გერმანია. ბუნდესლიგა. VIII ტურის შეჯამება და სიმბოლური: სამთა ბრძოლა სეზონის ბოლომდე?

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ბუნდესლიგის 51-ე სეზონის პირველი მეოთხედი მიილია. უგოლო ფრე ჯერ კიდევ არ დაფიქსირებულა და გამოიკვეთა სამი ლიდერი.

"ბაიერნი" ერთპიროვნულად სწორედ მე-8 ტურის შემდეგ გაიჭრა წინ, დორტმუნდის "ბორუსიამ" კი პირველი მარცხი იწვნია და რეკორდმაისტერს ერთი ქულით ჩამორჩება.

იქვეა "ლევერკუზენიც" და ცხადად ჩანს, რომ თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, საუკეთესო სამეულში ადგილებს სწორედ ეს გუნდები გადაინაწილებენ.

გადავწყვიტეთ, რომ დღეს ოდნავ განსხვავებული ტურის შეჯამება გავაკეთოთ და შევაჯამოთ არა მარტო მე-8 ტური, არამედ მთლიანად სეზონის პირველი მეოთხედი. აქცენტს ლიდერთა ტრიოზე გავამახვილებთ.

"ბაიერნი"
(I
ადგილი, 20 ქულა)
კარგია: სეზონის დასაწყისში გადატანილი ლოგიკური სირთულეების შემდეგ გუნდმა ხოსეპ გვარდიოლას ფეხბურთი მაინც საკმაოდ სწრაფად გაითავისა და ახლა თამამად უნდა ითქვას, რომ მიუნხენური გრანდის ფეხბურთელები ახალ დამრიგებელს კარგად უგებენ.

პირველ ტურებში "ბაიერნს", ბურთის ფლობის მხრივ, დიდი უპირატესობა ჰქონდა, თუმცა გუნდი ბევრი საგოლე მომენტის შექმნას ვერ ახერხებდა, რის გამოც მიუნხენში ლუის ვან გაალის ფორმაციის "ბაიერნი" გაახსენდათ. თუმცა მერე რეკორდმაისტერმა ეტაპობრივად უმატა მომენტების შექმნას, გოლების გატანასაც მოუხშირა. მე-8 ტურში კი ბავარიელები პირველ ადგილზე გადავიდნენ.

პოზიტიურად უნდა შეფასდეს "ბაიერნის" დაცვის ხაზის თამაშიც - მიუნხენელებს 8 ტურში მხოლოდ სამი ბურთი აქვთ მიღებული.

გამოსასწორებელია: საგოლე მომენტების გამოყენება. მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, გვარდიოლას მაინც აქვს რაღაც გამოსასწორებელი და ეს, პირველ რიგში, მომენტების გამოყენებას ეხება. "ლევერკუზენთან" მიუნხენელებმა ბერნდ ლენოს კარისკენ 27-ჯერ დაარტყეს, მაგრამ მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს.

მოგებული: თუკი "ბაიერნის" რომელიმე მოთამაშეს მოგებული უნდა ვუწოდოთ, ეს, პირველ რიგში, რაფინიაზე ითქმის. რაკი გვარდიოლა ფილიპ ლამს უმეტესად საყრდენ ნახევარმცველად ათამაშებს, ბრაზილიელი მარჯვენა მცველის პოზიციაზე უალტერნატივო გახდა და მუდმივად თამაშობს. არადა, სეზონის დაწყებამდე რაფინია თითქოს სათადარიგოთა "სკამის ხეხვისთვის" იყო განწირული.

წაგებული: მარიო მანჯუკიჩი. ხორვატ თავდამსხმელს კლასიკურ "ლუზერად" ვერ მოვიხსენიებთ, რადგან მატჩების უმეტესობაში მოედანზე იყო და გოლებიც გაიტანა. თუმცა ისეთ მნიშვნელოვან შეხვედრებში, როგორებიც "ბაიერნმა" მანჩესტერსა და ლევერკუზენში ჩაატარა, გვარდიოლამ მანჯუკიჩი ძირითად შემადგენლობაში არ გაამწესა.

"დორტმუნდი"
(II, 19 ქულა)
კარგია: "დორტმუნდის" პრესინგი ისევ შეუდარებელია. დორტმუნდელებს თავიანთი პრესინგისა და საწინააღმდეგო პრესინგის კონცეფციაში ახალწვეული ჰენრიხ მხითარიანის ინტეგრირება მოუხდათ, რასაც ნიჭიერმა სომეხმა გამთამაშებელმა თავი სწრაფად და თითქმის უმტკივნეულოდ გაართვა. დორტმუნდელები ისევ ძალიან ბევრს დარბიან, ფლანგებსაც კარგად აკონტროლებენ და შეიძლება ითქვას, რომ კლოპის გუნდმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო.

გამოსასწორებელია: მიუხედავად იმისა, რომ "დორტმუნდმა" ამ რვა ტურში ყველაზე მეტჯერ დაარტყა მეტოქეთა კარის მიმართულებით და ყველაზე მეტი (21) გოლიც გაიტანა, გუნდის მთავარი ნაკლი მაინც საგოლე მომენტების გამოყენების პროცენტულად დაბალი მაჩვენებელია. ამ კრიტერიუმში "ბორუსია" ბუნდესლიგის ლიდერებს შორის არაა. ფაქტია, რომ "დორტმუნდის" წინა ხაზს მეტი ეფექტიანობა მართებს.

მოგებულები: ერიკ დურმი და იონას ჰოფმანი. კლოპმა დურმს პოზიცია შეუცვალა და ფლანგის მცველად აქცია. ეს უკანასკნელიც შანსს იყენებს და ძირითად შემადგენლობას ძალიან მიუახლოვდა. დურმმა ბოლო ხუთ ოფიციალურ შეხვედრაში იასპარეზა, რაც მარსელ შმელცერის ტრავმის ბრალიცაა. მოგებულია ახალგაზრდა შემტევი იონას ჰოფმანიც, რომელიც კლოპმა 12-დან 11 ოფიციალურ მატჩში შეცვლაზე ათამაშა და მან გოლს პლუს პასის რეიტინგში შვიდი ქულა მოაგროვა.

წაგებული: იულიან შიბერი. "დორტმუნდში" მეორე სეზონს ატარებს და ზაფხულში არაერთხელ თქვა, მინდა, რომ მომდევნო სეზონში სასტარტო შემადგენლობას მაქსიმალურად მივუახლოვდე და მწვრთნელის უფრო ხშირი ნდობა დავიმსახუროო. მაგრამ ცენტრფორვარდმა მოედანზე მხოლოდ 15 წუთი გაატარა და ხშირად განაცხადშიც კი ვერ ხვდებოდა. შიბერი "დორტმუნდიდან" წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს, რადგან გრანდში "სკამის ხეხვას" საშუალო დონის კლუბში თამაში ურჩევნია.

"ლევერკუზენი"
(III ადგილი, 19 ქულა)
კარგია: ლევერკუზენის "ბაიერმა" არსებობის ისტორიაში საუკეთესო სტარტი აიღო და 8 ტურის შემდეგ 19 ქულა აქვს. "ფარმაცევტებმა" 8-დან 6 მატჩის მოგება მოახერხეს, რაც კლუბისთვის ამ ფაზაში ასევე საუკეთესო შედეგია.

ექსპერტები ამ ყველაფერს ფინელი მთავარი მწვრთნელის, სამი ჰიიპიას დამსახურებად მიიჩნევენ, რომლის ხელშიც "ლევერკუზენი" ჭკვიანურად, კონტრშეტევებზე თამაშობს. ჰიიპიას სტრატეგიამ, რომელსაც, მიუხედავად კონტრშეტევებზე თამაშისა, დაცვაზე მკაცრად ორიენტირებულ ფეხბურთს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, შეხვედრების უმეტესობაში გაამართლა. ჰიიპია "ლევერკუზენს" სამი ჩამშლელი ნახევარმცველით (ლარს ბენდერი, რაინარტცი, როლფესი) ათამაშებს, თუმცა მათ საჭიროების შემთხვევაში გარემარბები - სონი და სემიც აქტიურად ეხმარებიან. ამასთან, მათი ამოცანა გოლეადორ შტეფან კისლინგის პასებითა და ჩაწოდებებით მომარაგებაცაა.

გამოსასწორებელია: თუკი "ლევერკუზენში" რამე გამოსასწორებელია, პირველ რიგში, ეს დაცვის ხაზის არასტაბილურობაზე ითქმის. უფრო კონკრეტულად, ფლანგის მცველების არასტაბილურობაზე, სადაც ჰიიპიას არცთუ მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს - მარჯვენა მცველად ხან ჯულიო დონატის ათამაშებს, ხანაც რობერტო ჰილბერტს; მარცხნივ კი სებასტიან ბიონიშს, რომელიც ასევე სუსტ სეზონს ატარებს.

მოგებული: შტეფან კისლინგი. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ნაკრებს მიღმა დატოვების გამო საყოველთაო ყურადღების ცენტრშია, კისლინგი არ იბნევა, არც კომპლექსდება და 8 ტურში 5 გოლი აქვს გატანილი. ბუნდესგუნდში არგამოძახების გამო ატეხილი დისკუსია შტეფანს ნერვებს უშლის, მაგრამ მის შედეგიანობაზე არ აისახება.

წაგებული: ფილიპ ვოლშაიდი. ცოტა ხნის წინ ვოლშაიდს, რომელიც ცენტრალური მცველია, გერმანიის ნაკრებში დამკვიდრებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ამას ვინ ჩივის, მან ადგილი "ლევერკუზენის" ძირითად შემადგენლობაშიც დაკარგა - ჰიიპია ემირ სპაჰიჩს უფრო ენდობა.

სამეულს მიღმა
სამეულს მიღმა მყოფი გუნდები ისე თამაშობენ და ცხრილშიც ისეთი სიტუაციაა, რომ ტენდენციებზე საუბარიც კი რთულია. ფაქტია, რომ "ჰანოვერმა" (მე-5 ადგილი) სეზონი კარგად დაიწყო და ცხრილის ზედა ნაწილში პოზიციებს ინარჩუნებს.

იქვეა ბერლინის "ჰერტაც", რომელსაც დღევანდელი გადასახედიდან მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე არ ემუქრება. ბოლო დროს გამოსწორდა "გლადბახიც" (მე-4 ადგილი), თუმცა ამ გუნდისგან დაღმასვლასაც ვერ გამოვრიცხავთ.

"შალკე" აზრზე მოდის და ვერც მოდის, ფაქტი კი ის არის, რომ გელზენკირხენულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლის პოტენციალი ნაღდად გააჩნია.

VIII ტურის სიმბოლური ნაკრები, ლელოს ვერსიით
(4-1-3-2)
ლენო (ლევერკუზენი) - უჩიდა (შალკე), ვესტერმანი (ჰამბურგი), შტრანცლი (გლადბახი), ალაბა (ბაიერნი) - ლამი (ბაიერნი) - ბელარაბი (ბრაუნშვაიგი), ვან დერ ვაარტი (ჰამბურგი), რიბერი (ბაიერნი) - ლასოგა (ჰამბურგი), სალაი (შალკე).

VIII ტურის გმირი
პიერ-მიშელ ლასოგა (ჰამბურგი)

"ჰამბურგის" ახალ მწვრთნელ ბერტ ვან მარვეიკს პიერ-მიშელ ლასოგა მოსწონს. ჰოლანდიელი სპეციალისტი მას კარგ ბიჭს და ძალიან კარგ თავდამსხმელს უწოდებს. ლასოგასაც ძალიან მოსწონს ვან მარვეიკთან მუშაობა, რაც შაბათს დაადასტურა: პიერ-მიშელმა ჰეთ თრიქი 8 წუთში შეასრულა, რაც ბუნდესლიგის ყველა დროის უსწრაფესი ჰეთ თრიქია! აქამდე ეს რეკორდი (რასაკვირველია) გერდ მიულერს ეკუთვნოდა (სამი გოლი 11 წუთში).

შეგახსენებთ, რომ ლასოგა "ჰერტას" საკუთრებაა, ჰამბურგში კი იჯარით თამაშობს.

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები
"კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება
1. მარკო როისი დორტმუნდი 8 2.19
2. ფილიპ ლამი ბაიერნი 8 2.29
3. ფრანკ რიბერი ბაიერნი 8 2.29
4. ტონი კროოსი ბაიერნი 8 2.33
5. ჟერომ ბოატენგი ბაიერნი 7 2.36
6. სიდნი სემი ლევერკუზენი 8 2.38
7. სვენ ულრაიხი შტუტგარტი 6 2.42
8. მაქს კრუზე გლადბახი 8 2.44
9. კევინ ფოლანდი ჰოფენჰაიმი 8 2.56
10. არიენ რობენი ბაიერნი 7 2.60

გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. მაქს კრუზე გლადბახი 8 5 5 10
2. რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდი 8 6 4 10
3. სიდნი სემი ლევერკუზენი 8 6 4 10
4. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 8 5 3 8
5. ალექსანდრუ მაქსიმი შტუტგარტი 6 3 5 8
6. რობერტო ფირმინო ჰოფენჰაიმი 7 5 3 8
7. რაფაელ ვან დერ ვაარტი ჰამბურგი 8 4 4 8
8. კევინ ფოლანდი ჰოფენჰაიმი 8 5 3 8
9. პიერ-ემერიკ ობამეიანგი დორტმუნდი 8 5 2 7
10. ანტონი მოდესტე ჰოფენჰაიმი 8 6 1 7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. VIII ტური: მიუნხენის "ბაიერნი" თავის ადგილზეა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული