ჰენრიხ მხითარიანი: უბრალო ბიჭი ვარ

AutoSharing Option
რაკი დორტმუნდის "ბორუსიას" ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი გახდა, საფეხბურთო გერმანია ჰენრიხ მხითარიანის მიმართ თავიდანვე კრიტიკულად განეწყო - ყველა დროის ყველაზე ძვირფასებისგან ხომ ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვენ ხოლმე. მაგრამ 24 წლის სომეხი გამთამაშებელი "დორტმუნდში" თავიდანვე შესანიშნავად ათამაშდა და ამ ხნის მანძილზე ექსპერტებისთვის გაკრიტიკების ერთი საბაბიც კი არ მიუცია.

მხითარიანმა დორტმუნდის პუბლიკას მარიო გიოტცე დაავიწყაო, წერენ ჩვენი გერმანელი კოლეგები და ეს მართლაც ასეა. სომხეთში კი მხითარიანი უკვე სახალხო გმირია. გაზეთ "ველტ ამ ზონთაგში" გამოქვეყნებული საინტერესო ინტერვიუ ჰენრიხ მხითარიანს ახლოს გაგაცნობთ.

-
როგორ ახერხებთ იმას, რომ მიუხედავად ამდენი სირბილისა, მატჩის მიწურულს დაღლილი არასდროს ჩანხართ?
- ეს კითხვა, ალბათ, ჩვენს ფიზიოთერაპევტს უნდა დაუსვათ.

- უდიდესი გარბენის შემდეგ მოხდენილი და ჭკვიანური პასის გაკეთებას ბევრი ვერ ახერხებს ხოლმე...
- ჩემი ფეხბურთიც ეგაა - ბევრი ვირბინო და პასები ვარიგო. მუდმივად მოძრაობაში ვარ, რადგან გუნდს მხოლოდ ასე თუ დავეხმარები. ყველაზე მთავარი პასის მიცემის მომენტის შერჩევაა. მაგალითად, პარასკევს, "შტუტგარტთან" მატჩის დროს დავინახე, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ იაკუბ ბლაშჩიკოვსკის დერეფანი გაუხსნა და უკვე ვიცოდი, ვისთვის და როგორი პასი უნდა მიმეცა. იმისათვის, რომ ასეთი მომენტი არ გამოგეპაროს, მოედანს იმ დროსაც უნდა აკონტროლებდე, როცა გარბიხარ.

- ბოლო სამი მატჩი საუკეთესო იყო იმ შეხვედრებს შორის, რაც "დორტმუნდის" ფორმით ჩაატარეთ. შეიძლება ითქვას, რომ ბუნდესლიგას, "ბორუსიას" უკვე სრულფასოვნად გაუშინაურდით?
- პროგრესი და წინსვლა არასდროს უნდა შეწყვიტო. ის, რაც ამ შეხვედრებში მოვახერხე, ჩემთვის უკვე წარსულია, ისტორიის კუთვნილებაა. ყოველი თამაშის შემდეგ მომდევნო თამაშზე ფიქრს ვიწყებ: ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაში "არსენალს" ვმასპინძლობთ და ჩემთვის ახლა უკვე ეს მატჩია მნიშვნელოვანი. იმედი მაქვს, რომ ყოველი თამაშის შემდეგ უფრო უკეთესი ფეხბურთელი ვხდები. მინდა, ფეხბურთში ყველაფერი ვისწავლო და ნასწავლი "დორტმუნდს" მოვახმარო.

- რატომ დორტმუნდის "ბორუსია"? თქვენ ხომ ინგლისიდანაც კარგი წინადადებები გქონდათ?
- შემოთავაზება მართლაც ბევრი იყო. არჩევანი "დორტმუნდის" სასარგებლოდ იმიტომ გავაკეთე, რომ ძალიან მომწონს ის ფეხბურთი, რომელსაც იურგენ კლოპის გუნდი თამაშობს. "შახტარისა" და "ბორუსიას" პირველი დუელის შემდეგ "დორტმუნდი" ისე მომეწონა, რომ ამ გუნდის ყველა თამაშს ვუყურებდი და ვხვდებოდი, რომ "ბორუსია" არა მარტო ფანტასტიკურ, არამედ ზუსტად ისეთ ფეხბურთს თამაშობდა, როგორიც მე მიყვარს. როცა დამიკავშირდნენ, მაშინვე ვიფიქრე, რომ ეს ზუსტად ის გუნდი იყო, რომელშიც უფრო გავიზრდებოდი.

- თუმცა ინგლისში გადასვლის შემთხვევაში გაცილებით მაღალი ხელფასი გექნებოდათ...
- ჰო, შესაძლოა... მაგრამ ფეხბურთში ფული არც ისე მნიშვნელოვანია. სწორად გამიგეთ, ბევრი ფული და კარგი ხელფასი მეც მიყვარს, მაგრამ ეს ყველაზე მთავარი არ არის. თანაც, დაბალი ანაზღაურება ნამდვილად არ მაქვს. მე ფეხბურთით ვცხოვრობ, ყოველთვის ფეხბურთზე ვფიქრობ და ფეხბურთს ვგრძნობ. თუ მხოლოდ ფეხბურთზე ვიფიქრებ, კარგადაც ვითამაშებ და თუ კარგად ვითამაშებ, თავისთავად ბევრი ფული მექნება. დორტმუნდში ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედი და არა სათადარიგოთა სკამზე დასაჯდომად. დიდი შანსი იყო, რომ ინგლისში სკამზე ვმჯდარიყავი.

- ბავშვობა საფრანგეთში გაქვთ გატარებული, სადაც მამა, ჰამლეტ მხითარიანი ასევე ფეხბურთელი იყო. თქვენც ამიტომ მოგინდათ ფეხბურთელობა?
- საფრანგეთში შვიდი წელი ვიცხოვრეთ. მერე მამა ავად გახდა და სომხეთში დავბრუნდით. მამა 1996 წელს, ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა... საფრანგეთში გატარებული წლები ძალიან კარგად მახსოვს. როცა მამაჩემი ვარჯიშზე წასასვლელად ემზადებოდა, კარებთან ავიტუზებოდი ხოლმე და წაყვანას ვთხოვდი. ხან მივყავდი ხოლმე, ხან - არა. ეშინოდა, ვარჯიშის დროს რამე სისულელე არ ჩამედინა.

სომხეთში რომ დავბრუნდით, ვუთხარი, მეც ფეხბურთელი უნდა გამოვიდე-მეთქი. მაშინ ეს ჩემი მხრიდან აშკარად ხმამაღალი განცხადება იყო, რადგან ძალიან პატარა ვიყავი. ჩემზე ამბობდნენ, კარგი ტექნიკა აქვს, მაგრამ ძალიან სუსტიაო. სამწუხაროდ, მამაჩემი ჩემს ფეხბურთელობას ვერ მოესწრო და ვერ გაიგო, რომ ეს მართლა შევძელი.

- მამა თქვენთვის მისაბაძი მაგალითი იყო?
- დიახ და მე მისი გზა გავაგრძელე. ფეხბურთი ჩვენს ოჯახში ყოველთვის მთავარი თემა იყო. დედაჩემი ჯერ კიდევ მაშინ მუშაობდა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციაში და მოგვიანებით იქ მუშაობა ჩემმა დამაც დაიწყო, ახლა კი ის უეფაში მუშაობს. ასე რომ, საფეხბურთო ოჯახი ვართ.

- გერმანიაში სომხეთის შესახებ ბევრმა არაფერი იცის. დამოუკიდებელი ქვეყნის რანგში თქვენი სამშობლო თქვენზე ახალგაზრდაა...
- 22 წელია, რაც სომხეთი დამოუკიდებელია, მაგრამ ჩვენ ძალიან ძველი ერი ვართ, გვაქვს უდიდესი ისტორია და უძველესი კულტურა. სომხეთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. სამწუხაროდ, დღეს სომხეთში სოციალური პრობლემებია. ხალხს ისეთი დაბალი ხელფასები აქვს, რომ კვებისთვის და ჩაცმისთვისაც ძლივს ჰყოფნის.

- თქვენ სამჯერ გახდით სომხეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელი. სამშობლოში გმირი ხართ...
- მე ასე არ ვფიქრობ, რადგან საგმირო არაფერი გამიკეთებია. უბრალო ბიჭი ვარ. თუ დაიჯერებთ, წლის ფეხბურთელობაზე არც არასდროს მიოცნებია. ერევანში ქუჩაში ყველა მცნობს, ავტოგრაფებს და ფოტოების გადაღებას მთხოვენ ხოლმე და ამას ყოველთვის სიამოვნებით ვაკეთებ. თუ ამით ვინმე ბედნიერდება, მეც ბედნიერი ვარ. მაგრამ თავი ვარსკვლავად არ მიმაჩნია.

- დორტმუნდში სომხური რა გენატრებათ?
- ახლა არაფერი. ახლა დედაჩემი და ბებიაჩემი ჩამოვიდნენ, რაც ძალიან მიხარია.

- სეზონისწინა შეკრებაზე ოთახში კევინ გროსკროიტცთან ერთად ცხოვრობდით. კევინი თავიდანვე გაგარკვევდათ, რას ნიშნავს დორტმუნდის "ბორუსიაში" თამაში.
- რა თქმა უნდა, ის ხომ დორტმუნდელია და "ბორუსია" სიგიჟემდე უყვარს. სხვათა შორის, კევინმა "შალკეზეც" ყველაფერი მიამბო და პირველივე დღეს ვიცოდი, როგორი მტრობაა ამ გუნდებს შორის. პირველად მან მითხრა, რომ რურის დიდი დერბი მსოფლიოში ყველაზე მაგარი დერბია. ახლა, როცა დერბიში მეც ვითამაშე, თამამად ვიტყვი, რომ ასეთ გრანდიოზულ საფეხბურთო ატმოსფეროს მართლა არ მოველოდი.

- ბოლო წლებში "ბორუსია" "ბაიერნის" მტრადაც იქცა. როგორ ფიქრობთ, "დორტმუნდსა" და "ბაიერნს" შორის დიდი განსხვავებაა?
- არა. თუ ფეხბურთელებისა და მწვრთნელის ხარისხით ვიმსჯელებთ, არა. თუმცა დასამალი არაფერია და ცხადად ჩანს, რომ "ბაიერნი" უკეთესად თამაშობს. თუმცა ჩვენი ფეხბურთი სულ სხვანაირი და ცვალებადია - ხან დომინანტები ვართ და მუდმივად ვუტევთ, ხან პრესინგია ჩვენი პრიორიტეტი, ხანაც კონტრშეტევებზე ვთამაშობთ.

- რისი მიღწევა გსურთ ამ სეზონში?
- კარგი იქნებოდა, რომ "ბაიერნს" ისე ჩამოვრჩეთ, როგორც წინა სეზონში. ვფიქრობ, ეს შესაძლებელია. თუმცა ჩვენ ყველანი ტიტულზე ვოცნებობთ.

- სეზონის წინ ექსპერტები ჩემპიონობას მხოლოდ "ბაიერნს" უწინასწარმეტყველებდნენ...
- მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ყველა თამაშის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ და ვნახოთ, რას მივაღწევთ.

- როგორც ჩანს, უკვე გასწავლეს, როგორი პასუხები უნდა გასცეთ ასეთ კითხვებს...
- რა უნდა მეთქვა? რომ დავიჩემო, ჩემპიონები გავხდებით-მეთქი და ვერ გავხდეთ, მერე ხომ ყველა იტყვის, რას ტლიკინებდაო?!

- გჯერათ, რომ "დორტმუნდს" ჩემპიონთა ლიგაშიც შეუძლია იმის გამეორება, რაც წინა სეზონში მოახერხა?
- ჩემპიონთა ლიგაში ბიჭებმა მართლაც სასწაული მოახდინეს. ახლა კი "არსენალის", "მარსელისა" და "ნაპოლის" სახით ჯგუფში რთული მეტოქეები გვყავს. თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა მატჩი მოვიგოთ და ჯგუფიდან გავიდეთ. ფინალში გასვლა თითოეული ჩვენგანის ოცნებაა, მაგრამ ეს ძალიან ძნელი იქნება. პირველ რიგში კი, საშინაო დავალებებს უნდა მივხედოთ.

- ბევრი ფიქრობს, რომ "დორტმუნდი" ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტია...
- ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგაში ფავორიტები არ არსებობენ. ეს ისეთი ტურნირია, სადაც უბრალოდ, შეცდომები არ უნდა დაუშვა, რადგან არავინ გაპატიებს. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგაში წარმატების მიღწევა ხარისხზე მეტად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სტაბილურად ითამაშებს გუნდი.

- წინა კვირაში იურგენ კლოპმა "ბორუსიასთან" კონტრაქტი 2018 წლამდე გააგრძელა...
- ეს ძალიან მაგარი ამბავია. კლოპის მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობა უდიდესი სიამოვნებაა. მასთან საუბარიც კი ძალიან მსიამოვნებს. იურგენ კლოპი დიდი მწვრთნელი და დიდი ადამიანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჰენრიხ მხითარიანი: ფეხბურთი ჭადრაკივითაა!
მკითხველის კომენტარები / 8 /
საქო ეს რა იყო კასოო,რათა ამბობ ცუდს ჩვენზე,ქართველებზე ტოო,ცადი რა შენთან არმენიაში აქ არ გაბედო ჩვენზე ცუდი ტქვა ........,მე ამაყია ქართველობით და შენა ცუდი რათა თქვა
sarqis dadeshqelashvili
09:41 07-11-2013
0
საქო ****... გამოვიდა აქ მფრქვეველი.... ზა ტო კონიაკი გაქვთ კაი ხო? კაის და გლახის გარჩევა ეროვნებით კი არა კაცობით ხდება. მაგრა მკიდია რა ეროვნების ხარ, მაგრამ თუ დააკვირდები რას ბოდავ კარგი იქნება...
PARFIUMER
17:04 06-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული