რომან ვაიდენფელერის დებიუტი გერმანიის ნაკრებში სიბერეში

AutoSharing Option
რომან ვაიდენფელერი ძალიან კარგი მეკარეა, რაშიც წლების მანძილზე არაერთხელ დავრწმუნებულვართ, მაგრამ გერმანელებს ყოველთვის ბევრი კარგი მეკარე ჰყავდათ, რის გამოც არაერთი მაღალი დონის გოლკიპერი დარჩენილა გერმანიის ნაკრებს მიღმა.

დორტმუნდის "ბორუსიას" მეკარე კი უკვე 33 წლისაა და გერმანიის ნაკრებში არცერთხელ არ უთამაშია - ჯერ ოლივერ კანი და იენს ლემანი იყვნენ, მერე მანუელ ნოიერი და რენე ადლერი, ვაიდენფელერი კი ბუნდესგუნდში მოხვედრას დიდ ტურნირებზე მესამე მეკარის რანგშიც კი ვერ ახერხებდა.

ახლა კი გაირკვა, რომ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი ვაიდენფელერს 15 ნოემბერს დაგეგმილ
ამხანაგურ შეხვედრაში (იტალიასთან) გამოიძახებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რომანს ეროვნულ გუნდში დებიუტი 33 წლის ასაკში ექნება. აღსანიშნავია, რომ ასეთი გვიანი დებიუტი გერმანიის ნაკრებში მხოლოდ ორ ფეხბურთელს ჰქონია - თავის დროზე ბუნდესგუნდში პირველი მატჩი მარტინ მაქსმა და პაულ შტაინერმაც 33 წლის ასაკში ჩაატარეს.

ამრიგად, ლიოვი იტალიასთან შეხვედრისთვის ვაიდენფელერსაც გამოიძახებს, რაც რომანისთვის გვიან დაფასებას ნიშნავს, მაგრამ როგორც იტყვიან, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. არადა, ვაიდენფელერი უკვე დიდი ხანია, მართლა ძალიან მაღალ დონეზე ასპარეზობს და გერმანელი ექსპერტების უმრავლესობის აზრით, ბუნდესნაკრებში გამოძახებას გაცილებით ადრე იმსახურებდა. ამას ეს ოთხი ფაქტი მოწმობს:

1. ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშებაში რომან ვაიდენფელერმა დარტყმების 77 პროცენტი მოიგერია.

2. რომანმა ევროპის ელიტარულ საკლუბო ლიგაში 24 ე.წ. აუღებელი დარტყმიდან 14 აიღო! სხვათა შორის, ამ კატეგორიაში მეორე ადგილზე "მალაგას" მეკარე ვილი გავიდა, რომელმაც მხოლოდ 5 "მკვდარი" ბურთის მოგერიება შეძლო.

3. 2010/11 წლების სეზონიდან მოყოლებული, ვაიდენფელერმა ბუნდესლიგის 103 შეხვედრაში მხოლოდ ორი უპატიებელი შეცდომა დაუშვა. შედარებისთვის, გერმანიის ნაკრების პირველ მეკარე მანუელ ნოიერს იმავე პერიოდში შვიდი (!) უპატიებელი შეცდომა მოუვიდა.

4. 2011/12 წლების სეზონში ვაიდენფელერმა ბუნდესლიგაში მეტოქის რეალური საგოლე მომენტების 43 პროცენტი გააუვნებელყო, რაც მის ბუნდესლიგურ კარიერაში რეკორდია.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გამორიცხული არაა, რომ ლიოვმა ვაიდენფელერი ბრაზილიაში, მსოფლიოს ჩემპიონატზეც წაიყვანოს და ვერავინ იტყვის, რომ რომანმა ეს არ დაიმსახურა...

გერმანიის ნაკრების ყველაზე ასაკოვანი დებიუტანტები 1963 წლიდან
სახელი, გვარი კლუბი ასაკი დებიუტისას
მარტინ მაქსი მიუნხენ 1860 33.69
პაულ შტაინერი კიოლნი 33.35
მიხაელ პრეეტცი ჰერტა 31.47
ოლოვერ რეკი ვერდერი 31.27
შტეფან კუნტცი კაიზერსლაუტ. 31.13
მიხაელ შულცი დორტმუნდი 30.56
ნორბერტ ედერი ბაიერნი 30.51
ჰელმუტ როლედერი შტუტგარტი 30.47
მიხაელ ცორკი დორტმუნდი 30.31
პეტერ ნოგლი ჰამბურგი 30.11

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გერმანიის ნაკრები: რომელი ბენდერი წავა ბრაზილიაში?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული