მოხდა ის, რაზეც ბოლო დღეებში გამალებით წერდნენ ესპანური მედიასაშუალებები - 16 წლის ნორვეგიელი ფეხბურთელი მარტინ ედეგორი მადრიდის "რეალში" გადავიდა. ოფიციალურად არ იტყობინებიან, მაგრამ "რეალს" ეს ტრანსფერი "სტრომსგოტსეტიდან" 4 მილიონი ევრო დაუჯდა. ედეგორი თავიდან "რეალ კასტილიაში", ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით ითამაშებს, თუმცა პირველ გუნდში ივარჯიშებს.
გუშინ ედეგორმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და "რეალის" დირექტორ ემილიო ბუტრაგენიოსთან ერთად წარუდგა მედიას:
"აქ თავს უკვე ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ყველა წინადადებიდან საუკეთესო "რეალის" იყო, როგორც სპორტული თვალსაზრისით, ასევე პირადი პირობებითაც. ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება
ვარჯიშები. პირველ და მეორე გუნდებში ვივარჯიშებ და დაველოდები, როდის დავჭირდები კარლო ანჩელოტის. "რეალში" ჩემი კუმირი კრიშტიანოა, ის ხომ მსოფლიოს საუკეთო ფეხბურთელია; მაგრამ აქ არის ბეილი, ისკო... მოკლედ, ყველა", - განაცხადა ედეგორმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა. მან უკვე სამჯერ მოირგო ნორვეგიის ნაკრების მაისურა.
მარტინს ლუკასიც მიყვება
ჯერ ოფიციალურად არ ადასტურებენ, მაგრამ უახლოეს დღეებში "რეალი" კიდევ ერთ ტრანსფერს განახორციელებს - "კრუზეიროდან" 21 წლის ლუკას სილვას გადაიყვანს და მას 6,5-წლიან ხელშეკრულებას გაუფორმებს. ამბობენ, რომ ასიერ ილიარამენდი ბილბაოს "ატლეტიკში" 23-25 მილიონ ევროდ წავა, ხოლო ლუკასში ბრაზილიური კლუბი 15 მილიონ ევროს ითხოვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"