შაბათს ორი უაღრესად საინტერესო თამაშია: ჩრდილოეთის დერბი და "ბაიერნისა" და "შალკეს" დუელი. დორტმუნდის "ბორუსიას" ამ ტურში "ნიურნბერგთან" ექნება საქმე.
კვირას "ვოლფსბურგი" "ჰოფენჰაიმს" მასპინძლობს და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლის გაგრძელება გამარჯვებით უნდა, უმძიმეს კრიზისში მყოფი "შტუტგარტი" კი ფრანკფურტში ჩადის.
28 თებერვალს გასამართ მატჩში ვეტერანი ქართველი ლევან კობიაშვილი ისევ "ჰერტას" ძირითად შემადგენლობაში მოიაზრება.
"ჰერტას" შემადგენლობაში საეჭვოა მთავარი გოლეადორის, ადრიან რამოსის თამაში. მისი შემცვლელი სანდრო ვაგნერი კი დისკვალიფიცირებული გახლავთ.
შესაძლოა, "ჰერტას" წინა ხაზზე სამი ალაგუი ვიხილოთ.
"ფრაიბურგი" გადარჩენისთვის იბრძვის და ქულები ჰაერივით სჭირდება, ბერლინელთა მიზანი კი ევროპალიგის საგზურის მოპოვებაა.
"ნიურნბერგის" რთული მისია დორტმუნდში
ბუნდესლიგის წინა ტურში დორტმუნდის "ბორუსია" მოულოდნელად "ჰამბურგთან" განადგურდა (0:3), თუმცა იურგენ კლოპის შეგირდებმა ხასიათი ჩემპიონთა ლიგაში გამოიკეთეს: "ბორუსიამ" სანკტ-პეტერბურგში "ზენიტი" 4:2 დაამარცხა და ცალი ფეხით მეოთხედფინალშია.
შესაბამისად, დორტმუნდელებს შეუძლიათ, მთლიანად ბუნდესლიგაზე გადაერთონ. მათი მეტოქე ამჯერად გადარჩენისთვის მებრძოლი "ნიურნბერგია".
ამ ერთ კვირაში კლოპს სვენ ბენდერიც გამოაკლდა და "ნიურნბერგთან" ვერც ლიდერ მარკო როისს გამოიყენებს - ამ უკანასკნელმა ჰამბურგში მეხუთე გაფრთხილება მიიღო და დისკვალიფიცირებულია.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ნიურნბერგმა" მეორე წრეში ფორმა აკრიფა და ხუთიდან ოთხი მატჩის მოგება შეძლო.
გამოცოცხლდება "ლევერკუზენი"?
მართალია, "ლევერკუზენი" ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში ჯერ კიდევ მეორე ადგილზეა, მაგრამ კრიზისი დაეწყო.
"ფარმაცევტების" გოლეადორი შტეფან კისლინგი ამბობს, ეს ჩემს კარიერაში ურთულესი 10 დღე იყოო და ფაქტია, რომ გარდა თავისი პირადი უშედეგობისა, "კაიზერსლაუტერნთან" (თასზე 0:1 დამატებით დროში), "შალკესთან" (1:2), პსჟ-სთან (ჩემპიონთა ლიგაში, 0:4) და ვოლფსბურგში (1:3) წაგებებს გულისხმობს.
ამ ტურში სამი ჰიიპიას გუნდი კარგ ფორმაში მყოფ "მაინცს" მასპინძლობს. ჰიიპიას ფონს გასვლა კასტროსა და სპაჰიჩის გარეშე მოუწევს (ორივე დისკვალიფიცირებულია). "მაინცმა" ბოლო რვა მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო და ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვის.
ჩრდილოეთის დერბი გადარჩენისთვის
"ვერდერისა" და "ჰამბურგის" დაპირისპირებას ინტრიგა და ინტერესი არასდროს აკლია, რადგან ეს ჩრდილოეთის დერბია, ამ შემთხვევაში კი ბრძოლა განსაკუთრებით საინტერესო უნდა გამოვიდეს, რადგან ორივე სახელოვან კლუბს მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე ემუქრება.
"ჰამბურგი" მწვრთნელის შეცვლის შემდეგ გამოსწორდა და მირკო სლომკას სადებიუტო მატჩში "დორტმუნდის" დამარცხება შეძლო.
შესაბამისად, ჰამბურგელები ბრემენელებს მხოლოდ ერთი ქულითღა ჩამორჩებიან. "ვერდერის" თავკაც რობინ დუტს დაცვაში იმპროვიზირება მოუწევს, რადგან კროოსი და კალდიროლა დისკვალიფიცირებულები არიან. "ჰამბურგს" რაფაელ ვან დერ ვაარტი უბრუნდება.
მორიგი რეკორდი თუ "შალკეს" სენსაცია?
ტურის აბსოლუტური ტოპ-მატჩი კი "ბაიერნისა" და "შალკეს" ჯახია. მიუნხენელები გერმანიის მორიგი ჩემპიონობისკენ ელვის სისწრაფით "მიფრინავენ" - რეკორდმაისტერმა ბუნდესლიგაში ზედიზედ 14 თამაში მოიგო და მეორეადგილოსან "ლევერკუზენთან" უკვე 19-ქულიანი უპირატესობა აქვს. საერთო ჯამში კი, "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონატში 47-მატჩიანი წაუგებელი სერიით იწონებს თავს.
ბავარიელთა კაპიტანი ფილიპ ლამი ამბობს, ერთ მშვენიერ დღეს ჩვენც წავაგებთო, მაგრამ როდის იქნება ის ერთი მშვენიერი დღე? ფაქტი ის არის, რომ ლამს და კომპანიას მოდუნება არ ეტყობათ და "შალკესთანაც" ფავორიტებად მიიჩნევიან.
გელზენკირხენულ კლუბს ამ მნიშვნელოვანი მატჩის წინ ხასიათი კიდევ უფრო წაუხდა - "შალკე" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ რაუნდში მადრიდის "რეალთან" 1:6 შერცხვა...
"ვოლფსბურგს" ჩემპიონთა ლიგაში უნდა
სწორედ "შალკეს" მორიგ წაგებას ელის "ვოლფსბურგი", რომლის მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა და "შალკეს" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. გამოდის, რომ თუ "ბაიერნი" ისევ თავისებურად ივაჟკაცებს და "შალკეს" დაამარცხებს, ვოლფსბურგელებს ჰოფენჰაიმში მოგების შემთხვევაში მეოთხე ადგილზე ანაცვლების შანსი გაუჩნდებათ.
გერმანია. ბუნდესლიგა. XXIII ტური
28 თებერვალი
ჰერტა-ფრაიბურგი 23:30
დისკვალიფიკაცია: ვაგნერი (ჰერტა)
ტრავმა: ბაუმიოჰანი, ლუსტენბერგერი - ჰედენსტადი, ტერაცინო
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +8=6-3, (26:18)
1-ლი მარტი
დორტმუნდი-ნიურნბერგი 18:30
დისკვალიფიკაცია: როისი - ნილსონი
ტრავმა: ჰუმელსი, სუბოტიჩი, ს. ბენდერი, ბლაშჩიკოვსკი, გიუნდოგანი - ჩენდლერი, მარკოს ანტონიო, ჰასებე, გინჩეკი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 63 თამაში: +31=19-13, (106:68)
ლევერკუზენი-მაინცი 18:30
დისკვალიფიკაცია: სპაჰიჩი, კასრო - ნ. მიულერი
ტრავმა: კრუსი - ბაუმგარტლინგერი, დ. შაჰინი
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +6=3-6, (24:32)
ვერდერი-ჰამბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: კალდიროლა, ფ. კროოსი (ორივე - ვერდერი)
ტრავმა: იგნიოვსკი - დრობნი, ლამი, დემირბაი, ილიჩევიჩი, ბაისტერი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +1=0-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 99 თამაში: +35=33-31, (148:148)
აუგსბურგი-ჰანოვერი 18:30
დისკვალიფიკაცია: კალსენ-ბრაკერი (აუგსბურგი)
ტრავმა: ჰიტცი, ბობადილია, ექინი, მიოლდერსი - ჩერუნდოლო, ფელიპე, პანდერი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +0=2-3, (3:8)
ბრაუნშვაიგი-გლადბახი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ერვიგ-დრიუპელი, ხელიფი, კორტე, იორლი - ვენდტი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 37 თამაში: +6=12-19, (30:77)
ბაიერნი-შალკე 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბადშტუბერი, თ. მიულერი, რიბერი - აოგო, ფელიპე სანტანა, კირხჰოფი, უჩიდა, კლემენსი, ჰიოგერი
სავარაუდო შემადგენლობა
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, ჟ. ბოატენგი, დანტე, ალაბა - ლამი, შვაინშტაიგერი - რობენი, ტ. კროოსი, გიოტცე - მანჯუკიჩი.
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - ჰიოვედესი, პაპადოპულოსი, მატიპი, ფუხსი - კ. ბოატენგი, ნოიშტედტერი - ფარფანი, მ. მაიერი, გორეტცკა - ჰუნტელაარი.
ბოლო 6 მატჩი
+6=0-0 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 87 თამაში: +44=25-18, (180:97)
2 მარტი
ჰოფენჰაიმი-ვოლფსბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვუკჩევიჩი - ვიეირინია
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +3=2-6, (16:26)
აინტრახტი-შტუტგარტი 20:30
დისკვალიფიკაცია: შვეგლერი - იბიშევიჩი
ტრავმა: ანდერსონი, ჩელოცი, კიტელი, როდე, შტენდერა - კირშბაუმი, რ. ხედირა, როხასი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +0=0-6
ურთიერთშეხვედრები
სულ 85 თამაში: +28=19-38, (139:157)
ბომბარდირები:
14 - რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი), ადრიან რამოსი (ჰერტა); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნი); 11 - იოზიპ დრმიჩი (ნიურნბერგი), პიერ-მიშელ ლასოგა (ჰამბურგი), რობერტო ფირმინო (ჰოფენჰაიმი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"