ბუნდესლიგა. XXII ტურის წინ: კლოპი "იუვენტუსზე" არ ფიქრობს

AutoSharing Option
ფოტოზე: "ჰერტას" ვარჯიშზე ერთმანეთს ბრაზილიელი შემტევი რონი და მეკარე კრაფტი წაეკიდნენ
ზედიზედ მეორედ, პარასკევს უწევს თამაში "დორტმუნდს", ეს კი თითქმის არწაგებას ნიშნავს - ბოლო 16 შეხვედრაში, რომელიც ამ გუნდმა პარასკევს საღამოს ჩაატარა, არასოდეს დამარცხებულა.

თან დორტმუნდელებს მოგებათა სერიის გასაგრძელებლად მეტოქის კლასიც უწყობთ ხელს - "შტუტგარტმა" წინა ტურში წაგების შემდეგ ანტირეკორდი დაამყარა: 21 ტურის შემდეგ 18 ქულა ამ გუნდს არასოდეს ჰქონია. ბოლო ხუთ მატჩში მხოლოდ ორი ქულა აიღო, შინ კი შვიდი ტურია, ვერ იგებს და ბოლო ექვს მატჩში გოლი არ გაუტანია.

ჰუუბ სტევენსის გუნდის არც ერთი ფორვარდი ფორმაში არ არის. მაგალითად, ვედად იბიშევიჩი წელიწადზე მეტია, უგოლოდაა და სწორედ დღეს ექნება ხელსაყრელი შანსი ნავსის გატეხვისთვის - მას რომან ვაიდენფელერისთვის 6 გოლი აქვს გატანილი. ბუნდესლიგის არც ერთი სხვა მეკარე არ დაუმწუხრებია მას ასე ხშირად.

"დორტმუნდი" კი აშკარად იბრუნებს ფორმას: ბოლო ხუთი თვის განმავლობაში პირველად მოიგო ზედიზედ ორი მატჩი, თან შვიდი გოლი გაიტანა. ამასთან, "ბორუსიას" ჯერ 22 ქულა აქვს და კვლავაც სახიფათო ზონასთან ახლოს იმყოფება. ამიტომაც ბოლოადგილოსან "შტუტგარტთან" სამი ქულა ძალიან სჭირდება.

აქ ერთი საკითხია საგულისხმო: ამ მატჩის შემდეგ გერმანულ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსთან" დაპირისპირება ელის. "დორტმუნდს" საუკეთესო ფორმის დროსაც კი უჭირდა ორ ფრონტზე თამაში. ამიტომაც საინტერესოა - რომელი ტურნირი იქნება პრიორიტეტული იურგენ კლოპისთვის.

ამაზე მწვრთნელმა თავად გასცა პასუხი: "ჩვენ უძლიერეს შემადგენლობას გამოვიყვანთ "შტუტგარტის" წინააღმდეგ. არავის მოუწევს დასვენება "იუვენტუსთან" მატჩის წინ. ჩვენ კიდევ გვაქვს პრობლემები, მაგრამ გუნდი სულ უფრო და უფრო კარგად თამაშობს".

* * *
ტურის ცენტრალურ მატჩად შეგვიძლია მივიჩნიოთ "შალკესა" და "ვერდერის" დაპირისპირება. საინტერესოა, რამდენ ხანს გაგრძელდება ბრემენელთა ზღაპარი, რომელიც ხუთმატჩიან მოგებათა სერიაში გამოიხატება.

"ვერდერმა" ვიქტორ სკრიპნიკის მეცადინეობით ყველა რგოლში მოუმატა თამაშს, მაგალითად, შეტევაში. წინა ტურში "აუგსბურგს" 19-ჯერ დაურტყა და სამი გოლი გაუტანა.

ეს მნიშვნელოვანი მომენტია "შალკესთან" მომავალ დაპირისპირებაში, რადგან, სავარაუდოდ, რობერტო დი მატეო თავის სტილს არ უღალატებს და ისევ დატვირთავს უკანა ხაზს. თუმცა წინა ტურმა გამოაჩინა, რომ ასეთ ტაქტიკას ყოველთვის არ მოაქვს შედეგი - "შალკემ" 0:1 წააგო "აინტრახტთან".

ისიც აღვნიშნოთ, რომ ბოლოს "ვერდერმა" "შალკეს" 2010 წელს მოუგო. მას შემდეგ გუნდებმა 9 მატჩი ითამაშეს და "შალკემ" შვიდი მოიგო. და კიდევ, ფეხბურთელობისას სკრიპნიკს ყოველთვის დაბრიყვებული ჰყავდა ეს მეტოქე - ცხრა მატჩში არც ერთხელ არ დამარცხებულა "მეშახტეებთან".

* * *
ჯერჯერობით არაპროგნოზირებადია სეზონის მეორე ნახევარში "ბაიერნი". "ჰამბურგთან" 8:0-ის შემდეგ რეკორდმაისტერი ლვოვში ჩავიდა და უღიმღამო თამაში აჩვენა "შახტარის" წინააღმდეგ.

საინტერესოა, რას უნდა ველოდოთ გვარდიოლას გუნდისგან სტუმრად "პადერბორნის" წინააღმდეგ. ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ "ბაიერნი" მორიგ სამ ქულას მოიპოვებს. უბრალოდ, საკითხავია - როგორი თამაშით გააკეთებს ამას.

* * *
რთული წარმოსადგენია, რა უნდა დაუპირისპიროს "ჰერტამ" სტუმრად "ვოლფსბურგს", რომელმაც მეორე წრის ოთხ მატჩში 10 ქულა დააგროვა და 13 გოლი გაიტანა.

"მგლები" უკვე 9 ტურია, არ მარცხდებიან, ბერლინელებს კი ჩემპიონატში ყველაზე მეტი წაგება აქვთ. ამ გუნდში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე 19 თებერვლის ინციდენტი მიუთითებს - ვარჯიშზე ხელჩართული ჩხუბი გამართეს ბრაზილიელმა შემტევმა რონიმ და მეკარე კრაფტმა. მათი გაშველება ფეხბურთელებს მოუწიათ.

* * *
"ჰამბურგისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია წინა ტურში 0:8-ის შემდეგ შინ "გლადბახთან" წარმატება. მასპინძლებმა უნდა გამოიყენონ ის მომენტი, რომ მათი მომავალი მეტოქე შეტევაში ვერ ბრწყინავს - მეორე წრის ოთხ მატჩში მხოლოდ სამი გაიტანა, თუმცა ძალიან ცოტა (ერთი) გაუშვა, რამაც სამი მოგება მოუტანა ერთნაირი ანგარიშით - 1:0. ლუსიენ ფავრის გუნდი მესამე ადგილზეა, თუმცა კონკურენტების სუნთქვას გრძნობს და მოდუნების უფლება არ აქვს.

* * *
საინტერესო უნდა იყოს ოთხეულისთვის მებრძოლი გუნდების დაპირისპირება აუგსბურგში. მასპინძელმა გუნდმა ზედიზედ სამი მოგების შემდეგ ბოლო ორ ტურში მხოლოდ ქულა აიღო, მისმა მეტოქე "ლევერკუზენმა" კი სეზონში პირველად წააგო ზედიზედ ორი მატჩი. სტატისტიკის მიხედვით, "ფარმაცევტებს" პირდაპირ უნდა მივანიჭოთ სამი ქულა - მათ "აუგსბურგი" შვიდიდან შვიდ მატჩში ჰყავთ დამარცხებული.

მაგრამ ცნობილია მეორე წრეში როჯერ შმიდტის გუნდის სათამაშო პრობლემები - აბსოლუტურად ამოვარდნილია ფორმიდან ჰაქან ჩალჰანოგლუ, დაცვის ხაზი კი მუდმივად შესუსტებულია.

წინა ტურში არ იყვნენ თოფრაქი და ვენდელი და გუნდმა "ვოლფსბურგისგან" ხუთი გოლი მიიღო, ახლა კი ასევე დისკვალიფიკაციის გამო არ ითამაშებს ემირ სპაჰიჩი. წინა ტურში "ვოლფსბურგთან" 0:3-დან და 2:4-დან ანგარიშის გათანაბრებით "ლევერკუზენს" საჭირო მუხტი უნდა მიეღო. ხვალ ვნახავთ, მართლა ასეა თუ არა.

ბუნდესლიგა. XXII ტური
პარასკევი. 20 თებერვალი
შტუტგარტი-დორტმუნდი 23:30
დისკვალიფიკაცია: გენტნერი
ტრავმა: რიუდიგერი, დიდავი - გროსკროიტცი, დურმი, ბლაშჩიკოვსკი, ჰუმელსი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 93 მატჩი: +38=24-31 (158-148)

შაბათი. 21 თებერვალი
შალკე-ვერდერი 18:30
დისკვალიფიკაცია: ჰუნტელაარი
ტრავმა: ფერმანი, დრაქსლერი, ფარფანი, ობასი - ბუში, გალვესი, ბარგფრედე, ლორენცენი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 91 მატჩი: +34=19-38 (110-129)

მაინცი-აინტრახტი 18:30
დისკვალიფიკაცია: - ჰასებე
ტრავმა: მორიტცი, ნედელევი - ჯაკპა, ვალდესი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 მატჩი: +3=7-3 (16-15)

აუგსბურგი-ლევერკუზენი 18:30
დისკვალიფიკაცია: ფოილნერი - სპაჰიჩი
ტრავმა: ჰონგი, ვერჰაეგი, მორავეკი, მატავჟი, მიოლდერსი, ესვაინი - იედვაი, კრუსი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 მატჩი: +0=0-7 (6-19)

ფრაიბურგი-ჰოფენჰაიმი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მიტროვიჩი, კემპფი, ბატცი, მეჰმედი, პეტერსენი - ზიულე, შტოლცი, ცუბერი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 მატჩი: +3=6-2 (19-17)

პადერბორნი-ბაიერნი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბერტელსი - ხავი მარტინესი, ლამი, ტიაგო ალკანტარა, გაუდინო
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 მატჩი: +0=0-1 (0-4)

კიოლნი-ჰანოვერი 21:30
დისკვალიფიკაცია: - შულცი
ტრავმა: ჰელმესი - ანდრეასენი, მილერი, ია კონანი, ჰოფმანი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 41 მატჩი: +17=6-18 (61-55)

კვირა. 22 თებერვალი
ჰამბურგი-ბორუსია (მ) 18:30
დისკვალიფიკაცია: - ჯაკა
ტრავმა: იანსენი, გრინი, ჰოლტბი, იუნგი, ბეჰრამი, ლასოგა
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 93 მატჩი: +36=24-33 (143-146)

ვოლფსბურგი-ჰერტა 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კლოზე, ფელიპე, პერიშიჩი - ვან დენ ბერგი, ბაუმიოჰანი, ბენ ჰატირა, ჩიგერჩი
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 მატჩი: +10=7-14 (40-46)

ბომბარდირები: 14 - მაიერი (აინტრახტი), რობენი (ბაიერნი); 10 - დი სანტო (ვერდერი); 9 - ჩუპო-მოტინგი (შალკე), ბელარაბი (ლევერკუზენი), დოსტი (ვოლფსბურგი), მიულერი (ბაიერნი), გიოტცე (ბაიერნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული