Kicker-ის რეიტინგი: მანუელ ნოიერი "მსოფლიო კლასში" აღარაა

AutoSharing Option
გერმანული გამოცემა "კიკერი" ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ ადგენს საუკეთესო მოთამაშეების რეიტინგს ამპლუების მიხედვით. კლასიფიკაცია ოთხ ჯგუფად იყოფა.

ყველაზე პრესტიჟულია - "მსოფლიო კლასი", შემდეგ არის "საერთაშორისო კლასი", "შემდეგი რგოლი" და "მხედველობის არეში".

მეკარეები
ჩაატარა თუ არა 2013 და 2014 წლების პლანეტის საუკეთესო მეკარემ, მანუელ ნოიერმა 2015 წლის პირველი ნახევარი მსოფლიო დონეზე? "კიკერი" მას მოულოდნელად პასუხობს: "არა". ნოიერი ამ მომენტისთვის "საერთაშორისო დონეზეა" ჩამოსული და ამის მიზეზები არსებობს. იანვრიდან მაისამდე მან ბუნდესლიგაში 14 გოლი გაუშვა (შედარებისთვის, სეზონის პირველ ნახევარში მხოლოდ 4 გოლი), ხოლო მიონხენგლადბახის
"ბორუსიასთან" წაგებულ მატჩში უხეში შეცდომა დაუშვა რაფაელის დარტყმის შემდეგ.

ჩემპიონთა ლიგაზეც ნაკლები გმირობები ჰქონდა: თუ ზამთრის პაუზამდე ექვს მატჩში მისი საშუალო შეფასება 2.17 იყო (უმაღლესი ქულა - 1, ყველაზე დაბალი - 6), პლეი ოფის ექვს შეხვედრაში - 3.0. რა თქმა უნდა, ამაში დამნაშავე მხოლოდ ნოიერი არ არის. 2015 წლის პირველ ნახევარში მთლიანად ბავარიული დაცვა არ იყო დამაჯერებელი.

და მაინც, ნოიერი საუკეთესოა. მის შემდეგ მოდის ყველა ტურნირზე დამაჯერებლად მოთამაშე 23 წლის ლენო "ლევერკუზენიდან". მას მოჰყვებიან - შვეიცარიელი ზომერი ("გლადბახი"), ადლერი ("ჰამბურგი"), ისევ შვეიცარიელები - ბიურკი ("ფრაიბურგი") და ბენალიო ("ვოლფსბურგი"). მთელი ეს კომპანია "საერთაშორისო კლასს" განეკუთვნება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ათეულშია ასევე საათებისა და ყველის ქვეყნის კიდევ ერთი წარმომადგენელი - ჰიტცი ("აუგსბურგი"), შეიძლება თამამად ვილაპარაკოთ ბუნდესლიგაში შვეიცარიელი მეკარეების ექსპანსიაზე.

დაცვა
ნოიერის ბედი გაიზიარა "ბაიერნში" მისმა თანაგუნდელმა ბოატენგმა. წინა ნახევარწლეულისგან განსხვავებით, ცენტრალური მცველი "მსოფლიო კლასიდან" "საერთაშორისომდე" ჩამოაქვეითეს. ეს სრულიად კანონზომიერია. გავიხსენოთ ბოატენგის შეცდომები მეორე წრის სტარტზე "ვოლფსბურგთან" (1:4), მომდევნო ტურში "შალკესთან" (1:1) მე-17 წუთზე გააძევეს მოედნიდან; დაბოლოს, მესის გოლი ბარსელონაში, როცა არგენტინელმა მცველი მინდორზე ერთი ადგილით მოსვა. იურგენ კოლერმა, რომელსაც "ერის სტოპერს" ეძახდნენ, ბოატენგზე შენიშნა: "მცირე შეცდომებს უშვებდა, ხანდახან აგვიანებდა და ბრალი მიუძღოდა რამდენიმე გაშვებულ გოლში".

მიუხედავად ამისა, ბოატენგი თავის ამპლუაში პირველია. მას მოჰყვებიან "ვოლფსბურგის" დაცვის ლიდერი ნალდო, რომელმაც შვიდი გოლი გაიტანა და მიონხენგლადბახის "ბორუსიის" ავსტრიელი შტრანცლი. ამ უკანასკნელს ბუნდესლიგის ყველა მცველს შორის ყველაზე მაღალი საშუალო შეფასება აქვს სეზონის შედეგების მიხედვით. შემდეგია "ლევერკუზენის" წევრი ომერ თოფრაქი.

მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გმირი მატს ჰუმელსი მეორე ჯგუფშია და იქაც მეოთხე ადგილს იკავებს. გავლენა იქონია მრავალრიცხოვანმა ტრავმებმა.

ფლანგის მოთამაშეებს შორის უკონკურენციოდაა დავიდ ალაბა "ბაიერნიდან".

ნახევარდაცვა
საყრდენ ნახევარმცველებს შორის წინ არის "საერთაშორისო კლასის" ოთხი მოთამაშე - გონსალო კასტრო ("ლევერკუზენი"), შვეიცარიელი გრანიტ ჯაკა ("გლადბახი"), ბრაზილიელი ლუიშ გუსტავო ("ვოლფსბურგი") და კრისტოფ კრამერი ("გლადბახი").

საინტერესოა, რომ ბავარიელი ვარსკვლავები - ბასტიან შვაინშტაიგერი და ფილიპ ლამი მხოლოდ მეორე ჯგუფში არიან და საერთო რეიტინგში მე-9 და მე-13 ადგილებზე იმყოფებიან. მათი თანაგუნდელი ჩაბი ალონსო საერთოდ არ არის სიაში. აქაც გავლენა იქონია სეზონის ბოლო ნაწილის ჩაგდებამ.

შემტევი ნახევარმცველებიდან მხოლოდ ორი ადამიანი მოხვდა "მსოფლიო კლასში". ესენი არიან: არიენ რობენი "ბაიერნიდან" და კევინ დე ბრუინი "ვოლფსბურგიდან". საინტერესოა, რომ ორივენი ლეგიონერები არიან.

ჰოლანდიელმა, რომელიც სათავეში ჩაუდგა ფლანგის ფორვარდთა სიას, ტრავმების გამო ზამთრის პაუზის შემდეგ რვა მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში და ორ-ორი გერმანიის თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა. საკმარისია ითქვას, რომ გერმანიის ჩემპიონატის რვა მატჩში რობენმა "გოლი+პასის" სისტემით 12 ქულა (7+5) დააგროვა. სხვათა შორის, არიენი ამ რეიტინგის ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში უკვე მეშვიდედ მოხვდა - ეს ყველაზე მეტია ბუნდესლიგის მოქმედ მოთამაშეებს შორის.

ჰოლანდიელს მოჰყვებიან (ყველანი "საერთაშორისო კლასში") ჰერმანი ("გლადბახი"), სეზონის აღმოჩენა ბელარაბი ("ლევერკუზენი"), აგრეთვე, კალიჯური ("ვოლფსბურგი"). მან სათადარიგოთა სკამზე დატოვა მსოფლიოს ჩემპიონი ანდრე შიურლე, რომელიც იანვარში "ჩელსიდან" 30 მილიონ ევროდ შეიძინეს.

დე ბრუინი საუკეთესოა პლეიმეიკერებს შორის. 23 წლის ბელგიელი მთელი სეზონის განმავლობაში სტაბილური იყო და შემთხვევით არ მოხვდა "მსოფლიოს კლასში". განსაკუთრებით კარგია ის ბურთის გათამაშებისას: მის ანგარიშზე 21 საგოლე გადაცემაა - ბუნდესლიგის რეკორდი! და "გოლი+პასის" სისტემითაც საუკეთესო იყო - 31 ქულა (10+21). დე ბრუინის შემდეგ მოდიან "საერთაშორისო კლასის" რაფაელი ("გლადბახი") და შტინდლი ("ჰანოვერი").

ფორვარდები
აქ ლიდერი პოლონელი რობერტ ლევანდოვსკია ("ბაიერნი"), რომელიც "საერთაშორისო კლასში" უსწრებს ჰოლანდიელ ბას დოსტს ("ვოლფსბურგი"), თანაგუნდელ თომას მიულერსა და გაბონელ პიერ-ემერიკ ობამეიანგს ("დორტმუნდი").

ლეგიონერები
ლეგიონერებს შორის ყველაზე წინ არიან "საერთაშორისო კლასის" წევრები - "ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ნახევარმცველი ტონი კროოსი ("რეალი"). პერ მერტეზაკერი ("არსენალი"), მუსტაფი ("ვალენსია"), ემრე ჩანი ("ლივერპული"), იოზილი ("არსენალი"), გომესი ("ფიორენტინა") და კლოზე ("ლაციო") - "ქვედა ჯგუფის" წევრები არიან.

აღვნიშნავთ, რომ "კიკერმა" პირველად ასეთი რეიტინგი 1956 წლის იანვარში გამოაქვეყნა. მთავარი რეკორდსმენია ფრანც ბეკენბაუერი, რომელიც "მსოფლიოს კლასში" 27-ჯერ მოხვდა. მას მოჰყვებიან უვე ზეელერი (14), ბერტი ფოგთსი (11), გერდ მიულერი (9) და ტონი შუმახერი (9).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული