რობერტ ლევანდოვსკი: მეტი უნდა გამეტანა

AutoSharing Option
ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა გამოთვალეს, რომ გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე არაეფექტური წინა ხაზი დორტმუნდის "ბორუსიას" ჰყავს.

საქმე იმაშია, რომ იურგენ კლოპის გუნდს ამ სეზონში პროცენტულად ყველაზე მეტი საგოლე მომენტი აქვს გაფუჭებული. ეს იმ დროს, როცა დორტმუნდელებს წინა ხაზზე ისეთი შემსრულებლები ჰყავთ, როგორიც რობერტ ლევანდოვსკი, მარკო როისი და ჰენრიხ მხითარიანი არიან. გაზეთ "ბილდის" კორესპონდენტი 25 წლის ლევანდოვსკის სწორედ ამ თემაზე ესაუბრა. პოლონელს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 11 გოლი აქვს გატანილი, რაც ნამდვილად არ არის ცუდი შედეგი, მაგრამ ლევანდოვსკის მეტის გატანაც შეეძლო...

- დორტმუნდის
"ბორუსია" "ლევერკუზენს" უკვე ხუთი ქულით ჩამორჩება, "ბაიერნამდე" კი სულაც 12 ქულა გაშორებთ, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ გერმანიის ჩემპიონობაზე ფიქრი უნდა შეწყვიტოთ. როგორ ფიქრობთ, ამ სეზონის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია?
- ცხადია, რომ "ბაიერნთან" 12-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ მეც და ჩემმა თანაგუნდელებმაც ვიცით, რომ "დორტმუნდს" მეორე წრის დასაწყისში მოგებათა რამდენიმემატჩიანი სერია სჭირდება იმისათვის, რომ სეზონის გადარჩენა რეალური იყოს. მოგებები პირველი წრის ბოლო ტურში, "ჰერტასთანვე" უნდა დავიწყოთ, მერე კარგად დავისვენებთ და მეორე წრისთვის მოვემზადებით.

ჯერ კიდევ მაქვს იმის იმედი, რომ "ლევერკუზენთან" და მით უმეტეს, "ბაიერნთან" ჩამორჩენას შევამცირებთ და გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლა დაიძაბება. ერთი რამ აქსიომაა: ქულები აღარ უნდა დავკარგოთ!

- "დორტმუნდს" ბუნდესლიგაში საქმეები არც ისე კარგად მისდის, პირადად თქვენი შედეგები კი ძველებურად კარგია. გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში 11 გოლის გატანა მოახერხეთ და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე ხართ, რაც კმაყოფილების საბაბი უნდა იყოს...
- არა, ოდნავადაც არ ვარ კმაყოფილი.

- რატომ?
- იმიტომ, რომ უფრო მეტი გოლი უნდა გამეტანა. მართალია, 16 ტურის შემდეგ 11 გოლი კარგი შედეგია და ბომბარდირებშიც პირველი ვარ, მაგრამ ისევე, როგორც სხვებს, მეც ბევრი სხვა მომენტი შემექმნა. საგოლე შანსებს კი გამოყენება უნდა.

- მაინც რამდენით მეტი უნდა გაგეტანათ?
- ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ვხვდები, რომ მეტი უნდა გამეტანა, რადგან ამ წუთასვე მახსენდება, როგორ ვერ გამოვიყენე მომენტები. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი პრობლემა არაა - მომენტების გამოყენება ამ სეზონში მთელ გუნდს უჭირს.

- და რისი ბრალია ეს, თქვენი აზრით?
- ყველაფერი მარტივია: ქულები იმიტომ კი არ გავანიავეთ, რომ ცუდად ვთამაშობთ, არამედ იმის გამო, რომ ზედმეტად ბევრი საგოლე მომენტი გავატანეთ ქარს. საბოლოო ჯამში, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბრალია ის, რომ მესამე ადგილზე ჩამოვქვეითდით, თორემ "ბორუსია" ძველებურად კარგ ფეხბურთს თამაშობს. მეტიც: ამ მხრივ პროგრესსაც ვამჩნევ. სამაგიეროდ, მომენტების რეალიზების კუთხით მოვიკოჭლებთ და საბოლოო რეგრესი სწორედ ამის ბრალია.

- ეს წინა ხაზის პრობლემაა - თქვენი, როისის, მხითარიანის, ობამეიანგის... თქვენი აზრით, როგორ უნდა აღმოიფხვრას ეს პრობლემა?
- ვარჯიშებზე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ ისევ კარზე დაგეშილები გავხდეთ - თუ შეიძლება, რომ ასე ითქვას. პრობლემა ჩვენს ფეხებში კი არა, თავებშია! თუმცა პოზიტივიც უნდა დავინახოთ: კარგია ის, რომ ბევრი მომენტი გვექმნება. საგოლე შანსის მიღებასაც მოხერხება უნდა. მომენტებს რომ ვერ ვქმნიდეთ, ეს გაცილებით სერიოზული პრობლემა იქნებოდა.

- როდის დადასტურდება ოფიციალურად ის, რომ ზაფხულში დორტმუნდის "ბორუსიას" დატოვებთ და "ბაიერნში" გადახვალთ?
- როგორც იტყვიან, ვნახოთ...

- ასე "ბაიერნში" ლაპარაკობენ ხოლმე. იმას მაინც თუ დაგვიდასტურებთ, რომ "ბაიერნში" აუცილებლად გადახვალთ?
- არანაირი კომენტარი. მადლობა ინტერვიუსთვის.

ვინ რამდენი საგოლე მომენტი გააფუჭა ბუნდესლიგაში?

გუნდი დარტყმა გოლი* გაცუდებული მომენტი
1. დორტმუნდი 297 37 260
2. ბაიერნი 292 41 251
3. ვოლფსბურგი 243 25 218
4. ჰანოვერი 233 22 211
5. აუგსბურგი 229 20 209
6. ჰამბურგი 237 31 206
7. აინტრახტი 213 17 196
8. ლევერკუზენი 227 31 196
9. ბრაუნშვაიგი 197 9 188
10. ნიურნბერგი 193 17 176
11. მაინცი 198 22 176
12. გლადბახი 207 31 176
13. ჰოფენჰაიმი 206 36 170
14. ჰერტა 191 25 166
15. ვერდერი 183 19 164
16. შალკე 190 30 160
17. შტუტგარტი 183 28 155
18. ფრაიბურგი 155 15 141

* - ავტოგოლები არ ჩაითვალა

ასევე იხილეთ:
რობერტ ლევანდოვსკის ცოლი კარატეში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული