ბუნებრივია, საუბრის ძირითადი თემა "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი იყო...
- თომას, ბუნდესლიგის ბოლო ტურში არ გითამაშიათ, დასვენების საშუალება მოგცეს...
- სასიამოვნო შაბათი იყო. დაღლილობა ყოველთვის ფარდობითი ცნებაა, განსაკუთრებით, 25 წლის ასაკში. რა თქმა უნდა, სეზონის ბოლოს გონება და სხეული ოდნავ გადატვირთულია. ამიტომაც დასვენება და ძალების აღდგენა სასიამოვნო იყო.
- როგორ აფასებთ "ლევერკუზენთან" 0:2 წაგებას?
-
- ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა ხავი მარტინესი. როგორ აფასებთ ამ ფაქტს?
- ძალიან მიხარია. დროული იყო ჩვენთვის და, რა თქმა უნდა, ესპანელისთვის, მაგრამ ხავის დრო დასჭირდება, ძალიან ბევრი გაუცდა. სავარაუდოდ, მომავალი სეზონის სტარტისთვის იქნება ოპტიმალურ ფორმაში.
- ითვლით "ბარსელონასთან" მატჩამდე დარჩენილ საათებს?
- ეს განსაკუთრებული შეხვედრაა, მაგრამ ამის გამო თავი არ დამიკარგავს. ჩემთვის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი არ არის რაიმე გასაოცარი მოვლენა. ამ ეტაპზე ბოლო ექვს წელიწადში მეხუთედ მოვხვდი.
- ორი წლის წინ, მიუნხენში 4:0 მოუგეთ "ბარსას", ბარსელონაში - 3:0. როგორი მოგონებები დაგიტოვათ "კამპ ნოუზე" მატჩმა?
- შესანიშნავი იყო. ბრწყინვალედ ვითამაშეთ და გავაკვირვეთ მთელი საფეხბურთო სამყარო. ოთხშაბათს, მინდორზე პოზიტიური განწყობით გავალ.
- რატომ არის "კამპ ნოუ"ასეთი განსაკუთრებული?
- იმის გამო, რომ ზედა რიგებში მყოფ მაყურებელს არაფრის გარჩევა არ შეუძლია (იცინის). სერიოზულად თუ ვიტყვით, ეს არის იმპოზანტური, უდიდესი სტადიონი. აუცილებლად ჟრუანტელი გივლის.
- "ბარსელონა" ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. ეს არ გიმატებთ თავსატეხს?
- ჩვენთვის ცნობილია მათი ძლიერი მხარეები. მათი შემტევი ხაზი მსოფლიო დონისაა. მესის წინააღმდეგ თავდაცვა მაინცდამაინც სასიამოვნო საქმე არ არის, მაგრამ მზად ვართ. ჩვენი მწვრთნელი ამ გუნდს ყველაზე კარგად იცნობს. ის მოგვცემს რეცეპტს, დანარჩენი ფეხბურთელებმა უნდა გავაკეთოთ.
- 6:0 და 8:0 - ასეთია "ბარსელონას" ბოლო შედეგები...
- მართალია, მაგრამ ამ სეზონში ჩვენც გვქონდა დიდი ანგარიშით გამარჯვებები. ამ შედეგების გარეშეც ვიცით, რომ "ბარსელონა" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ჩემპიონთა ლიგაზე მან უკვე გამოაგდო ორი ტოპ-გუნდი, მაგრამ მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მჯერა ჩემი გუნდის. გამარჯვების მოპოვება გვინდა.
- არის დადებითი იმაში, რომ "ბაიერნი" არ ხვდება ამ დაპირისპირებას უდავო ფავორიტის რანგში?
- ამას არ აქვს მნიშვნელობა. ნებისმიერ შემთხვევაში ვგრძნობთ ზეწოლას. თუ გავნადგურდებით, ჩვენი გულშემატკივრები არ იტყვიან: "ეს ხომ "ბარსელონაა?!" ყველა ჩვენგანს კარგი მოლოდინი აქვს. ეს "ბაიერნია". ჩვენ არ დავიმალებით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"