გერმანია. ბუნდესლიგა. X ტური: შესანიშნავი სამეული

AutoSharing Option
რურის დიდი დერბი რამდენიმე წუთის დამთავრებული იყო, როცა სოციალურ ქსელებში დორტმუნდელთა გასახდელში გადაღებული ფოტოები გამოჩნდა - "ბორუსიას" ფეხბურთელები დერბის მოგებას ზეიმობდნენ.

ამ ფოტოებს სიამოვნებით ნამდვილად არ ნახავდა შალკელი კევინ-პრინს ბოატენგი - მეტადრე იმიტომ, რომ სწორედ მან გააფუჭა რურის დიდი დერბის ისტორიაში პირველი პენალტი.

არადა, რომ გაეტანა, შესაძლოა, საფინალო სასტვენის შემდეგ სწორედ მას აეტვირთა გასახდელში ზეიმის ამსახველი ფოტოები. ბოატენგს "დორტმუნდის" რომან ვაიდენფელერმა თერთმეტმეტრიანი 30-ე წუთზე, იმ დროს აუღო, როცა "ბორუსია" 1:0-ს იგებდა და როგორც უკვე ვთქვით, ეს იყო პირველი გამოუყენებელი პენალტი
რურის დიდი დერბის ისტორიაში.

"ეს მომენტი მთელი ცხოვრება მემახსოვრება. ვაიდენფელერთან შეხვედრა მინდოდა, რადგან მას კარგად ვიცნობ და პატივს ვცემ, მაგრამ ამის შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი დანახვაც კი აღარ მომინდება.

ყველაფერი ჩემი ბრალია, რადგან ზუსტად ვიცი: პენალტი რომ გამეტანა, თამაშს არ წავაგებდით. "დორტმუნდმა" ჩვენი შეცდომები ცივსისხლიანად გამოიყენა,"
- აღნიშნა მატჩის შემდეგ ანტიგმირმა ბოატენგმა.

თუმცა ვაიდენფელერმა ყოფილი თანაგუნდელი დაიცვა.

"როცა კარში ექსთანაგუნდელი დგას და პენალტს ურტყამ, გატანა ყოველთვის ძნელია," - თქვა რომანმა, რომელსაც ბოლო 8 თერთმეტმეტრიანიდან 4 მოგერიებული აქვს.

ვაიდენფელერი იმითაც გახდა მატჩის გმირი, რომ ბოატენგის პენალტის მოგერიებასთან ერთად, სწორედ მან დაამშვიდა დორტმუნდელი ულტრასები, რომლებმაც პირო-ტექნიკა დაანთეს და მოედანსა და "შალკეს" ფანების ბლოკისკენ ისროდნენ. სწორედ ამის გამო დაიწყო მატჩი 5-წუთიანი დაგვიანებით. მსაჯი კნუტ კირხერი იძულებული გახდა, ფეხბურთელები ისევ კატაკომბებში შეერეკა.

სწორედ ამ დროს მოინდომა ვაიდენფელერმა ფანების დამშვიდება, რაც მოახერხა კიდეც, თუმცა პოლიციამ რამდენიმე ულტრასი მაინც აიყვანა.

"იმ მომენტში ძალიან შემრცხვა, რადგან ასეთი სახის აგრესიას მოედანზე არაფერი ესაქმება. ყველა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რურის დერბიმ მშვიდობიანად ჩაიაროს და ამ დროს რამდენიმე ფანი ამდენ შრომას წყალში ყრის.

ეჭვი მაქვს, საპასუხო შეხვედრაში "შალკეს" ქომაგები შურისძიებას ეცდებიან და ეს ძალიან ცუდია,"
- განაცხადა დორტმუნდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა.

ამრიგად, რურის რიგით 143-ე დერბიში "დორტმუნდმა" "შალკეზე" წინა სეზონში ორი წაგებისთვის შური იძია.

კლოპის შეგირდებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს: მხითარიანი-როისი-ობამეიანგის უსწრაფესი კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით მე-14 წუთზე დაგვირგვინდა. სწორედ ამის შემდეგ, 30-ე წუთზე იყო ბოატენგის პენალტი, რომელიც მას მერე დაინიშნა, რაც ნევენ სუბოტიჩმა საჯარიმოში ფუხსი წააქცია.

დორტმუნდელებმა მეორე გოლი მეორე ნახევრის დაწყებიდან 6 წუთში გაიტანეს - ნური შაჰინმა 17 მეტრიდან უაღრესად ეფექტური დარტყმით შეაგდო. გელზენკირხენელები თამაშში ახალგაზრდა მაქს მაიერის გოლით დაბრუნდნენ, მაგრამ 74-ე წუთზე იაკუბ ბლაშჩიკოვსკიმ "შალკეს" იმედები საბოლოოდ დაასამარა - ეს გოლი მხითარიანის დამსახურება გახლდათ, რომელმაც ნახევარი მოედანი ირბინა და "კუბას" იდეალური პასი მისცა.

"მესამე გოლი მსოფლიო დონის იყო. დაუჯერებელია, როგორ მოახერხა მხითარიანმა ასეთი სოლო-რეიდის განხორციელება,"
- ეს კლოპის სიტყვებია.

გვარდიოლას ყნოსვა
"ბაიერნს" "ჰერტასთან" გამარჯვება (3:2) გაუჭირდა. ისევე, როგორც წინა ტურში "მაინცთან" (4:1), მიუნხენელები ამჯერადაც აგებდნენ, თუმცა თამაშის შემოტრიალება მოახერხეს, რაც პირველ რიგში, ხოსეპ გვარდიოლას მიერ განხორციელებული ცვლილებების დამსახურებაა.

საქმე იმაშია, რომ სამივე გოლი იმ ფეხბურთელებმა გაიტანეს, რომლებიც პეპმა შეცვლაზე შეუშვა - მარიო გიოტცემ და მარიო მანჯუკიჩმა (დუბლი).

მატჩის შემდეგ გვარდიოლამ ორივე მარიოს მადლობა გადაუხადა, განსაკუთრებით კი, მანჯუკიჩს ემადლიერებოდა, რომელზეც თქვა: "როცა საქმე საჯარიმოში თავით თამაშს ეხება, მანჯუკიჩი მთელი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესოა!"

ბერლინელებს კი გოლების გარდაც ჰქონდათ მომენტები. მაგალითად, მე-10 წუთზე ენის ბენ-ჰატირამ მანუელ ნოიერის კარის ძელი შეაზანზარა. შესაბამისად, ლოგიკური იყო ისიც, რაც გვარდიოლამ მატჩის შემდეგ თქვა - "ჰერტა" საუკეთესო გუნდია ბუნდესლიგის იმ კლუბებს შორის, რომლებსაც აქამდე შევხვდითო, რაც ბერლინელთათვის სერიოზული კომპლიმენტია.

აქვე ერთი საინტერესო ფაქტიც: ბაიერნელ ფრანკ რიბერის ბუნდესლიგაში ზედიზედ 39-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რაც რეკორდია...

კისლინგს ახლა გოლი მოპარეს
შტეფან კისლინგს წინა ტურში არარსებული გოლი ჩაეთვალა, ახლა კი გოლი მოპარეს. 29 წლის ფორვარდმა "აუგსბურგთან" ჰეგელერის პასით იხეირა, მაგრამ მსაჯმა მანუელ გრეფემ არ ჩაუთვალა - ჰეგელერმა თამაშის წესები დაარღვიაო.

არადა, გამეორებაზე ჩანს, რომ წესები არ დარღვეულა. თუმცა "ლევერკუზენმა" "აუგსბურგი" მაინც დაამარცხა (2:1) და "ბაიერნსა" და "დორტმუნდს" მისდევს.

10 ტურის შემდეგ ეს სამეული უკვე ისეა დაწინაურებული, რომ ახლავე შეგვიძლია ვთქვათ: ბუნდესლიგის საუკეთესო სამეული 10 ტურის შემდეგ უკვე ცნობილია...

გერმანია. ბუნდესლიგა. X ტური
შტუტგარტი-ნიურნბერგი 1:1
გოლები: 1:0 იბიშევიჩი (3-პენ), 1:1 დრმიჩი (6)
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - შვააბი, ჰაგი, ნიდერმაიერი, ბოკა (68. რაუში) - კვისტი, გენტნერი - ჰარნიკი (85. სარარერი), მაქსიმი, ტრაორე (64. ტი. ვერნერი) - იბიშევიჩი.
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ჩენდლერი, ნილსონი, პოგატეცი, პლატენჰარდტი - ჰასებე, შტარკი (78. ფრანტცი) - მაკი (69. გინჩეკი), კიოტაკე, ჰლუშეკი - დრმიჩი (76. ფოილნერი).
გაფრთხილება: მაქსიმი, ბოკა - დრმიჩი
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 10(4)-7(6); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 48 460

ბაიერნი-ჰერტა 3:2
გოლები: 0:1 რამოსი (4), 1:1 მანჯუკიჩი (30), 2:1 მანჯუკიჩი (51), 3:1 გიოტცე (54), 3:2 ბენ-ჰატირა (58)
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია, ვან ბუიტენი, ჟ. ბოატენგი, ალაბა - ლამი - რობენი (26. მანჯუკიჩი), შვაინშტაიგერი, ტ. კროოსი (24. გიოტცე), რიბერი - თ. მიულერი (63. ხავი მარტინესი).
ჰერტა (4-2-2-1-1): კრაფტი - პეკარიკი, ლუსტენბერგერი, ს. ლანგკამპი, ვან დერ ბერგი (78. ალაგუი) - სკიელბრედი, ჰოსოგაი (86. რონი) - ჩიგერჩი, ნ. შულცი - ბენ-ჰატირა (77. მუხტარი) - რამოსი.
გაფრთხილება: ჟ. ბოატენგი, შვაინშტაიგერი, რაფინია - ჰოსოგაი, რამოსი, პეკარიკი, სკიელბრედი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 13(5)-10(5); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 71 000

შალკე-დორტმუნდი 1:3
გოლები: 0:1 ობამეიანგი (14), 0:2 ნ. შაჰინი (51), 1:2 მ. მაიერი (62), 1:3 ბლაშჩიკოვსკი (74)
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, კოლასინაცი (76. ჯონსი) - ნოიშტედტერი, აოგო - დრაქსლერი, კ. ბოატენგი (82. კლემენსი), ფუხსი (61. მ. მაიერი) - სალაი.
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - გროსკროიტცი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი (46. დურმი) - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - ობამეიანგი (71. ბლაშჩიკოვსკი), მხითარიანი, როისი (89. ი. ჰოფმანი) - ლევანდოვსკი.
შენიშვნა: 30-ე წუთზე კ. ბოატენგმა (შალკე) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გაფრთხილება: აოგო, სალაი, ჯონსი - შმელცერი
კუთხური: 2-2; ჯარიმა: 11-12; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 12(5)-10(8); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 61 973

ლევერკუზენი-აუგსბურგი 2:1
გოლები: 0:1 ჰანი (24), 1:1 როლფესი (34), 2:1 ჩანი (83)
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - დონატი, ვოლშაიდი, სპაჰიჩი, ბიონიში - როლფესი - ჩანი, კასტრო - სემი (81. კრუსი), სონი (69. ჰეგელერი) - კისლინგი (89. დერდიოკი).
აუგსბურგი (4-1-4-1): მანინგერი - ფიპლი, კალსენ-ბრაკერი, ჰონგი, მ. დე იონგი - ბაიერი - ჰანი, მორავეკი, ფოგტი (85. მიოლდერსი), ტო. ვერნერი (46. ჰოლცჰოიზერი) - ჰალილ ალთინთოფი (72. მილიკი).
გაფრთხილება: კისლინგი - ფოგტი, ფიპლი, მორავეკი
კუთხური: 13-7; ჯარიმა: 7-9; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 24(7)-11(1); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 25 000

ჰანოვერი-ჰოფენჰაიმი 1:4
გოლები: 0:1 სალიჰოვიჩი (10-პენ), 0:2 ჰერდლინგი (18), 1:2 სანე (56), 1:3 რობერტო ფირმინო (62), 1:4 რობერტო ფირმინო (64)
ჰანოვერი (4-2-2-2): Lცილერი - ჰ. საკაი (29. პრიბი), მარსელო, კ. შულცი, პოკონიოლი - ანდრეასენი, სანე - შტინდლი (70. ჰოფმანი), ჰუსტი (46. ბიტენკური) - ა. ზობიეხი, მ. დიუფი.
ჰოფენჰაიმი (4-1-2-2-1): კასტეელსი - ბეკი, აბრაამი, ზიულე, სალიჰოვიჩი - პოლანსკი - შტრობლი (78. ელიუნუსი), რუდი - რობერტო ფირმინო, ჰერდლინგი (89. სარკა) - მოდესტე (62. შიპლოკი).
გაფრთხილება: შტინდლი, ჰუსტი, სანე - რუდი, სალიჰოვიჩი
გაძევება: მარსელო (64. ჰანოვერი), მ. დიუფი (12. ჰანოვერი)
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 21-11; თამაშგარე: 2-7; კარში დარტყმა: 11(3)-10(5); ბურთის ფლობა: 32%-68%.
მაყურებელი: 44 500

მაინცი-ბრაუნშვაიგი 2:0
გოლები: 1:0 ოკაზაკი (8), 2:0 ოკაზაკი (68)
მაინცი (4-1-4-1): ჰ. მიულერი - პოსპეხი, სვენსონი (46. ბელი), ნოვესკი, ჟუნიორ დიასი - ზიმლინგი (74. ჩუპო-მოტინგი) - შ. პარკერი (59. გაისი), ნ. მიულერი, სოტო, პარკი - ოკაზაკი.
ბრაუნშვაიგი (4-3-2-1): დავარი - ელაბდელაუი, ბიჩაქჩიჩი, დოგანი, რაიხელი - მ. კალიჯური (81. კრუპკე), თოიერკაუფი, პერთელი - ბელარაბი (61. იორლი), ბოლანდი - ადემი (46. კუმბელა).
გაფრთხილება: ნ. მიულერი, პოსპეხი - ბოლანდი, თოიერკაუფი, კრუპკე
კუთხური: 0-8; ჯარიმა: 25-17; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 9(3)-6(1); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 30 657

ვოლფსბურგი-ვერდერი 3:0
გოლები: 1:0 არნოლდი (7), 2:0 ოლიჩი (72), 3:0 პერიშიჩი (89)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ოხსი, ნალდო, კნოხე, როდრიგესი - მედოიევიჩი (39. პოლაკი), ლუის გუსტავო - დიეგო, არნოლდი (88. ევსეევი), პერიშიჩი - ოლიჩი (84. კუჩკე).
ვერდერი (4-2-2-2): მილიტცი - ფრიტცი, პრიოდლი (50. ლუკიმია), კალდიროლა, გარსია - ფ. კროოსი (46. იგნიოვსკი), მაკიადი - ელია, იოზ. ილდირიმი (74. კობილანსკი) - ჰანტი, იუნუზოვიჩი.
გაფრთხილება: ლუის გუსტავო - ფ. კროოსი, იგნიოვსკი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 12-17; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 19(12)-8(2); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 29 488

ფრაიბურგი-ჰამბურგი 0:3
გოლები: 0:1 ბაისტერი (37), 0:2 ლასოგა (47), 0:3 ვან დერ ვაარტი (63)
ფრაიბურგი (4-2-2-1-1): ბაუმანი - ზორგი, კრმასი (63. შუსტერი), დიანიე, კ. გიუნტერი (83. პილარი) - გინტერი, ფერნანდესი (46. ფრაისი) - შმიდი, კოკელინი - დარიდა - მეჰმედი.
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - ვესტერმანი, თაა, ჯურუ (22. ლ. ზობიეხი), იანსენი - ბადელი, არსლანი - ბაისტერი, ვან დერ ვაარტი, ჩალჰანოღლუ (78. ილიჩევიჩი) - ლასოგა (84. რუდნევსი).
გაფრთხილება: კოკელინი, დიანიე - ლ. ზობიეხი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 9(2)-17(7); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 24 000

გლადბახი-აინტრახტი 4:1
გოლები: 1:0 არანგო (11), 1:1 აიგნერი (15), 2:1 ვენდტი (18), 3:1 ჰერმანი (60), 4:1 რაფაელი (66)
გლადბახი (4-2-2-1-1): ტერ შტეგენი - კორბი, იანჩკე, ბრუვერსი (77. მარქსი), ვენდტი - კრამერი, ჯაკა - ჰერმანი, არანგო (86. ლ. დე იონგი) - რაფაელი (78. იუნესი) - მ. კრუზე.
აინტრახტი (4-1-2-1-2): ტრაპი - ს. იუნგი, სამბრანო, ანდერსონი, ოჩიპკა - რუსი (39. ფლუმი) - როდე, ბარნეტა (68. ინუი) - ა. მაიერი (74. ლაკიჩი) - კადლეცი, აიგნერი.
გაფრთხილება: არანგო, მ. კრუზე - აიგნერი, სამბრანო, როდე, ს. იუნგი
კუთხური: 1-3; ჯარიმა: 8-13; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 13(4)-11(4); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 53 418

ბომბარდირები: 7 - იბიშევიჩი (შტუტგარტი), მანჯუკიჩი (ბაიერნი), რობერტო ფირმინო (ჰოფენჰაიმი), სემი (ლევერკუზენი); ობამეიანგი (დორტმუნდი), კისლინგი (ლევერკუზენი), ლასოგა (ჰამბურგი), ლევანდოვსკი (დორტმუნდი), მოდესტე (ჰოფენჰაიმი), ნ. მიულერი (მაინცი), ვან დერ ვაარტი (ჰამბურგი).

მომდევნო ტური
1 ნოემბერი.
დორტმუნდი-შტუტგარტი.

2 ნოემბერი.
ნიურნბერგი-ფრაიბურგი, ჰოფენჰაიმი-ბაიერნი, ჰამბურგი-გლადბახი, ბრაუნშვაიგი-ლევერკუზენი, ჰერტა-შალკე, აინტრახტი-ვოლფსბურგი.

3 ნოემბერი.
აუგსბურგი-მაინცი, ვერდერი-ჰანოვერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული