ბუნდესლიგა. XIV ტური: ბავარიული მანქანა ვერც ბერლინის კედელმა გააჩერა [VIDEO]

AutoSharing Option
* თომას მიულერს ამ სეზონში უკვე 13 გოლი აქვს გატანილი - ბუნდესლიგის ერთ სეზონში 13-ზე მეტი გოლი მას არასდროს გაუტანია და წინ კიდევ 20 ტურია...

* "გლადბახის" მწვრთნელი ანდრე შუბერტი რეკორდსმენია - მის ხელში მიონხენგლადბახელებმა 9 მატჩი ჩაატარეს და ჯერაც არ დამარცხებულან

* მაინცელ იუნუს მალის გოლი რიგით 49 000-ე გოლია ბუნდესლიგის ისტორიაში.

ბუნდესლიგაში "ბაიერნის" წინააღმდეგ ხუთი მცველით თამაში უკვე ტრადიციაა. ისევე, როგორც წინა ტურში "შალკემ", 5-მცველიანი კედელი ამჯერად ბერლინის "ჰერტამ" დაუყენა, მაგრამ შედეგი ისევ ნულია - ექსტრემალური დაცვითი ფეხბურთის
მიუხედავად, დედაქალაქელები მიუნხენში 2:0 დამარცხდნენ.

განსაკუთრებით ლამაზი მეორე გოლი გამოვიდა: ბოატენგის გრძელი პასი მარტინესის მისამართით, ამ უკანასკნელმა კი ბურთს მიმართულება კომანისკენ შეუცვალა, რომელმაც მარტივად, მაგრამ ეფექტურად გაზარდა სხვაობა.

2:0 ტაბლოზე პირველი ტაიმის შემდეგვე ეწერა, მეორე ნახევარში კი "ბაიერნმა" "თავი აღარ მოიკლა", ბერლინელებს კი იმაზე მეტი მაინც არ შეეძლოთ, რაც პირველ ტაიმში მოახერხეს. თანაც, აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ "ბაიერნს" 7 წამყვანი ფეხბურთელი აკლდა (!) და მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან მარტივად მოიგო.

წინა და მიმდინარე სეზონებს თუ გავაერთიანებთ, მიუნხენელებს ზედიზედ 13 საშინაო მატჩი აქვთ მოგებული.

ხოსეპ გვარდიოლას არ ჰყავდა კოშტა, რობენი, ალაბა, ბერნატი, ტიაგო, გიოტცე და რიბერი. ამიტომაც შემოგვთავაზა პეპმა ერთი სიურპრიზი: ბოატენგი ნახევარდაცვაში! თუმცა "ბაიერნის" ესპანელი დამრიგებელი მალევე მიხვდა, რომ ეს მაინცდამაინც კარგი იდეა არ იყო, რადგან ბოატენგი ნახევარდაცვაში თავს კარგად ვერ გრძნობდა.

შესაბამისად, გვარდიოლამ მატჩის დაწყებიდან ნახევარ საათში ჯერომი ისევ დაცვაში დააბრუნა (მოგვიანებით ტრავმის გამო შეცვალა), მის ნაცვლად კი წინ ხავი მარტინესი წასწია.

ეს ძალიან სწორი და დროული ნაბიჯი იყო, რადგან ამის მერე ბოატენგიცა და მარტინესიც კარგად ათამაშდნენ, ბასკმა კი სულაც საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. მან რამდენიმე საგოლე მომენტი შეუქმნა თანაგუნდელებს - მარტო ლევანდოვსკიმ ორი მომენტი გააფუჭა.

იმ დღეს თომას მიულერი უფრო ეფექტიანი გახლდათ - მისი გოლი, რომლითაც ანგარიში გაიხსნა, მეცამეტე მიულერული იყო ამ სეზონში. ცნობისათვის, ეს მიულერის პირადი რეკორდია - ბუნდესლიგის ერთ სეზონში 13-ზე მეტი გოლი თომასს არასდროს გაუტანია და, თანაც, ჯერ მხოლოდ 14 ტურია გასული...

"0:2 ჩვენთვის მისაღებია. "ბაიერნი" ხომ "ჰერტაზე" გაცილებით უკეთესი გუნდია", - ეს ბერლინელთა თავკაც პალ დარდაის სიტყვებია. მისმა შეგირდებმა მიუნხენელთა კარში ზუსტად პირველად მხოლოდ 79-ე წუთზე დაარტყეს.

ესეც კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ დღევანდელი რეკორდმაისტერი გერმანიაში უძლეველია. 14 ტურში 13 თამაშის მოგება ბუნდესლიგის ისტორიაში აქამდე მხოლოდ ერთხელ მოხერხდა და ისიც "ბაიერნმა" შეძლო - 2012/13 წლების სეზონში...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ჰამბურგი" აღარ იტანჯება
"ჰამბურგს", როგორც იქნა, კარგი დროება დაუდგა. დორტმუნდის "ბორუსიასთან" უმნიშვნელოვანესი გამარჯვების შემდეგ ბრუნო ლაბადიას გუნდმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო - "ჰამბურგმა" ჩრდილოეთის 103-ე დერბიში "ვერდერი" სტუმრად 3:1 დაამარცხა და ცხრილის ზედა ნახევარში დამკვიდრდა, "ვერდერი" კი გასავარდნი ზონის სიახლოვეს ყვინთავს.

თანაც, ბრემენელები წინა ტურშიც მაგრად შერცხვნენ (0:6 ვოლფსბურგში) და ცხადია, რომ "ვერდერის" თავკაც ვიკტორ სკრიპნიკის საქმე ცუდადაა. მან "ჰამბურგთან" თამაში ორი ფორვარდით სცადა - რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ პირველად გაამწესა ძირითადში უჯასა და პისაროს წყვილი, მაგრამ უშედეგოდ:

"მუსიკოსებს" შეტევაში იდეები აკლდათ, დაცვაში კი ძალიან ქაოტურად მოქმედებდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ "ვერდერს" ამ სეზონში 7 საშინაო შეხვედრიდან 6 წაგებული აქვს.

აი, ჰამბურგში კი უკვე ევროსარბიელზე ოცნებობენ და უნდა ითქვას, რომ ამ კლუბის ტანჯულ ქომაგებს "დორტმუნდისა" და "ვერდერის" ძლევის შემდეგ ამის უფლება ნამდვილად აქვთ. ერთი ეგაა, რომ ჰამბურგელთა მთავარმა დამრტყმელმა ძალამ, პიერ-მიშელ ლასოგამ იუნუზოვიჩთან ორთაბრძოლისას მხარი დაიზიანა და დიდი შანსია, რამდენიმე კვირა გაუცდეს.

ამრიგად, "ჰამბურგს", როგორც იქნა, კარგი დროება დაუდგა, მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს აღმასვლა? საკითხავი სწორედ ეს არის.

გოლუხვი ფრე ზინსჰაიმში
მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" ვერ მოიგო (3:3 ჰოფენჰაიმთან), მაგრამ ეს გოლუხვი ფრეც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ "გლადბახის" თავკაც ანდრე შუბერტს რეკორდი დაემყარებინა.

საქმე ისაა, რომ ამ კაცმა მიონხენგლადბახელთა თავკაცის რანგში ბუნდესლიგაში 9 თამაში ჩაატარა და ერთხელაც არ დამარცხებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლეგენდარული მწვრთნელის, უდო ლატეკის მიერ 70-იან წლებში დამყარებული სტარტ-რეკორდი დაამხო.

ამრიგად, ვინც ფიქრობდა, რომ ახალბედა მწვრთნელს (მხოლოდ 9 მატჩი ბუნდესლიგაში) გამობრძმედილი ჰუუბ სტევენსი (372 მატჩი ბუნდესლიგაში) მაინც მოუგებდა, მწარედ შეცდა. აღსანიშნავია, რომ "ჰოფენჰაიმის" მესაფლავე ამ შეხვედრაში სწორედ ის ფაბიან ჯონსონი გამოდგა, რომელსაც 2011-დან 2014 წლამდე "ჰოფენჰაიმის" ფორმით 87 მატჩი აქვს ჩატარებული.

ჯონსონმა, რომელიც "ჰოფედან" "გლადბახში" 2014 წელს გადავიდა, ყოფილ გუნდს დუბლი შეუსრულა.

ბუნდესლიგის ამ ტურში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა: "მაინცისა" და "აინტრახტის" მატჩში, რომელიც მაინცელებმა 2:1 მოიგეს, მასპინძელთა მხრიდან მეორე გოლი იუნუს მალიმ გაიტანა და ეს გახლდათ რიგით 49 000-ე გოლი ბუნდესლიგის ისტორიაში...

გუშინ დორტმუნდის "ბორუსიამ" "შტუტგარტთან" საკმაოდ ადვილად მოიგო (4:1), რაც იმას ნიშნავს, რომ "ბაიერნმა" შემოდგომის ჩემპიონობა ჯერ ვერ გაიფორმა. თუმცა რეკორდმაისტერი უახლოეს მდევარს 8 ქულით უსწრებს და მიუნხენელთათვის პირველი წრის ნაადრევად მოგება მაინც გარდაუვალია. ჩემპიონობაც?..
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XIV ტური

27 ნოემბერი
დარმშტადტი-კიოლნი 0:0
დარმშტადტი (4-2-2-1-1): მათენია - გარიჩი, სულუ, კალდიროლა, ჰოლანდი - ნიმაიერი, გონდორფი - კემპე (82. ზაილერი), ჰელერი (91. შტრო-ენგელი) - როზენტალი (70. რაუში) - ვაგნერი
კიოლნი (4-1-2-2-1): ჰორნი - რისსე, მარო, ჰაინტცი, ჰექტორი - მ. ლემანი - გერჰარდტი (46. ცოლერი), ფოგტი - ოსაკო (60. იოიჩი), ბიტენკური - მოდესტე (79. ჰოსინერი)
გაფრთხილება: გარიჩი, სულუ - ცოლერი
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 16-12; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 9(1)-12(2); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 17 000

28 ნოემბერი
ბაიერნი-ჰერტა 2:0
გოლები: 1:0 თ. მიულერი (34), 2:0 კომანი (41)
ბაიერნი (4-3-2-1): ნოიერი - ლამი, ხავი მარტინესი, ბენატია, რაფინია - ბოატენგი (66. როდე), ჩაბი ალონსო, ვიდალი (84. ბადშტუბერი) - თ. მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი
ჰერტა (5-4-1): იარშტაინი - რეგეზელი, ს. ლანგკამპი, ლუსტენბერგერი, ბრუკსი, პლატენჰარდტი - ჰარაგუჩი, სკიელბრედი (56. ჩიგერჩი), დარიდა (72. შტოკერი), კალუ - იბიშევიჩი (56. ბაუმიოჰანი)
გაფრთხილება: ს. ლანგკამპი, სკიელბრედი, იბიშევიჩი
კუთხური: 9-1; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 24(9)-4(1); ბურთის ფლობა: 70%-30%.
მაყურებელი: 75 000

ვერდერი-ჰამბურგი 1:3
გოლები: 0:1 ილიჩევიჩი (3), 0:2 გრეგორიჩი (26), 1:2 უჯა (62), 1:3 ნ. მიულერი (68)
ვერდერი (4-2-2-2): ვიდვალდი - გებრე სელასიე, ლუკიმია, ვესტერგაარდი, ს. გარსია - ბარგფრედე, იუნუზოვიჩი - ბარტელსი (84. მ. ეგშტაინი), გრილიჩი - უჯა, პისარო (77. იოზთუნალი)
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - გ. საკაი, ჯურუ, კლებერი, ოსტჟოლეკი - იუნგი, ჰოლტბი - ნ. მიულერი (81. ოლიჩი), გრეგორიჩი, ილიჩევიჩი (90. არსლანი) - ლასოგა (24. შიპლოკი)
გაფრთხილება: ბარტელსი, ლუკიმია - გ. საკაი
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 21-18; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 14(3)-13(6); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 42 100

ჰანოვერი-ინგოლშტადტი 4:0
გოლები: 1:0 მარსელო (5), 2:0 ანდრეასენი (11), 3:0 კარამანი (24), 4:0 ბეხი (85)
ჰანოვერი (4-2-3-1): ცილერი - ზორგი, მარსელო, კ. შულცი, ალბორნოსი - ს. სანე (87. ფელიპე), შმიდებახი - ბეხი, ანდრეასენი (71. გიულზელამი), კარამანი - ა. ზობიეხი (82. ბენშოპი)
ინგოლშტადტი (4-3-2-1): იოზჩანი - ლეველსი, მ. მატიპი, ბ. ჰიუბნერი, ბაუერი (46. და კოშტა) - პ. გროსი, როჯერი, მორალესი - მო. ჰარტმანი, ლეკიე (77. კოენი) - პეკჰარტი (46. ჰინტერზეერი)
გაფრთხილება: ანდრეასენი, კ. შულცი, გიულზელამი - ლეველსი, მ. მატიპი, და კოშტა
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 21-14; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 8(4)-11(5); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 35 000

ჰოფენჰაიმი-გლადბახი 3:3
გოლები: 0:1 ფ. ჯონსონი (5), 1:1 ცუბერი (11), 2:1 პოლანსკი (35), 3:1 ამირი (47), 3:2 დრმიჩი (56), 3:3 ფ. ჯონსონი (87)
ჰოფენჰაიმი (4-2-2-1-1): ბაუმანი - შტრობლი, შერი, ზიულე, კიმი - შვეგლერი, პოლანსკი - ელიუნუსი, ცუბერი (86. შმიდი) - ამირი - ფოლანდი (80. სალაი)
გლადბახი (4-2-2-2): ზომერი - კორბი (80. ელვედი), ა. კრისტენსენი, ნორდტვეიტი, ვენდტი - დაჰუდი (49. აზარი), ჯაკა - დრმიჩი (84. ჰრგოტა), ფ. ჯონსონი - შტინდლი, რაფაელი
გაფრთხილება: ამირი, კიმი - დაჰუდი
კუთხური: 8-6; ჯარიმა: 10-14; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 18(6)-16(8); ბურთის ფლობა: 32%-68%.
მაყურებელი: 30 150

მაინცი-აინტრახტი 2:1
გოლები: 1:0 მუტო (5), 2:0 მალი (42), 2:1 სეფეროვიჩი (61)
მაინცი (4-2-3-1): კარიუსი - ბროზინსკი, ბელი, ჰაკი, ბენგტსონი - ბაუმგარტლინგერი, ლატცა - დე ბლაზისი (86. კლემენსი), მალი (93. ხარა), ჟაირო - მუტო (81. ნიდერლეხნერი)
აინტრახტი (4-2-3-1): ჰრადეკი - ჰასებე (84. კადლეცი), სამბრანო, აბრაამი, ოჩიპკა - იგნიოვსკი, მედოიევიჩი - აიგნერი, მაიერი, გაჩინოვიჩი - სეფეროვიჩი
გაფრთხილება: ლატცა, ჰაკი, ნიდერლეხნერი, ბაუმგარტლინგერი - აბრაამი, გაჩინოვიჩი
გაძევება: მაიერი (40. აინტრახტი)
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 23-17; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 14(8)-15(5); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 33 098

29 ნოემბერი
დორტმუნდი-შტუტგარტი 4:1
გოლები: 1:0 კასტრო (3), 2:0 ობამეიანგი (19), 2:1 დიდავი (40), 3:1 ნიდერმაიერი (65-საკ. კარში), 4:1 ობამეიანგი (90)
დორტმუნდი (4-3-2-1): ბიურკი - პიჟჩეკი, სოკრატისი, ს. ბენდერი, შმელცერი - კასტრო, გიუნდოგანი (89. რამოსი), კაგავა (60. ვაიგლი) - მხითარიანი, როისი (80. ჰუმელსი) - ობამეიანგი
შტუტგარტი (4-2-3-1): ტიტონი - შვააბი, ბაუმგარტლი, ნიდერმაიერი, ინსუა - რუპი (86. ვანიჩეკი), გენტნერი - მაქსიმი (70. კრუსი), დიდავი, კოსტიჩი - ვერნერი (82. ტაშჩი)
გაფრთხილება: სოკრატისი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 8-6; კარში დარტყმა: 14(9)-8(3); ბურთის ფლობა: 71%-29%.
მაყურებელი: 81 359

ლევერკუზენი-შალკე 1:1
გოლები: 0:1 ჩუპო-მოტინგი (50), 1:1 რიტერი (85-საკ. კარში)
ლევერკუზენი (4-2-2-1-1): ლენო - დონატი, თაა, თოფრაქი, ბიონიში (69. ვენდელი) - კრამერი, კამპლი - ბელარაბი, ჩალჰანოღლუ (46. ბრანდტი) - მეჰმედი (57. კისლინგი) - ჩიჩარიტო.
შალკე (4-2-2-1-1): ფერმანი - რიტერი, ჰიოვედესი, ჯ. მატიპი, აოგო - გორეტცკა (78. კოლაშინაცი), ჰოიბერგი (83. ნოიშტედტერი) - ლ. სანე, ჩუპო-მოტინგი - მ. მაიერი (88. დი სანტო) - ჰუნტელაარი.
გაფრთხილება: თაა - ჩუპო-მოტინგი, გორეტცკა
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 9-11; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 18(6)-8(3); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 30 210

აუგსბურგი-ვოლფსბურგი 0:0
აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ვერჰეგი, კალსენ-ბრაკერი, კლაცანი, მაქსი - ბაიერი, კორი (86. მორავეკი) - ესვაინი (91. ტროხოვსკი), კოო (75. ჟი), კაიუბი - ბობადილია.
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ტრეში, ნალდო, დანტე, მ. შეფერი - გილავოგი, არნოლდი - ვიეირინია (88. ს. იუნგი), კრუზე (87. კლოზე), შიურლე - დოსტი (64. დ. კალიჯური).
გაფრთხილება: ბობადილია, კოო, კაიუბი - ნალდო, დ. კალიჯური,
გაძევება: დანტე (85. ვოლფსბურგი)
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 20-11; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 13(4)-17(3); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 27 081

ბომბარდირები: 17 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 14 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - თომას მიულერი (ბაიერნი).

მომდევნო ტური
4 დეკემბერი:
შალკე-ჰანოვერი

5 დეკემბერი:
გლადბახი-ბაიერნი, ჰამბურგი-მაინცი, კიოლნი-აუგსბურგი, ჰერტა-ლევერკუზენი, ინგოლშტადტი-ჰოფენჰაიმი, ვოლფსბურგი-დორტმუნდი

6 დეკემბერი.
შტუტგარტი-ვერდერი, აინტრახტი-დარმშტადტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული