დორტმუნდის "ბორუსია": კასტრო მოდის, ჰუმელსი რჩება

AutoSharing Option
თითქმის დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ლევერკუზენის "ბაიერის" ნახევარმცველი გონსალო კასტრო "დორტმუნდში" გააგრძელებს კარიერას. როგორც გერმანული პრესა წერს, "ბაიერმა" და "ბორუსიამ" შეათანხმეს ტრანსფერის დეტალები, "ლევერკუზენმა" კი უკვე 27 წლის ფეხბურთელის შემცვლელის ძებნა დაიწყო.

გონსალო კასტროს 2016 წლის ზაფხულამდე ჰქონდა კონტრაქტი "ფარმაცევტებთან". არაოფიციალური ინფორმაციით, ტრანსფერის თანხამ 14 მილიონი ევრო შეადგინა.

მიმდინარე სეზონში კასტრომ 31 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ორი გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

* * *
"დორტმუნდის" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა გერმანულ პრესაში გაკეთებულ კომენტარში მიანიშნა ყველას, რომ მისი
კლუბი ამ ზაფხულს არ აპირებს ცენტრალურ მცველთან, მატს ჰუმელსთან გამოთხოვებას. ამ ფეხბურთელის მიმართ დაინტერესებას "მანჩესტერ იუნაიტედი" გამოთქვამს.

"არაფერი დასაძრახი არ არის იმაში, რომ ჰუმელსი საკუთარ მომავალზე ფიქრობს, მაგრამ ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას ვაპირებთ", - განაცხადა "კიკერთან" ინტერვიუში ცორკმა.

იმავე "კიკერის" ინფორმაციით, ჰუმელსი არ აპირებს "მანჩესტერ იუნაიტედის" წინადადების მიღებას. მისი კონტრაქტი "ბორუსიასთან" 2017 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

* * *
ამასობაში, "დორტმუნდის" მეკარემ, რომან ვაიდენფელერმა გერმანულ პრესასთან საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა. ვეტერანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ კლუბის შეცვლა მის გეგმებში არ შედის.

"უნდა დაველოდო კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას მეკარის პოზიციასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩემი კონტრაქტი "ბორუსიასთან" კიდევ ერთი წელია ძალაში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მომავალ სეზონში ისევ "დორტმუნდში" ვიქნები. თუ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა, მაშინ ერთად გავიგებთ, რომელ კლუბში გავაგრძელებ კარიერას", - განაცხადა ვაიდენფელერმა.

წლევანდელ სეზონში გერმანიის ნაკრების გოლკიპერმა დაკარგა დორტმუნდელთა დამრიგებლის, იურგენ კლოპის ნდობა და მას სულ უფრო ხშირად ამჯობინებდა ავსტრალიელ მიტჩელ ლანგერაკს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული