გერმანია. ბუნდესლიგა. XIII ტური: "დორტმუნდი" ფსკერზე დაილექა [VIDEO]

AutoSharing Option
* "ვოლფსბურგმა" ამ სეზონში მეშვიდედ გაიტანა გოლი პირველ 15 წუთში.

* "ბაიერნს" 13 ტურში 3 გოლი აქვს გაშვებული, რაც ბუნდესლიგის რეკორდის გამეორებაა.

* კლაას-იან ჰუნტელაარს "შალკეს" შემადგენლობაში 100 გოლი დაუგროვდა (156 მატჩში).

* "შალკეს" 21 გოლიდან 16-ში მონაწილეობა მიიღეს ჩუპო-მოტინგმა და ჰუნტელაარმა.

* "ვერდერის" შემადგენლობაში ითამაშა 17 წლის, 11 თვისა და 21 დღის მაქსიმილიან ეგეშტაინმა. ის მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია ბუნდესლიგის ისტორიაში თომას შააფის შემდეგ.


ფრანკფურტის "აინტრახტთან" წაგება მერვე აღმოჩნდა იურგენ კლოპის "დორტმუნდისთვის", რომელიც მე-13 ტურის შემდეგ ბოლო ადგილზე აღმოჩნდა
გერმანიის ჩემპიონატის გათამაშების ცხრილში...

"ბაიერნს" ნახევარი ძალა ეყო
ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტისთან" წაგების შემდეგ ბევრს ეგონა, რომ "ბაიერნი" ჯავრს "ჰერტაზე" იყრიდა, რომელთანაც ბოლო 20 მატჩში მხოლოდ ერთი წაგება ჰქონდა და ბოლო ექვსი მატჩი ისე მოუგო, რომ თითოში მინიმუმ სამი გაიტანა.

მასპინძლები შეშინებულები გავიდნენ მოედანზე და "ბაიერნმა" ტოტალური უპირატესობა მოიპოვა, ოღონდ მისი რეალიზება მხოლოდ 27-ე წუთზე შეძლო, როცა მიულერმა ქუსლით დაუგორა რობენს და ჰოლანდიელმა 22 მეტრიდან ლამაზი მოჭრილი დარტყმით გახსნა ანგარიში. ეს საჯარიმოს გარედან მეექვსე გოლია ბავარიელებისთვის.

მეორე ტაიმში "ჰერტა" გათამამდა და რამდენიმე კარგი შეტევაც ჰქონდა, მაგრამ ხეირიან დარტყმამდე საქმე არ მისულა. და მაინც, მასპინძლებმა ერთხელ აანერვიულეს "ბაიერნის" ფანები - 86-ე წუთზე საჯარიმოში მიიღო ბურთი ბრუქსმა, რომელსაც ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ ამერიკელმა ააცილა. არადა, რომ გაეტანა, ეს იქნებოდა კარგი სასჯელი ნახევარი ძალით მოთამაშე "ბაიერნისთვის". თუმცა ისიც აღვნიშნოთ, რომ "ჰერტას" ფრე არ დაუმსახურებია.

ფრანკ რიბერიმ 185-ე მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში და ეს რეკორდია ფრანგი ფეხბურთელებისთვის. რიბერიმ მატიო დელპიერს გაუსწრო. და კიდევ, "ბაიერნს" 13 ტურში 3 გოლი აქვს გაშვებული და ეს "შტუტგარტის" რეკორდის გამეორებაა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

განადგურება რაინის დერბიში
ტურის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული დაპირისპირება იყო რაინის დერბი "ლევერკუზენსა" და "კიოლნს" შორის. "ბაიერს" ოთხეულში ადგილის შენარჩუნების კარგი შანსი ჰქონდა, რადგან "თხებთან" ბოლო 18 მატჩში 12 მოიგო და მხოლოდ ორჯერ დამარცხდა. თუმცა ისიც ცნობილია, რომ "კიოლნი" წელს სტუმრად უფრო მეტ ქულას აგროვებს, ვიდრე შინ და მატჩში ანგარიში სწორედ სტუმრებმა გახსნეს - ლემანმა პენალტი გამოიყენა.

მაგრამ ეს ის დღე იყო, როცა რამდენიმე ფაქტორმა "ფარმაცევტების" სასარგებლოდ იმუშავა. პირველ რიგში, აღსანიშნავია საგოლე მომენტების კარგი რეალიზაცია, რაშიც "ბაიერი" ბოლო დროს მოიკოჭლებს. გარდა ამისა, არადამაჯერებელი იყო ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ჰორნი. და კიდევ, როგორც იქნა, გაისროლა იოსიპ დრმიჩმა.

შვეიცარიელმა ფორვარდმა დუბლით გაამართლა როჯერ შმიდტის ნდობა, რომელმაც შესვენებაზე კისლინგი გაიყვანა და დრმიჩს მისცა შანსი. საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ "ლევერკუზენმა" რაინის დერბიში პირველად გაიმარჯვა ოთხბურთიანი უპირატესობით და ბოლო სამ თვეში პირველად მოიგო ზედიზედ ორი შეხვედრა. "კიოლნს" კი მცირე კრიზისი აქვს - ბოლო ოთხ მატჩში მესამედ წააგო.

"შალკე" თანდათან ლაგდება
გასულ კვირას, ჩემპიონთა ლიგაში ოთხივე გერმანულმა კლუბმა წააგო, მაგრამ ყველაზე მტკივნეული იყო "შალკეს" საშინაო მარცხი "ჩელსისთან" - 0:5. ეს პირველი წაგება იყო დი მატეოსთვის საკუთარ მოედანზე, თან "მეშახტეების" მეტოქე "მაინცი" წელს სტუმრად კარგად თამაშობს - მხოლოდ ერთი წაგება ჰქონდა. და კიდევ, "შალკემ" ჩემპიონთა ლიგის ტურის შემდეგ ვერც ერთი მატჩი ვერ მოიგო (ერთი ფრე და სამი წაგება).

როგორც ჩანს, ბუნდესლიგაში "შალკე" თანდათან ალაგებს სიტუაციას. წინა ტურში იყო "ვოლფსბურგთან" მოგება, როცა დი მატეოს გუნდმა პირველ ნახევარ საათში სამი გოლი გაუტანა "მგლებს". "მეშახტეებს" ამჯერადაც კარგი სტარტი გამოუვიდათ - 25-ე წუთისთვის ჰუნტელაარს დუბლი ჰქონდა შესრულებული.

შესვენების წინ ოკაზაკიმ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა და იმედი ჩაუსახა სტუმრებს, მით უმეტეს, რომ "შალკეს" ბოლო დროს არასტაბილური გუნდის რეპუტაცია აქვს. მაგრამ მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა ტრანკილო ბარნეტამ დააწყნარა თავისიანები და აღადგინა ორბურთიანი უპირატესობა, შემდეგ კი ჰუნტელაარმა კარიერაში მეოთხე ჰეთ-თრიკი შეასრულა. ჰოლანდიელი ამ მაჩვენებლით მოქმედ ფეხბურთელებს შორის მხოლოდ კლაუდიო პისაროს (5 ჰეთ-თრიკი) ჩამორჩება.

"შალკემ", დი მატეოს ხელმძღვანელობით, ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო შინ და ახლა საჭიროა, სტუმრად თამაში ისწავლოს - გასვლაზე იტალიელს ქულა არ აქვს აღებული. რაც შეეხება "მაინცს", დიდი ანგარიშით წაგების მიუხედავად, ეს გუნდი შექებას იმსახურებს, რადგან მასპინძელთა მეკარე ფერმანს ცხრა ბურთის მოგერიება მოუწია. "მაინცს" ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია დაუგროვდა.

სტევენსი "შტუტგარტის" მაშველია
ტური გაიხსნა საინტერესო შეხვედრით, რომელშიც ჰუუბ სტევენსის ხელმეორე დებიუტი შედგა "შტუტგარტის" მთავარი მწვრთნელის რანგში. ჰოლანდიელმა ეს გუნდი შარშანდელი ჩემპიონატის მეორე წრეში ჩაიბარა და გავარდნას გადაარჩინა, ზაფხულში კი თავისი ნებით დატოვა თანამდებობა. მისმა შემცვლელმა არმინ ფემ კი არ გაამართლა და 12 ტურის შემდეგ "შტუტგარტი" ბოლო ადგილზე აღმოჩნდა. ფეც თავისი ნებით წავიდა და "შტუტგარტი" ისევ სტევენსმა უნდა გადაარჩინოს.

ჰოლანდიელმა პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა - სტუმრად ძალიან დამაჯერებლად მოუგო "ფრაიბურგს", რომელსაც ბოლო სამ მატჩში შვიდი ქულა ჰქონდა მოპოვებული. მასპინძლებმა შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩაატარეს და რომ არა მეკარე სვენ ულრაიხი, ალბათ, ძალიან იოლად გადაწყვეტდნენ მატჩის ბედს.

პირველ ნახევარში გუნდებმა გოლები გაცვალეს, მეორე ტაიმში კი ყველაფერი გადაწყვიტა მოკლე დროში მიტროვიჩის მიერ დაშვებულმა ორმა შეცდომამ, რასაც სტუმრების ორი გოლი მოჰყვა. ამის შემდეგ ეს მცველი მოედნიდან გააძევეს და ჰარნიკის დუბლით "შტუტგარტმა" დიდი ანგარიშით მოგება დააფიქსირა - 4:1.

კვირის თამაშები
ტურის ცენტრალურ შეხვედრაზე ბევრი არაფერია სალაპარაკო. "გლადბახმა", რომელიც ორმატჩიანი წაგებათა სერიით ხვდებოდა "ვოლფსბურგთან" გასვლით მატჩს, დაახლოებით ისე ითამაშა, როგორც "დორტმუნდთან" 0:1-ით წაგებულ შეხვედრაში, როცა შეტევა თითქმის არ ჰქონია. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ "ბორუსიას" მეკარე ზომერს 10 დარტყმის მოგერიება მოუწია, მაგრამ ერთხელ მაინც ვერ გადაარჩინა თავისი გუნდი.

"ვოლფსბურგმა" სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და ისევ რჩება "ბაიერნის" უახლოეს მდევრად. "გლადბახი" კი 11 წელია ვერ ახერხებს ვოლფსბურგში მოგებას და სამმატჩიანი წაგებათა სერია აქვს.

და მივადექით მთავარ სათქმელს. შაბათის მატჩების შემდეგ "დორტმუნდი" ბოლო ადგილამდე დაქვეითდა და გათამაშების ცხრილის ფსკერიდან ამოსვლა სტუმრად "აინტრახტთან" მოგებით მართებდა. ამ გუნდმა წინა ტურში "გლადბახი" 3:1 დაამარცხა და შეწყვიტა ოთხმატჩიანი წაგებათა სერია. თუმცა ფრანკფურტელებს შინ მიჯრით ორი მატჩი ჰქონდათ წაგებული ცხრა გაშვებული გოლით.

"ბორუსიას" ისევ აკლდა წამყვანი ცენტრალური მცველები და ეს პირველივე წუთებზე გამოჩნდა, როცა სტუმრებს მაიერი გაექცათ და მან ფეხებშუა გაუტარა ბურთი ვაიდენფელერს. "დორტმუნდი" უშანსოდ არ ყოფილა.

"აინტრახტის" მეკარე ვიდვალდმა ურთულესი ბურთები აიღო, რამდენჯერმე მის წინააღმდეგ ერთი-ერთზეც გავიდნენ, მაგრამ ამაოდ. ბოლოსკენ "დორტმუნდი" საცოდავი სანახავი იყო - შეტევა აღარ გამოსდიოდა, რასაც გინტერისა და ვაიდენფელერის შეცდომაც დაემატა და სეფეროვიჩმა საბოლოო წერტილი დაუსვა შეხვედრას.

"დორტმუნდი" ანტირეკორდებს ამყარებს: ამ გუნდს 13 ტურის შემდეგ რვა წაგება არასოდეს ჰქონია, 11 ქულა კი მხოლოდ 1985-86 წლების სეზონში ჰქონდა. ამავე სეზონში იყო ის ბოლო ადგილზე.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბუნდესლიგა. XIII ტური
28 ნოემბერი
ფრაიბურგი-შტუტგარტი 1:4
გოლები: 0:1 ჰარნიკი (31), 1:1 დარიდა (42), 1:2 გრუესო (52), 1:3 ტიმო ვერნერი (68), 1:4 ჰარნიკი (76)
ფრაიბურგი: ბიურკი, ზორგი, ტორეხონი, მიტროვიჩი, გიუნტერი, ჰიოფლერი, დარიდა, კლაუსი (53. კერკი), შმიდი, მეჰმედი (84. ფრანცი), ფრაისი (72. შაჰინი).
შტუტგარტი: ულრაიხი, კლაინი, ბაუმგარტლი, რიუდიგერი, ჰლუშეკი, ლაიტნერი (75. საკაი), გრუესო (90. გინჩეკი), სარარერი (66. რაუში), გენტნერი, ტიმო ვერნერი, ჰარნიკი.
გაფრთხილება: მეჰმედი, ბიურკი - გრუესო
გაძევება: მიტროვიჩი (70)
კუთხური: 9-7 ჯარიმა: 17-11 თამაშგარე: 0-3 კარში დარტყმა: 17(10)-18(8) ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 24 000

29 ნოემბერი
შალკე-მაინცი 4:1
გოლები: 1:0 ჰუნტელაარი (9), 2:0 ჰუნტელაარი (25), 2:1 ოკაზაკი (44), 3:1 ბარნეტა (54), 4:1 ჰუნტელაარი (61)
შალკე: ფერმანი, ნოიშტედტერი, კირხოფი (46. ბარნეტა), ჰიოვედესი, უჩიდა, ფუხსი (90+1. კლემენსი), აოგო, ჰიოგერი, მაიერი (80. სანე), ჩუპო-მოტინგი, ჰუნტელაარი.
მაინცი: კარიუსი, ბელი, ვოლშაიდი, ხარა, ბროსინსკი, დიასი (63. მალი), გაისი, პარკი (76. სოტო), კოო, ალაგუი (59. ხაირო), ოკაზაკი.
გაფრთხილება: ჰიოგერი, ნოიშტედტერი - ხარა
კუთხური: 2-5 ჯარიმა: 17-13 თამაშგარე: 5-2 კარში დარტყმა: 14(10)-22(11) ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 60 904

ლევერკუზენი-კიოლნი 5:1
გოლები: 0:1 ლემანი (4-პენ), 1:1 ბელარაბი (26), 2:1 ჩალჰანოგლუ (61), 3:1 დრმიჩი (79), 4:1 დრმიჩი (88), 5:1 ბელარაბი (90+1)
ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, იედვაი, სპაჰიჩი, ბიონიში, ლ. ბენდერი (67. როლფესი), გონსალო კასტრო, ბელარაბი, ჩალჰანოგლუ (83. კრუსი), სონი, კისლინგი (46. დრმიჩი).
კიოლნი: ჰორნი, ჰექტორი, მაროჰი (77. ფინე), მავრაი, ვიმერი, ბრეჩკო (69. ოსაკო), ფოგტი, ლემანი, ოლკოვსკი, შვენტო (57. პეშკო), უჯა.
გაფრთხილება: ლენო - ლემანი, ვიმერი
კუთხური: 7-3 ჯარიმა: 14-11 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 25(12)-5(2) ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 30 210

აუგსბურგი-ჰამბურგი 3:1
გოლები: 0:1 ვან დერ ვაარტი (45+1), 1:1 ჰალილ ალთინთოფი (50), 2:1 ბობადილია (62), 3:1 ვერჰაეგი (70-პენ)
აუგსბურგი: მანინგერი, ვერჰაეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ბაბა, ბაიერი, ფოილნერი, ბობადილია (89. ესვაინი), ჰალილ ალთინთოფი (85. ჰონგი), ტობიას ვერნერი, მატავჟი (12. ჯურჯიჩი).
ჰამბურგი: დრობნი, გიოტცი, ჯურუ, ვესტერმანი (35. კლებერი), ოშტრჩოლეკი, ბეჰრამი, ვან დერ ვაარტი (75. გრინი), გუაიდა, მარკოსი, რუდნევსი, ნ. მიულერი (81. ლასოგა).
გაფრთხილება: ბაბა - ოშტრჩოლეკი, გიოტცი, გრინი
კუთხური: 4-4 ჯარიმა: 21-16 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 13(8)-9(6) ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 30 321

ჰერტა-ბაიერნი 0:1
გოლი: 0:1 რობენი (27)
ჰერტა: კრაფტი, ნდიენგი, ჰეგელერი, ბრუქსი, შულცი, სკიელბრედი, ჰოსოგაი, ბეერენსი, შტოკერი (76. ჰარაგუჩი), ბენ-ჰატირა (62. კალუ), შიბერი (61. რონი).
ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, დანტე, ბოატენგი, ბერნატი, ჩაბი ალონსო, რობენი, გიოტცე (66. როდე), რიბერი, მიულერი (80. შვაინშტაიგერი), ლევანდოვსკი.
გაფრთხილება: ჰოსოგაი
კუთხური: 2-3 ჯარიმა: 17-8 თამაშგარე: 10-0 კარში დარტყმა: 4(3)-15(13) ბურთის ფლობა: 29%-71%
მაყურებელი: 76 197

ვერდერი-პადერბორნი 4:0
გოლები: 1:0 იუნუზოვიჩი (10), 2:0 ზელკე (48), 3:0 ბარტელსი (50), 4:0 აიჩიჩექი (80)
ვერდერი: ვოლფი, გერბესელასიე, პრიოდლი, გალვესი (84. კალდიროლა), შტერნბერგი, კროოსი, ბარტელსი, იუნუზოვიჩი, აიჩიჩექი (83. ეგეშტაინი), ზელკე, ჰაიროვიჩი (68. მაკიადი).
პადერბორნი: ლ. კრუზე, ჰაინლოტი, შტროდიკი, რაფა, ჰარტერცი, ციგლერი (46. ციგლერი), ბაკალორცი, ვრანჩიჩი (57. რუპი), ქოჩი, შტოპელკამპი (73. მეჰა), კაჩუნგა.
გაფრთხილება: გალვესი, პრიოდლი - ციგლერი
კუთხური: 9-6 ჯარიმა: 20-19 თამაშგარე: 4-1 კარში დარტყმა: 24(13)-15(8) ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 41 800

ჰოფენჰაიმი-ჰანოვერი 4:3
გოლები: 1:0 შვეგლერი (19), 2:0 ფოლანდი (37), 2:1 შტინდლი (43), 2:2 ხოსელუ (52), 3:2 პოლანსკი (59), 4:2 ზიულე (63), 4:3 შტინდლი (86)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, ზიულე, ბიჩაკჩიჩი, კიმი, შვეგლერი (72. შტრობლი), პოლანსკი, ფოლანდი, რობერტო ფირმინო, ცუბერი (61. ელიუნუსი), შიპლოკი (81. რუდი).
ჰანოვერი: ცილერი, ჰ. საკაი (46. პრიბი), მარსელო, კ. შულცი, ალბორნოსი, შმიდებახი (84. ა. ზობიხი), გიულსელამი, ბრიანი (75. ბიტენკურტი), შტინდლი, კიიოტეკე, ხოსელუ.
გაფრთხილება: ბიჩაკჩიჩი - საკაი, შულცი, შტინდლი, ხოსელუ
კუთხური: 5-3 ჯარიმა: 28-15 თამაშგარე: 1-0 კარში დარტყმა: 16(7)-13(8) ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 22 716

30 ნოემბერი
ვოლფსბურგი-გლადბახი 1:0
გოლი: 1:0 კნოხე (12)
ვოლფსბურგი: ბენალიო, იუნგი, ნალდო, კნოხე, შეფერი, არნოლდი (81. ჰანტი), გილავოგი, ვიერინია, პერიშიჩი (73. მალანდა), დე ბრუინი, ოლიჩი (90. დოსტი).
გლადბახი: ზომერი, იანტჩკე, ბროუერსი, ალვარო დომინგესი, ვენდტი, კრამერი, ნორდტვეიტი (82. ჰრგოტა), ჰანი (71. ტრაორე), ჰერმანი, რაფაელი, მ. კრუზე (71. აზარი).
გაფრთხილება: - ნორდტვეიტი, ალვარო დომინგესი
კუთხური: 9-5 ჯარიმა: 13-14 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 23(10)-10(5) ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 25 000

აინტრახტი-დორტმუნდი 2:0
გოლები: 1:0 მაიერი (4), 2:0 სეფეროვიჩი (78)
აინტრახტი: ვიდვალდი, ჩენდლერი, რუსი, ანდერსონი, ოშჩიპკა, ჰასებე, აიგნერი (90+2. კიტელი), შტენდერა (63. შტენდერა), ინუი (90. იგნიოვსკი), სეფეროვიჩი, მაიერი.
დორტმუნდი: ვაიდენფელერი, პიშჩეკი (38. რამოსი), სუბოტიჩი, გინტერი, დურმი, ს. ბენდერი, კელი (74. გიუნდოგანი), მხითარიანი, კაგავა (74. იოიჩი), გროსკროიტცი, ობამეიანგი.
გაფრთხილება: აიგნერი, ლანიგი - გინტერი, გიუნდოგანი
კუთხური: 1-8 ჯარიმა: 17-22 თამაშგარე: 1-4 კარში დარტყმა: 11(10)-16(10) ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 51 500

ბომბარდირები: 8 - მაიერი (აინტრახტი); 7 - ბელარაბი (ლევერკუზენი), ჰუნტელაარი (შალკე), ოკაზაკი (მაინცი), გიოტცე (ბაიერნი); 6 - დი სანტო (ვერდერი), რობენი (ბაიერნი), ლევანდოვსკი (ბაიერნი), მიულერი (ბაიერნი).

მომდევნო ტური
5 დეკემბერი:
დორტმუნდი-ჰოფენჰაიმი

6 დეკემბერი:
გლადბახი-ჰერტა, ჰანოვერი-ვოლფსბურგი, შტუტგარტი-შალკე, კიოლნი-აუგსბურგი, პადერბორნი-ფრაიბურგი, ბაიერნი-ლევერკუზენი

7 დეკემბერი:
ჰამბურგი-მაინცი, აინტრახტი-ვერდერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული