ბუნდესლიგა. XIII ტურის წინ: ამ ტურში ბევრი ომია!

AutoSharing Option
ფოტოზე: ბრძოლა ქვესკნელიდან თავის დასაღწევად: შტუტგარტელი გენტნერი და აუგსბურგელი ჰალილ ალთინთოფი

გერმანიამ, ევროპამ და ზოგადად, მსოფლიომ მძიმე დღეები გადაიტანეს. საფრანგეთში მომხდარი და გერმანიაში აღკვეთილი ტერაქტების ფონზე, სანაკრებო მატჩებიც რომ გადაიდო, ბუნდესლიგის მე-13 ტურის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, მაგრამ საბოლოოდ გადაწყდა, რომ ტური არ ჩაიშლება.

გერმანიის ჩემპიონატის ეს ტური დღეს, 20 ნოემბერს, ძალიან საინტერესო მატჩით იწყება: "ჰამბურგი" "დორტმუნდს" მასპინძლობს, ტურის ცენტრალური მატჩი კი თვით"შალკე"-"ბაიერნია".

"ჰამბურგის" თავკაც ბრუნო ლაბადიას საფიქრალი ბევრი აქვს. მას განსაკუთრებით ნახევარდაცვაში უჭირს. მარსელო დიასი ჩილედან მხოლოდ გუშინღა
დაბრუნდა, ეკდალი ტრავმირებულია, ჰანტისა და კაჩარის თამაში კი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ჰოდა, ვინ უნდა ითამაშოს ჰოლტბის გვერდით?

დორტმუნდელებს კი თავიანთი სერიის გაგრძელება სურთ. 4 ოქტომბერს "ბაიერნთან" წაგების შემდეგ "ბორუსიამ" ყველა, შვიდივე ოფიციალური მატჩი მოიგო. თომას ტუხელის შეგირდები განსაკუთრებულ ხასიათზე "შალკესთან" მოგებულმა დერბიმ (3:2) დააყენა, რაც "დორტმუნდისთვის" ბუნდესლიგაში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იყო.

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით, სწორედ "დორტმუნდს" ჰყავს ბუნდესლიგაში საუკეთესო მცველი (ჰუმელსი, მოგებული ორთაბრძოლების 74.1-პროცენტიანი მაჩვენებლით) და ბუნდესლიგაში საუკეთესო მეპასე (გიუნდოგანი, 990 პასი, 1189 კონტაქტი ბურთთან).

შუბერტის დებიუტი შეფის რანგში
შაბათს, მიონხენგლადბახის "ბორუსიის" თავკაც ანდრე შუბერტს შეფ-მწვრთნელის რანგში დებიუტი ექნება - როგორც იცით, აქამდე ის მხოლოდ დროებითი დამრიგებლის სტატუსით იყო და შვიდი თამაშიდან 6 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და "გლადბახი" ქვესკნელიდან მეექვსე ადგილამდე ამოიყვანა.

ახლა კი უკვე მთავარ მწვრთნელად გააფორმეს და შაბათს მისი შეგირდები "ჰანოვერს" მასპინძლობენ, რომელიც ჯერ კიდევ ქვემოთაა.

თუმცა ჰანოვერელთა თავკაც მიხაელ ფრონტცეკის თქმით, მთავარი ისაა, რომ მისი გუნდი გასავარდნ ზონაში არაა.

ნალდოს შეხვედრა ძველ სიყვარულთან
ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს "ვოლფსბურგისა" და "ვერდერის" დუელიც, რომელიც "მგლების" მცველ ნალდოსთვის განსაკუთრებული მატჩია, რადგან ყოფილ გუნდს უნდა დაუპირისპირდეს.

"ვერდერს" ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ეს გუნდი ძალიან მიყვარს, მაგრამ მინდა, რომ "ვერდერი" დავამარცხოთ", - ამბობს ბრაზილიელი, რომელიც ბრემენულ კლუბში 2005-12 წლებში გამოდიოდა.

"ვერდერმა" ბოლო სამი თამაშიდან ორი მოიგო და მდგომარეობა ცოტათი გამოისწორა, მაგრამ სარელეგაციო მე-16 ადგილს მხოლოდ სამი ქულით უსწრებს. შესაბამისად, ცხადია, რომ "მუსიკოსებს" ვოლფსბურგიდან ხელცარიელი წასვლა არ უნდათ.

რომელი გამოვა კრიზისიდან
ფრანკფურტის "აინტრახტში" იმედოვნებენ, რომ "ლევერკუზენთან" საშინაო მატჩში წარმატებას მიაღწევენ და სამმატჩიან მოუგებელ სერიას შეწყვეტენ. მეტიც:

"აინტრახტს" ბუნდესლიგის ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვს მოგებული (1-4-3). 205 წუთია, რაც ფრანკფურტელებს გოლი არ გაუტანიათ და ახლა თავდამსხმელი სეფეროვიჩიც დისკვალიფიცირებული ჰყავთ.

დიდი შანსია, რომ მის ნაცვლად ძირითადში კასტაინოსი ვიხილოთ. აქვე ვთქვათ, რომ "ლევერკუზენიც" ცუდ ფორმაშია - "ფარმაცევტებმა" ხომ ზედიზედ ორი მატჩი წააგეს. შესაბამისად, ევროსარბიელის არეალში დასაბრუნებლად ლევერკუზენელებს სასწრაფოდ მოგებები სჭირდებათ.

სარდაფის დუელი შტუტგარტში
მე-16 ადგილზე მყოფი "შტუტგარტი" მე-18 პოზიციაზე მყოფ "აუგსბურგს" შვაბების დუელში იწვევს. ეს ორი კრიზისული გუნდის დაპირისპირებაა, რადგან ორივე გუნდს ბუნდესლიგის ამ სეზონში ყველაზე მეტი, 8-8 წაგება აქვს. მეტიც:

"შტუტგარტს" ამ სეზონში ყველაზე მეტი, 27 ბურთი აქვს გაშვებული (2.25 მიღებული გოლი საშუალოდ ერთ მატჩში) - მიუხედავად ამისა, მწვრთნელი ალექსანდერ ცორნიგერი თავის შემტევ სტილს არ ღალატობს.

აუგსბურგელთა მთავარი პრობლემა კი ევროპალიგა ჩანს, რადგან ამ გუნდის ფეხბურთელები ყველა შეხვედრაში გადაღლილები ჩანან.

"შალკე" საუკეთესო კლუბის წინააღმდეგ
"ჩვენ შაბათს მსოფლიოში საუკეთესო კლუბს ვეთამაშებით! - აცხადებს "შალკეს" ნახევარმცველი ნოიშტედტერი და იქვე დასძენს: - მაგრამ რაღაცას მოვიფიქრებთ!" "ბაიერნთან" წარმატების მიღწევა უკვე წლებია, რაც ყველა გერმანულ კლუბს უჭირს.

წელს მიუნხენელებმა მხოლოდ ერთხელ წაიფორხილეს და ისიც ფრეს დასჯერდნენ - "აინტრახტთან" და მხოლოდ იმის გამო, რომ ფრანკფურტელებმა უკიდურესად დაცვითი ტაქტიკა აირჩიეს. ჰოდა, კიდევ კარგი, რომ "შალკეს" სწორედ "ბაიერნთან" მატჩისთვის უბრუნდება მცველი ჰიოვედესი.

"ბაიერნი" დაუმარცხებელი იმიტომაც ჩანს, რომ ხოსეპ გვარდიოლას საუკეთესო შეგირდები ჰყავს. მაგალითად, რაფინიას ზუსტი პასების კვოტა 93.27 პროცენტია, რობერტ ლევანდოვსკის 14 გოლი აქვს გატანილი და საშუალოდ ერთ მატჩში კარში ზუსტად 6.04-ჯერ ურტყამს, ხოლო ჩაბი ალონსო საშუალოდ ერთ შეხვედრაში ბურთთან 117.5 კონტაქტს ახერხებს.

შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ "ბაიერნი" გელზენკირხენშიც კი ფავორიტად მიიჩნევა.

ბუნდესლიგა. XIII ტური
პარასკევი. 20 ნოემბერი
ჰამბურგი-დორტმუნდი 23:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დიკმაიერი, დიასი, ეკდალი, ჰანტი - დურმი, შაჰინი
ურთიერთშეხვედრები
სულ 96 მატჩი: +35=28-33 (174-167)
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +4=1-1

შაბათი. 21 ნოემბერი
გლადბახი-ჰანოვერი 18:30
დისკვალიფიკაცია: ჯაკა
ტრავმა: ალვარო დომინგესი, შტრანცლი, ჰერმანი, ნ. შულცი, ჰანი - კიიოტაკე, ბენშოპი
ურთიერთშეხვედრები
სულ 50 მატჩი: +28=8-14 (94-69)
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +3=1-2

ვოლფსბურგი-ვერდერი 18:30
დისკვალიფიკაცია: დრაქსლერი
ტრავმა: ფელიპე, კნოხე - ვოლფი, გებრესელასიე, იოჰანსონი
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 მატჩი: +16=7-13 (63-64)
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=0-4

შტუტგარტი-აუგსბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია:
ტრავმა: ლანგერაკი, გინჩეკი, ჰარნიკი - ჰონგი, ს. პარკერი, ტობიას ვერნერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 მატჩი: +3=0-5 (10-15)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +0=2-4

აინტრახტი-ლევერკუზენი 18:30
დისკვალიფიკაცია: სეფეროვიჩი - პაპადოპულოსი
ტრავმა: ბალაიევი, ანდერსონი, რუსი, გაჩინოვიჩი, კიტელი - ჰილბერტი, იედვაი, არანგისი
ურთიერთშეხვედრები
სულ 60 მატჩი: +22=13-25 (87-98)
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=2-2

კიოლნი-მაინცი 18:30
დისკვალიფიკაცია:
ტრავმა: - სერენო, სოტო, ფ. ფრაი
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 მატჩი: +3=2-5 (9-16)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=1-3

შალკე-ბაიერნი 21:30
დისკვალიფიკაცია: გაისი
ტრავმა: გიფერი, ნასტასიჩი, უჩიდა, ჰიოგერი - ხუან ბერნატი, გიოტცე, რიბერი, ტიაგო ალკანტარა
ურთიერთშეხვედრები
სულ 90 მატჩი: +18=27-45 (100-187)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +5=1-0

კვირა. 22 ნოემბერი
ჰერტა-ჰოფენჰაიმი 18:30
დისკვალიფიკაცია: იბიშევიჩი - შვეგლერი
ტრავმა: კრაფტი, პეკარიკი, შტარკი, ბენ ჰატირა, ვაიზერი, ალაგუი, შიბერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 მატჩი: +4=2-4 (12-19)
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +1=3-2

ინგოლშტადტი-დარმშტადტი 20:30
დისკვალიფიკაცია: ლეკი - ვაგნერი
ტრავმა: დანილო - პლატინსი
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +1=2-3

ბომბარდირები:
14 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 11 - თომას მიულერი (ბაიერნი); 7 - სალომონ კალუ (ჰერტა), იუნუს მალი (მაინცი), მარკო როისი (დორტმუნდი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული