იოახიმ ლიოვის მე-100 თამაში

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრები მილანში იტალიის ეროვნულ გუნდთან ძალიან საინტერესო ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ბუნდესმწვრთნელი იოახიმ ლიოვი ამ შეხვედრას განსაკუთრებულად ელოდება, რადგან 53 წლის სპეციალისტისთვის ეს გერმანიის ნაკრების დამრიგებლის რანგში საიუბილეო, რიგით მე-100 თამაში იქნება.

"ნაციონალმანშაფტს" არსებობის ისტორიაში სულ 10 მთავარი მწვრთნელი ჰყავდა და აქამდე მხოლოდ სამმა შეძლო ის, რომ ბუნდესგუნდი მინიმუმ 100 მატჩში დაემოძღვრა. შესაბამისად, ლიოვი გერმანიის ნაკრების მეოთხე "ასიანი" დამრიგებელი ხდება.

ყველა დროის ბუნდესმწვრთნელთა შორის, მატჩების რაოდენობის მიხედვით, ერთპიროვნული ლიდერი ლეგენდარული ზეპ ჰერბერგერია, რომლის ხელშიც გერმანიის ნაკრები 1954 წელს მსოფლიოს ჩემპიონი
გახდა. ზეპმა ბუნდესნაკრებს 167 შეხვედრაში უხელმძღვანელა. მის გარდა, აქტივში ლიოვზე მეტი მატჩი აქვთ 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონი გერმანიის თავკაც ჰელმუტ შიონს (139) და ბერტი ფოგთსს (102), რომელმაც 1996 წელს გერმანიას ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა და სხვათა შორის, ფოგთსი უკანასკნელი ბუნდესმწვრთნელი გახლდათ, რომელმაც გერმანიას ტიტული მოუტანა.

იოახიმ ლიოვის ხელში გერმანიას ტიტული არ მოუგია, მაგრამ მისი ბალანსი და სტატისტიკა შესანიშნავია: 99 მატჩიდან ლიოვის მიერ გაწვრთნილმა გერმანიამ 68 მოიგო (69-პროცენტიანი მაჩვენებელი) და მხოლოდ 15-ში დამარცხდა. გერმანელებმა ლიოვის ერაში 251 გოლი გაიტანეს. ახლა კი, მთელ საფეხბურთო გერმანიას იმის იმედი აქვს, რომ 2014 წლის მუნდიალზე ლიოვის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი გახდება.

ლიოვის იუბილეს ფონზე, კიდევ ერთხელ გადავხედოთ გერმანიის ნაკრების ადრინდელ თავკაცებს და მათ შედეგებს.

ოტო ნერცი
გერმანიის ნაკრების პირველი მთავარი მწვრთნელი ბუნდესგუნდს 1929-დან 1936 წლამდე ხელმძღვანელობდა. მაშინ გერმანიის ნაკრების თავკაცს არა ბუნდესმწვრთნელად, არამედ გასაგები მიზეზის გამო რაიხის მწვრთნელად მოიხსენიებდნენ.

ნერცმა გერმანიას 70 მატჩში უხელმძღვანელა. 1934 წლის მუნდიალზე მისმა გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა.

ზეპ ჰერბერგერი
"დიდი ზეპი", როგორც მას მადლიერმა საფეხბურთო გერმანიამ შეარქვა, ბუნდესგუნდს 1936-დან 1942 წლამდე ავარჯიშებდა და საერთო ჯამში, "რაიხის მწვრთნელის" რანგში გუნდს 70-ჯერ უხელმძღვანელა. მოგვიანებით, კერძოდ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მას გერმანიის ნაკრები კიდევ ჩააბარეს და 1950-დან 1964 წლამდე იმუშავა (97 თამაში). მისი სამწვრთნელო კარიერის პიკი 1954 წელს მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონობაა.

ჰელმუტ შიონი
შიონი გერმანიის ნაკრებს სათავეში 1964-დან 1978 წლამდე ედგა და ჯამში, 139 შეხვედრაში უხელმძღვანელა. 1974 წელს მისი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 1972-ში კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

იუპ დერვალი
მისი ხელმძღვანელობით გერმანიის ნაკრებმა 67 შეხვედრა ჩაატარა - დერვალმა ბუნდესმწვრთნელის თანამდებობაზე 1978-დან 1984 წლამდე იმუშავა და 1980-ში ევროპის ჩემპიონატი მოიგო. მის ხელში განსაკუთრებით კარლ-ჰაინც რუმენიგე ბრწყინავდა, 1982 წლიდან კი რუდი ფიოლერიც.

ფრანც ბეკენბაუერი
კაიზერ-ფრანცს გერმანიის ნაკრები 1984 წელს ჩააბარეს. ჯამში, მან ბუნდესგუნდს 66 მატჩში უხელმძღვანელა და 1990 წელს მსოფლიოს ჩემპიონობა მესამედ მოაპოვებინა. იტალიაში გამართული, ტრიუმფით დასრულებული მუნდიალის შემდეგ კი ბეკენბაუერი გადადგა.

ბერტი ფოგთსი
ბერტი, რომელიც დღეს აზერბაიჯანის ნაკრების მთავარი მწვრთნელია, უკანასკნელი სპეციალისტია ბუნდესმწვრთნელებს შორის, რომელმაც გერმანიას ტიტული მოაგებინა - ფოგთსის გერმანია 1996 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა და მას მერე გერმანელები უტიტულოდ არიან. 1990-დან 1998 წლამდე ბერტიმ ბუნდესნაკრები 102 შეხვედრაში დამოძღვრა.

ერიხ რიბეკი
თამამად შეიძლება ითქვას, რომ გერმანიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი სპეციალისტი ერიხ რიბეკი იყო, რომელმაც ბუნდესმწვრთნელის თანამდებობაზე 1998-დან 2000 წლის ჩათვლით იმუშავა. მის ხელში გერმანიამ 24 თამაში ჩაატარა და მხოლოდ ათი მოიგო.

რუდი ფიოლერი
რიბეკის შემდეგ გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ბუნდესმწვრთნელად რუდი ფიოლერი დანიშნა, რომელიც ნაკრებს 4 წელი თავკაცობდა (53 თამაში). 2002 წელს რუდის გერმანიამ იაპონიასა და სამხრეთ კორეაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა, რაც ფიოლერს წარმატებად ჩაეთვალა, ევროპის 2004 წლის ჩემპიონატზე კი ფიოლერის ბუნდესგუნდი ჯგუფში ჩარჩა.

იურგენ კლინსმანი
კლინსმანი გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად სწორედ "ევრო 2004"-ზე განცდილი ფიასკოს შემდეგ დანიშნეს. კლინსიმ ამ თანამდებობაზე ორი წელი გაძლო. მართალია, 2006 წლის მუნდიალზე, გერმანიაში მესამე ადგილის დაკავება კატასტროფა არ იყო, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მან პოსტი მაინც დატოვა.

სწორედ მაშინ დაინიშნა ბუნდესმწვრთნელად იოახიმ ლიოვი, რომელიც მანამდე კლინსმანის ასისტენტი გახლდათ.

ლიოვის ერა
გერმანიის ნაკრები იოახიმ ლიოვის ხელში


თამაში 99
მოგება 68 (69%)
ფრე 16
წაგება 15
ქულა საშუალოდ ერთ თამაშში 2.22
გოლი საშუალოდ ერთ თამაშში 2.5
გატანილი გოლები 251
მიღებული გოლები 97
გამოყენებული ფეხბურთელები 82
დებიუტანტები 57
ყველაზე მეტი თამაში ლუკას პოდოლსკი (79)
ყველაზე მეტი გოლი მიროსლავ კლოზე (39)
პირველი მატჩი 2006 წლის აგვისტო: 3:0 შვედეთთან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გერმანელებს ეს არ მოეწონებათ...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული