გერმანიის თასი. ფინალის წინ: ემოციური და ისტორიული ფინალის წინ

AutoSharing Option
შაბათს, "დორტუნდის" მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპსა და გუნდის გულშემატკივრებს კიდევ ერთი ამაღელვებელი მომენტი ელოდებათ. გერმანელი სპეციალისტი ერთხელ უკვე გააცილეს, როცა მან "ბორუსიას" დამრიგებლის რანგში ბოლო მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში.

გერმანიის ჩემპიონატის დასასრული წარმატებული გამოვიდა (ჩაგდებული სეზონის ფონზე), რადგან გუნდმა ევროპალიგის კვალიფიკაციაში თამაშის უფლება მოუტანა. ახლა კი წინ არის გერმანიის თასის ფინალი და კარიერის დასრულება "დორტმუნდში". ბუნებრივია, იდეალური ვარიანტი იქნება თასის მოგება და ტიტულით წასვლა. თან გამარჯვება "დორტმუნდს" იმავე ევროპალიგაზე პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლებას მოუტანს.

გადამწყვეტ მატჩში "ბორუსიას" სერიოზული მეტოქე ჰყავს
- გერმანიის ვიცე-ჩემპიონი "ვოლფსბურგი". დასრულებულ ჩემპიონატში "მგლებმა" შინ მოუგეს კლოპის გუნდს (2:1), სტუმრად კი ფრედ ითამაშეს (2:2). და ახლა, მესამე შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება - ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე".

გერმანიის თასზე წარმატებების მხრივ, გუნდებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა: "დორტმუნდი" ექვსჯერ იყო ფინალში (ბოლო სამ წელიწადში ორჯერ) და სამჯერ გაიმარჯვა - 1965, 1989 და 2012 წლებში, "ვოლფსბურგისთვის" კი ეს პირველი ფინალია არსებობის ისტორიაში.

ფინალამდე გავლილ გზას თუ გადავხედავთ, "ვოლფსბურგი" უფრო მარტივ სიტუაციაში იყო, რადგან ხუთ ეტაპზე მხოლოდ ერთხელ შეხვდა ბუნდესლიგის ბინადარს და ისიც მეორე ბუნდესლიგაში გავარდნილ "ფრაიბურგს". ამ ხუთ მატჩში "მგლებმა" ოთხჯერ "მშრალად" შეინახეს საკუთარი კარი და ერთადერთი გოლი გაუშვეს ("ჰაიდენჰაიმისგან" მეორე რაუნდში).

"დორტმუნდის" გზა კი უფრო რთული იყო თუნდაც იმიტომ, რომ ნახევარფინალში კლოპის შეგირდებმა "ბაიერნს" სტუმრად მოუგეს პენალტების სერიაში. წინა რაუნდში კი დამატებით დროში ასევე გასვლაზე დაამარცხეს "ჰოფენჰაიმი".

რაც შეეხება საკადრო პრობლემებს, სოკრატის პაპასტატოპულოსს თუ არ ჩავთვლით, "დორტმუნდს" დანაკლისი არ აქვს. რაც შეეხება "ვოლფსბურგს", ჯერ გაურკვეველია ბუნდესლიგის ყველაზე შედეგიანი მცველის ნალდოს თამაში, რომელსაც მუხლი აწუხებს. ამ მიზეზით მან ბუნდესლიგის ბოლო ტური გამოტოვა. სამაგიეროდ, მოასწრეს გამოჯანმრთელება მეკარე დიეგო ბენალიომ და განაპირა მცველმა რიკარდო როდრიგესმა.

* * *
ფინალი ემოციური იქნება არა მხოლოდ კლოპისთვის, არამედ "დორტმუნდის" კაპიტან სებასტიან კელისთვის, რომელიც ასრულებს კარიერას და ბუნებრივია, მასაც ტიტულით წასვლა სურს.

კიდევ ერთი ემოციური მომენტი იქნება შარშან, ზამთარში "ვოლფსბურგის" დაღუპული ნახევარმცველის ჯუნიორ მალანდას გახსენება. "მგლების" ფეხბურთელები ბელგიელის საპატივცემულოდ მაისურებზე სპეციალურ გულებს დაიმაგრებენ. შეგახსენებთ, რომ ამგვარი ემოციური მომენტი დაეხმარა მეორე წრის პირველ ტურში "ვოლფსბურგის" ფეხბურთელებს - "ბაიერნთან" მატჩის წინ მალანდას საპატივცემულო წუთიერი დუმილის შემდეგ დიტერ ჰეკინგის შეგირდებმა 4:1 გაანადგურეს რეკორდმაისტერი. ვნახოთ, ამჯერად თუ შეძლებს მალანდა იმ ქვეყნიდან "ვოლფსბურგის" დახმარებას.

დაბოლოს, შაბათის ფინალი ისტორიული იქნება. საქმე ისაა, რომ გერმანულ ფეხბურთში პირველად გამოიყენებენ კარის აღების თანამედროვე ტექნოლოგიას, რომელსაც გაისად უკვე ბუნდესლიგაში დანერგავენ. ასე რომ, ხვალ ეს სიახლე გაუადვილებს საქმეს მთავარ არბიტრი ფელიქს ბრიხს.

30 მაისი. ბერლინი. "ოლიმპიაშტადიონი". 22:00
დორტმუნდი-ვოლფსბურგი
სავარაუდო შემადგენლობები
დორტმუნდი: ლანგერაკი, დურმი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი, კელი, გიუნდოგანი, მხითარიანი, კაგავა, როისი, ობამეიანგი.
ვოლფსბურგი: ბენალიო, ვიერინია, ნალდო, კლოზე, როდრიგესი, ლუიშ გუსტავო, არნოლდი, პერიშიჩი, დე ბრუინი, კალიჯური, დოსტი.
არბიტრი: ფელიქ ბრიხი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული