მიუნხენის "ბაიერნმა" რობერტ ლევანდოვსკი გაიფორმა!

AutoSharing Option
გერმანული ტოპ-კლუბები - მიუნხენის "ბაიერნი" და დორტმუნდის "ბორუსია" მეორე წრისთვის მზადებას შეუდგნენ, მანამდე კი დახურეს თემა, რომელიც ორივე კლუბის გულშემატკივრებს დიდი ხნის განმავლობაში ანერვიულებდათ: შაბათს დორტმუნდელთა პოლონელი გოლეადორი რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენში იმყოფებოდა.

25 წლის თავდამსხმელმა ნაშუადღევს "ბაიერნში" სამედიცინო შემოწმება გაიარა და რეკორდმაისტერთან 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რაც მიუნხენური გრანდის ამჟამინდელი შემადგენლობისთვის რეკორდია - ასეთი ხანგრძლივი კონტრაქტი სხვა არც ერთ ბაიერნელს არ აქვს გაფორმებული.

ხელფასი: 8 მილიონი ევრო წელიწადში
ჩვენი გერმანელი კოლეგები ლევანდოვსკის ბავარიულ ხელფასზეც წერენ: "ბილდის" ცნობით, რობერტი "ბაიერნში" ყოველწლიურად 8
მილიონ ევროს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ბავარიული გრანდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეები ფრანკ რიბერი, ფილიპ ლამი და ბასტიან შვაინშტაიგერი არიან - მათი ხელფასი წელიწადში დაახლოებით 10 მილიონი ევროა.

ამრიგად, ლევანდოვსკი "ბაიერნის" ფეხბურთელი ზაფხულიდან გახდება და რაც ყველაზე საინტერესოა, მიუნხენელებს ეს ტრანსფერი ერთი ცენტიც კი არ დაუჯდებათ, რადგან რობერტს "დორტმუნდთან" კონტრაქტი უმთავრდება. მან კონტრაქტი 2019 წლამდე რომ გააფორმა, ეს ინფორმაცია მიუნხენელებმა ოფიციალურად შაბათს დაადასტურეს:

"ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ეს გარიგება შედგა, - ნათქვამია ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგეს განცხადებაში, - რობერტ ლევანდოვსკი დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია, რომელიც "ბაიერნს" კიდევ უფრო გააძლიერებს."

დამალობანა
როგორც იცით, ლევანდოვსკის ახალ კლუბთან კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად 2014 წლის პირველი იანვრიდან შეეძლო. პოლონელი მიუნხენში შაბათს ვარშავიდან ჩავიდა და ჟურნალისტებს მთელი დღის განმავლობაში დამალობანას ეთამაშებოდა.

შუადღისას, სამედიცინო შემოწმების გასავლელად "ბაიერნის" მთავარი ექიმის, ჰანს-ვილჰელმ მიულერ ვოლფარტის კანტორაში მეზობლად მდებარე საცხობიდან გადავიდა, რათა ჟურნალისტებს არ გადაჰყროდა. სამედიცინო შემოწმების დასრულების შემდეგ კი, თავზე ქუდჩამოფხატებულმა და სახეზე კაშნეშემოხვეულმა სწრაფად მიაშურა შავი ფერის "აუდის", რომლითაც ლევანდოვსკი "ბაიერნის" ბოსებთან უკვე კონტრაქტზე ხელის მოსაწერად წაიყვანეს.

იცოდნენ თუ არა დორტმუნდში იმის შესახებ, რომ რობერტი მიუნხენში კონტრაქტს აფორმებდა? "ეს ამბავი არ გაგვიკვირდა, რადგან ყველაფერი შეთანხმებული იყო," - აცხადებს "ბორუსიას" გენერალური მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკე და იქვე დასძენს: "რობერტთან ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს და არ მეშინია, რომ სეზონის მეორე ნახევარში ისე არ დაიხარჯება, როგორც საჭიროა. ლევანდოვსკი პროფესიონალია და "ბორუსიასთვის" ბოლომდე მაქსიმუმს გააკეთებს."

რობერტ ლევანდოვსკი "ბაიერნში" რომ გადავიდოდა, ამის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს გახდა, თუმცა ტრანსფერს ოფიციალურად არავინ ადასტურებდა, რის გამოც ამ გარიგებას საფეხბურთო გერმანიაში შაბათამდე ფარდაახდილ საიდუმლოს უწოდებდნენ.

ახლა კი დორტმუნდის "ბორუსიას", რომელიც 2011 და 2012 წლებში ზედიზედ ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და ამით "ბაიერნი" უკიდურესად შეურაცხყო, რეკორდმაისტერმა მარიო გიოტცეს შემდეგ მეორე ლიდერიც ოფიციალურად წაართვა. შეგახსენებთ, რომ "ბაიერნის" ყოფილ დამრიგებელ იუპ ჰაინკესს ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ წამოსცდა, ლევანდოვსკიც ხომ მალე გადმოვაო, რაზეც დორტმუნდში მრისხანე რეაქცია ჰქონდათ.

დღეს "ბორუსიას" შეფ ვატცკეს გიოტცესა და ლევანდოვსკის დაკარგვაზე ასეთი რეაქცია აქვს: "ამ ტრანსფერებზე უკვე ყველაფერი ითქვა. მე მხოლოდ წინ ვიხედები!"

რუმენიგე: მანჯუკიჩს არ ვყიდით!
რამდენად ესადაგება რობერტ ლევანდოვსკი "ბაიერნს"? "ბაიერნის" ექსგოლეადორი, 41 წლის ჯოვანი ელბერი ამბობს: "ბაიერნში" გადასვლა ნებისმიერი თავდამსხმელისთვის რისკია, ლევანდოვსკისთვის კი ორმაგი რისკი უნდა იყოს, რადგან ხოსეპ გვარდიოლა გუნდს ძალიან ხშირად კლასიკური ცენტრფორვარდის გარეშე ათამაშებს."

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბავარიელები ზაფხულში მარიო მანჯუკიჩს გაყიდიან? რუმენიგე ამბობს, მის გაყიდვაზე არც კი ვფიქრობთო.

რამდენად რეალურია დავიდ ლუისის ტრანსფერი?
ახალი წლის დღეებში გერმანულ და ინგლისურ პრესაში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ "ბაიერნი" ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელი მცველით, დავიდ ლუისითაა დაინტერესებული.

რამდენად რეალურია 26 წლის ცენტრალური მცველის ტრანსფერი მიუნხენში? რუმენიგემ ამ კითხვას ასე უპასუხა:

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჭორია. ყოველ შემთხვევაში, იანვარში არავის დამატებას არ ვაპირებთ, საზაფხულო ტრანსფერებზე კი ჯერ არ ვფიქრობთ. არც არაფერი დაგვიგეგმავს და შესაბამისად, დასამალიც არაფერი გვაქვს. პირადად მე იმაზე ვოცნებობ, რომ ჰოლგერ ბადშტუბერი მალე გამოჯანმრთელდეს. ეს უკანასკნელი მწყობრში რომ ჩადგება, "ბაიერნისთვის" ახალწვეულივით იქნება, რადგან უკვე ძალიან დიდი ხანია, ფეხბურთი არ უთამაშია. ბადშტუბერი ძალიან კარგი ბიჭი და "ბაიერნისთვის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელია,
" - უთხრა რუმენიგემ Bayern TV-ს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რობერტ ლევანდოვსკი "ბაიერნში" წელიწადში 8 მილიონ ევროს მიიღებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული