხტის გუნდს 7 ტურის შემდეგ მხოლოდ ერთი ქულა და 18 მიღებული გოლი აქვს. თანაც, ბრაუნშვაიგელებს ამ ეტაპზე სამომავლოდ არაფრის იმედი არ აქვთ.

"მაინცის" დაღმასვლა წინა ტურშიც გაგრძელდა და თომას ტუხელის შეგირდებს ახლა უკვე ზედიზედ ოთხი წაგება აქვთ. თანაც, ამ ოთხ შეხვედრაში "მაინცმა" 12 გოლი მიიღო.

ერთი სიტყვით, გუნდი კრიზისშია და სწორედ ამ დროს ხვდება დონითა და კლასით იდენტურ, მაგრამ გაცილებით ეფექტურად მოთამაშე "ჰოფენჰაიმს".

რა შეუძლია "ლევერკუზენს" სინამდვილეში?
"ბაიერნი" "ლევერკუზენზე" გაცილებით ძლიერია და ახლაც გაცილებით უკეთეს ფორმაში იმყოფება, მაგრამ "ბაიერისა" და "ბაიერნის" დაპირისპირება, რომელიც "ბაი-არენაზე" შედგება, პირველ რიგში იმის გამოა ტურის ტოპ-მატჩი, რომ "ფარმაცევტები" მესამე ადგილზე იმყოფებიან, ბავარიელები კი - მეორეზე.

ზოგადად, ამ ეტაპზე ბუნდესლიგის სამი ლიდერია გამოკვეთილი და თუკი "დორტმუნდის" გარდა რომელიმე კლუბზე ითქმის, "ბაიერნს" კონკურენცია უნდა გაუწიოსო, პირველ რიგში სწორედ "ლევერკუზენზე".

"სერიოზულად არ მივიჩნევ ისეთ კითხვებს, არის თუ არა ჩვენი მიზანი ამ ტურში "ბაიერნის" გადასწრება ან სულაც ერთპიროვნულად გალიდერება. მთავარია, ვინ რომელ ადგილზე იქნება მაისში,"
- აცხადებს "ლევერკუზენის" თავკაცი სამი ჰიიპია.

ამით ფინელი თავს არიდებს კითხვას, არის თუ არა მისი მიზანი "ბაიერნის" დამარცხება და შესაბამისად, წნეხის თავიდან არიდებასაც ცდილობს.

სამაგიეროდ, მიუნხენელებს მიზნების ჩამოყალიბებისას კომპლექსები არ აწუხებთ: "ჩვენი მიზანი ყველა და ნებისმიერი მატჩის მოგებაა," - ამბობს თომას მიულერი. ეს მატჩი ძალიან საინტერესო იქნება ტაქტიკური თვალსაზრისით, რადგან "ლევერკუზენიც" შემტევ ფეხბურთს (4-3-3 ტაქტიკური სქემით) თამაშობს.

"ბრაუნშვაიგთან" ერთად, მე-8 ტურის წინ ჯერაც მოუგებლები არიან "ნიურნბერგი" და "ფრაიბურგი". კვირას ორივე გუნდი საკუთარ მოედანზე თამაშობს და ორივეს აქვს იმის შანსი, რომ პირველად აიღოს სამი ქულა.

"ფრანკები" ჰამბურგელებს მასპინძლობენ, ბრაისგაუელები კი ფრანკფურტის "აინტრახტს" დაუხვდებიან.

გერმანია. ბუნდესლიგა. VIII ტური
4 ოქტომბერი
ჰანოვერი-ჰერტა 1:1

5 ოქტომბერი
ლევერკუზენი-ბაიერნი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბადშტუბერი, ჰოიბერგი, ხავი მარტინესი, ტიაგო ალკანტარა (ყველა ბაიერნი)

ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +5=1-0

ურთიერთშეხვედრები
სულ 68 თამაში: +15=13-40, (83:132)

სავარაუდო შემადგენლობები
:
ლევერკუზენი (4-3-3): ლენო - დონატი, ვოლშაიდი, თოფრაქი, ჩანი - ლ. ბენდერი, რაინარტცი, როლფესი - სემი, კისლინგი, ჰეგელერი.
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია, ჟ. ბოატენგი, დანტე, ალაბა - ლამი - რობენი, შვაინშტაიგერი, ტ. კროოსი, რიბერი - მანჯუკიჩი.

შალკე-აუგსბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფუხსი, კ. პაპადოპულოსი, ანანი, ფარფანი, ჰუნტელაარი, ობასი - ბობადილია
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +2=2-0, (7:3)

გლადბახი-დორტმუნდი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დემსი - პიშჩეკი, სარი, შმელცერი, გიუნდოგანი, კელი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 82 თამაში: +26=28-28, (137:136)

შტუტგარტი-ვერდერი 17:30
დისკვალიფიკაცია: დი სანტო (ვერდერი)
ტრავმა: ულრაიხი, ნიდერმაიერი, დიდავი, ლაიტნერი, როხასი - ლუკიმია, ბარგფრედე, იგნიოვსკი, მაკიადი, პ. სტევანოვიჩი, იოზ. ილდირიმი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 94 თამაში: +33=29-32, (149:162)

ვოლფსბურგი-ბრაუნშვაიგი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვიეირინია, დოსტი - პეტკოვიჩი, კორეია, ჰოხშაიდტი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +0=1-5
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან

მაინცი-ჰოფენჰაიმი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კარიუსი, ბუნგერტი, კოხი, სვენსონი, ბაუმგარტლინგერი, შ. პარკერი - ლუდვიგი, ვუკჩევიჩი
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +5=2-1, (13:9)

6 ოქტომბერი
ნიურნბერგი-ჰამბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მარკოს ანტონიო, გებჰარტი, გინჩეკი - დიკმაიერი, რაიკოვიჩი, დემირბაი, ილიჩევიჩი, რინკონი
ბოლო 6 მატჩი
+0=4-2 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 62 თამაში: +14=16-32, (73:122)

ფრაიბურგი-აინტრახტი 19:30
დისკვალიფიკაცია: დიანიე (ფრაიბურგი)
ტრავმა: ჰედენსტადი, მუიჯა, დარიდა, პილარი, ტერაცინო - კიტელი, მაიერი, როზენტალი, შვეგლერი, შტენდერა
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +8=2-10, (22:29)

ბომბარდირები: 6 - იბიშევიჩი (შტუტგარტი), ლევანდოვსკი (დორტმუნდი), მოდესტე (ჰოფენჰაიმი), ნ. მიულერი (მაინცი); 5 - ალაგუი (ჰერტა), ობამეიანგი (დორტმუნდი), კისლინგი (ლევერკუზენი), სემი (ლევერკუზენი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული