მიუნხენელები ზედიზედ 11 მატჩია (8 მოგება, 3 ფრე; ბურთების შეფარდება: 32-5) არ აგებენ ტრადიციულ მეტოქესთან.
ამ სერიაში იყო გამარჯვებები შემდეგი ანგარიშებით: 5:0, 6:0, 9:2... ამ გუნდების ბოლო მატჩი თებერვალში კი "ბაიერნმა" 8:0 მოიგო.
ბუნდესლიგაში 2002 წლიდან ჩაეყარა საფუძველი ტრადიციას, როცა ჩემპიონატს მოქმედი გამარჯვებული ხსნის და წინა თოთხმეტ გახსნის მატჩში ჩემპიონს არც ერთხელ არ წაუგია - 11 მოგება და სამი
"ბაიერნმა" არც ისე კარგად დაიწყო სეზონი - პენალტების სერიაში წააგო გერმანიის სუპერთასი "ვოლფსბურგთან". სამაგიეროდ, ქვეყნის თასის მატჩში "ნოტინგენს" მოუგო 3:1. "ჰამბურგის" მზადყოფნა კი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან ბოლო წლების მყარმა აუტსაიდერმა გერმანიის თასზე, იენაში წააგო "კარლ ცაისთან".
* * *
ტურის ცენტრალური მატჩი, რა თქმა უნდა, "ბორუსიების" დერბია. შარშან ამ გუნდებს შორის სხვაობა 20 ქულა იყო "გლადბახის" სასარგებლოდ, მაგრამ ახალი მწვრთნელით - თომას ტუხელით "დორტმუნდი" შეეცდება დაკარგული პოზიციების დაბრუნებას.დორტმუნდელები უკვე ახლოს უნდა იყვნენ ოპტიმალურ ფორმასთან. მათთვის სეზონი ადრე დაიწყო, რადგან ევროპალიგაზე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშეს და გაანადგურეს ავსტრიული "ვოლფსბურგერი", ახლა კი წინ აქვთ ამავე ტურნირის პლეი ოფი ნორვეგიის "ოდ გრენლადთან". გარდა ამისა, გერმანიის თასზე 2:0 მოუგეს "ხემნიცს". რაც შეეხება "გლადბახს", მან იმავე გერმანიის თასის პირველ ეტაპზე სტუმრად გაანადგურა "სანკტ პაული" - 4:1.
ორივე გუნდმა თითქმის შეინარჩუნა ის შემადგენლობა, რაც გასულ სეზონში ჰყავდა. ერთადერთი, "გლადბახს" მოუწია "ვოლფსბურგში" მაქს კრუზეს გაშვება და "ლევერკუზენში" კრისტოფ კრამერის დაბრუნება. სამაგიეროდ, "ჰანოვერიდან" დაიმატა ლარს შტინდლი, რომელმაც დებიუტი თასის მატჩში დუბლით აღნიშნა.
შარშან ამ გუნდებმა მოგებები გაცვალეს. "გლადბახმა" "სიგნალ იდუნა პარკზე" ბოლო 13 გასვლაში მხოლოდ ოთხი ქულა აიღო. სამაგიეროდ, ამ გუნდების ბოლო ოთხი დაპირისპირებიდან ლუსიენ ფავრის გუნდმა სამი მოიგო.
* * *
"ვოლფსბურგი" თითქოს იოლი შეხვედრით იწყებს ჩემპიონატს - შინ იღებს "აინტრახტს", მაგრამ დღეისთვის "მგლების" რიგებში გარკვეული შეშფოთებაა, რადგან არავინ იცის - შეინარჩუნებს თუ არა გუნდი თავის ლიდერს, კევინ დე ბრუინს, რომელსაც აქტიურად ეპატიჟება "მანჩესტერ სიტი". ამ ფეხბურთელის გარეშე დიტერ ჰეკინგის გუნდის საჩემპიონო ამბიციები წარსულს ჩაბარდება.სხვათა შორის, ბელგიელმა ერთ-ერთი ბოლო ვარჯიში გამოტოვა. კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე დაიწერა, რომ დე ბრუინმა პირადი მიზეზებით დატოვა გუნდის ბაზა. ჰეკინგი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელი კლუბში რჩება, მაგრამ ბევრს ამის აღარ სჯერა - ძალიან მაცდურია მანჩესტერელთა წინადადება - 67 მილიონი "ვოლფსბურგს" და კვირაში 320 ათასი ევრო ფეხბურთელს. ამით დე ბრუინი ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბელგიელი გახდება. შედარებისთვის, ედენ აზარის ხელფასი "ჩელსიში" კვირაში 280 ათასია.
არადა, ცოტა ხნის წინ "ვოლფსბურგის" ბანაკში ამაღლებული განწყობა სუფევდა - გუნდმა "ბაიერნს" სუპერთასი მოუგო.
* * *
შემტევი ფეხბურთის ზეიმი იქნება "ბაი-არენაზე", სადაც "ლევერკუზენი" "ჰოფენჰაიმს" უმასპინძლებს. აქამდე ამ გუნდების დაპირისპირებებში საშუალოდ მატჩში 3.2 გოლი გადიოდა."ჰოფემ" ამ ზაფხულს სერიოზული დანაკლისი განიცადა - რობერტო ფირმინო გაუშვა "ლივერპულში". ამ დანაკარგის კომპენსირება ძალიან რთული იქნება და ეს გამოჩნდა კიდეც. გერმანიის თასის პირველ რაუნდში ბუნდესლიგის სამი გუნდი გამოვარდა და ერთ-ერთი სწორედ "ჰოფენჰაიმი" იყო. ასე რომ, "ბაიერი" ამ მატჩის ფავორიტია, მაგრამ "ფარმაცევტებს", ალბათ, უფრო მეტად გონებაში მომდევნო მატჩი უტრიალებთ - სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველ შეხვედრაში უპირისპირდებიან "ლაციოს". ეს, შესაძლოა, გარკვეული კოზირი აღმოჩნდეს "ჰოფენჰაიმისთვის".
არ უნდა დავივიწყოთ ამ გუნდების ურთიერთშეხვედრათა სტატისტიკა: ბუნდესლიგის რანგში ჩატარებული 14 შეხვედრიდან 12-ში "ლევერკუზენმა" გაიმარჯვა.
* * *
შაბათს საინტერესო მატჩია ბრემენში. "ვერდერის" დამრიგებელი ვიქტორ სკრიპნიკი მწვრთნელის რანგში თავის პირველ სრულფასოვან სეზონს "შალკესთან" საშინაო შეხვედრით იწყებს. უკრაინელმა სპეციალისტმა შარშან, მეცხრე ტურის შემდეგ ჩაიბარა "ვერდერი" და 25 მატჩში 39 ქულა დააგროვა. მაგრამ ბრემენელებმა დაკარგეს მთავარი კოზირი - არგენტინელი ფორვარდი ფრანკო დი სანტო, რომელიც სწორედ "შალკეში" გადავიდა სათამაშოდ და ხვალ ყოფილ გუნდს შეუტევს.გელზენკირხენელებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ - ანდრე ბრაიტენრაიტერი, რომელმაც გერმანიის თასის მატჩში "დუისბურგის" წინააღმდეგ ჰუნტელაარი და დი სანტო ერთად დააყენა ძირითადში. 5:0-ით მოგებულ შეხვედრაში ამ ფორვარდებმა თითო გოლი გაიტანეს. ერთი გოლი "შალკეს" ერთ-ერთმა მთავარმა ახალწვეულმა იოჰანეს გაისმა შეაგდო. კარგი შთაბეჭდილება დატოვეს გორეტცკამ და დრაქსლერმა... მოკლედ, "მეშახტეები" სრულ მზადყოფნაში და კარგი განწყობით ხვდებიან ახალ სეზონს.
ბუნდესლიგა. I ტურის წინ
14 აგვისტო
ბაიერნი-ჰამბურგი 22:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბადშტუბერი, ხავი მარტინესი, კირხოფი, რიბერი - გრობნი, კლებერი, მარკოსი, გუაიდა, ირაჩეკი
ურთიერთშეხვედრები
სულ 100 მატჩი: +59=22-19 (224-100)
15 აგვისტო
ლევერკ.-ჰოფენჰაიმი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: იედვაი, თოფრაქი - მალბაშიჩი, ჰერდლინგი
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 მატჩი: +12=1-1 (34-11)
დარმშტად.-ჰანოვერი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - კიიოტაკე
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან
ვერდერი-შალკე 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გარსია, ილდირიმი - გიფერი, ჰიოვედესი, პლატე, უჩიდა
ურთიერთშეხვედრები
სულ 92 მატჩი: +38=20-34 (130-111)
აუგსბურგი-ჰერტა 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მორავეკი, პარკერი, შუსტერი, ტროხოვსკი - ბენ ჰატირა, ჩიგერჩი, ვაიზერი, ალაგუი, შიბერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 მატჩი: +2=3-1 (6-3)
მაინცი-ინგოლშტადტი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სოტო, დე ბლასისი - დანილო
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან
დორტმუნ.-გლადბახი 20:30
დისკვალიფიკაცია: - ნორდტვეიტი
ტრავმა: დურმი, სუბოტიჩი, გროსკროიტცი, კირხი, შაჰინი - ალვარო დომინგესი, შტრანცლი, ჰანი
ურთიერთშეხვედრები
სულ 86 მატჩი: +29=28-29 (139-144)
16 აგვისტო
ვოლფსბ.-აინტრახტი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბენალიო, ფელიპე, შიურლე - ანდერსონი, კიტელი, მაიერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 მატჩი: +12=10-4 (41-33)
შტუტგარტი-კიოლნი 19:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლანგერაკი, რიუდიგერი, სერეი დიე - მაროჰი, მავრაი
ურთიერთშეხვედრები
სულ 84 მატჩი: +26=24-34 (138-137)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"