გუნდი, რომელიც ბუნდესლიგაში 6-მილიონიანი ბიუჯეტით აპირებს თამაშს

AutoSharing Option
ბოლო წლებში ძლიერმა ფინანსურმა ინვესტიციებმა ბუნდესლიგის ტრადიციები შესამჩნევად დააზარალა. სანამ ტრადიციული კლუბები აუტსაიდერებად ყალიბდებიან, სხვები მათი ადგილის დაკავებას ცდილობენ.

"ფოლკსვაგენმა" "ვოლფსბურგი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე მიიყვანა, მილიარდერმა დიტმარ ჰოპმა "ჰოფენჰაიმის" აქციათა საკონტროლო პაკეტი შეიძინა, "რედ ბულმა" მეორებუნდესლიგელ "ლაიპციგისთვის" "ვერდერის" ვუნდერკინდი ფორვარდი დავი ზელკე შეიძინა 8 მილიონ დოლარად; მეორე ავტოგიგანტის, "აუდის" პატრონობით "ინგოლშტადტი" მომავალ სეზონში ელიტურ დივიზიონში ითამაშებს.

ამასთან, ბოჰემურ "ინგოლშტადტთან" ერთად, ბუნდესლიგაში გადავიდა მისი ანტაგონისტი "დარმშტადტი" და ის ძველმოდური ფეხბურთის მოყვარულებისთვის ახალი სიყვარულია. დებიუტანტის ლოგოზე გამოსახულია შროშანი - რომანტიკული შუასაუკუნეების
ატრიბუტი და ეს ძალიან სიმბოლურია, რადგან კლუბი დღემდე ძველ დროშია ჩარჩენილი.

ამაში რომ დარწმუნდეთ, საკმარისია დაათვალიეროთ "დარმშტადტის" სტადიონის გასახდელი - ის საბჭოთა სკოლის სპორტდარბაზის ოთახს მოგაგონებთ: ტანსაცმლის დასაკიდებელი სასაცილო კაუჭები, ფოლადის ნიჟარები და ცივი შხაპი, რადგან ცხელი წყალი აქ მხოლოდ ზეიმებზე მოდის. მომავალ სეზონში იქ ჩავლენ არიენ რობენი, მანუელ ნოიერი, მარკო როისი და ბუნდესლიგის სხვა ვარსკვლავები, თუმცა კლუბის მესვეურები პირობას დებენ: "გვარდიოლას ჩამოსვლამდე აქ ყველაფერი დალაგდება".

"ბიოლენფალტორი"
მოგესალმებით "ბიოლენფალტორზე". ეს სახელი ორი სიტყვიდან მიიღება: "ბიოლენი" - ეს არის იქაური ტყის სახელი, "ფალტორი" - ქალაქის კარიბჭე. ამასთან, შენარჩუნებული ხეები დარმშტადტელებისთვის - კულტის ნამდვილი ობიექტია, როგორც ჯეიმს კემერონის "ავატარში". მათი მოვლა საფეხბურთო კლუბის მოვალეობებში შედის.

სტადიონი 1921 წელს არის აშენებული, 1944 წელს გადაიტანა ბრიტანეთის სამხედრო ავიაციის დაბომბვა, ერთი წლის შემდეგ კი ოკუპირებული იყო აშშ-ის განმათავისუფლებელი არმიის მიერ - ამერიკელებმა აქ ბაზა გამართეს და ბეისბოლს თამაშობდნენ. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მდგომარეობაში დაიბრუნა არენა ქალაქმა. მას შემდეგ "ბიოლენფალტორი" თითქმის არ შეცვლილა და არ შეიცვლება ბუნდესლიგის გამო - გლობალური რეკონსტრუქცია 2017 წლისთვის არის დაგეგმილი.

ჯერჯერობით კი სტადიონი 16.5 ათას მაყურებელს იტევს - ქალაქის მოსახლეობის 10 პროცენტს. 2015-16 წლების სეზონში ეს "დინოზავრი" ყველაზე საშინელი არენა იქნება იმ ჩემპიონატში, რომელიც ლიდერია ევროპაში დასწრების მხრივ. საშინელი შესახედაობით, მაგრამ არა ატმოსფეროთი.

33 წლის შემდეგ
2015 წლის მაისი. ფინალური სასტვენი აფიქსირებს "სანკტ-პაულზე" გამარჯვებას და "დარმშტადტის" ბუნდესლიგაში გადასვლას. ათასობით ფანი სავარძლებიდან წამოხტა და მინდორზე გადავიდა გმირებისთვის მისალოცად. არანაირი პოლიცია ან სამხედროები - არავის უშლიან ხელს, კარის ბადე ან მინდორი სუვენირად გადააქციონ, გადაიღონ სელფი ფეხბურთელებთან... მინდორზე ხანდაზმული გულშემატკივრებიც ცეკვავენ. ისინი ცრემლებს ვერ იკავებენ - ბოლოს მათ "დარმშტადტი" ბუნდესლიგაში 33 წლის წინ ნახეს.

დაუჯერებელი ზღაპარი
ზუსტად ორი წლის წინ, "ბიოლენფალტორზე" აბსოლუტურად განსხვავებული ემოციები იყო. 2012-13 წლების სეზონში გაზონი ჭაობად გადაიქცა დაღვრილი ცრემლების გამო, რადგან "დარმშტადტი" გერმანიის მესამე ლიგიდან გავარდა.

"ძალიან ძვირად დაგვიჯდა პატიოსნება. სხვა კლუბებისგან განსხვავებით, ვალები არ აგვიღია, არ შეგვიძენია ძვირად ღირებული მოთამაშეები და არ დაგვიხარჯავს იმაზე მეტი, ვიდრე გამოვიმუშავეთ. ახლა მეოთხე ლიგაში გავვარდით. მაგრამ მალე დავბრუნდებით".

"დარმშტადტი" ერთ თვეში დაბრუნდა, სწორედ თავისი პატიოსნების გამო. კლუბი "კიკერს ოფენბახი", რომელიც "შროშანებზე" ერთი საფეხურით ზემოთ იყო, გაკოტრებულად გამოცხადდა და მეოთხე ლიგაში "დარმშტადტის" ნაცვლად გაემგზავრა. დარმშტადტელების მთავარმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა ამ ისტორიაში ნიშანი დაინახა: "რადიკალურად უნდა შევცვალოთ გუნდი". და სულ რაღაც ორ სეზონში ის ბუნდესლიგაში გადაიყვანა.

უბრალოდ, წარმოიდგინეთ: მეოთხე დივიზიონში გავარდნილი კლუბის მწვრთნელმა სამუშაო შეინარჩუნა და მალე უმაღლეს დონეზე მოსინჯავს ძალებს. შუსტერმა დანაპირები აასრულა - მან "დარმშტადტში" საფუძვლიანი წმენდა ჩაატარა და შემადგენლობაში ადგილი მხოლოდ ოთხმა ფეხბურთელმა შეინარჩუნა.

უფსკრულიდან ელიტაში სწრაფი გარღვევა - ახალი არ არის ბუნდესლიგისთვის. "ჰოფენჰაიმმა" გასულ ათწლეულში უკვე გაიარა ეს მარშრუტი, მაგრამ "დარმშტადტი" განსაკუთრებული იმის გამოა, რომ კლუბს არასოდეს ჰყოლია მდიდარი პატრონი, დიდი სპონსორი ან საკმარისი დაფინანსება. "ჩვენ ერთი პატარა სოფლიდან ვართ, რომელსაც არასოდეს უოცნებია ბევრზე", - მოკრძალებულად განაცხადა მწვრთნელმა.

"შროშანების" ბიუჯეტი 6 მილიონი ევროა. ეს თანხა მეორე ბუნდესლიგაში გამოსვლას ძლივს ჰყოფნიდა. "დარმშტადტის" შემადგენლობის საერთო ფასი კი მხოლოდ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლას თუ ეყოფა. ამ მაჩვენებლით ის მეორე ბუნდესლიგის 18 კლუბს შორის მე-13 ადგილზეა.

"დარმშტადტის" ლიდერებს უკვე იტაცებენ სარფიანი კონტრაქტების ხარჯზე. ხელფასებში სხვაობა იმდენად დიდია, რომ ნახევარმცველმა ჰანო ბერენსმა ბუნდესლიგაში თამაშს რამდენიმე ზედმეტი "ნული" არჩია და "ნიურნბერგში" გადავიდა.

"დარმშტადტს" ერთი ცნობილი ფანი ჰყავს - საყვარელ გუნდს დიდი გამარჯვება "ტვიტერით" მიულოცა ჩოგბურთელმა ანდრეა პეტკოვიჩმა. მაგრამ "შროშანების" გულშემატკივრებისთვის ეს ცოტაა. მათ საქალაქო ზეიმზე გუნდს ახალი ამოცანა დაუსახეს: "თავიდან მესამენი ვიყავით მესამე ლიგაში, შემდეგ მეორეები - მეორეში. ხომ მიხვდით?.."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
24 წლის ბიჭის ამბავი მართლა უნიკალურია, ამის მერე კიდე იტყვიან გერმანელები ცივი ხალხიაო...
ნუ გურიას მაგ დროს ძლიერი პატრონი ჰყავდა და თან საქართველოს მეორე ნაკრები იყო. ნუ ფაქტია 7-8 ათასიანმა ლანჩხუთმა უნიკალური ისტორია დაწერა
irakli apkhaidze
13:24 04-06-2015
0
მაგარია
Ilia
12:56 04-06-2015
0

სიახლეები პოპულარული