400 მილიონი ევრო: "ბაიერნის" სარეკორდო შემოსავალი

AutoSharing Option
"ბაიერნს" ფინანსური პრობლემები არასდროს ჰქონია და შარშანაც დიდი მოგება ნახა, მაგრამ წინა სეზონში მიღწეულმა წარმატებებმა (მიუნხენელებმა ჰეთ თრიქი შეასრულეს) რეკორდმაისტერის შემოსავალი კიდევ უფრო გაზარდა და ამ მხრივ "ბაიერნი" წელს სარეკორდო მაჩვენებლით დაიკვეხნის.

ჩემპიონთა ლიგის, ბუნდესლიგის და გერმანიის თასის მოგებამ მიუნხენურ გიგანტს ძალიან ბევრი ფული მოუტანა - 2012/13 წლების სეზონში ბავარიელების შემოსავალმა 400 მილიონ ევროს გადააჭარბა!

ეს ინფორმაცია "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ 9 ოქტომბერს "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა:

"დიახ, წელს პირველად გადავლახეთ 400-მილიონიანი ზღვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლოს
ახალ რეკორდზე ვისაუბრებთ. ცხადია, ფინანსურ წარმატებაში მთავარი როლი ჩემპიონთა ლიგის მოგებამ ითამაშა. ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ლიგის მოგებით "ბაიერნი" ყველასათვის კიდევ უფრო საინტერესო გუნდი გახდა,"
- აღნიშნა 58 წლის რუმენიგემ.

მარტო კლუბის ბრენდირებული ინვენტარის გაყიდვით "ბაიერნმა" 85 მილიონი ევრო მიიღო! რუმენიგე განსაკუთრებით გაყიდული მაისურების რაოდენობით ამაყობს - წელს უკვე მილიონზე მეტი "ბაიერნის" ოფიციალური მაისურა გაიყიდა, რაც რეკორდმაისტერის არსებობის ისტორიაში ასევე სარეკორდო მაჩვენებელია.

"ვერ წარმოვიდგენდი, რომ გერმანული კლუბი ოდესმე წელიწადში მილიონზე მეტ მაისურას გაყიდდა, - ამბობს რუმენიგე და დასძენს, - თუ დასახულ მიზნებს ამ სეზონშიც მივაღწევთ, ჩვენი შემოსავალი კიდევ უფრო გაიზრდება და გაისად ახალ რეკორდს მოვხსნით."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. VIII ტური: მიუნხენის "ბაიერნი" თავის ადგილზეა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული