ბუნდესლიგა. XVIII ტურის ფაქტები და სტატისტიკა: პისაროს კირსტენამდე სამი გოლი რჩება

AutoSharing Option
* "ლევერკუზენის" ჯონათან ტას ამ სეზონში (ყველა ტურნირზე) 2 520 წუთი აქვს მინდორზე გატარებული, რაც ბუნდესლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

* უგო ალმეიდამ "ჰანოვერში" თავის სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა. "ვერდერის" მაისურით გერმანიის ჩემპიონატის წინა 8 შეხვედრაში მას ამდენივე, ანუ 8 გოლი ჰქონდა გატანილი.

* "ჰანოვერს" უკვე 50 მატჩია, ბუნდესლიგაში 0:0 არ უთამაშია.

* "კიოლნის" ფრანგმა თავდამსხმელმა ანტონი მოდესტმა გერმანიის ჩემპიონატში თავისი 27-ე გოლი შეაგდო. იგი გახდა ბუნდესლიგის ისტორიაში მესამე ფრანგი ბომბარდირი ჟოან მიკუს (31 გოლი) და ფრანკ რიბერის (69) მერე.

* მოდესტმა "კიოლნის" 19 გოლიდან 10-ში მიიღო მონაწილეობა, ანუ 53%-ში. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. არც ერთ სხვა ფეხბურთელს ასეთი პროცენტი არ აქვს.

* "ჰოფენჰაიმის" ჯილოან ჰამადმა 477-დღიანი პაუზის მერე პირველი მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში და გოლის გატანაც შეძლო.

* "კიოლნმა" მერვე ბურთი გაუშვა თავური დარტყმით. "თხებს" ბუნდესლიგაში "გლადბახთან" ერთად ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვთ ამ მხრივ.

* "ლევერკუზენმა" მიყოლებით მე-15 ოფიციალურ შეხვედრაში გაიტანა, ჯამში 35 გოლი, საშუალოდ შეხვედრაში 2,3.

* "შტუტგარტის" ლუკას რუპმა მიმდინარე სეზონში მესამე საგოლე გადაცემა გააკეთა. საინტერესოა, რომ წინა ოთხი სეზონის ჯამში მას სულ ორი საგოლე პასი ჰქონდა.

* ავსტრიელი პეტერ შტიოგერი "კიოლნს" 2013 წლის ივნისიდან მოყოლებული ხელმძღვანელობს. ამ პერიოდში "შტუტგარტთან" მატჩში (1:3) პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც გუნდმა საშინაო შეხვედრაში 2 გოლზე მეტი გაუშვა.

* აღსანიშნავია, რომ "კიოლნისა" და "შტუტგარტის" უკანასკნელ 19 ბუნდესლიგურ თამაშში წყვილში მასპინძელს არც ერთხელ არ უმარჯვია. ამჟამად ეს ყველაზე გრძელი მსგავსი სერიაა.

* "ჰერტას" 421 წუთია, გოლი არ გაუშვია. ბოლოს ბერლინელებს "ჩიჩარიტომ" გაუტანა.

* ბოლო 4 წლიდან 3-ჯერ ალექსანდრ მაიერმა "აინტრახტისთვის" ბუნდესლიგაში წლის პირველი გოლის გატანა მოახერხა. იგი "ვოლფსბურგთან" ჰეთ თრიკით გამოირჩა (კარიერაში მეორე ბუნდესლიგური ჰეთ თრიკი) და თავის გუნდს 3:2 მოაგებინა, წარმატებული მეკვლეც გამოდგა.

* კლემენს ფრიცმა ბუნდესლიგაში თავისი მე-300 მატჩი ჩაატარა. ეს იუბილე მან გოლით აღნიშნა, არადა, იქამდე 1 618 დღის განმავლობაში არ გაეტანა. ამავდროულად, ფრიცი გახდა მარკო არნაუტოვიჩის მერე პირველი მოთამაშე, რომელმაც "ვერდერის" მაისურით ბუნდესლიგის ერთ მატჩში 3 გოლში მიიღო მონაწილეობა.

* როდესაც ჟოელ მატიპს გოლი გაჰქონდა, "შალკე" გერმანიის ჩემპიონატის მატჩს არ აგებდა (10 მოგება, 5 ფრე), მაგრამ "ვერდერმა" ეს სერია შეწყვიტა.

* რობერტ ლევანდოვსკიმდე მხოლოდ გერდ მიულერმა, კლაუს ფიშერმა და იუპ ჰაინკესმა მოახერხეს ბუნდესლიგის მიჯრით 5 სეზონში 17 და მეტი ბურთის გატანა.

* კლაუდიო პისაროს ბუნდესლიგაში უკვე 179 გოლი უგროვდება და ყველა დროის ბომბარდირთა დავაში შტეფან კუნცთან ერთად მე-6 ადგილს იყოფს. პირველი გერდ მიულერია 365 გოლით. სამი გოლის გატანის მერე პისარო ულფ კირსტენს დაეწევა, რომელიც მე-5 ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული