მიუნხენის "ბაიერნი": "რეკორდმაისტერის" 25 ჩემპიონობა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნმა" 25-ედ მოიპოვა გერმანიის ჩემპიონის ტიტული. ამ იუბილესთან დაკავშირებით, fcbayern.de-მ რეკორდმაისტერის ისტორიაში ჩაიხედა და ბევრი საინტერესო ფაქტი აღმოაჩინა...

1932
12 ივნისს, ნიურნბერგში, სადაც გერმანიის ჩემპიონის ტიტულისთვის ფინალი იმართებოდა, დიდი ვნებათაღელვა იყო. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ "ბაიერნი" და ფრანკფურტის "აინტრახტი". "აინტრახტის" ფეხბურთელებმა მძლავრად დაიწყეს, მაგრამ 35-ე წუთზე საკუთარ კარში მიიღეს ბურთი.

ხელით თამაშისთვის დაინიშნა 11-მეტრიანი. ის ბრწყინვალე სტილში გამოიყენა ოსკარ რორმა. თავისი გულშემატკივრებით გამხნევებულმა ბავარიელებმა 75-ე წუთზე ორამდე გაზარდეს ანგარიში ფრანც კრუმის ზუსტი დარტყმის წყალობით. "ბაიერნი" პირველად გახდა ჩემპიონი. მიუნხენის ქუჩებში ზეიმი რამდენიმე
დღე გრძელდებოდა.

1969
10 ივნისს გაზეთმა "ბილდმა" ფრანც ბეკენბაუერს ახალი საფეხბურთო მეფე უწოდა. "ფრანცი - ბავარიის კაიზერია" - ასეთი იყო სათაური მას შემდეგ, რაც "ბაიერნი" პირველად გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი. ეს მოხდა მიუნხენელთა ელიტურ დივიზიონში გადასვლიდან სულ რაღაც ოთხი წლის თავზე. პირველიდან ბოლო ტურამდე "ბაიერნი" პირველ ადგილზე იმყოფებოდა.

ასეთი რამ რეკორდმაისტერმა ისტორიაში ხუთჯერ შეძლო (1968/69, 1972/73, 1984/85, 2007/08, 2012/13). სხვა ვერც ერთი გერმანული კლუბი ვერ დაიკვეხნის ასეთი შედეგით. 30 გოლით გერდ მიულერი მეორედ გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. ბეკენბაუერმა "კიკერისგან" 1.58 შეფასებით დაასრულა სეზონი და საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მომდევნო სამი სეზონის განმავლობაში ის ინარჩუნებდა ამ ტიტულს.

1972
მეტოქეთა კარში გატანილი 101 გოლით "ბაიერნი", რომელმაც სეზონის წინ შემადგენლობა 18 წლის ული ჰიონესითა და პაულ ბრაიტნერით შეავსო, მესამედ გახდა გერმანიის ჩემპიონი. გერდ მიულერმა იმ სეზონში 40 გოლი გაიტანა, "ბაიერნმა" კი ოფიციალურ მატჩებში ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებას მიაღწია: მე-16 ტურში 11:1 გაანადგურა დორტმუნდის "ბორუსია". ჩემპიონობის ბედი ბოლო ტურში გადაწყდა: უდო ლატეკის გუნდი შინ იღებდა მეორე ადგილზე მყოფ "შალკეს" და გაანადგურა ის - 5:1!

1973
"ბაიერნმა" წარმატებით დაიწყო სეზონი - პირველ ტურში 5:0 მოუგო ობერჰაუზენის "როტ ვაისს" და თავიდანვე მოიპოვა ცხრილში პირველი ადგილი. ბოლო ტურამდე მიუნხენელებს ეს პოზიცია არ დაუთმიათ. რეკორდმაისტერმა პირველად შეძლო ბუნდესლიგის ტიტულის დაცვა. 30-ე ტურში ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა "კაიზერსლაუტერნთან" ბრწყინვალე მოგებით - 6:0. იმ მატჩში 5 გოლი გერდ მიულერმა გაიტანა. სხვაობამ "კიოლნთან", რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა, 11 ქულა შეადგინა, მიულერი კი 36 გოლით ისევ გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი.

1974
ზედიზედ მესამე ვერცხლის სასალათე მიუნხენში წავიდა. ეს ჰეთ-თრიკი პირველი იყო ოთხიდან (1972-74, 1985-87, 1999-2001, 2013-15). გერდ მიულერი ზედიზედ მესამედ გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი. სატურნირო ცხრილში უდო ლატეკის გუნდი ბოლო ტურამდე იბრძოდა მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან".

ჩემპიონობის ბედი ბოლოსწინა ტურში გადაწყდა: "ბაიერნმა" 1:0 მოუგო "ოფენბახს", "ბორუსიამ" კი ასეთივე ანგარიშით წააგო დიუსელდორფში. ერთი კვირის შემდეგ მიონხენგლადბახში დუელს აზრი დაეკარგა. ჩემპიონთა თასზე გამარჯვების (4:0 მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ) შემდეგ მიუნხენელებმა 0:5 წააგეს "გლადბახთან".

1980
ბავარიელებისთვის გარდამტეხი მომენტი დადგა: ზეპ მაიერისთვის, გერდ მიულერისა და ჰანს-გეორგ შვარცენბეკისთვის 1979 წელს დასრულდა "ოქროს წლები". გუნდს სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა მენეჯერი ული ჰიონესი, რომელმაც, პირველ რიგში, უმცროსი ძმა დიტერ ჰიონესი გაიფორმა.

კარლ-ჰაინც რუმენიგე 26 წლის ასაკში პირველად გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი და დასახელდა გერმანიისა და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად. ჩემპიონატის ბოლოს "ბაიერნმა" ორი ქულით გაუსწრო "ჰამბურგს" და ექვსწლიანი შესვენების შემდეგ ისევ მოიპოვა ვერცხლის სასალათე. ული ჰიონესისთვის ეს იყო პირველი ჩემპიონობა გუნდის მენეჯერის რანგში.

1981
ამ სეზონში ბუნდესლიგაში დომინირებდა დუეტი - Breitnigge, რომელიც კარლ-ჰაინც რუმენიგესგან და კაპიტან პაულ ბრაიტნერისგან შედგებოდა. გუნდმა იმ გათამაშებაში 89 გოლი გაიტანა, საიდანაც 46 სწორედ ამ ბრწყინვალე დუეტზე მოდიოდა. ბრაიტნერმა 10 პენალტი შეასრულა და ყველა გაიტანა. დღემდე ეს მიღწევა ბუნდესლიგის რეკორდია. რუმენიგე 29 გოლით ისევ გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, ბრაიტნერი კი სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. "ჰამბურგი" კვლავ მეორე ადგილს დასჯერდა - ოთხი ქულით ჩამორჩა "ბაიერნს".

1985
კარლ-ჰაინც რუმენიგე წავიდა, მივიდა ლოთარ მათეუსი, "ბაიერნმა" კი პირველ ექვს ტურში ექვსი გამარჯვება მოიპოვა. ახალი რეკორდი და ლიდერობა გათამაშების ცხრილში ჩემპიონატის ბოლომდე. მაგრამ ბრძოლა ბოლო ტურამდე დაძაბული იყო. "ვერდერი" თითქმის დაეწია მიუნხენელებს - მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩა.

1986
მთელი სეზონის განმავლობაში "ბაიერნი" მხოლოდ ერთხელ იყო გათამაშების ცხრილის პირველ ადგილზე - ბოლო, 34-ე ტურის შემდეგ! 33-ე ტურში რეკორდმაისტერი მთავარ კონკურენტ "ვერდერს" შეხვდა. 89-ე წუთამდე 0:0 იყო, როცა ბრემენელებმა პენალტის შესრულების უფლება მიიღეს, მაგრამ მიხაელ კუტცოპმა ძელს გაარტყა ბურთი. ბოლო ტურში "ვერდერმა" შტუტგარტში 1:2 წააგო, "ბაიერნმა" კი მიონხენგლადბახში 6:0 მოიგო და ბურთების უკეთესი სხვაობით გახდა ჩემპიონი.

1987
მეორედ "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის რანგში უდო ლატეკმა ჰეთ-თრიკი შეასრულა! ზედიზედ მესამედ "ბაიერნი" ჩემპიონი გახდა - ექვსი ქულით გაუსწრო "ჰამბურგს". მთელი სეზონის განმავლობაში რეკორდმაისტერს გასვლაზე არც ერთი თამაში არ წაუგია. სხვათა შორის, სეზონი ისტორიული აცილებით დაიწყო: პირველ ტურში "დორტმუნდის" ფეხბურთელმა ფრანკ მილმა "ოლიმპიაშტადიონზე" ძელს გაარტყა ბურთი მაშინ, როცა კარი ცარიელი იყო.

1989
პირველ წრეში "ბაიერნმა" სუსტად ითამაშა, რითაც მოულოდნელად ისარგებლა კრისტოფ დაუმის მიერ გაწვრთნილმა "კიოლნმა". "თხებმა" ტიტულს დაუმიზნეს, მის მთავარ მწვრთნელსა და "ბაიერნის" მენეჯერს შორის კი სიტყვიერი დაპირისპირება გაიმართა. რადიოში ერთ-ერთ ერთობლივ გადაცემაში ული ჰიონესმა დაუმს უთხრა:

"მომდევნო კვირას შენი გზა დასრულდება". და მართლაც, 31-ე ტურში, რეკორდმაისტერმა კონკურენტთან უშუალო დაპირისპირებაში 3:1 მოიგო. იუპ ჰაინკესის გუნდმა, საბოლოოდ, "კიოლნზე" ხუთქულიანი უპირატესობით დაასრულა ჩემპიონატი. საუკეთესო ბომბარდირის ტიტული გაიყვეს კიოლნელმა როლანდ ვოლფარტმა და ბავარიელმა ტომას ალოფსმა. მათ 17-17 გოლი გაიტანეს.

1990
და ისევ, მთავარი ბრძოლა ჩემპიონის ტიტულისთვის რეკორდმაისტერსა და "კიოლნს" შორის გაიმართა. და იუპ ჰაინკესმა ისევ მიიყვანა თავისი გუნდი გამარჯვებამდე - მთავარ კონკურენტზე ექვსქულიანი უპირატესობით. "ბაიერნმა" განსაკუთრებით ძლიერად მეორე წრე ჩაატარა, რომელშიც არც ერთი თამაში არ წააგო. ბოლო ტურში ჰაინკესის გუნდმა 3:0 დაამარცხა "დორტმუნდი".

ჯერ კიდევ სასტვენამდე ათასობით გულშემატკივარი შეიჭრა მინდორზე ჩემპიონობის აღსანიშნავად. ფეხბურთელებმა არ იცოდნენ - გაგრძელდებოდა თუ არა მატჩი და გასახდელში წავიდნენ, მაგრამ მსაჯმა მოთამაშეები მოედანზე დააბრუნა და თამაში დაასრულებინა.

1994
მე-13 საჩემპიონო ტიტულისკენ გზა უკიდურესად რთული აღმოჩნდა და ორი მწვრთნელის ძალისხმევა დასჭირდა. პირველ წრეში არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, 1993 წლის 29 დეკემბერს ერიხ რიბეკი პოსტიდან დაითხოვეს. მიუნხენელები იმ მომენტისთვის მესამე ადგილზე იყვნენ სატურნირო ცხრილში. გუნდს სათავეში თვით კაიზერ ფრანცი ჩაუდგა.

"ბაიერნმა" ბოლო ტურში მოიპოვა ჩემპიონობა, როცა "შალკე" დაამარცხა - 2:0. "ბაიერნმა" მხოლოდ 44 ქულით (ორი ქულის წესი) დაასრულა სეზონი. ისტორიული სეზონი დასამახსოვრებელი იყო ტომას ჰელმერის გოლი-ფანტომით, რომელიც მსაჯმა ჩათვალა, იმის მიუხედავად, რომ ბურთი კარს ასცდა. გერმანიის საფეხბურთო კავშირმა გადათამაშება დანიშნა, რომელშიც "ბაიერნმა" 5:0 გაიმარჯვა.

დასასრული იქნება

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული