გერმანია. ბუნდესლიგა. XIII ტურის წინ: ნანატრი დღე, სუპერჯახი დორტმუნდში

AutoSharing Option
მაშ ასე: ეს დღეც დადგა! "ბაიერნი" დორტმუნდში ჩადის და ეს ისეთი მატჩია, რომელსაც მთელი საფეხბურთო გერმანია (და არა მარტო გერმანია) მოუთმენლად ელოდა.

ეს ისეთი მატჩია, რომელიც გერმანიის ჩემპიონატის მე-13 ტურის ყველა შეხვედრას ისეთ ჩრდილში აქცევს, რომ ტურისწინა მიმოხილვაში დანარჩენ შეხვედრებზე ყურადღების გამახვილება არც ღირს. -"დორტმუნდი" "ბაიერნი" ის დუელია, რომელმაც ძალიან ბევრ კითხვას უნდა უპასუხოს და, მათ შორის, ალბათ ყველაზე მთავარსაც: იქნება თუ არა "დორტმუნდი" ამ სეზონში "ბაიერნის" სერიოზული კონკურენტი?

თუ რეკორდმაისტერი დორტმუნდიდან სამი ქულის წაღებას მოახერხებს, ექსპერტების უმრავლესობის აზრით, თამამად
შეგვეძლება იმის თქმა, რომ გერმანიის ჩემპიონი წელსაც მიუნხენური გრანდი გახდება.

მართალია, "ბაიერნი" "ბორუსიას" ამ დუელამდე მხოლოდ 4 ქულით უსწრებს და თუ მოიგო, არც შვიდი ქულა იქნება ისეთი სხვაობა, რომლის აღმოფხვრა შეუძლებელი იქნება, მაგრამ "ბაიერნი" ახლა იმდენად ძლიერია, რომ შვიდქულიანი უპირატესობის შემთხვევაში ძალიან რთული იქნება იმის წარმოდგენა, რომ "დორტმუნდმა" კიდევ გაიბრძოლოს "ვერცხლის სინისთვის".

გასაგებია, რომ "ბაიერნი" კიდევ დაკარგავს ქულებს, მაგრამ "დორტმუნდი" არ დაკარგავს?

აი, თუ იურგენ კლოპის გუნდი მოიგებს, ამ შემთხვევაში გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლას ინტრიგა დაუბრუნდება, რადგან სხვაობა ერთ ქულამდე შემცირდება. ინტრიგა ყველას უყვარს და ალბათ ამიტომაც ქომაგობს საფეხბურთო გერმანიის დიდი ნაწილი დღეს "დორტმუნდს".

გიოტცე დორტმუნდში მტრის რანგში ბრუნდება
მაშ ასე: მეორეადგილოსანი ლიდერის წინააღმდეგ - დღეს დორტმუნდში გერმანიის საუკეთესო კლუბები, ჩემპიონთა ლიგის წინა სეზონის ფინალისტები შეერკინებიან. ბევრი ამ დუელს უკვე "გერმანულ კლასიკოდ" მოიხსენიებს.

"ამ თამაშს მთელი გერმანია, ევროპა და ზოგადად მთელი საფეხბურთო მსოფლიო უყურებს და ამ შეხვედრამ ძალიან ბევრ კითხვას უნდა უპასუხოს," - ეს დორტმუნდელთა პრეზიდენტ რაინჰარდ რაუბალის სიტყვებია.

"ფაქტია, დორტმუნდში ურთულესი თამაში გველის, მაგრამ 4-ქულიანი უპირატესობა იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ამ დუელს მეტოქეზე მშვიდად შევხვდეთ, რადგან ყველა შემთხვევაში პირველ ადგილზე დავრჩებით. თანაც, ნერვიულობა არასდროს ვარგა," - აცხადებს "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე.

"დორტმუნდისა" და "ბაიერნის" სუპერჯახი განსაკუთრებული მოვლენაა მარიო გიოტცესთვის, რომელიც ზაფხულში "ბორუსიადან" რეკორდმაისტერში გადავიდა. ცხადია, რომ დორტმუნდის ქომაგები გიოტცეს თბილ დახვედრას არ მოუწყობენ, მაგრამ თავად მარიო, რომელიც "ბაიერნმა" "ბორუსიადან" 37 მილიონ ევროდ იყიდა, სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობს.

"ეს ჩემი კარიერის ყველაზე რთული მატჩი იქნება, მაგრამ ვცდილობ, რომ არ ვინერვიულო. რაც არ უნდა მოხდეს, არავის არაფერში დავადანაშაულებ, რადგან ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და როცა "ბაიერნში" წასვლა გადავწყვიტე, ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან დორტმუნდში მტრის რანგში დაბრუნება მომიწევდა," - ამბობს გიოტცე, რომელსაც ხოსეპ გვარდიოლა სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში გაამწესებს, რადგან ფრანკ რიბერი ტრავმირებულია.

პეპს რიბერი აკლია, კლოპს - მთელი დაცვა
ფრანგი დრიბლიორის ტრავმა პეპისთვის სერიოზული დანაკლისია, თუმცა დორტმუნდელებს გაცილებით მეტი და ასევე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები აკლიათ. სანამ "ბორუსიას" პრობლემებზე ვისაუბრებდეთ, აქვე ვთქვათ, რომ გვარდიოლა სერიოზულად ფიქრობს არიენ რობენის მარცხენა გარემარბად გამწესებაზე.

რაც შეეხება "ბორუსიას" საკადრო პრობლემებს: კლოპს ოთხივე ძირითადი მცველი აკლია. დიდი ხნის ტრავმირებული ლუკაშ პიშჩეკის შემდეგ, იურგენს ჯერ ნევენ სუბოტიჩი დაუშავდა, ახლა კი მატს ჰუმელსი და მარსელ შმელცერიც ლაზარეთში აღმოჩნდნენ.

და ვინ უნდა ათამაშოს კლოპმა დაცვაში? "კიკერის" ვარაუდით, მარჯვენა მცველის ფუნქციების შესრულება ნახევარმცველ იაკუბ ბლაშჩიკოვსკის დაევალება, კევინ გროსკროიტცი კი, რომელიც მარჯვნივ თამაშობდა, მარცხნივ გადაინაცვლებს. დაცვის ცენტრში ალბათ სოკრატისის პაპასტატოპულოსისა და მანუელ ფრიდრიხის დუეტს ვიხილავთ - ეს უკანასკნელი ზაფხულის მერე უკლუბოდ იყო და კლოპმა სუბოტიჩისა და ჰუმელსის დაშავების შემდეგ აიყვანა.

შესაძლოა, იურგენი დიდი ხნის უთამაშებელ და თანაც 34 წლის ფრიდრიხს ვერ ენდოს და სოკრატისს დაცვის ცენტრში საყრდენი ნახევარმცველი სვენ ბენდერი შეუწყვილოს.

გვარდიოლა: თუ სირბილის საშუალებას მივცემთ, შანსს არ დაგვიტოვებენ!
22 ნოემბერს გვარდიოლამ პრესკონფერენცია გამართა და თავისი შეგირდები კიდევ ერთხელ მკაცრად გააფრთხილა:

"ჩვენი მთავარი ამოცანა ისაა, რომ დორტმუნდელებს სირბილის საშუალება არ მივცეთ. თუ მათ მივცემთ იმის უფლებას, რომ ისე ირბინონ, როგორც სჩვევიათ, შანსს არ დაგვიტოვებენ!

გარდა ამისა, ამ ხნის განმავლობაში იმასაც მივხვდი, რომ სითამამის გარეშე "დორტმუნდის" დამარცხება შეუძლებელია!

"დორტმუნდელებს შესანიშნავი გუნდი და არაჩვეულებრივი მწვრთნელი ჰყავთ. იურგენ კლოპი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია".


გერმანია. ბუნდესლიგა. XIII ტური
22 ნოემბერი
შტუტგარტი-გლადბახი 0:2

23 ნოემბერი

ნიურნბერგი-ვოლფსბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დაბანლი, მარკოს ანტონიო, გებჰარტი - კოო, ტრეში, ვიეირინია
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +10=7-5, (31:27)

აუგსბურგი-ჰოფენჰაიმი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ექინი - სასი, ვუკჩევიჩი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +1=2-1, (4:5)

ბრაუნშვაიგი-ფრაიბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია:
ტრავმა: რაიხელი, ჰოხშაიდტი, კრუპკე - ჰედენსტადი, მუიჯა, შმიდი, შუსტერი, ტერაცინო
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან

აინტრახტი-შალკე 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: შვეგლერი, შტენდერა - კ. პაპადოპულოსი, ანანი, კლემენსი, ჰიოგერი, ჰუნტელაარი, ობასი
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 78 თამაში: +28=20-30, (117:117)

ჰერტა-ლევერკუზენი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბაუმიოჰანი - პალოპი, ბიონიში, ჰილბერტი, რაინარტცი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +8=11-15, (49:69)

დორტმუნდი-ბაიერნი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰუმელსი, პიშჩეკი, შმელცერი, სუბოტიჩი, გიუნდოგანი - ბადშტუბერი, რიბერი, პისარო, შვაინშტაიგერი, შაჩირი
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 88 თამაში: +22=28-38, (111:164)

სავარაუდო შემადგენლობები
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - ბლაშჩიკოვსკი, სოკრატისი, მ. ფრიდრიხი, გროსკროიტცი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - ობამეიანგი, მხითარიანი, როისი - ლევანდოვსკი.
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - ლამი, ჟ. ბოატენგი, დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი - რობენი, თ. მიულერი, ტ. კროოსი, გიოტცე - მანჯუკიჩი.

24 ნოემბერი
ჰამბურგი-ჰანოვერი 18:30
დისკვალიფიკაცია: არსლანი - მარსელო
ტრავმა: დიკმაიერი, რაიკოვიჩი, ლამი, დემირბაი, ვან დერ ვაარტი - ფელიპე, პანდერი, ფრანკა, ია კონანი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 50 თამაში: +20=15-15, (75:69)

ვერდერი-მაინცი 20:30
დისკვალიფიკაცია: გარსია - ვეტკლო
ტრავმა: პრიოდლი, ბარგფრედე, იუნუზოვიჩი, პეტერსენი - ჰ. მიულერი, ბუნგერტი, კოხი, ბაუმგარტლინგერი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +8=3-3, (27:15)

ბომბარდირები:
9 - რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი); 8 - ვედად იბიშევიჩი (შტუტგარტი), პიერ-მიშელ ლასოგა (ჰამბურგი), მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული