"დორტმუნდის" ხელმძღვანელობამ კი ცოტა მოიცადა და მოგვიანებით, ოფიციალურად გამოაცხადა ამ ამბის შესახებ.
"მაინცის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ნაკლებად არის ცნობილი გერმანიის ფარგლებს გარეთ, სამაგიეროდ, იქაურ საფეხბურთო წრეებში მიიჩნევა, რომ ტუხელი ყველაზე შესაფერისი კანდიდატია "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ ადგილზე...
ტუხელისა და კლოპის კარიერული გზები რაღაცით ჰგავს ერთმანეთს. უბრალოდ, ტუხელის მოთამაშის კარიერა უფრო ცუდად განვითარდა. კლოპი მხოლოდ სამწვრთნელო პოსტზე არ ყოფილა "მაინცის" ლეგენდა - მან ამ გუნდის რიგებში
და თუ კლოპი პირდაპირ მინდვრიდან გადავიდა ძირითადი გუნდის მწვრთნელად, ტუხელი ჯერ "შტუტგარტისა" და "აუგსბურგის" ახალგაზრდულ გუნდებს წვრთნიდა. მათთან ერთად განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია, მაგრამ "მაინცის" 19-წლამდელების ხელმძღვანელობისას, პირველივე სეზონში (2008-09) მოიგო ახალგაზრდული ბუნდესლიგა, რაც ნამდვილი სენსაცია იყო.
ამ მოვლენებამდე ერთი წლით ადრე კლოპი "მაინციდან" "დორტმუნდში" გადავიდა. სანამ ტუხელის ახალგაზრდები საკუთარ ჩემპიონატში იმარჯვებდნენ, "მაინცის" ძირითადი გუნდი არანაკლებ ტრიუმფალურად დაბრუნდა პირველ ბუნდესლიგაში ნორვეგიელი იორნ ანდერსენის ხელმძღვანელობით. ეს სპეციალისტი ახალი სეზონის სტარტზე ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო მოულოდნელად გაანთავისუფლეს პოსტიდან. "მაინცის" ბოსებს ტუხელი ანდერსენის იდეალურ შემცვლელად ეჩვენათ და მალე გაირკვა, რომ არ ცდებოდნენ.
* * *
დაახელობით ამ მომენტიდან შეიძლება ორივე მწვრთნელის შედარება და... გაკვირვების გამოხატვა. ერთიც და მეორეც თავიანთ კლუბებთან დიდხანს მუშაობდნენ. კლოპმა შვიდი წელი იმუშავა "მაინცშიც" და "დორტმუნდშიც". ტუხელმა "მაინცში" ექვსი წელი დაჰყო. ერთიც და მეორეც არასოდეს გაუნთავისუფლებიათ ცუდი შედეგების გამო. კლოპმა ორივე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. და ტუხელმაც 2014 წლის გაზაფხულზე თავად მოითხოვა წასვლა. თუმცა გამოთხოვება არც ისე ლამაზი გამოვიდა. "მაინცს" პირდაპირი დასტური არ მიუცია წასვლაზე და ტომასის კონტრაქტი ნომინალურად მთელი ამ სეზონის განმავლობაში მოქმედებდა, მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელი შინ უმუშევრად იჯდა. პირველ რიგში, ამ მიზეზით ვერ შეძლეს მისი გადაბირება "შალკემ" და "ჰამბურგმა".
* * *
მწვრთნელები ერთმანეთს ხასიათითაც ჰგვანან. ორივე ტემპერამენტულია, მიდრეკილნი არიან მატჩის დროს ან შემდეგ ემოციური ქცევისკენ, თამაშების დღეებში კი სპორტულ კოსტიუმებს ანიჭებენ უპირატესობას. მაგრამ მთავარი შემდეგია: თომასსა და იურგენს აერთიანებთ სანახაობრივი და მხიარული ფეხბურთი, რომელსაც მათი გუნდები აჩვენებდნენ. 2010-11 წლების სეზონში სწორედ "მაინცი" "დორტმუნდთან" ერთად სათავეში ედგა ბუნდესლიგის ცხრილს ათი ტურის შემდეგ. ახალგაზრდა დორტმუნდელებს - გიოტცეს, შაჰინსა და კაგავას კონკურენციას უწევდა "მაინცის" არანაკლებ შთამბეჭდავი ტრიო: შალაი, ჰოლტბი და შიურლე. დიახ, ეს უკანასკნელი სწორედ "მაინცში" გაიხსნა ტუხელის ხელმძღვანელობით.
რა თქმა უნდა, "მაინცმა" მალე წააგო "ბორუსიასთან" საჩემპიონო რბოლა, მაგრამ ამისთვის იმედგაცრუება არავის დაურქმევია. კლუბების შესაძლებლობები მაშინაც აშკარად განსხვავებული იყო. დღეს კი "დორტმუნდის" მოთამაშეთა საერთო ღირებულება 276 მილიონ ევროს შეადგენს, "მაინცისა" - მოკრძალებულ 65 მილიონს. ამის გათვალისწინებით, გეჩვენება, რომ ტუხელი რაღაცაში სჯობნის კიდეც კლოპს.
ბოლო წლებში მისმა გუნდმა არანაკლები რაოდენობის ფეხბურთელები დაკარგა, ვიდრე "ბორუსიამ". ტუხელს არაერთხელ უჩვენებია შემადგენლობაში გაჩენილი ხვრელების ამოვსების უნარი და ხშირად ისიც უთქვამს, რომ ძირითად შემადგენლობაში არავის აქვს გარანტირებული ადგილი. თავის დროზე, "მაინცში" მეკარეების როტაციაც კი ხდებოდა და კარში მონაცვლეობით იდგნენ ჰაინც მიულერი და კრისტიან ვეტკლო. ტუხელს არც საყვარელი სათამაშო სქემა აქვს - მას იოლად შეუძლია ტაქტიკის შეცვლა და მისი კონკრეტულ მეტოქეზე მორგება. კლოპს ამ სეზონში ეს მაინც და მაინც არ გამოსდიოდა.
ბევრი მაჩვენებლით ტუხელი მართლაც კლოპის იდეალურ შემცვლელად მოსჩანს. ამიტომაც უხმო "დორტმუნდმა" ამ სპეციალისტს, რომელმაც გერმანიაში დიდი ხანია, "ნომერ მეორე კლოპს" უწოდებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"