![](https://sportall.ge/pictures/image5/bbced0a6e9577e59e22110ef2faa0a18.jpg)
"შალკესა" და დორტმუნდის "ბორუსიას" ვნებათაღელვით აღსავსე დუელს წინ უძღოდა დორტმუნდელი ულტრასების გადამეტებული აგრესია, რაც ამ ტურს მთავარ ნეგატივად უნდა ჩავუთვალოთ.
თუმცა დერბის მიღმაც ბევრი რამ იყო საინტერესო. მაგალითად ის, რომ რამდენიმე ფეხბურთელმა შეცვლაზე შესვლის შემდეგ შეძლო გოლის გატანა, მეკარეებმა კი საფეხბურთო გერმანია უჩვეულოდ ბევრი შეცდომით აალაპარაკეს.
თქვენ წინაშეა ბუნდესლიგის მე-10 ტურის შეჯამება პოზიტივებითა და ნეგატივებით.
პოზიტივები
- მარიო მანჯუკიჩი შევიდა, ნახა და გაიტანა - ორი გოლი და ორივე თავით. რაც
- გაიბრწყინა "ბაიერნის" მეორე მარიომაც - გიოტცეს ვგულისხმობთ, რომელმაც "ჰერტასთან" ასევე შეცვლაზე ითამაშა და კვლავ დაამტკიცა, რომ ხოსეპ გვარდიოლას ბრწყინვალე "ჯოკერია". გიოტცეს ბოლო სამ თამაშში უკვე ორი გოლი და სამი საგოლე პასი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ძირითად შემადგენლობაში თამაშზე სერიოზული განაცხადი გააკეთა.
- რურის დიდ დერბიში გვიან ჩაერთო 18 წლის მაქს მაიერიც, მაგრამ სწორედ მან სცადა "შალკესა" და "დორტმუნდის" დუელში გარდატეხის შეტანა. უნიჭიერესმა მაიერმა მოედანზე გამოჩენიდან 83 წამში სხვაობა შეამცირა და გელზენკირხენელ ფანობას დერბის გადარჩენის იმედის ნაპერწკალი გაუღვივა.
- სულაც არ არის აუცილებელი, რომ ფეხბურთელმა მატჩის საუკეთესო მოთამაშის წოდება გოლით მოიპოვოს - ამის საუკეთესო მაგალითი დორტმუნდელთა სომეხი გამთამაშებელი ჰენრიხ მხითარიანია. "შალკესთან" მან ორი გოლი მოამზადა, მესამის დროს კი შესანიშნავი სოლო-რეიდი განახორციელა და მერე ბლაშჩიკოვსკის უპასა. ის ფაქტი, რომ დორტმუნდელებმა ახალი სასტარტო რეკორდი დაამყარეს (25 ქულა საწყის 10 ტურში), მხითარიანის დამსახურებაცაა.
- ივიცა ოლიჩი ბრემენის "ვერდერის" დამარცხების ექსპერტია - ეს ხორვატმა ამ უქმეებზე კიდევ ერთხელ დაამტკიცა. 3:0-ზე მოგებულ შეხვედრაში "ვოლფსბურგის" ლიდერმა, ტრადიციულად, ბევრი ირბინა, იბრძოლა და გოლთან ერთად, საგოლე პასიც მიითვალა. ოლიჩმა "ვერდერის" კარში მე-8 (!) გოლის გატანა შეძლო.
- "ვოლფსბურგის" ფანებმა ოლიჩის შესაძლებლობები კარგად იციან და მისგან არაფერი უკვირთ. სამაგიეროდ, "მგლების" ქომაგებს ახლა ახალგაზრდა შემტევ ნახევარმცველზე, მაქსიმილიან არნოლდზე ამოსდით მზე და მთვარე. 19 წლის არნოლდმა "ვერდერთან" ბრწყინვალე გოლი შეაგდო და ეს მისი მეხუთე გოლი გახლდათ მე-12 ოფიციალურ მატჩში.
- "მაინცის" შემტევმა შინჯი ოკაზაკიმ "ბრაუნშვაიგთან" 2:0-ზე მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და დაამტკიცა, რომ ცენტრფორვარდობაც შეუძლია.
- საინტერესო ფაქტი: "მაინცს" ბრაუნშვაიგთან ერთი კუთხურიც კი არ ჩაუწოდებია და 2:0 მოიგო.
- "ჰოფენჰაიმი" გოლების გატანას ტრავმირებული კევინ ფოლანდის გარეშეც აგრძელებს. ჰანოვერიდან სამი ქულის წაღების გარანტი ამჯერად ისევ რობერტო ფირმინო გახლდათ, რომელმაც ამ სეზონში მე-6 და მე-7 გოლები მიითვალა. "ჰოფეს" კი მთელ ბუნდესლიგაში (!) ისევ საუკეთესო წინა ხაზი ჰყავს (25 გოლი).
- როგორც ჩანს, "ჰამბურგს" სწორედ ბერტ ვან მარვეიკი სჭირდებოდა. ჩრდილოგერმანელებმა ახალი, ჰოლანდიელი სპეციალისტის ხელში ზედიზედ მეორე გასვლითი თამაში (თანაც, მშრალად) მოიგეს. 4 თამაში, არცერთი წაგება - ასეთია ვან მარვეიკის ბალანსი "ჰამბურგში".
- ბრწყინავს და აღარ ხუმრობს მიონხენგლადბახის "ბორუსიაც". ლუსიენ ფავრის ბიჭები "აინტრახტის" დამარცხების (4:1) შემდეგ მეოთხე ადგილზე აღზევდნენ და "ბაიერნზე" ერთით მეტი, 23 გოლი აქვთ გატანილი.
ნეგატივები
- "ფრაიბურგის" მეკარე ოლივერ ბაუმანს ქებამ აწყინა. ახალგაზრდა გოლკიპერმა "ჰამბურგთან" "ფრაის" პირველად უკაპიტნა და სამი უპატიებელი შეცდომა დაუშვა. ბრაისგაუელებს მისი სამივე შეცდომა მიღებული გოლის ფასად დაუჯდათ.
- ამ ტურში ცუდად გამოიყურებოდა "ჰერტას" კარის დარაჯი თომას კრაფტიც. მანჯუკიჩის პირველი გოლისას კარი დატოვა და შეცდა, მეორე და მესამე გოლების მომენტებში კი ხაზზე დარჩენა ამჯობინა, რაც ასევე არასწორი გადაწყვეტილებები იყო.
- "თავის მოტორზე ვერ იყო" ფრანკფურტის "აინტრახტის" საყრდენი ნახევარმცველი მარკო რუსიც. ჯერ იყო და ძალიან ცუდად თამაშობდა, რის გამოც მწვრთნელმა არმინ ფეემ ჯერ კიდევ შესვენებამდე შეცვალა, მერე კი, მოედნიდან გასვლისას ყველაზე და ყველაფერზე განრისხებულმა რუსმა სათადარიგოთა სკამს ფეხი მიარტყა და მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა...
- დღევანდელი "ვერდერი" ისედაც არ უქნია ღმერთს, ცენტრფორვარდების გარეშე კი ბრემენული კლუბი თავისი თავის აჩრდილზე უარესია. "ვერდერს" ნილს პეტერსენიც აკლია და ფრანკო დი სანტოც - მათ გარეშე "მუსიკოსებს" შეტევაში არაფერი გამოსდით.
- შეტევაში გაუჭირდა "ჰანოვერსაც". "წითლების" ფანებს "ჰოფენჰაიმთან" პირველ რიგში დაბრუნებული მამე დიუფის იმედი ჰქონდათ, მაგრამ ეს უკანასკნელი მოედნიდან მე-12 წუთზე გააძევეს, არტურ ზობიეხი კი მთელი მატჩის განმავლობაში უმაქნისი გახლდათ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მწვრთნელ მირკო სლომკას დიდიე ია კონანი დაშავებული ჰყავს, უნდა ვივარაუდოთ, რომ "ჰანოვერს" გოლების გატანა უახლოეს ტურებშიც გაუჭირდება.
- ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც "ჰანოვერის" მწვრთნელ მირკო სლომკას და მენეჯერ დირკ დუფნერს დაემართათ - გამოჯანმრთელებული სტივ ჩერუნდოლო რატომღაც განაცხადში არ შეიყვანეს... უბრალოდ, დაავიწყდათ!
- 0:3 "ჩელსისთან", 1:3 "დორტმუნდთან" - რა გასაკვირია, რომ "შალკეს" მთავარ მწვრთნელ იენს კელერს ისევ კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა და წნეხის ქვეშაა. სეად კოლასინაცის, კრისტიან ფუხსისა და დენის აოგოს სახით მან ძირითად შემადგენლობაში სამი ნომინალური მარცხენა მცველი ათამაშა...
- დაბოლოს, ტურის მთავარი ნეგატივი: დორტმუნდელი ხულიგნების ცუდი საქციელი რურის დერბიში. თამაშის დაწყებამდე მათ პირო-ტექნიკა აანთეს და პეტარდები "შალკეს" ფანებისკენ და მოედანზეც ისროლეს, რის გამოც მატჩის დაწყება ხუთი წუთით დაგვიანდა. დორტმუნდელი ულტრასები "ბორუსიას" მეკარემ და კაპიტანმა, რომან ვაიდენფელერმა დააშოშმინა. იურგენ კლოპმა კი თამაშის შემდეგ თქვა, მომხდარის გამო ძალიან მრცხვენიაო...
IX ტურის სიმბოლური ნაკრები, ლელოს ვერსიით
(4-1-4-1)
![გერმანია. ბუნდესლიგა. X ტურის შეჯამება და სიმბოლური: გადამეტებული აგრესია Sportall.Ge](/pictures/artimages/image17/71ad8ef1036ec6bd5c79184b5ce722c0.jpg)
X ტურის გმირი
ნური შაჰინი (დორტმუნდი)
თუკი დორტმუნდის "ბორუსიას" საყრდენ ნახევარმცველ ნური შაჰინს ბოლო დროს რამე დაეწუნებოდა, მხოლოდ ის, რომ გოლის გატანას ვერ ახერხებდა, მაგრამ შაჰინი ის კაცია, ვისაც მნიშვნელოვან მატჩებში მნიშვნელოვანი გოლების შეგდება ეხერხება. "შალკესთან" მან სწორედ ასეთი და თანაც, ულამაზესი გოლი გაიტანა.
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები
"კიკერის" შეფასებების მიხედვით
ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება
1. მარკო როისი დორტმუნდი 10 2.30
2. ფრანკ რიბერი ბაიერნი 9 2.31
3. სვენ ულრაიხი შტუტგარტი 7 2.36
4. სიდნი სემი ლევერკუზენი 10 2.40
5. ტონი კროოსი ბაიერნი 10 2.43
6. ფილიპ ლამი ბაიერნი 10 2.44
7. არიენ რობენი ბაიერნი 9 2.50
8. მაქს კრუზე გლადბახი 10 2.55
9. კევინ ფოლანდი ჰოფენჰაიმი 9 2.56
10. ალექსანდრუ მაქსიმი შტუტგარტი 8 2.56
გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. მაქს კრუზე გლადბახი 10 5 6 11
2. ალექსანდრუ მაქსიმი შტუტგარტი 8 4 7 11
3. სიდნი სემი ლევერკუზენი 10 7 4 11
4. რაფაელ ვან დერ ვაარტი ჰამბურგი 10 6 5 11
5. რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდი 10 6 4 10
6. რობერტო ფირმინო ჰოფენჰაიმი 9 7 3 10
7. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 10 6 3 9
8. მარკო როისი დორტმუნდი 10 5 4 9
9. პიერ-ემერიკ ობამეიანგი დორტმუნდი 10 6 2 8
10. ვედად იბიშევიჩი შტუტგარტი 10 7 1 8
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. X ტური: შესანიშნავი სამეული