მარკო როისი: დორტმუნდის "ბორუსიასთან" ერთად ბევრი კარგი მელოდება

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიის" აზიურ ტურნეში მარკო როისს შეეძლო დარწმუნებულიყო, რომ ის კლუბის ყველაზე პოპულარული ფეხბურთელია არა მხოლოდ ევროპულ გრანდებში, რომლებსაც მისი გაფორმება სურთ, არამედ თავად "ბორუსიის" გულშემატკივრებს შორის.

"კიკერთან" ინტერვიუში გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ გრძნობდა თავს აზიაში სუპერვარსკვლავის როლში, საკუთარი აზრი გაგვიზიარა ახალ "ბორუსიაზე" და დამდეგ სეზონში გუნდისა და პირად მიზნებზე.

- მარკო, პრესის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ დამდეგი სეზონი ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენს კარიერაში, რადგან 2016 წლის ზაფხულში ევროპის ჩემპიონატი უნდა გაიმართოს...
- ყოველ წელს ყველაფერი თავიდან იწყება,
მაგრამ მოვლენები თავისი რიგით მიდის. ამჯერად, "დორტმუნდში" გარკვეული ცვლილებები მოხდა მწვრთნელის შეცვლის გამო.

საერთო ჯამში, ყოველ სეზონს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია, როგორც პირადად ჩემთვის, ასევე მთელი გუნდისთვის.

- ფიქრობთ თუ არა სეზონის დაწყების წინ ტიტულებზე, მნიშვნელოვან ტურნირებზე?
- სიმართლე გითხრათ, არა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სეზონის წინ ფორმის აკრეფაა. დღეს საერთოდ არ ვფიქრობ ევროპის ჩემპიონატზე. ეს ფიქრები მხოლოდ სეზონის მსვლელობისას გაჩნდება.

- როგორ ფიქრობთ, "ბორუსიამ" მოახერხა დასვენება და ძალების მოკრება ჩაგდებული სეზონის შემდეგ?
- როგორც ჩანს, ასეა. თუ დასაწყისში ეს არ გამოგვდიოდა, ახლა უკვე დავივიწყეთ გასული სეზონი, რომელმაც ბევრი რამ გვასწავლა. არის რაღაც დადებითი ამ მიღებულ ნეგატიურ გამოცდილებაში.

ყველამ ნაბიჯი გადავდგით წინ ჩვენს განვითარებაში.

- და რა გაკვეთილი შეითვისეთ გასული სეზონიდან?
- არც ერთი მეტოქე უბრალოდ არაფერს მოგცემს. საკუთარ თავზე მონდომებით უნდა ვიმუშაოთ.

- პირადად თუ დაივიწყეთ გასული სეზონი? ტრავმების გამო ბუნდესლიგაში მხოლოდ 20 მატჩი ჩაატარეთ...
- მხოლოდ 20?

- და კიდევ, 5 მატჩი გერმანიის თასზე და ოთხი - ჩემპიონთა ლიგაზე...
- ასე დიდხანს არ ვთამაშობდი? ორჯერ ორ-ორი თვე?

- შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში მიღებული პირველი ტრავმის შემდეგ ექვსი კვირა არ გამოჩენილხართ მოედანზე, "პადერბორნთან" დაზიანების შემდეგ - რვა კვირა. მაგრამ, მოდით, ჩემს კითხვას დავუბრუნდეთ...
- გასული სეზონი ძალიან რთული იყო ჩემთვის. ფეხბურთზე მეტად ცხოვრებაში არაფერი მიყვარს.

ტრიბუნაზე ჯდომა - ეს ის არ არის, რის კეთებასაც მივეჩვიე. საშინელებაა, როცა მინდორზე დგომისა და პარტნიორების დახმარების საშუალება არ გაქვს. მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ ხაზი გავავლე. ეს იქნება ერთადერთი სეზონი ჩემს კარიერაში, რომელიც ისე არ აეწყო, როგორც მე მინდოდა. ახლა ძალიან მონდომებით ვმუშაობ, რათა გაცილებით უკეთ ჩავატარო მომდევნო სეზონი.

- 10 თებერვალს "ბორუსიასთან" 2019 წლის ზაფხულამდე გააგრძელეთ კონტრაქტი. ამ კლუბთან ერთად რა პერსპექტივებს ხედავთ?
- მას შემდეგ, რაც "ბორუსიაში" გადავედი, ყოველ წელს ამა თუ იმ ტურნირის ფინალში ვთამაშობთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველ წელს ვაგებთ. ძალიან გვინდა დაკარგულის ანაზღაურება.

არასასიამოვნოა წაგება, მაგრამ ყოველთვის დამსახურებულად არ ვაგებდით. მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დავადანაშაულოთ გასულ წელს გერმანიის თასის ფინალში წაგებისთვის. საკუთარ თავსაც ვაკრიტიკებ იმ მატჩის გამო.

- იმის გამო, რომ "ბორუსიის" უპირატესობის ორ ბურთამდე გაზრდა ვერ შეძელით?
- ასეთი რამ ხშირად ხდება ფეხბურთში. იმ მატჩში ჩემი თამაშის დონე ჩამოუვარდებოდა ჩემს შესაძლებლობებს. მაგრამ რა მელოდება "ბორუსიაში" მომავალში? ძალიან ბევრი! ამიტომაც შეცვალა "ბორუსიის" ახალმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა რაღაც ჩვენს თამაშში.

გარკვეული დრო გავა, სანამ ყველაფერი იდეალურად დაიწყებს ფუნქციონირებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბუნდესლიგის პირველ ტურს ისე ჩავატარებთ, როგორც მწვრთნელი ითხოვს ჩვენგან.

- პირველი მატჩის ჩატარება შინ გიწევთ "გლადბახის" წინააღმდეგ. შეიძლებოდა "ბორუსიას" უფრო მოხერხებული მეტოქე შეხვედროდა...
- მომწონს სეზონის ასეთი სტარტი. იმიტომ არა, რომ "გლადბახი" ჩემი ყოფილი კლუბია, არამედ იმიტომ, რომ გავიგებთ - რა დონეზე ვიმყოფებით. სეზონის სტარტისთვის უკეთესი მეტოქის წარმოდგენა შეუძლებელია. ძალიან მოხარული ვარ! უნდა მოვინდომოთ, უფრო კონცენტრირებულებმა უნდა დავიწყოთ მატჩები, რათა ისე არ გამოვიდეს, როგორც გასულ სეზონში "ლევერკუზენთან", როცა მეცხრე წამზე გავუშვით გოლი.

- გაზაფხულზე ბევრს ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ მატს ჰუმელსი და ილქაი გიუნდოგანი ზაფხულში დატოვებდნენ "ბორუსიას". როგორ ფიქრობთ, იმ ფაქტმა, რომ თქვენ გააგრძელეთ კონტრაქტი, იმოქმედა მათ გადაწყვეტილებაზე?
- შესაძლოა. ყოველთვის გინდა საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით თამაში და ძალიან სამწუხაროა, როცა წამყვანი მოთამაშე ტოვებს კლუბს. ძალიან კარგია, რომ ყველამ, ვინც "ბორუსიაში" გასულ სეზონში თამაშობდა, დარჩენა გადაწყვიტა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა კი ამას წინათ 2020 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი! ჯერ ისევ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს. ახალ სეზონში ყველაფერი უნდა ვნახოთ მოედანზე.

- პირველად 2011 წლის შემდეგ, "ბორუსიას" არ დაუკარგავს ზაფხულში არც ერთი წამყვანი მოთამაშე. რას ნიშნავს ეს კლუბისთვის?
- ნური შაჰინი, შინჯი კაგავა, მარიო გიოტცე, რობერტ ლევანდოვსკი - ყველა ეს მოთამაშე ოცნებობდა ამა თუ იმ კლუბში თამაშზე. ეს მათი უფლებაა. სხვა სამუშაო ადგილებზეც ზუსტად ასეა ყველაფერი მოწყობილი.

- მაგრამ შაჰინი და კაგავა დაბრუნდნენ "ბორუსიაში"...
- ისინი მიხვდნენ, რომ მათ ყველაზე მეტად დორტმუნდში მოსწონთ. დღეს იმავეს თქმა შეიძლება მატსზე, ილქაიზე, აუბაზე. ის, რომ ეს ფეხბურთელები ჩემ გვერდით ითამაშებენ, ამყარებს ჩემს რწმენას იმის შესახებ, რომ ვალდებულები ვართ, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოვიპოვოთ.

- 2014 წელს სამჯერ იყავით სერიოზულად ტრავმირებული. ხომ არ გიპყრობთ შიში იმ დროს, როცა ორთაბრძოლებში ებმებით?
- არაფერი არ არის უცნაური იმაში, თუ ტრავმის შემდეგ დაბრუნებული ფეხბურთელი ფრთხილად მოქმედებს ორთაბრძოლებში. ფსიქოლოგიურად რთულია ამ ბარიერის გადალახვა, მაგრამ თანდათან იჯერებ საკუთარი თავის. რაიმე ეჭვი რომ მქონდეს, ვერ შევძლებდი ოპტიმალური ფორმის აღდგენას. ვიცი, რომ შემიძლია ისე თამაში, როგორც ამას ტრავმამდე ვაკეთებდი და დარწმუნებული ვარ, რომ უკეთაც ვითამაშებ. მაგრამ ამისთვის აუცილებელია სტაბილურობა როგორც ვარჯიშებზე, ასევე მატჩებში.

- თომას ტუხელის ხელმძღვანელობით, თითოეულმა ფეხბურთელმა ნულიდან დაიწყო. რთული არ იყო მის მეთოდებთან შეგუება?
- პირადად ჩემთვის, არა. სხვადასხვა მწვრთნელთან მიმუშავია და მიჩვეული ვარ განსხვავებულ მეთოდიკებს. ტუხელმა მზადების პროცესში ბევრი ახალი რამ შემოიტანა. მას მეტად კრეატიული მიდგომა აქვს და მართლაც გააჩნია საკუთარი სტილი.

- როგორ აღწერდით მის სტილს?
- მას სურს, რომ უფრო ხშირად ვფლობდეთ ბურთს და უფრო მეტად ვკომბინირებდეთ.

- და მაინც, მას ურჩევნია, რომ მისი გუნდი რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს დაცვიდან შეტევაში?
- დიახ, ეს მისი საფეხბურთო ფილოსოფიის მეორე მხარეა. უფრო ხშირად უნდა გვქონდეს ბურთი, მაგრამ, როგორც კი დავკარგავთ, მაშინვე პრესინგში უნდა ჩავებათ, სწრაფად დავიბრუნოთ ბურთი და რაც შეიძლება მალე მივიტანოთ შეტევაში. გასულ სეზონებში ასეთი ფეხბურთი კარგად შევისწავლეთ.

- ამხანაგურ მატჩებში ხშირად თამაშობდით "მატყუარა ცხრიანის" პოზიციაზე. ამაზე რას იტყვით?
- ამ პოზიციაზე "გლადბახში" ვმოქმედებდი და თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პოზიციაზე მათამაშებენ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, როგორც ერთიანმა გუნდმა. ფუნქციონალურად ერთიანი მექანიზმი უნდა ვიყოთ, სადაც ყველა დეტალი უკავშირდება ერთმანეთს. ერთ გარკვეულ პოზიციაზე თამაში არ მაინტერესებს.

- თქვენი მეგობარი პიერ-ემერიკ ობამეიანგი გულშემატკივრებს დაჰპირდა, რომ დამდეგ სეზონში 20 გოლს გაიტანს. თქვენ რამდენს აპირებთ?
- არ მიყვარს ასეთი პროგნოზების კეთება სეზონის სტარტის წინ. რა თქმა უნდა, ჩემი ვალდებულებაა გოლების გატანა და შედეგიანი პასების კეთება. განწყობილი ვარ იმისთვის, რომ მომავალ სეზონში გავაუმჯობესო საკუთარი შედეგიანობა (გასულ სეზონში 7 გოლი და 5 შედეგიანი პასი იყო). მაგრამ ჩემთვის მთავარია გუნდის წარმატება.

- წელს აზიაში აღფრთოვანებით გხვდებოდნენ. იცოდით, რომ ასეთი პოპულარული იყავით იაპონიაში, მალაიზიასა და სინგაპურში?
- არ ვიყავი მზად გულშემატკივრების მხრიდან ასეთი რეაქციის. გაოცებული დავრჩი. აეროპორტში, სასტუმროს წინ, სტადიონზე ნამდვილი საგიჟეთი იყო! ყველგან დაგვყვებოდა ასობით ფანი და სწრაფად მივხვდით: აზიაში უყვართ "ბორუსია". მომეწონა აზიელი ხალხი. ისინი ძალიან თავაზიანები არიან.

- როგორ ფიქრობთ, პირადად თქვენ რატომ შეგხვდნენ ასეთი აღფრთოვანებით? არც მსოფლიოს ჩემპიონი ხართ და არც "ბორუსიასთან" ერთად მოგიგიათ რაიმე ტიტული...
- სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვფიქრობ საკუთარ სტატუსზე. არ ვფიქრობ იმაზე - ვარ თუ არა მსოფლიო ვარსკვლავი. მე ფეხბურთს ვთამაშობ, რადგან ვაღმერთებ სპორტის ამ სახეობას. სულაც არ მინდა, მაინცდამაინც მსოფლიო დონის ვარსკვლავი გავხდე. ეს თავისთავად ხდება, როცა ფეხბურთელი კარგად თამაშობს.

- ტოკიოში ქუჩის გადაკეტვა გახდა საჭირო, როცა თქვენ და კაგავა ავტოგრაფებს არიგებდით, სინგაპურში კი დაცვა მოგიჩინეს. არ გაღიზიანებდათ თაყვანისმცემელთა მხრიდან ასეთი ყურადღება?
- ნებისმიერ პროფესიონალ ფეხბურთელს ესმის, რომ ასეთი მომენტები - მისი პროფესიის ნაწილია.

მე ეს არ მაღიზიანებს. პირიქით, ეს ადამიანები მხარს უჭერენ "ბორუსიას" და მარკო როისს. მათ ავტოგრაფი ან ფოტოს გადაღება უნდათ. ვაფასებ იმას, რომ შესაძლოა, მათი კერპი ვარ. იშვიათად ხდება, როცა უარს ვამბობ ფოტოზე ან ავტოგრაფზე.

- აზიაში ნამდვილი ბუმი დაიწყო თქვენი მაისურების გაყიდვაზე. იაპონური ენის გაკვეთილებს არ იღებთ კაგავასგან? გამოგადგებათ მომდევნო აზიური ტურნეებისთვის...
- იაპონური ძალიან რთული ენაა, თუმცა კაგავას თარჯმანი ამტკიცებდა, რომ ამ ენის შესწავლა ორ-სამ თვეში შეიძლება. მართალია, შინჯი ძალიან კარგი ბიჭია, მომწონს იაპონელი ხალხი, მაგრამ მოდით, დავივიწყოთ იაპონური ენის შესწავლა!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული