გერმანია. ბუნდესლიგა. XII ტურის შეჯამება და სიმბოლური: რატომ აურიეს გერმანელმა მსაჯებმა?

AutoSharing Option
გერმანიის ჩემპიონატის მე-12 ტური ემოციებითა და დადებითი თუ უარყოფითი მოვლენებით გადატვირთული გამოვიდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ექვსმა ფეხბურთელმა ერთზე მეტი გოლის გატანა მოახერხა და ხუთ მსაჯს დაატყდა კრიტიკის ქოქოლა.

პოზიტივები
- "ლევერკუზენის" წინახაზელმა ჰეონ-მინ სონმა ყოფილ გუნდ "ჰამბურგს" სამი გოლი გაუტანა, "ფარმაცევტებმა" კი ეს თამაში 5:3 მოიგეს და 21 წლის სონი პირველი სამხრეთკორეელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ბუნდესლიგაში ჰეთ თრიქის შესრულება შეძლო. ასე რომ, "ბრაუნშვაიგსა" და "შახტართან" უგოლობის შემდეგ "ლევერკუზენის" საგოლე მანქანა ისევ დაიქოქა და იმასაც შეგახსენებთ, რომ სამი ჰიიპიას კოლექტივი
საკუთარ მოედანზე კვლავ დაუმარცხებელია.

- მე-12 ტურის გამორჩეულ მოთამაშეებს შორის უნდა დავასახელოთ "ჰამბურგის" თავდამსხმელი პიერ-მიშელ ლასოგაც, რომელმაც მართალია, "მხოლოდ" დუბლი შეასრულა, მაგრამ მისი ბალანსი ყურადღების ღირსია: 8 თამაში, 8 გოლი მიმდინარე სეზონში.

- "ფრაიბურგისა" და "შტუტგარტის" მატჩში დუბლით სულაც 17 წლის ფეხბურთელი, შვაბთა შემტევი ნახევარმცველი ტიმო ვერნერი გამოირჩა. "შტუტგარტმა" "ფრაის" 3:1 მოუგო, ვერნერი კი ბუნდესლიგის ისტორიაში დუბლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი გახდა.

- "ჰოფენჰაიმთან" 3:2-ით მოგებულ შეხვედრაში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა "ჰერტას" თავდამსხმელმა ადრიან რამოსმაც. კოლუმბიელმა ცენტრფორვარდმა ჯერ ენის ბენ-ჰატირას გაატანინა, მერე პენალტი შეასრულა, ბოლოს კი თავით გამარჯვების გოლიც შეაგდო.

- "ჰოფენჰაიმს" სეიად სალიჰოვიჩის დუბლმა ვერაფერი უშველა.

- "შალკემ" "ვერდერს" თამაში მეორე ტაიმში შეუტრიალა (3:1). ამ ტურის მეექვსე ფეხბურთელი, რომელმაც ერთზე მეტი გოლი გაიტანა, გელზენკირხენელთა ნახევარმცველი კევინ-პრინს ბოატენგი გახლდათ, რომელსაც თამაშში ბევრი არაფერი გამოსდიოდა, თუმცა ბურთს ორჯერ ხეირიანად "ურქინა". მეორე ფეხბურთელი, რომელიც ამ შეხვედრაში გამოირჩა, იულიან დრაქსლერი გახლდათ - მის ანგარიშზე ორი საგოლე პასია.

- "ბაიერნმა" "აუგსბურგთან" მატჩის პირველივე წუთებში მიგვახვედრა, რომ სუსტ მეტოქეს არაფერს გააბედვინებდა - ჟერომ ბოატენგმა ანგარიში მე-4 წუთზე გახსნა. საბოლოოდ, რეკორდმაისტერმა 3:0 მოიგო და "ჰამბურგის" რეკორდი (ზედიზედ 37-მატჩიანი წაუგებელი სერია ბუნდესლიგაში), სავარაუდოდ, სამუდამოდ დაამხო. თუმცა ეს სერია, შეიძლება, მომდევნო ტურში შეწყდეს - 23 ნოემბერს "ბაიერნი" დორტმუნდის "ბორუსიას" სტუმრობს.

- ფრანკ რიბერი "ბაიერნის" თითქმის ყველა გააზრებულ იერიშში მონაწილეობდა, ეფექტური გოლიც გაიტანა და მუნდიალის შესარჩევის საპლეიოფო მატჩების (უკრაინასთან) წინ იმდენად კარგ ფორმაშია, რომ ფრანგებს შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ...

- მართალია, ივიცა ოლიჩი 2012 წლიდან "ვოლფსბურგში" თამაშობს, მაგრამ "ბაიერნს" დღემდე ეხმარება. ვოლფსბურგელებმა რეკორდმაისტერის მოსისხლე მტრის, "დორტმუნდის" დამარცხება სწორედ ოლიჩის გოლით მოახერხეს და ვეტერან ხორვატ თავდამსხმელს, სავარაუდოდ, ახალ კონტრაქტსაც გაუფორმებენ.

- "ვოლფსბურგის" 2:1 "დორტმუნდთან" "მგლების" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება გახლდათ და შეიძლება ითქვას, რომ "ფოლკსვაგენის" ინვესტიციები ნელ-ნელა ამართლებს. ამის საუკეთესო მაგალითი რიკარდო როდრიგესია. შვეიცარიის ნაკრების მარცხენა მცველმა "ბორუსიასთან" კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და "დორტმუნდს" გოლიც გაუტანა.

- ჯეფერსონ ფარფანი "შალკეს" დაახლოებით თვენახევარი აკლდა, ახლა კი პირდაპირ გოლით დაბრუნდა.

- "გლადბახმა" ზედიზედ მეექვსე საშინაო მატჩი მოიგო ("ნიურნბერგთან" 3:1), 26 წლის წინათ დამყარებული პირადი რეკორდი გააუმჯობესა.

- "ჰერტა" მინი-კრიზისიდან გამოვიდა: ზედიზედ ორი წაგების შემდეგ ბერლინელებმა "ჰოფენჰაიმს" სტუმრად 3:2 მოუგეს და მეშვიდე ადგილზე არიან. "ჰერტას" გმირი მეკარე თომას კრაფტი გახლდათ, რომელმაც "ბაიერნსა" და "შალკესთან" ჩაგდებული თამაშების შემდეგ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

- პარასკევს გამართულ ქვემოსაქსონიურ დერბიში აუტსაიდერად შერაცხულმა "ბრაუნშვაიგმა" აქცენტი მრავალგზის გამოცდილ ტაქტიკაზე გააკეთა - ბრაუნშვაიგელები დაცვაში ჩასხდნენ, წინ კი კუმბელას იმედი ჰქონდათ. მართალია, ამ უკანასკნელმა წინ ვერაფერი გააწყო, მაგრამ რაც მთავარია, დაცვამ კარი უსაფრთხოდ შეინახა და ჰანოვერში დაფიქსირებული 0:0 "ბრაუნშვაიგისთვის" დიახაც, კარგი შედეგია.

ნეგატივები
- 11 ნოემბრის ნომერში ვწერდით, რომ აუგსბურგელები ჩივიან, მსაჯმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა და საერთოდ, აგდებულად გველაპარაკებოდაო. თუმცა "ბაიერნისა" და "აუგსბურგის" შეხვედრაში არბიტრი პეტერ გაგელმანი მხოლოდ ამით როდი გამოირჩა. მან თამაშს უმიზეზოდ ბევრი დრო დაამატა და იმ დროს სტუმართა კარში პენალტი დანიშნა, აუგსბურგელთა მწვრთნელიც გააძევა...

- გაგელმანი ერთადერთი მსაჯი არ ყოფილა, ვისაც ამ ტურში ქოქოლა დაატყდა. "გლადბახისა" და "ნიურნბერგის" დაპირისპირებაში არბიტრმა კრისტიან დინგერტმა და მისმა ასისტენტებმა ნიურნბერგელ იოზიპ დრმიჩს ნაღდი გოლი არ ჩაუთვალეს. არადა, იმ გოლით ფრანკები ანგარიშს ათანაბრებდნენ.

- კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა მსაჯ დენიზ აითექინსაც, რომელიც "ჰოფენჰაიმისა" და "ჰერტას" მატჩს (2:3) უძღვებოდა. მან ორივე კარში თითო თერთმეტმეტრიანი დანიშნა და ვიდეოანალიზზე გამოჩნდა, რომ ორივე შემთხვევაში შეცდა. კიდევ კარგი, რომ მისი შეცდომებით ორივე გუნდმა იხეირა...

- აბსოლუტურად საპირისპირო რამ მოხდა "ფრაიბურგისა" და "შტუტგარტის" მატჩში (1:3): მსაჯმა ფელიქს ცვაიერმა "ფრაის" ორი პენალტი არ დაუნიშნა. რომ არა მისი შეცდომები, შესაძლოა, ბრაისგაუელებს არ წაეგოთ...

- იგივე ეხება მსაჯ იოხენ დრეესსაც, რომელსაც დორტმუნდელები ორჯერ სთხოვდნენ პენალტს და როგორც გაირკვა, ორივეჯერ სამართლიანად! "ბორუსიას" გენერალურმა მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ თქვა, მხოლოდ იმ შემთხვევაში არ გავბრაზდებით, თუ გერმანიის საფეხბურთო კავშირი ამ მსაჯს ბუნდესლიგას აღარ გააკარებსო.

- "დორტმუნდისთვის" ამ წაგებაზე მტკივნეული ის არის, რომ "ბორუსიას" მცველმა ნევენ სუბოტიჩმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და მისთვის ეს სეზონი, ფაქტობრივად, დამთავრებულია.

- დორტმუნდელთა მხრიდან ძალიან სუსტი იყო მარსელ შმელცერი და თუ ასე გააგრძელებს, გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი ბუნდესგუნდის ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდებს...

- ფრანკფურტის "აინტრახტმა" რაინ-მაინ-დერბიში "მაინცთან" მატჩის მიწურულს გაშვებული გოლით წააგო და მოუგებელი სერია შვიდ მატჩამდე გაზარდა. თანაც, არმინ ფეეს გუნდი ამ სეზონში ქულებს უმეტესად ბოლო წუთებში მიღებული ბურთების გამო კარგავს.

- ქვემოსაქსონიურ დერბიში ცუდი მოლოდინი გამართლდა: მატჩის შემდეგ "ჰანოვერისა" და "ბრაუნშვაიგის" ფანებმა ერთმანეთს სხვადასხვა ადგილას დასცხეს...

XII ტურის სიმბოლური ნაკრები, ლელოს ვერსიით
(4-2-3-1)

კრაფტი (ჰერტა) - ოხსი (ვოლფსბურგი), ჟ. ბოატენგი (ბაიერნი), დანტე (ბაიერნი), როდრიგესი (ვოლფსბურგი) - გენტნერი (შტუტგარტი), მარტინესი (ბაიერნი) - ვერნერი (შტუტგარტი). კ. ბოატენგი (შალკე), სონი (ლევერკუზენი) - რამოსი (ჰერტა)

XII ტურის გმირი

ჰეონ-მინ სონი (ლევერკუზენი)

ის ფაქტი, რომ ჰეონ-მინ სონმა მაინცდამაინც ყოფილ კლუბს შეუსრულა პირველი ჰეთ თრიქი, უკვე საკმარისი საბაბია საიმისოდ, რომ ტურის გმირად შევრაცხოთ. გარდა სამი გოლისა, სამხრეთკორეელმა კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, მერე კი სამშობლოსკენ აიღო გეზი, სადაც სამხრეთ კორეის ნაკრებს უნდა დაეხმაროს.

საუკეთესო ფეხბურთელები
"კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება
1. პიერ-მიშელ ლასოგა ჰამბურგი 8 2.17
2. ფრანკ რიბერი ბაიერნი 11 2.20
3. მარკო როისი დორტმუნდი 12 2.25
4. სვენ ულრაიხი შტუტგარტი 9 2.44
5. არიენ რობენი ბაიერნი 10 2.50
6. სიდნი სემი ლევერკუზენი 12 2.50
7. მაქს კრუზე გლადბახი 12 2.54
8. ტონი კროოსი ბაიერნი 12 2.56
9. ბერნდ ლენო ლევერკუზენი 12 2.58
10. ფილიპ ლამი ბაიერნი 12 2.59

გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდი 12 9 5 14
2. მაქს კრუზე გლადბახი 12 7 6 13
3. ალექსანდრუ მაქსიმი შტუტგარტი 10 4 8 12
4. მარკო როისი დორტმუნდი 12 7 5 12
5. სიდნი სემი ლევერკუზენი 12 7 5 12
6. რაფაელ ვან დერ ვაარტი ჰამბურგი 12 6 6 12
7. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 12 7 4 11
8. ადრიან რამოსი ჰერტა 12 7 4 11
9. ფრანკ რიბერი ბაიერნი 11 4 7 11
10. რობერტო ფირმინო ჰოფენჰაიმი 11 7 3 10

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. XII ტური: "დორტმუნდი" კრიზისშია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული