პატიმარი, რომელმაც მიუნხენის "ბაიერნი" ააღორძინა

AutoSharing Option
მიუნხენიდან 45 მილის დაშორებით, ლანდსბერგის ციხის კარები შარშან აპრილის ერთ დღეს 160-მდე ჟურნალისტისთვის ფართოდ გაიღო.

სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სტუმრობის მიზეზი არც მეტი არც ნაკლები, ექსკურსია იყო. ციხის ადმინისტრაციის ინიციატივით ჟურნალისტებისთვის უნდა ეჩვენებინათ საკანი და პირობები, სადაც სპორტული სამყაროსთვის კარგად ცნობილ ბოსს, მიუნხენის "ბაიერნის" აწ უკვე ექსპრეზიდენტს ული ჰიონესს მოუწევდა თავისუფლების აღკვეთისას ცხოვრება.

საინტერესოა, რომ სწორედ ამ ციხის კედლებში იხდიდა სასჯელს 1923-24 წლებში ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ლიდერი ადოლფ ჰიტლერი. ფიურერმა აქვე დაწერა თავისი ცნობილი წიგნი "ჩემი ბრძოლა".

ჰიონესს ჯერჯერობით წიგნის
წერა არ უცდია, თუმცა მომავალში მის ავტობიოგრაფიულ წიგნს ალბათ მაინც ვნახავთ, რადგან "ბაიერნის" 62 წლის ექს-შეფს საკმაოდ საინტერესო ცხოვრება აქვს ზურგს უკან და სავარაუდოდ, ბევრი საინტერესო ჯერ კიდევ წინაა. ყოველივე ამის უკეთ გაცნობის მსურველი მკითხველი მსოფლიოში უამარავი ადამიანი იქნება...

ული ულმიდან
ული ჰიონესი საზოგადოებისთვის ცნობილი თავდაპირველად ფეხბურთელის კარიერით გახდა.

თამაში 7 წლის ასაკში, 1959 წელს, მშობლიურ ქალაქ ულმის საფეხბურთო კლუბში დაიწყო. უკვე 15 წლის ასაკში ჰიონესს გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტნობა ანდეს. ული ამპლუით მარჯვენა ნახევარმცველი გახლდათ.

1970 წელს იგი "ბაიერნში" ჩაირიცხა, ორ წელიწადში კი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა. ამ კლუბთან ერთად ჰიონესმა სამჯერ აღმართა ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი, ამდენჯერვე გერმანიის ჩემპიონი გახდა, თითოჯერ კი ფლობდა საკონტინენტთაშორისო და გერმანიის თასებს. ული 1974 წლის მუნდიალზე გერმანიის ნაკრების ტრიუმფის ერთ-ერთი შემოქმედი გახლდათ.

მანვე ეროვნულ გუნდთან ერთად 1972 წელს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო 1976 წელს ფინალში მარცხის გამო ვერცხლის მედალი იკმარა. 1978 წელს "ბაიერნიდან" "ნიურნბერგში" გადასულ ჰიონესს სამი წლის წინანდელმა ტრავმამ ქრონიკულად შეახსენა თავი და იძულებული გახდა 27 წლის ასაკში ბუცები ლურსმანზე ჩამოეკიდა.

მენეჯერის კარიერა
ჰიონესი ფეხბურთელის კარიერის დასრულებისთანავე "ბაიერნში" მივიდა და ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე უმცროსი ასაკის მენეჯერი გახდა. იმ ხანად მიუნხენურ კლუბს არ ულხინდა, "ბაიერნის" ბიუჯეტი კლუბის ვალს თითქმის უტოლდებოდა.

სწორი და ეფექტური მენეჯერული საქმიანობით, კლუბის შიდა სტრუქტურულ დანაყოფებთან ჩამოყალიბებული საქმიანი და იმავდროულად მეგობრული ურთიერთობით, კოლეგებთან, სხვა კლუბებთან, ფეხბურთის ევროპულ და მსოფლიო ორგანიზაციებთან ჩამოყალიბებულმა მჭიდრო კავშირმა განსაზღვრა ჰიონესის შრომის ნაყოფი, რაც სასიკეთოდ წაადგა მიუნხენურ კლუბს.

"ჩემი მუშაობის 30 წელიწადში "ბაიერნის" ფინანსური ბრუნვა 12 მილიონი მარკიდან 350 მილიონ ევრომდე გაიზარდა. თუ დღეს გაძლიერებას მოვინდომებთ, არ დაგვჭირდება ინვესტორი, ან ბანკებში სირბილი. საამისოდ ჩვენ გვაქვს ოპტიმალური პირობები და სავსე ჯიბეები", - თქვა ჰიონესმა ხუთი წლის წინ, როდესაც ბეკენბაუერის წასვლის შემდეგ "ბაიერნის" პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. ამ თანამდებობაზე ული 2010 წლიდან მუშაობდა.

"ბაიერნს" კლუბში ჰიონესის მოსვლამდე გერმანიის ჩემპიონობა მხოლოდ ხუთჯერ ჰქონდა მოპოვებული, მისი მოსვლის შემდეგ კი 19-ჯერ შეძლო ამავე შედეგის ჩვენება. 12-ჯერ მოიგო გერმანიის თასი, ხუთჯერ სუპერთასი, ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, თითოჯერ უეფას თასი, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი, 2013 წელს ფიფას მსოფლიო საკლუბო თასის გამარჯვებულიც გახდა.

სასწაულებრივი გადარჩენა
1982 წლის 17 თებერვალს ჰანოვერელი კარლ ჰაინც დეპე ნადირობიდან შინ ბრუნდებოდა, გზად ერთ-ერთ სოფელთან დიდი რაოდენობით პოლიციის, სამაშველო სამსახურის და სასწრაფო დახმარების მანქანები რომ შენიშნა. მათგან შეიტყო, რომ იქვე მდებარე ტბასთან თვითმფრინავი იყო ჩამოვარდნილი. დაახლოებით ნახევარი კილომეტრის გავლის შემდეგ დეპემ თვითმფრინავის ნამსხვრევები დაინახა და იქვე ნახევრად უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანის სილუეტი შენიშნა.

თვითმფრინავის კატასტროფისას სასწაულებრივად გადარჩენილი კაცი ული ჰიონესი გახლდათ. ამ დღეს "ბაიერნის" მენეჯერი სამ მეგობართან ერთად, პატარა კერძო თვითმფრინავით ჰანოვერში მიფრინავდა გერმანიის ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად. კატასტროფისას დაიღუპნენ მასთან ერთად თვითმფრინავში მჯდარი ორივე პილოტი და მისი საუკეთესო მეგობარი. ჰიონესი მაშინ რამდენიმე მოტეხილობით და ტვინის შერყევით გადარჩა. ამ სასწაულებრივი გადარჩენის შემდეგ არჩევანის შემთხვევაში თვითმფრინავში ჩაჯდომას, მატარებლით მგზავრობას არჩევს.

კეთილი ბიძია ული
ულის მხოლოდ სამენეჯერო საქმიანობით არ აქვს სახელი განთქმული. მას წმინდა ადამიანური თვალსაზრისით გაკეთებული სიკეთეების გამოც სცემენ პატივს. სწორედ მან გამოაცალა ლოთობის კლანჭებს დიდი ბომბარდირი გერდ მიულერი, რომელიც ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ უკვე ნამდვილ ალკოჰოლისტად ჩამოყალიბდა. ული დაუდგა მიულერს გვერდით და ის პატარა ფეხბურთელებთან სამწვრთნელო საქმიანობაში ჩააბა. დღესდღეობით მიულერს და ალკოჰოლს შორის საერთო აღარაფერია.

ჰიონესმა ბევრი გააკეთა ბრაზილიელი მცველის ბრენოს გადასარჩენად. 2012 წელს, იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნისას საკუთარი სახლი დაწვა, 4-წლიან სასჯელს იხდიდა ციხეში, თუმცა იქ მისმა სამაგალითო საქციელმა და რელიგიასთან სიახლოვემ ულის საშუალება მისცა ბრაზილიელს დახმარებდა. ბრენოს სწორედ გერმანელი მენეჯერის დიდი მეცადინეობით უფლება მისცეს საზოგადოებისათვის სასარგებლო სამუშაო ციხის გარეთ შეესრულებინა და საღამოს ისევ ციხეში დაბრუნებულიყო. ეს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე "ბაიერნში" ბავშვებთან მუშაობა გახლდათ.

სასჯელი გადასახადების დაფარვის გამო
პროცესი ული ჰიონესის მიერ შემოსავლების დაფარვის საქმეზე გერმანიის სასამართლოში დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო და 2014 წლის მარტში "ბაიერნის" პრეზიდენტის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანით დასრულდა. ული ბრალდებულად ცნეს სახელმწიფოსათვის 28 მილიონი ევროს დამალვაში.

ჰიონესმა "ბაიერნის" პრეზიდენტის პოსტი დატოვა და როგორც საჯარო განცხადებებში ამბობდა, ნანობდა ჩადენილს. ული გერმანიის სპორტის დიდების დარბაზიდანაც გარიცხეს.

- "ბაიერნში" ჩემთან ყველას კარგი ურთიერთობა ჰქონდა. შემიძლია მშვიდად დავტოვო კლუბის პრეზიდენტის პოსტი. "ბაიერნის" რეპუტაცია არ უნდა დაზარალდეს. მე ნამდვილი ღორივით მოვიქეცი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ კლუბის მიმართ მიყენებული ზარალის კომპენსირება მოვახდინო", - თქვა ჰიონესმა ... და ლანდბერგის ციხის კედლების მიღმა აღმოჩნდა.

ციხის კედლებს მიღმა
ცოტა ხნის წინ, გერმანიის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ ული ჰიონესს, რომელსაც მისჯილი აქვს 3,5 წელიწადი თავისუფლების აღკვეთა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იქცევა სანიმუშოდ, გისოსებს მიღმა გატარებული რამდენიმე თვის შემდეგ უფლება მიეცა ახალი წლის დღეები ოჯახურ გარემოში გაეტარებინა.

გარდა ამისა, ჰიონესს უფლება მისცეს ციხის მიღმა გასწიოს საზოგადოებისათვის სასარგებლო სამუშაო.

ნიშანდობლივი კი ისაა, რომ ექს-პრეზიდენტი იმუშავებს მიუნხენის "ბაიერნში" უმცროსი ასაკის ფეხბურთელებთან. შესაბამისად, თითქმის ერთწლიანი განშორების შემდეგ ული ფაქტობრივად მშობლიურ გარემოში დაბრუნდა. მას მერე, რაც ციხის კედლებს მიღმა გასვლის უფლება მიიღო, უკვე შეხვედა მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელებს, რამდენიმე ფეხბურთელს. ვარაუდობენ, რომ ჰიონესს სასჯელის ვადა შეუმცირდება და მალე დაუბრუნდება კიდეც საყვარელ საქმეს.

თავის მხრივ, მთელი "ბაიერნი" მწვრთნელ-ფეხბურთელებიანად და ხელმძღვანელობასთან ერთად მოუთმენლად ელის მისი ამაღორძინებელი პატიმრის დაბრუნებას.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული