იურგენ კლოპი: საფეხბურთო მატჩი სპექტაკლი უნდა იყოს

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მარტო კარგი საფეხბურთო სპეციალისტი არაა.

46 წლის გერმანელი საინტერესო ადამიანიცაა, რაც მის ნებისმიერ ინტერვიუსა და თუნდაც კომენტარში დასტურდება. ამის მორიგი დასტურია გაზეთ "რაინიშე პოსტში" გამოქვეყნებული საშობაო ინტერვიუ, რომელშიც კლოპი ფეხბურთზე, საფეხბურთო და არასაფეხბურთო ემოციებზე, გასულ წელსა და იმაზეც საუბრობს, თუ რა ვალდებულებები აკისრია საფეხბურთო სამყაროს მომავლის ანგარიშში.

- ჰერ კლოპ, გვეჩვენება, თუ ამ ბოლო დროს კითხვებზე ნერვიულად რეაგირებთ?
- ჩვენმა მედიადირექტორმა ამას წინათ გამაფრთხილა, კომენტარების გაკეთებისას ყურადღებით იყავი, ისე არ გამოვიდეს, რომ ყველა ჟურნალისტი
გაგინაწყენდესო. ვიცი, ეს რატომაც მითხრა - ბოლო დროს მართლა ხშირად ვლაპარაკობ ისე, თითქოს ვფიქრობ, რომ ჟურნალისტები არაფრის აზრზე არ არიან. ნამდვილად არ მინდა, რომ ჟურნალისტები ასე ფიქრობდეთ.

მე ყოველთვის მხოლოდ იმაზე და ისე ვრეაგირებ, რასაც მეკითხებიან და როგორც მეკითხებიან. როცა რაღაცაზე ვფიქრობ, რომ ეს სისულელეა, იგნორირება უბრალოდ არ შემიძლია. არ შემიძლია და რა ვქნა? ვერ ვიტან, როცა ვხვდები, რომ ჟურნალისტი პრესკონფერენციაზე ან ინტერვიუზე აბსოლუტურად მოუმზადებელი მოვიდა და საფეხბურთო ასპექტებით დაინტერესებული არაა.

"ჰოფენჰაიმთან" ჩატარებული მატჩი და შემდგომი პრესკონფერენცია ამის საუკეთესო მაგალითი იყო. ეს იყო შესანიშნავი საფეხბურთო სპექტაკლი, უდიდესი ბრძოლითა და ბევრი საგოლე მომენტით - ამ დროს, ჟურნალისტი იმ მომენტზე მეკითხება, როცა როისი ლაინსმენს დაეჯახა. მეც ნერვები ვეღარ მოვთოკე და საკადრისი პასუხი გავეცი.

- ახლა ჟურნალისტებიც გაცილებით სერიოზულად გიყურებენ, ვიდრე ადრე...
- რა თქმა უნდა! ბოლო დროს ინტერვიუებზე თანხმობის მიცემას ვეღარც კი ვბედავ, რადგან ინტერნეტსაიტები ყოველთვის ახერხებენ იმას, რომ წინადადებები კონტექსტიდან ამოჭრან. შედეგად, ჩემ მიერ ნათქვამ წინადადებებს ვეღარ ვცნობ ხოლმე. ასეთ საქციელს ყოველთვის ვერ ვიტანდი, მაგრამ ენაზე კბილის დაჭერა დღემდე ვერ ვისწავლე.

იმ პრესკონფერენციაზე სიტყვა "ბინძური ცხოვრება" ვახსენე - ჟურნალისტს ვუთხარი, ვისურვებდი, რომ ასეთი ბინძური ცხოვრება არ გქონდეს-მეთქი. ვიგულისხმე ის, რომ გამოცემას, რომელსაც წარმოადგენდა, ფეხბურთზე მეტად ის აინტერესებს, თუ რა ვიფიქრე იმ დროს, როცა როისი ლაინსმენს დაეჯახა.

პრესკონფერენციიდან რომ გამოვედი, მაშინვე გავიფიქრე: კლოპ, რა იდიოტი ხარ, შენ ხომ სწორედ ის გააკეთე, რაც ყველაზე მეტად უნდოდათ-მეთქი.

- წესით, ყველაზე კარგად სწორედ თქვენ უნდა იცოდეთ, რა სჭირდება მედიას...
- მათი კარგად მესმის და ყველაფერი ვიცი. რაც უნდა იყოს, ერთ ტელეკომპანიაში პრაქტიკა გავიარე, მეორეში კი ვმუშაობდი. რომ არა მედია, ფეხბურთის თამაში მიწისქვეშეთშიც შესაძლებელი იქნებოდა და კაციშვილს არ დააინტერესებდა...

- რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის შობას და ახალ წელს, გარდა იმისა, რომ იცით: ამ დროს თქვენი ფეხბურთელები ისვენებენ...
- ეს წელიწადის ყველაზე მშვიდი პერიოდია, რომელიც შეგიძლია, ოჯახს მიუძღვნა. მომწონს ის, რომ ამ დროს მთელი მსოფლიო მშვიდადაა. შეგიძლია, ყველაფრისგან გამოერთო და დაისვენო. ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, შობას ზუსტად ისეთი დატვირთვა აქვს, როგორიც უნდა ჰქონდეს.

- სიმშვიდეში გასულ წელზეც იფიქრებთ...
- ექსტრემალური წელიწადი იყო და მოხდა ყველაფერი, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. წლის პირველი ნახევარი გრანდიოზული იყო, პრობლემები კი ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან, ზუსტად იმ მომენტიდან დაიწყო, როცა არიენ რობენმა ის გოლი გაგვიტანა. ჩემმა გუნდმა ლონდონის საგზურის მოპოვებით შეუძლებელი შეძლო, ფინალში წაგების შემდეგ კი იძულებულები გავხდით, მომავალზე გვეფიქრა და ყველაფერი, დიახ, ყველაფერი თავიდან დაგვეწყო.

დავიწყეთ კიდეც და საკმაოდ კარგად, მაგრამ მერე იმან, ვისაც ზემოთ ტრავმების საკითხები ეხება, რატომღაც ზურგი გვაქცია და კრიზისში, რომელიც წლის ბოლოს მივიღეთ, ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა.

- მიუხედავად წამყვანი ფეხბურთელების დაშავებისა, თქვენი გუნდი ბოლომდე მაინც არ აიჭრა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გააღწია...
- დღეს დორტმუნდის "ბორუსიას" უკვე ყველა ისე უყურებს, როგორც გრანდს და ისე გვეთამაშებიან, როგორც გრანდს. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს გრძელი სათადარიგოთა სკამი და მაშინ, როცა წამყვანი ფეხბურთელები ტრავმებს იღებენ, "ბორუსია" "ბორუსია ლაითად" გადაიქცევა ხოლმე.

მიუხედავად ამისა, ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი საგოლე მომენტი შევქმენით, თუმცა ცხოვრება და კერძოდ, საფეხბურთო ცხოვრება ასეთია: როცა 99 პროცენტს სწორად აკეთებ, ის ერთი პროცენტიც სწორად უნდა გააკეთო, თორემ მაინც ვერაფერს მიიღებ.

- სწორედ ის 1 პროცენტი ხდება ფრუსტრირების მიზეზი...
- ამ ბიჭებთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა. ამ წლების განმავლობაში იმას მივაღწიეთ, რომ ეს ბიჭები უკვე ვალდებულები არიან, მოიგონ. გაიხსენეთ, ბოლოს როდის ჩაგვეთვალა ფრე წარმატებაში?

- კრიზისს მხოლოდ ტრავმიანობას აბრალებთ?
- ტრავმიანობაცაა და ტრავმიანობაც, ჩვენ კი გუნდის ხერხემალი გამოგვეცალა, რის გამოც ჩვენი თამაში მთლიანად შეიცვალა. დაგვიშავდა ორივე მთავარი ცენტრალური მცველი, ორივე ფლანგის მცველი, 2-3 საყრდენი ნახევარმცველი. შესაბამისად, შეიცვალა მთელი სტრუქტურა და მიუხედავად ამისა, საგოლე მომენტებს მაინც ვქმნიდით.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შვიდი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე გავაღწიეთ. მიხარია ის, რომ მიუხედავად ამდენი მოთამაშის დამტვრევისა, სტაბილურობა მაინც შევინარჩუნეთ. მართალია, ბუნდესლიგაში მეოთხე ადგილამდე ჩამოვქვეითდით, მაგრამ ჩვენზე მეტად აჭრილი გუნდებიც ბევრი მინახავს.

- იყო თუ არა ეს ყველაზე რთული ექვსი თვე მას მერე, რაც "დორტმუნდში" მუშაობთ?
- არა, მაგრამ ტრავმების მხრივ, სულაც ჩემს სამწვრთნელო კარიერაში იყო ყველაზე რთული პერიოდი. ამ დეკადის დადებითი მხარე მხოლოდ ის იყო, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა: ერიკ დურმმა, მარიან ზარმა, იონას ჰოფმანმა და სხვებმა მიიღეს იმის შანსი, რომ ფეხბურთი უმაღლეს დონეზე ეთამაშათ.

- ამბობენ, "დორტმუნდი" ზაფხულში არასათანადოდ გაძლიერდაო. არც ამ მოსაზრებას ეთანხმებით?
- ზაფხულში ყველა პოზიციაზე კარგად ვიყავით დაკომპლექტებული. წინასწარ როგორ უნდა იფიქრო, რომ ყველაფერი ერთბაშად დაგატყდება? თუმცა ჩვენ არც თავს ვიმართლებთ და არც ის გვინდა, რომ ვინმეს ვებრალებოდეთ.

- არის თუ არა დორტმუნდის "ბორუსია" ჯერ კიდევ გრანდი?
- ზოგიერთი მეტოქე გრანდად ალბათ აღარ მიგვიჩნევს. მაგალითად, "ჰოფენჰაიმთან" მატჩის შემდეგ "ჰოფეს" თავკაცმა მარკუს გისდოლმა თქვა, ბედნიერი ვარ, რომ სამაგალითო კლუბთან და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტთან ფრე ვითამაშეთო. არადა, იმ გუნდიდან, რომელმაც ფინალში ითამაშა, "ჰოფენჰაიმთან" მოედანზე ძალიან ცოტა მოთამაშე მყავდა. მე ვისურვებდი, რომ "დორტმუნდი" მისაბაძი მაგალითი კი არა, ლიდერი იყოს. თანაც, ჩვენი ტაქტიკა და ჩვენი ფეხბურთი ჯადოქრობის შედეგი ნამდვილად არ არის.

- არადა, ხანდახან ასე ჩანს...
- შესაძლოა, მაგრამ ჩვენ ველოსიპედი თავიდან არ გამოგვიგონებია.

- ვინ გამოიგონა "ეს ველოსიპედი"?
- წლების წინ ვოლფგანგ ფრანკმა მაინცში ჩამოიტანა ვიდეოკასეტა, სადაც "მილანის" თამაში და ვარჯიში იყო ჩაწერილი და უნდა გენახათ, როგორ ვუყურებდით იმას, თუ როგორ თამაშობდა გრანდი ოთხი მცველით. გერმანიაში მაშინ ოთხი მცველით არცერთი კლუბი არ თამაშობდა. არიგო საკის "მილანი" მსოფლიოში საუკეთესო გუნდი იყო - ბარეზით, მალდინით და ალბერტინით. ჩვენც მივბაძეთ და ვარჯიში დავიწყეთ. გერმანიაში ოთხი მცველით თამაშს ბევრი მიიჩნევდა უტოპიად, მაგრამ ვარჯიშიც და თამაშიც ადვილი გამოდგა.

არც ჩვენი ფეხბურთია უტოპიური და საიდუმლოებებით მოცული - ბევრი უნდა ვიშრომოთ და მაგრად უნდა დავიხარჯოთ იმისათვის, რომ ისე ვითამაშოთ, როგორც ვთამაშობთ ხოლმე. ჩვენი საიდუმლო ბევრ სირბილშია და ეს უკვე ყველამ იცის. აღარავის უკვირს, მატჩის შემდეგ სტატისტიკაში რომ იწერება, მეტოქემ 115 კილომეტრი ირბინა, დორტმუნდის "ბორუსიამ" კი 122 კილომეტრიო.

- მაგრამ "დორტმუნდმა" სწორედ ამ "მარტივი" ფეხბურთით მოახდინა მთელ ევროპაზე შთაბეჭდილება. საკუთარ თავს განდიდების მანიის ნიშნებს ხომ არ ატყობდით?
- არა, ნამდვილად არა! მე რაც უნდა მოვიფიქრო და ვილაპარაკო, ბოლოს ყველაფერი ფეხბურთელებზეა დამოკიდებული, რომლებმაც ჩემი დავალებები ზუსტად უნდა შეასრულონ. მე და ჩემს სამწვრთნელო შტაბს უბრალოდ გვჯეროდა, რომ ეს კონცეფცია დორტმუნდში გაამართლებდა და გვიხარია, რომ გაამართლა. თანაც, ძალიან მოკლე დროში. ახლა კი ყველა ფიქრობს: თუ "დორტმუნდმა" შეძლო, ჩვენც შევძლებთო. ვნახოთ...

- მოკლედ, ქების მიღებას არ აპირებთ?
- ვიღებ და ვაფასებ კიდეც, მაგრამ თუ საქებარ სიტყვებს ძალიან ახლოს მოუშვებ, აუცილებლად მოგადუნებს და, შესაბამისად, დაგასუსტებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ძალიან ბევრი, უთვალავი ადამიანი, ვისთვისაც დაუჯერებლად მნიშვნელოვანია ის, რასაც ვაკეთებთ და როგორც ვაკეთებთ. ჩვენ ასეთ ადამიანებთან ვართ ვალში. მათ მძიმე სიტუაციებშიც უნდა ვაჩვენოთ, რომ არ ვნებდებით. ფეხბურთში ყველაზე მეტად მისი სიცოცხლისუნარიანობა მიყვარს.

ვცდილობ, ფეხბურთელებს მუდმივად იმაზე ველაპარაკო, რომ ფეხბურთში მთავარი სიცოცხლეა. ბოლოს ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, შედეგია და ამ მოსაზრებას ასი პროცენტით ვეთანხმები, მაგრამ ჩემთვის სულერთი არაა, როგორ მივალთ შედეგამდე. საფეხბურთო მატჩი ისეთ სტადიონზე, როგორიც ჩვენ გვაქვს, თავგადასავლებით აღსავსე სპექტაკლი უნდა იყოს.

უნდა ვგრძნობდე, რომ მიღწეული შედეგი ყველანაირად დამაკმაყოფილებელია. ამიტომაც ვარბენინებ ბიჭებს ამდენს, ამიტომაც მიყვარს ორთაბრძოლები და მეტოქის ტაქტიკურად დამარცხება. ჩვენი და ზოგადად, ფეხბურთში მოღვაწე ნებისმიერი ადამიანის ვალია, აკეთოს ის, რაც პუბლიკას მოსწონს. იმიტომ, რომ პუბლიკა ფეხბურთში თვით ფეხბურთელებზე მნიშვნელოვანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კლოპ როგორ ვერ გიტანდი და რა მაგრად მევასები ეხლა,მაგარი კაცი ხარ,ღმერთმა გაგიმარჯოს :)
soso
17:36 27-12-2013
0
იურგენ კლოპი: "ჩვენი საიდუმლო ბევრ სირბილშია და ეს უკვე ყველამ იცის. აღარავის უკვირს, მატჩის შემდეგ სტატისტიკაში რომ იწერება, მეტოქემ 115 კილომეტრი ირბინა, დორტმუნდის "ბორუსიამ" კი 122 კილომეტრიო.

ფეხბურთში მთავარი სიცოცხლეა.

პუბლიკა ფეხბურთში თვით ფეხბურთელებზე მნიშვნელოვანია".

ჩვენი მწვრთნელები როდის იზროვნებენ ასე?
guja_kakhadze
18:43 27-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული