სკრიპნიკის მუზა ფრანკო დი სანტო - სიღატაკიდან ბუნდესლიგის გმირობამდე განვლილი გზა

AutoSharing Option
რობინ დუტის გაშვების შემდეგ ბრემენში ძველი მხიარული გუნდი აღორძინდა, რომელიც ისევ საგოლე თრილერებში მონაწილეობს, ფრანკო დი სანტო კი საბოლოოდ გახდა ამ თრილერების მთავარი მოქმედი გმირი.

არგენტინელი "მუსიკოსებს" ვიქტორ სკრიპნიკის დანიშვნამდეც მიათრევდა: როცა "ვერდერი" გათამაშების ცხრილის ფსკერზე იმყოფებოდა, მხოლოდ ფრანკო იბრძოდა და ცოტა ხანი ბუნდესლიგის ბომბარდირთა სიასაც კი ედგა სათავეში.

ერთ დროს მრისხანე, მაგრამ ახლა ფინანსურად და შემადგენლობით სუსტი "ვერდერი" - იდეალური გუნდია არგენტინელისთვის. კლუბი ისტორიით, ამბიციებით და წარსული წარმატებებით ოცნებობს ტოპ-დონეზე დაბრუნებას. დი სანტოსაც უნდა მწვერვალზე ასვლა... სადაც ერთხელ იყო
ასული, მაგრამ დიდხანს ვერ გაჩერდა: ლონდონის "ჩელსის" შემადგენლობაში მხოლოდ რვა მატჩი ჩაატარა.

13 წლის ფრანკო როსარიოში ვარჯიშობდა და დიდ კლუბზე ოცნებობდა. მისი ტალანტი აშკარად თვალშისაცემი იყო. ერთ ტიპს მისი აგენტობა და ფეხბურთელზე წილის გაფორმება მოუნდა, მაგრამ ბიჭის მშობლები წინააღმდეგ წავიდნენ:

"მართალია, ღარიბები ვართ, მაგრამ არა სულელები და არ ვაპირებთ ჩვენი ვაჟის მიცემას".

გარკვეული დროის შემდეგ არგენტინელით ჩილეში დაინტერესდნენ. "აუდაქს იტალიანომ" "ნიუელს ოლდ ბოისს" ბიჭის სანაცვლოდ კარის ბადის ორი კომპლექტი და 80 ლიტრი საღებავი მისცა. ოჯახის მეგობარი დაპირდა მშობლებს, რომ ფრანკოს სხვა ქვეყანაში გადაიყვანდა და პირველ თვეებში მასზე იზრუნებდა. გადაიყვანა და... გაქრა.

ჩილეში ჩასვლის შემდეგ დი სანტოს ეს მამაკაცი თვალით აღარ უნახავს. უცხო ქვეყანაში ფულისა და კავშირების გარეშე ფრანკო "აუდაქსის" სხვა ფეხბურთელებთან ერთად ცხოვრობდა. თავად ჩილედან გამგზავრება არ შეეძლო და არც მშობლების იმედი უნდა ჰქონოდა - ოჯახს არ შეეძლო ბიჭის შინ დაბრუნების დაფინანსება, ფეხბურთელს კი სატელეფონო ზარისთვისაც არ ჰქონდა თანხა.

ფრანკოს ორი თვე არ ჰქონია კავშირი მშობლებთან, სანამ ხელმძღვანელობას ფული არ ესესხა. კლუბის პრეზიდენტმა, რომელიც აღფრთოვანებული იყო დი სანტოს ტალანტით, არგენტინელის მამას პირობა მისცა, რომ ბიჭზე იზრუნებდა.

დი სანტო არასოდეს აყენებდა საკუთარ ინტერესებს ოჯახზე მაღლა. მშობლებისთვის სახლის შეძენა ფრანკოს ბრძოლის მთავარი აზრი გახდა. ჩილეში გამგზავრება და შემდეგ "ჩელსის" აკადემიაში ჩარიცხვა სწორედ ოჯახისთვის კეთდებოდა.

ალტრუიზმი, მიზანდასახულობა, მონდომება - თავდამსხმელის ხასიათი ვლინდება როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ფრანკო ვარჯიშობდა დიდიე დროგბას, ანდრეი შევჩენკოს, ნიკოლა ანელკასა და სხვების მხარდამხარ. მას ნელნელა აჩვევდნენ ძირითად შემადგენლობას, რამდენიმე წუთს აძლევდნენ მატჩების ბოლოს, მაგრამ "ჩელსის" სასტარტოში ახალგაზრდა მოთამაშეებს გზას ფულის ტომრები უღობავენ.

სათამაშო პრაქტიკის ძიებაში დი სანტო იჯარის წესით მოგზაურობდა: ჯერ "ბლექბერნში" აღმოჩნდა, შემდეგ "უიგანში", რომელმაც სულ მალე გამოისყიდა არგენტინელზე უფლებები. 13 გოლი სამ წელიწადში - არ არის საუკეთესო შედეგი ფორვარდისთვის, რომელიც თითქოს ერთ ადგილზე გაიყინა.

როცა ის "ჩელსის" თადარიგში იჯდა, მისი პიროვნებით ჰოლანდიური გრანდები და საშუალო დონის ინგლისური კლუბები იყვნენ დაინტერესებული, მაგრამ "უიგანში" გატარებული სამი წლის შემდეგ ინგლისში ის აღარავის უნდოდა. ფრანკოს თამაში არ მისდიოდა, გოლებს პრაქტიკულად ვერ იტანდა. გამოუვალი სიტუაციის გამო, მწვრთნელები მას ხან თავდასხმის ცენტრში აყენებდნენ, ხან პლეიმეიკერის პოზიციაზე, ხან კი მეორე ფორვარდად ცდიდნენ. "უიგანში" უფრო ხშირად ფლანგზე თამაშობდა.

2013 წელს, რეპუტაცია შელახული და დიდი გუნდებისგან მივიწყებული დი სანტო თავისუფალი აგენტი გახდა და მთელი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სამუშაოს ეძებდა. არგენტინელი შეამჩნია რობინ დუტმა, რომელსაც სულ ახალი შეცვლილი ჰყავდა ლეგენდარული ტომას შააფი.

დუტის პერიოდში "ვერდერმა" მთლიანად შეცვალა თამაშის ხარისხი: უზრუნველი და მხიარული ბიჭებიდან, რომლებსაც 3:6-ზე ან 4:5-ზეც ტაშს უკრავდა მთელი სტადიონი, "ვერდერი" გადაიქცა მოსაწყენ გუნდად და გაუგებარი იყო - რის ხარჯზე აგროვებდა ქულებს. დუტის ხელმძღვანელობით ზედიზედ ორი სასტარტო მატჩი "ვერდერმა" უგოლოდ ჩაატარა, რაც 2004-05 წლების სეზონის შემდეგ არ მომხდარა.

უგოლო მატჩები გამართლებული იქნებოდა, "ვერდერს" რაიმე ღირებული რომ ეჩვენებინა შეტევაში. მაგრამ შემადგენლობა არასტაბილურით გამოირჩეოდა. გუნდი გაუთავებელი ძიების პროცესში იყო. ფრანკოს ისევ ვხედავდით ხან თავდასხმის ცენტრში, ხან ფლანგზე, ხან რეზერვში. არგენტინელის კარიერა ისევ ბეწვის ხიდზე ეკიდა.

Sportall.Ge

რობინ დუტი მიმდინარე სეზონის შუაში მოაშორეს, როცა გუნდი გათამაშების ცხრილის ბოლოს ადგილზე დამკვიდრდა და საშინლად გამოიყურებოდა. მისი თამაში აშკარა დეპრესიას იწვევდა. მაგრამ ამ ქაოსსა და უიმედობაში ფრანკო დი სანტო მოულოდნელად მეფე გახდა. ნილს პეტერსენმა დუტის ნდობა დაკარგა და სათადარიგოთა სკამზე დაჯდა, დავი ზელკე დამაჯერებლად პროგრესირებდა, მაგრამ არასაკმარისად სწრაფი იყო იმისთვის, რომ "მუსიკოსების" მთავარი ძალა გამხდარიყო. დი სანტოს ისღა დარჩენოდა, თავის თავზე აეღო ყველაფერი.

დუტის წასვლის შემდეგ "ვერდერი" ვიქტორ სკრიპნიკმა ჩაიბარა, რომელიც მანამდე ბრემენულ კლუბში ახალგაზრდებთან მუშაობდა და თამაში მთავარი დამრტყმელი ძალის - ფრანკოს გარშემო ააგო. უკრაინელის "ვერდერს" 2004 წლიდან მოყოლებული საუკეთესო რესტარტი ჰქონდა. წინა ჯერზე, მეორე წრის ასეთი დასაწყისით ბრემენელები ჩემპიონები გახდნენ.

დი სანტოს ტალანტი გაიფურჩქნა. ის გახდა არა მხოლოდ ფორვარდი, რომელიც ხანდახან იგებს მატჩებს, არამედ ნამდვილ ლიდერად იქცა. და ჩანდა, რომ არგენტინელი სიამოვნებას იღებდა თამაშისგან: მუდმივად იღიმოდა და პოზიტივით მუხტავდა გუნდს. "ვერდერი" გადაეჩვია სამარცხვინოდ წაგებას და "ვოლფსბურგთან" დასანანი მარცხის შემდეგაც იმსახურებდა ქებას.

არგენტინელი ფეხბურთელი საბოლოოდ გაერკვია პოზიციასთან დაკავშირებით. ის ცენტრალური თავდამსხმელია. ხშირად იხევს უკან, ბევრს გადაადგილდება მინდორზე, ეხმარება კომბინაციის დაწყებას და იბრძვის მეორე სართულზე. სიმაღლე (193 სმ) და პლასტიურობა საშუალებას აძლევს მოედანზე ნებისმიერი ფუნქცია და დარტყმა შეასრულოს.

დი სანტოს თამაში პოზიციის შეცვლის ხარჯზე შეიცვალა. გარემარბიდან ცენტრფორვარდზე ამპლუის შეცვლამ ნეგატიურად იმოქმედა მისი გადაცემების რაოდენობასა და ხარისხზე.

შარშან ფრანკო 0.22 შედეგიან პასს აკეთებდა მატჩში, ახლა კი არგენტინელის ეს მაჩვენებელია 0.1 გადაცემა. კართან ახლოს თამაშისას ფრანკომ გააუმჯობესა დარტყმების სიზუსტე - 14 პროცენტით, არადა, კარში დარტყმების რაოდენობა 0.3-ით გაზარდა. მთელი გასული სეზონის განმავლობაში ფრანკომ 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი შეასრულა. წელს მას 12 გოლი და ორ შედეგიანი გადაცემა აქვს. საშუალოდ 0.71 გოლს იტანს - ეს ქარიმ ბენზემასა და კარლოს ტევესზე მეტია.

"ვერდერი" უკვე მერვე ადგილამდე ავიდა. წამყვანი კლუბები ხედავენ არგენტინელი ფორვარდის პროგრესს და წინადადებებს გზავნიან ბრემენში. დღეისთვის კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდეა ძალაში და "მუსიკოსებისთვის" სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ლიდერის შესანარჩუნებლად ზრუნვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული