"ვერდერი" "იუვენტუსს" უმეგობრდება

AutoSharing Option
ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ ბრემენის "ვერდერი" სულ მალე ტურინის "იუვენტუსის" მეგობარი გუნდი გახდება. გერმანული კლუბის მენეჯერმა თომას აიხინმა გუნდის წევრებს და ხელმძღვანელებს ეს იდეა პირველად ორშაბათს გააცნო, გუშინწინ კი ტურინში იმყოფებოდა, სადაც "იუვეს" ხელმძღვანელებს შეხვდა.

"დიახ, ტურინში მოლაპარაკებები გავმართე. "იუვენტუსის" ხელმძღვანელებმა სათანამშრომლო საკითხებზე მოსალაპარაკებლად მიმიწვიეს. ვისაუბრეთ თანამშრომლობის ყველა შესაძლო ვარიანტზე და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ შევთანხმდებით,
" - უთხრა აიხინმა "ბილდს".

"იუვენტუსი" ბუნდესლიგაში პარტნიორობისთვის კლუბს ეძებს. ტურინულ კლუბს უნდა, რომ გერმანიაში ჰყავდეს მეგობარი გუნდი, სადაც იმ ფეხბურთელებს გაანათხოვრებს, რომლებიც "იუვენტუსში" ვერ
ხვდებიან, თუმცა კი დიდი პოტენციალი აქვთ. ეს "ვერდერისთვისაც" მისწრებაა, რადგან ბრემენული კლუბი ფეხბურთელებში დიდი ფულის გადახდას ვერ ახერხებს, ნიჭიერი მოთამაშეები კი სჭირდება.

ამიტომაც გამოიკვეთა თანამშრომლობის ისეთი სახე, რომლის ფარგლებშიც "იუვე" თავის მოთამაშეებს "ვერდერში" გაანათხოვრებს. ამჟამად "იუვეს" სხვადასხვა კლუბში 24 ფეხბურთელი ჰყავს განათხოვრებული - მათ შორისაა, მაგალითად, შვეიცარიის ნაკრების მოთამაშე, 27 წლის რეტო ციგლერი. ცხადია, რომ "ვერდერს" ციგლერის დარი ან ახალგაზრდა და დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელები გამოადგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული