"უემბლი" გერმანიის სახლია

AutoSharing Option
ამ სანაკრებო დღეებში გერმანიამ ორი მნიშვნელოვანი ამხანაგური მატჩი ჩაატარა - ჯერ იტალიასთან (1:1), მერე კი ინგლისთან (1:0) და თუკი ბუნდესგუნდს იტალიის ნაკრებთან აბსოლუტურად ნეგატიური ბალანსი აქვს, ინგლისი და სახელდობრ, გრანდიოზული არენა "უემბლი" გერმანიის ნაკრების სახლია!

გერმანელები "უემბლიზე" თავს თითქმის ყოველთვის ისე გრძნობდნენ, როგორც საკუთარ სახლში - "ნაციონალმანშაფტი" ამ სტადიონზე 1975 წლის მერე აღარ დამარცხებულა! მეტიც, გერმანიამ მოიგო, რაც ლონდონელის დამსახურებაა - გამარჯვების გოლის ავტორი პერ მერტეზაკერი ხომ ლონდონის "არსენალში" თამაშობს.

"არ დამიჯერებთ, მაგრამ თამაშის წინ რაღაცნაირად დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ
"უემბლიზე" გოლს გავიტანდი. მცველი ვარ და გოლების გატანა არ მომეთხოვება, მაგრამ მჯეროდა, რომ ეს ჩემი თამაში გამოვიდოდა,"
- განაცხადა 29 წლის აყლაყუდა პერმა მატჩის შემდეგ.

"დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მერტეზაკერი უდიდეს მცველად და გერმანიის ნაკრების ლიდერად ჩამოყალიბდა. ბუნდესგუნდი მის გარეშე ვერ წარმომიდგენია," - ეს გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ნახევარმცველის, მეჰმეთ შოლის სიტყვებია.

1.98 მეტრი სიმაღლის მერტე 39-ე წუთზე კროოსის ჩაწოდებას გამოეხმაურა და ბურთი ინგლისელთა კარში თავით გადაგზავნა. ეს გახლდათ პერის მეოთხე სანაკრებო გოლი 95-ე შეხვედრაში. აღსანიშნავია, რომ გერმანიის ნაკრებიდან გოლი პარასკევსაც (იტალიასთან 1:1) ცენტრალურმა მცველმა, მატს ჰუმელსმა გაიტანა.

შოლმა, რომელიც ტელეკომპანია ARD-ს ექსპერტია, გერმანიის ნაკრები აქო:

"მთელმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. ამ შემადგენლობით ამაზე მეტი შეუძლებელია". ქება, განსაკუთრებით, ლიოვის გუნდის უკანა ხაზს და საყრდენ ნახევარმცველებს ეკუთვნით. ნახევარდაცვის ცენტრში ტყუპებმა, სვენ და ლარს ბენდერებმა ინგლისელთა შუამარბებს ბევრი არაფერი გააბედინეს. სამაგიეროდ, გერმანელები შეტევაში არ ბრწყინავდნენ. ლიოვმა ცენტრფორვარდის პოზიციაზე ამჯერად მიონხენგლადბახელი მაქს კრუზე ათამაშა, რომელიც ისევე არ ჩანდა, როგორც იტალიასთან მარიო გიოტცე და იოგიმ კრუზე 56-ე წუთზე, ლევერკუზენელი სიდნი სემით შეცვალა.

ლიოვი მატჩის შემდეგ კრიტიკული იყო: "კარგია, რომ მოვიგეთ, მაგრამ ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. მეორე გოლიც უნდა გაგვეტანა, რადგან თამაში ამის საშუალებას იძლეოდა. შეტევაში მთლად კარგად არ გამოიყურებოდა," - აღნიშნა იოგიმ.

ამრიგად, გერმანიის ნაკრებმა 2013 წელი მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაასრულა. ბუნდესგუნდი მომდევნო ტესტ-მატჩს უკვე 2014-ში, 5 მარტს (შტუტგარტში, ჩილესთან) გამართავს, მერე კი მსოფლიოს ჩემპიონატიც მოახლოვდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იოახიმ ლიოვი: ინგლისთან მატჩის ბედის გადაწყვეტა უფრო ადრეც შეგვეძლო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული