"ჰანოვერში" ტომას შააფის ეპოქა იწყება

AutoSharing Option
Sport1-ის ინფორმაციით, ბუნდესლიგის "ჰანოვერს" ახალი მწვრთნელი ჰყავს, ის ბრემენის "ვერდერის" ექსთავკაცი ტომას შააფია.

"ბოლო დღეებში "ჰანოვერის" წარმომადგენლებთან ნაყოფიერი მოლაპარაკება გამომივიდა. მე ძალიან კარგად ვუწყი სიტუაციის სირთულე, რომელშიც კლუბია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მზად ვარ, მივიღო ეს გამოწვევა. ფეხბურთელებთან ერთად შევეცდები, შევინარჩუნოთ ბუნდესლიგაში თამაშის უფლება", - განაცხადა შააფმა.

ტომას შააფი პოსტზე შეცვლის მიხაელ ფრონცეკს, რომელიც "ბაიერნთან" წაგების მერე გადადგა. შეგახსენებთ, რომ 17 ტურის (ანუ I წრის) შემდეგ "ჰანოვერი" 14 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.
54 წლის სპეციალისტთან 18-თვიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომელსაც ვადა 2017 წლის
30 ივნისს გაუვა, ანუ მომდევნო სეზონის შემდეგ.

"სულ პირველი გასაუბრების შემდეგ მივხვდი, რომ ტომას შააფი ჩვენს გუნდს კარგად მოერგება. ის წლების განმავლობაში იყო წარმატებული მწვრთნელი ბუნდესლიგაში. შააფის ტიტულები და შედეგები მის მაგივრად ლაპარაკობს", - განაცხადა მარტინ ბადერმა, კლუბის სპორტულმა დირექტორმა.

შააფი ბუნდესლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მწვრთნელია. მან უკვე გადააბიჯა 500-მატჩიან ნიშნულს. "ჰანოვერის" ახალი თავკაცი ყველაზე მეტად "ვერდერში" მუშაობით არის ცნობილი - 14 სეზონის განმავლობაში, 1999-წლიდან 2013 წლამდე "ბრემენელი მუსიკოსები" მის დაკრულზე ცეკვავდნენ. 2004 წელს მან "ვერდერი" გერმანიის ჩემპიონი გახადა, 2009 წელს კი გუნდი უეფას თასის ფინალში გაიყვანა, სადაც "შახტართან" 1:2 დათმო.

ამის გარდა, მან "ვერდერს" გერმანიის თასი სამჯერ მოაგებინა. 1961 წელს დაბადებული შააფი 11 წლის ასაკიდან "ვერდერშია", ჯერ ასაკობრივ გუნდებში, შემდეგ ძირითადში, სადაც მცველის ფუნქციებს ასრულებდა, კარიერის დასრულების მერე იგი "ვერდერის" ყველა ასაკობრივ გუნდს წვრთნიდა ეტაპებად, შემდეგ კი ძირითადში მისი ეპოქა დაიწყო.

ასე რომ, 2013 წლის მაისში "ვერდერისა" და მისი დაშორება გერმანულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი ფაქტი იყო, მათი გზები 41-წლიანი ერთად ყოფნის მერე გაიყო. გასულ სეზონში ტომას შააფი ფრანკფურტის "აინტრახტის" მწვრთნელი გახლდათ, სეზონის ბოლოს კი ის გადადგა.

ტომას შააფს "ჰანოვერი" 4 იანვარს წარადგენს ოფიციალურად. მწვრთნელს პირველი გამოცდა "დარმშტადტთან" მატჩში ელის 23 იანვარს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული