გერმანია. ბუნდესლიგა. XII ტური. პარასკევის მატჩის წინ: პროვოკაცია დერბის წინ

AutoSharing Option
"ჰანოვერისა" და "ბრაუნშვაიგის" დაპირისპირება ერთი ჩვეულებრივი და რიგითი მატჩი არ გეგონოთ, ეს ქვემოსაქსონიური დერბია - იმაზე გაცილებით მძაფრი, ვიდრე ფეხბურთის გულშემატკივართა ახალ თაობას "ბრაუნშვაიგის" უსახელობის გამო წარმოუდგენია. ჯერ ერთი, სინამდვილეში ეს კლუბი სულაც არ არის უსახელო (უბრალოდ, პირველ ბუნდესლიგაში დიდი ხნის პაუზის შემდეგ პირველად თამაშობს) და მეორეც: "ჰანოვერისა" და "ბრაუნშვაიგის" გულშემატკივრები ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ.

აი, სწორედ ასეთი მძაფრი დუელი გახსნის 8 ნოემბერს გერმანიის ჩემპიონატის მე-12 ტურს და ამ დერბის წინ ბრაუნშვაიგელი ფანების მხრიდან აშკარად ზღვარგადასულ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი: ჰანოვერის
ქუჩებში 7 ნოემბერს ღორი გამოჩნდა, რომელსაც "ჰანოვერის" კაშნე ეკეთა და ქალაქში მანამდე იბოდიალა, სანამ მნახველებმა პოლიცია არ ჩააყენეს საქმის კურსში.

განსაკუთრებით ცუდი ის იყო, რომ ღორს ერთიანი ეწერა. შესაბამისად, ჰანოვერელებმა ეს ისე აღიქვეს, როგორც რობერტ ენკეს ნომერი - "ჰანოვერის" ყოფილი მეკარისა, რომელმაც 2009 წლის ნოემბერში თავი მოიკლა...

მომხდარი ორივე კლუბის ხელმძღვანელებმა დაგმეს. "ბრაუნშვაიგის" სპორტული დირექტორი მარკ არნოლდი ამბობს, უმჯობესია, ფანებმა ენერგია უშუალოდ თამაშის დროს, ჩვენი კლუბის ქომაგობაში დახარჯონო.

8 ნოემბრის დერბისთვის "ჰანოვერის" ქომაგები განსაკუთრებით ემზადებიან. 7-ში 600-მდე ულტრასმა დერბისთვის რეპეტიცია გაიარა. აღსანიშნავია, რომ პოლიციამ ბრაუნშვაიგში რამდენიმე ჯვარი აღმოაჩინა - "ბრაუნშვაიგის" ფერებითა და წარწერით BTSV, რაც ამ კლუბის აბრევიატურაა.

"ჰანოვერსა" და "ბრაუნშვაიგს" შორის მტრობა ათწლეულებს ითვლის, თუმცა ამ "აქციებით" ეს დერბი ახალ საფეხურზე ავიდა. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი დერბი ბუნდესლიგის ეგიდით პირველი იქნება ბოლო 37 წლის განმავლობაში. "ჰანოვერის" ბოსი მარტინ კინდი დღევანდელ თამაშს ძალიან სარისკოს უწოდებს და ირწმუნება, რომ უსაფრთხოების უმაღლესი ზომები იქნება მიღებული - 580-ის ნაცვლად, უსაფრთხოებაზე 700 სპეცრაზმელი და ჯამში 1000 პოლიციელი იზრუნებს.

8 ნოემბერი
ჰანოვერი-ბრაუნშვაიგი 23:30
დისკვალიფიკაცია: მარსელო, სანე (ორივე ჰანოვერი)
ტრავმა: ჩერუნდოლო, პანდერი, ფელიპე, ფრანკა, ია კონანი - პეტკოვიჩი, კორეია, რაიხელი, ჰოხშაიდტი, კრატცი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +8=7-5, (34:27)

ბომბარდირები: 9 - ლევანდოვსკი (დორტმუნდი); 8 - მანჯუკიჩი (ბაიერნი); ობამეიანგი (დორტმუნდი), იბიშევიჩი (შტუტგარტი), კრუზე (გლადბახი), რობერტო ფირმინო (ჰოფენჰაიმი), სემი (ლევერკუზენი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ისევ "ჰანოვერი", ისევ დეპრესიული მეკარე!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული