"ბაიერნის" ვარსკვლავის არიერნ რობენის ინტერვიუ ბავშვებთან

AutoSharing Option
ამ დღეებში "ბაიერნის" ჰოლანდიელ ლეგიონერს არიენ რობენს უცნაური პრესკონფრენციის მიცემა მოუწია.

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მას კითხვებს უსვამდნენ გერმანიის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები. თურმე მათ ძალიან ბევრი რამ აინტერესებდათ სახელოვანი ფეხბურთელის შესახებ.

"მიუნხენის "ბაიერნში" 25 წლის ასაკში მივედი, და ეს საუკეთესო ნაბიჯი იყო ჩემს კარიერაში", - თავიდანვე განუცხადა რობენმა ბავშვებს, რომლებიც პრესკონფერენციის დასაწყისში შებოჭილები ჩანდნენ. სამი შვილის მამამ ყველანაირად სცადა მოსწავლეებისთვის შიში და რიდი მოეხსნა. "კიდევ ვის აქვს შეკითხვა? როგორც აღმოჩნდა, ყველას ჰქონია!"

"შესაძლოა, ფიზკულტურის მასწავლებელი გავმხდარიყავი", - უპასუხა რობენმა შეკითხვას მის
სავარაუდო პროფესიაზე იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელი არ გამოვიდოდა.

როგორც გაირკვა, ნახევარმცველს ატესტატიც ჰქონია: "თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდა, რის შემდეგაც ვერ შეძლებ მოედანზე გასვლას, ყოველთვის უნდა გქონდეს შანსი ხელმეორედ დაიწყო ცხოვრება". ამიტომაც 18 წლის რობენმა სკოლა წარმატებით დაასრულა.

ბავშვობაში, გაკვეთილების შემდეგ რობენს ერთადერთი მიზანი ჰქონდა: ბურთით ქუჩაში გასვლა! "ყოველთვის დიდ დროს ვატარებდი ბურთთან ერთად. ყველაზე საინტერესო, რა თქმა უნდა, კარში დარტყმა იყო! და კიდევ დრიბლინგი! მაშინ მართლაც ბევრი რამ ვისწავლე!" - იხსენებს გარემარბი.

მისი კერპი იყო ბრაზილიელი რომარიო, რომელიც იმ დროს "ეინდჰოვენში" თამაშობდა. სანამ "ჩელსისა" და მადრიდის "რეალის" გავლით "ბაიერნში" მოხვდებოდა, ჰოლანდიელი, როგორც ფეხბურთელი, თავის პირველ კლუბში - "გრონინგენში" გაიხსნა.

როგორც ირკვევა, რობენს არ მოსწონს სიტყვა - "სუპერვარსკვლავი". "არ მიყვარს, როცა ასე მიწოდებენ, - გვარწმუნებს არიენი. - დიახ, ნიჭი მაქვს, კარგად ვთამაშობ ფეხბურთს, მაგრამ სხვა ყველაფერში ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ისეთი, როგორიც ყველა".

ამასთან, რობენი ძალიან წარმატებულია. მარტო "ბაიერნში" მას 11 ტიტული აქვს მოპოვებული: "ბოლო დროს, ჩემმა კლუბმა დიდი ნაბიჯი გადადგა წინ და ბევრი პრიზი მოიგო. ამაყი ვარ იმით, რომ ამაში მეც მიმიძღვის წვლილი".

პატარა გულშემატკივრებს ასევე აინტერესებდათ არიენ რობენის მომავალი გეგმები. როგორც გაირკვა, ჰოლანდიელმა თავად არ იცის - რას გააკეთებს საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ: "ამასთან დაკავშირებით გარკვეული აზრები მაქვს. შესაძლოა, მწვრთნელი გავხდე. ან ისეთი საქმე ავირჩიო, რასაც ფეხბურთთან და მთლიანად სპორტთან არანაირი კავშირი არ ექნება".

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მალე არ მოხდება: "იმედია, კიდევ დიდხანს გაგახარებთ ჩემი თამაშით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული